Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კუკავა: «ნაცმოძრაობა» «აღორძინების» და «მოქალაქეთა კავშირის» ბედს გაიზიარებს

კახა კუკავა: «ნაცმოძრაობა» «აღორძინების» და «მოქალაქეთა კავშირის» ბედს გაიზიარებს

723

«ქართულმა ოცნებამ» საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა და უპირობო გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დამარცხება აღიარა და «ნაციონალური მოძრაობის» ოპოზიციაში გადასვლა ოფიციალურად გამოაცხადა. ხოლო, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში არსებულმა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახესსამომავლო გეგმებისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ «საქართველო და მსოფლიო» «თავისუფლი საქართველოს» ლიდერს, კახა კუკავას, ესაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში ქართული პოლიტიკიდან წასვლასაც არ გამორიცხავს.

_ «ქართულმა ოცნებამ» ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მოიპოვა, მიხეილ სააკაშვილმა კი დამარცხება აღიარა. ალბათ, ხელისუფლებისგან მსგავს დემოკრატიულ ნაბიჯს საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი თუ ელოდა…

_ ასეთ შედეგს, ალბათ, არავინ ელოდა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ამ შედეგების მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორი ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნება გახდა. მართალია, ხელისუფლებამ აღიარა დამარცხება, მაგრამ ეს ქვეყანაში არსებული დემოკრატიის შედეგი კი არ არის, არამედ უკვე სააკაშვილიც მიხვდა, რომ ხელისუფლების შენარჩუნება შეუძლებელია. ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის საღამოს ხელისუფლება საუბრობდა, რომ მყარ უმრავლესობას მოიპოვებდა, მაგრამ თავად «ნაციონალური მოძრაობის» დეპუტატებმა დაყარეს ფარ-ხმალი და სააკაშვილმა გადაწყვიტა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, მსგავსად, ქართული საზოგადოების თვალში კეთილშობილურად გამოჩენილიყო.

_ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველმა ვიდეოკადრებმა განაპირობა «ქართული ოცნების» უპირობო გამარჯვება თუ ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებამ, უბრალოდ, უკან დაიხია?

_ სააკაშვილს საქართველოში მხარდამჭერები არ ჰყავდა. ხელისუფლების მიერ არჩევნებში მიღწეული წარმატება ყოველთვის ეფუძნებოდა ადმინისტრაციულ რესურსს და, როგორც კი ადმინისტრაციული რესურსი მოიშალა, ხელისუფლებამ წააგო. რა თქმა უნდა, «ქართული ოცნება» არჩევნებში მაინც ბევრ ხმას მოიპოვებდა, მაგრამ არა უმრავლესობას. ვინაიდან «ნაციონალური მოძრაობა» ადმინისტრაციულ რესურსზე დაყრდნობით 50%-იანი ბარიერის გადალახვას, ალბათ, მაინც მოახერხებდა და იმის ლეგიტიმაციაც ექნებოდა, რომ არჩევნები გაეყალბებინა. დღეს კი ხელისუფლებამ არჩევნები ვერ გააყალბა, რადგან ციხის კადრების შემდეგ ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა. ამას გარდა, სიტუაციაზე არანაკლებად იმოქმედა ბაჩო ახალაიას გადადგომამ. ხელისუფლებას, ადმინისტრაციული რესურსის გარდა, ჰქონდა კიდევ ერთი დასაყრდენი _ დაუსჯელობის სინდრომი. მას თავის სამსახურში ჰყავდა ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც იცოდნენ, რაც არ უნდა ჩაედინათ, არ დაისჯებოდნენ. როდესაც ნახეს, რომ კრიმინალური ბანდის მეთაური ახალაია გადააყენეს, ბუნებრივია, ვითარება შეიცვალა.

_ აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი აღარ იარსებებს?

_ ჯერ ვერაფერს ვიტყვი. მინიმუმ, ერთი თვეა საჭირო, რათა გავიგოთ როგორი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, რათა ვიცოდეთ, როგორი იქნება ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციისადმი, ბიზნესისადმი, მედიისადმი, საზოგადოებისადმი. რამდენად მოხდება პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია. ეს ყველაფერი, ალბათ, ახალი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირების პროცესში გამოჩნდება.

_ იყო თუ არა სააკაშვილის საქციელი საერთაშორისო საზოგადოების ჩარევის შედეგი?

_ ნაწილობრივ შეიძლება იყო, მაგრამ, ძირითადად, მაინც ქვეყნის შიგნით გადაწყდა ყველაფერი. უცხოელებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სერიოზული კრიტიკული დამოკიდებულება არ ჰქონიათ. უბრალოდ, სააკაშვილს ძალის გამოყენების რესურსი აღარ დარჩა. როცა ხელისუფლების მეხოტბეებიც, რომლებიც ლოიალობით გამოირჩეოდნენ, დედას აგინებდნენ პირდაპირ ეთერში, რა გარანტია ჰქონდა ხელისუფლებას, რომ, როცა სპეცრაზმს ოპოზიციის მიტინგის დარბევას დაავალებდა, ეს სისასტიკე უკან არ მიუბრუნდებოდა? ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი კადრების შემდეგ, სააკაშვილის, როგორც რეფორმატორისა და დასავლური კურსის მიმდევარის, მითიც დაიმსხვრა.

სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალაუფლებით ტკბობას მიეცა. როცა გამოაცხადა, რომ ჩარეცხილები ხართ და ყიყინებთ, ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთო, უკვე გასაგები იყო, რომ ეს რეჟიმი თავის არსებობას ასე დაამთავრებდა. ივანიშვილსაც დაემართება თუ არა იგივე ეიფორია, არ ვიცი. ვნახოთ, როგორ მოექცევა ოპონენტებს, განსხვავებულ აზრს, მედიას. უახლოეს მომავალში დასკვნების გაკეთება უკვე შეგვეძლება.

_ მიუხედავად იმისა, რომ «თავისუფალი საქართველოს» 40-მდე მაჟორიტარობის კანდიდატმა, «ქართული ოცნების» სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, ცოტა ხნის წინათ ბიძინა ივანიშვილმა მაინც ხელისუფლებასთან კავშირში დაგადანაშაულათ. როგორ წარმოგიდგენიათ  ახალ საპარლამენტო უმრავლესობასთან ურთიერთობა?

_ ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი და არჩევნებში დამარცხება ვაღიარეთ. საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა ერთადერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც დანარჩენი პოლიტიკური ოპოზიციის სრული გაკოტრება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა გვექნება მომავალში. ეს დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილზე: რა ტიპის პოლიტიკურ სისტემას ჩამოაყალიბებს _ ღია პოლიტიკურ სისტემას, სადაც პლურალიზმი იქნება ნებადართული, თუ  დახურულ პოლიტიკურ სისტემას, სადაც ხელოვნურად შერჩეული რამდენიმე მოთამაშე იქნება და სხვა დანარჩენების მარგინალიზაცია მოხდება. დღეს ეს მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, უახლოეს მომავალში ყველაფერი გამოჩნდება.

_ როგორ ფიქრობთ, თქვენ მიმართ ივანიშვილის კრიტიკული დამოკიდებულება რამ განაპირობა?

_ ალბათ, იმან, რომ მან ერთი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა. თავად განსაზღვრა მისი შემადგენლობა და საარჩევნო კამპანიის პირველ ეტაპზე ყველა დანარჩენის _ «შუა უნდა გაიკრიფოს» პრინციპი აირჩია.

_ უმცირესობაში მყოფ «ნაციონალებთან» როგორი ურთიერთობა გექნებათ?

_ ვფიქრობ, «ნაციონალური მოძრაობა» ამ სახელწოდებით არსებობას შეწყვეტს და, ალბათ, «აღორძინების» და «მოქალაქეთა კავშირის» ბედს გაიზიარებს. «ნაციონალების» ნაწილი, ალბათ, «ქართულ ოცნებას» შეუერთდება, ხოლო ნაწილი უპარტიო დეპუტატად გააგრძელებს საქმიანობას. ვიღაცებმა კი, შესაძლოა, საერთოდ დატოვონ პარლამენტი. მაგალითად, არა მგონია, აკაკი ბობოხიძე ახალ პარლამენტში შევიდეს და თავისი საქმიანობა იქ გააგრძელოს.

_ აღნიშნეთ, რომ «ნაციონალური მოძრაობა» დაიშლება, მიხეილ სააკაშვილის როლი მომავალ პოლიტიკურ პროცესებში როგორ წარმოგიდგენიათ?

_ ალბათ, იგივე იქნება, რაც ედუარდ შევარდნაძის, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სააკაშვილი საზღვარგარეთ რომელიმე ფეშენებელურ რეზიდენციაში იცხოვრებს. მიხეილ სააკაშვილმა დაასრულა თავისი პოლიტიკური არსებობა და ახლა ცდილობს უსაფრთხოებისა და ფინანსური ხელშეუხებლობის გარანტიების მიღებას.

_ მიიღებს ამ გარანტიებს?

_ ვფიქრობ, მიიღებს და, სავარაუდოდ, ის პრეზიდენტის პოსტს ვადაზე ადრე დატოვებს.

_ რაც შეეხება დანაშაულში ეჭვმიტანილ ხელისუფლების წევრებს, მათ რა ბედი ელით?

_ არა მგონია, მასობრივი ანგარიშსწორება მოხდეს, თუმცა რაღაც საჩვენებელი პროცესები, ალბათ, გაიმართება.

_ პირველ რიგში, რა პრობლემები უნდა გადაწყვიტოს «ქართულმა ოცნებამ»?

_ პირველ რიგში, უნდა მოხდეს პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია. ეროვნული თანხმობის პროცესი უნდა დაიწყოს, რადგან სამოქალაქო დაპირისპირება ჩვენს ქვეყანას თრგუნავს. ვინაიდან გამარჯვებით ტკბობა დიდ ეიფორიასთანაა ხოლმე დაკავშირებული, არ ვიცი, «ქართული ოცნება» აცნობიერებს თუ არა, მაგრამ დღეს გაიმარჯვა არა «ქართულმა ოცნებამ», არამედ ქართველმა ხალხმა.

თუ «ქართული ოცნება» ეროვნული თანხმობის პროცესს დაიწყებს, ეს ერთი გზა იქნება, მაგრამ, თუ ჩათვლიან, რომ ეს გამარჯვება ქართული ოცნების, ანუ ერთი პოლიტიკური გუნდის რეიტინგმა განაპირობა, მაშინ, ალბათ, მოვლენები ისევე განვითარდება, როგორც 2004 წელს. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ამიტომ უახლოესი ერთი თვე ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში. იმედს ვიტოვებ, რომ «ქართული ოცნება» აღარ გაიმეორებს იმ შეცდომებს, რომლებიც საქართველოს ყველა წინა ხელისუფლებამ დაუშვა. როცა მმართველი პარტია ხელისუფლებაში მოდის, ის უკვე მთელი ქვეყნის ხელისუფლება ხდება, ეს საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა.

_ თქვენმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. მეტიც, ამომრჩეველთა ხმების ძალიან დაბალი პროცენტი მოიპოვა. ელოდით ასეთ შედეგს?

_ ასეთ შედეგს არ ველოდით. ერთადერთი, რაც გვანუგეშებს, ისაა, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაბალი პროცენტი მოიპოვეს. გამოდის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთ პოლიტიკურ ძალაზე შეაჩერა არჩევანი. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები _ როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი რეიტინგი, ასევე მიხეილ სააკაშვილის ანტირეიტინგი, ფინანსები და ა.შ.

_ «ახალი მემარჯვენეების» ლიდერმა განაცხადა, რომ მისი გუნდის დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკიდან წავიდოდა. რას აპირებს კახა კუკავა?

_ ჩვენი პარტიის «თავისუფალი საქართველო» არც ერთი წევრის და მათ შორის არც კახა კუკავას თვითმიზანი და იდეაფიქსი არ არის ქართულ პოლიტიკაში ყოფნა. მე არ ვარ ისეთი პოლიტიკოსი, ზოგიერთივით თავი გავიმარგინალო. ჩვენ ახლა მიზეზების ძებნას არ დავიწყებთ, თუ რატომ არ დაგვიჭირეს მხარი. ფაქტია, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდობლობა გამოგვიცხადა. ეს დღესავით ნათელია. ჩვენ ცოტახანს კიდევ დავაკვირდებით პოლიტიკურ პროცესებს და, თუ დავინახავთ, რომ ქართულ საზოგადოებას არ ვჭირდებით, ნამდვილად არ ვაპირებთ, ჩვენი თავი საზოგადოებას ძალით თავს მოვახვიოთ.

ჩვენ ხმების 0,5% მოვიპოვეთ და 0,5%-იანი პარტია არ შეიძლება პოლიტიკაში არსებობდეს. არა მგონია, 0,5%-იანი მხარდაჭერის ფონზე პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აზრი ჰქონდეს. თუ დავინახეთ, რომ ვითარება შეიცვალა, შევეცდებით, მომავალ პოლიტიკურ პროცესში ჯანსაღი ფუნქცია ვიტვირთოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. თქვენ აუცილებლად უნდა დარჩეთ პოლიტიკაში თქვენს გუნდთან ერთად,ყველანი ღირსეული მამულიშვილები ხართ,თქვენისთანა ხალხი სამშობლოს უმრავლოს გმერთმა,ამინ.

  2. კუკავას ძალიან მოკლე მახსოვრობა აქვს,ნაცები და სმკ ერთი და იგივეა,ახლაც მოახერხებენ ტრანსფორმირებას სხვა სახელით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here