Home რუბრიკები პოლიტიკა ღალატის მაესტრომ პატრონს უკბინა

ღალატის მაესტრომ პატრონს უკბინა

543

ქრისტიან–ჟურნალისტები ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ იმ შედეგს, რომელიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს. მრავალ არხგამოცვლილ ინგა გრიგოლიას გულმა უგრძნო და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საბაბიც სრულიად ჟურნალისტური იპოვა: საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვისთვის თანაპარტიელების მხარდაჭერა!

გიორგი თარგამაძემ გულდაწყვეტილი ამომრჩეველი იმით დაამშვიდა, რომ გრიგოლია კვლავაც მათი გუნდის წევრად რჩება. რას იზამ, ყველას თავის მურტალო ჰყავს, ინგა კი ერთია, თან 2014 წლამდე საკრებულოს წევრად რჩება და თავი ქუდში აქვს. გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ კი ფსონი ხუთიანზე დადეს და წააგეს. 4 ოქტომბრამდე გიორგი თარგამაძე არავის უნახავს, ხოლო გამოჩენისთანავე იგი პატრონს შემოსწყრა, რომელმაც ასე მოაღორა და ერთი პროცენტიც კი არ გაიმეტა მისთვის.

ჩვენ გაუმართლებლად მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებს. რაც უფრო მალე დატოვებს ის თანამდებობას, უკეთესი იქნება“, – განაცხადა ქრისტიან–ჟურნალისტმა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ კმაყოფილნი არიან იმ შედეგით, რაც არჩევნების შემდეგ ქვეყანამ მიიღო, რადგან პირველად მოხერხდა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ წლების განმავლობაში 7 დეპუტატით ვცდილობდით დემოკრატიული სივრცის გახსნას და გაფართოებას, რაც ჩაკეტილი ჰქონდა სააკაშვილის მთავრობასვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ბოლო პრეცედენტი, როდესაც მოსახლოება თავისუფლად შეძლებს საკუთარი ნების გამოხატვას. ჩვენ უკმაყოფილო ვართ პარტიული შედეგებით, თუმცა ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, – განაცხადა თარგამაძემ.

მისივე აზრით, მთავარი მიზანი, რომ საქართველოში მშვიდობიანად დასრულებულიყო არჩევნები და ხელისუფლება დემოკრატიულად შეცვლილიყო, თითქმის მიღწეულია. „თითქმის იმიტომ, რომ სახეზეა ორხელისუფლებიანობა. ამავდროულად, ამ არჩევნებით არაფერი დასრულებულა და ახლა იწყება რეალური ბრძოლა პარტიებს შორის. გადავდივართ ჩვენი მისიის ძირითად ნაწილზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების, ეკონომიკის ზრდისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზას“, – გაილექსა თარგამაძე. 

წარუმატებლობას თარგამაძე „საზოგადოების შოკურ მდგომარეობას“ და პოლარიზაციას აბრალებს. შოკში რომ სწორედ ქდმ არის და არა ქართული საზოგადოება, ეს ნათელია, მაგრამ „არაპოლარიზებულ“ გარემოში აყვავებული თარგამაძე სააკაშვილის მარცხმა რომ მოიყოლა, არც ეს არის დამალული.

ღალატის სერიალებით განთქმული თარგამაძე ამჯერად ღალატის ობიექტის გარეშე დარჩა; ივანიშვილმა ის თავიდანვე შორს დაიჭირა, ხოლო სააკაშვილისთვის იმთავითვე საპარლამენტო დეკორაციის ფუნქციას ასრულებდა. არც ჰორიზონტზე ჩანს ვინმე ახალი ოლიგარქი, რომელსაც კისერზე წურბელასავით მოაჯდებოდა და ახლა მოლოდინის რეჟიმშია – ვის დასჭირდება „დროული ღალატის“ დიდოსტატი! გუშინდელ პატრონს ქრისტიან–ჟურნალისტი უკვე შემოსწყრა: მართლაც, თუკი გიორგი თარგამაძემ დაკარგა საპარლამენტო ოპოზიციის მყუდრო და თბილი ნიშა, სააკაშვილი რატომ არ უნდა შეელიოს პრეზიდენტის სავარძელს?  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here