Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ჩალაბაშვილი: კაცს რომ მთელი ერი გამყიდველსა და იუდას გეძახის, მეტი იარლიყი...

თემურ ჩალაბაშვილი: კაცს რომ მთელი ერი გამყიდველსა და იუდას გეძახის, მეტი იარლიყი რაღა გინდა?!

818

მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» თავის მოსაზრებებს უზიარებს პოეტი თემურ ჩალაბაშვილი.

_ ბატონო თემურ, გლდანის #8 დაწესებულებაში მომხდარი შემზარავი ფაქტის შემდეგ მოსახლეობაში მთავარ საკითხად ხელისუფლების პასუხისმგებლობის დაყენება იქცა. დასაწყისში მეც ამაზე გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, რა ფორმით უნდა დასაჯონ დამნაშავეები?

_ იმ დღესვე, როცა გავრცელდა ეს შემზარავი კადრები, გავედი ქუჩაში და ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე. რა თქმა უნდა, მანამდეც ვიცოდით, რომ ციხეებში მსგავსი რამ ხდებოდა, მაგრამ სულ სხვა მომენტია, როცა საკუთარი თვალით ხედავ. ამას სახელი არ აქვს, ამის შემდეგ ეს ნაძირალები კიდევ როგორ უნდა ბედავდნენ იმის თქმას, ხმა მოგვეცითო! რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაყენებას, რა შეიძლება იყოს სასჯელი, მე არ ვარ ამათი მტარვალი და არ შემიძლია ადამიანის დასჯაზე ოდნავი ჩქამიც კი გავიღო, მაგრამ ეს არაკაცები, რომლებიც ამ საშინელებას სიამოვნებით სჩადიოდნენ, თვითონვე უნდა ჩასვა იმ საპყრობილეში, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ ასეთი რამ. ხომ ამბობს ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტი, არ ვიცოდი, ეს თუ ხდებოდაო. ჰოდა, თუ არ იცოდა, იქ უნდა მოხვდეს და დაინახოს, რა ტრაგედიაც ტრიალებდა მის მიერ აშენებულ ციხეებში, მთლიანად სისტემაში…

_ ხალხის რეაქცია რამდენად ადეკვატური იყო? ხელისუფლება ამბობს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მან შეძლო საზოგადოების კეთილგანწყობის შენარჩუნება.

_ ხელისუფლება რას ამბობს და რას არა, ამაზე ნუ ვისაუბრებთ, ამათი ბინძური გონება უკვე იქამდე მივიდა, რომ ყველაფერს იკადრებენ. საზოგადოების რეაქციას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, არ იყო მთლად ადეკვატური, მაგრამ ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია _ თითქმის ოჯახი არ არის დღეს საქართველოში, პატიმარი რომ არ ჰყავდეს. აი, ზუსტად ეს შიშის მომენტია, ხალხს რომ ბოჭავს და აბრკოლებს, თორემ აქ რომ მართლა ისეთი რეაქცია იყოს, როგორიც საჭიროა, მაშინ უნდა გადაწვან მთელი პარლამენტი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მოსახლეობამ ეს შიშის ფაქტორი თუ არ დაძლია, არაფერს აზრი არ აქვს. ხელისუფლება ყოველთვის შეძლებს იმას, რომ გადამწყვეტ მომენტში საზოგადოების მუხტი გაანეიტრალოს და ჩვენ ეს უკვე ვნახეთ არაერთხელ.

_ იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის ოპონენტები ბოლო ხმაზე გაჰყვირიან, ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისი აქვსო, ფაქტია, გასულ კვირას სააკაშვილმა ეროვნული სტადიონი თითქმის გაავსო. არჩევნების შედეგებზე არაფერს ვამბობთქვენი აზრით, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ხომ არაა ოპოზიციის შეფასებები «ნაცმოძრაობის» გაკოტრებასთან დაკავშირებით?

_ ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ იმ შეხვედრაზე შეშინებულ სახეებსაც ბევრს ვხედავდი. ხომ დაინახეთ, როგორ ვარდებოდა ტანისამოსიდან ჩვენი პრეზიდენტი? კი არ იდგა კაცი, ალბათ, ორ მეტრზე ხტოდა, ისე საუბრობდა. ეს მისი ჩვეული ფორმაა, ეს ჰიტლერისეული ამბებია და მე მზარავს ეგეთი რაღაცები, მაგრამ მაინც მაკვირვებს ჩვენი ხალხის რეაქცია. იმის თქმა მინდა, რომ ამდენი უბედურების შემდეგ, იმ პატივის აყრის შემდეგ, ხალხის მიმართ, რაც ამათმა ჩაიდინეს, თუ კიდევ თუნდაც სამოცი ათასი ადამიანი უჭერს მხარს ამ რეჟიმს, მაშინ ჩვენი საშველი მართლა არ ყოფილა; ღმერთსაც კი, მაპატიოს უფალმა, როგორც უბედურ ერზე, ხელი ჩაუქნევია ჩვენზე და ეგაა. ასეთ ქვეყანაში, ასეთ ხალხში, ასეთ საზოგადოებაში ნამდვილად არ ღირს ცხოვრება და, თუ კი ვინმეს ღირსების ნატამალი შერჩენია, უნდა გაიქცეს აქედან…

_ არჩევნებამდე ხელისუფლება, ძირითადად, «ქართულ ოცნებაში» შემავალი სუბიექტებით მანიპულირებდა. როგორ ფიქრობთ, რეალურად ამან იმოქმედა ამომრჩეველზე?

_ სწორად გამიგეთ, რასაც ახლა ვიტყვი, მე პირადად იმ ჩანაწერების დიდი ნაწილი, რომელიც ხელისუფლებამ გაავრცელა, მართალი მგონია. ამათ მხარდამჭერობას ვერავინ დამწამებს, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან დღესდღეობით ვინც არიან ივანიშვილთან, მათი უმეტესობა იქ მისულია ფულის გამო. კი, არიან სუფთა და პატიოსანი ადამიანებიც, მაგრამ, ვიმეორებ, უფრო მეტი ანგარებით მისული ხალხია. ეს ყველამ ვიცით და თვალს ვხუჭავთ ამაზე იმიტომ, რომ საზოგადოებამ ივანიშვილის ხათრით ყველა ნაძირალა მიიღო, ამის ასე დატოვება, ცხადია, არ შეიძლება, ადრე თუ გვიან უნდა მოხდეს ამ ბინძური მასის დიფერენცირება ძირითადი ბირთვისგან, თუ არ უნდა ბიძინას, რომ ხალხმა დროთა განმავლობაში შეიძულოს.

_ დიფერენცირებაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ლაპარაკია იმაზე, რომ გამიჯვნა უნდა მოხდეს და ყველას თავთავისი ადგილი უნდა მიეჩინოს. არ შეიძლება, შავი და თეთრი, ავი და კარგი ერთ რანგში გადიოდეს. ხალხი ამას არ მიიღებს. მე არაერთხელ მივმართე ივანიშვილს, მათ შორის რამდენიმეჯერ თქვენი გაზეთის ფურცლებიდანაც, ბატონო ბიძინა, გარემოცვა არ გივარგა-მეთქი. ამას შემთხვევით არ ვამბობდი, ვიცი, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ადამიანს გარშემო მყოფმა ხალხმა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ამის ნათელი მაგალითია. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზვიადზე და მერაბზე მეტად ბიძინას უყვარს სამშობლო, მაგრამ ზვიადი დაღუპა გარემოცვამ. აი, ზუსტად ასეთი გარემოცვა ჰყავს დღეს ივანიშვილს და ანალოგიური საფრთხე მასაც მოელის. ბევრი მამტყუნებს ჩემი ამ პოზიციის გამო და მეუბნებიან, მოითმინე, ყველაფერს დაალაგებსო, მაგრამ, დალოცვილო, ერთ პატარა გოგონას ვერ მოიშორებ, თუ გადაგეკიდა, რა უნდა დაალაგოს, ამდენი ხალხის უცებ მოცილებას შეძლებს მერე?!

_ დასაწყისში დამნაშავეების დასჯაზე ვსაუბრობდით. პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა ორი მინისტრი, ათზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და პრეზიდენტი პირობას დებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ძირეული რეფორმები გატარდება. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ამგვარი რეაგირება საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც დააშოშმინებს?

_ ამის არანაირი შანსი არ არსებობს. რაც უნდა გააკეთოს სააკაშვილმა, სულ მთლად ყურით რომ ჩამოკიდოს კალმახელიძე, საზოგადოებას ვეღარ შემოაბრუნებს, იმიტომ, რომ მთავარი დამნაშავე თვითონაა. რაც შეეხება ახალაიას, ის, რომ ესენი არაფერს ნანობენ და რეალურად არაფრის გამკეთებლები არიან, ამაზე ერთი ფაქტიც მეტყველებს: მიუხედავად საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნისა, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლებოდა «ნაციონალური მოძრაობის» რეიტინგი მნიშვნელოვნად აეწია,  ახალაია და კალმახელიძე ფორმალურადაც კი არ დაკითხეს, ანუ გაგონებაც არ უნდათ იმის, რომ ეს ორი ადამიანი რამეშია გასვრილი. მეტიც, თანამდებობიდან გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა მინისტრი და კოლოსალური თანხა გამოუწერეს პრემიის სახით. იქით კიდევ ცალკე მამამისი რა დღეში იყო სამეგრელოდან, ნახეთ, ალბათ, _ მომშორდით, დამაძინეთო, ყვიროდა… ხალხი გაუბედურებულია, ამ არაკაცებს რომ ერთხელ ძილი დაუფრთხეს, თურმე ქვეყანა დაქცეულა… ეშინოდეთ, საბოლოოდ საღათას ძილით არ ჩააძინოს საზოგადოებამ ეს ადამიანები…

_ მუდმივად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას ოპოზიციაში დასაყრდენი არ ჰყავს, რომ ამ მხრივ ხელისუფლება განძარცვულია და .. რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს: არიან გარკვეული სუბიექტები, რომლებიც, ყველაფრის მიუხედავად, არჩევნების შედეგებს ცნობენ. თქვენი აზრით, რამდენად აძლიერებს ეს ყველაფერი მმართველი გუნდის პოზიციას?

_ გააჩნია, დასაყრდენში ვის და რა ძალებს ვიგულისხმებთ, «ქრისტიან-დემოკრატები» თუ გყავთ მხედველობაში, ეგენი სპეციალურად იმისთვის შეიქმნენ, რომ მიშა «ეპრავებინათ», მაგრამ რეალურად ეს არაფერს ნიშნავს. პოლიტიკოსს მაშინ აქვს ძალა, როცა ხალხი მიჰყვება და მოსახლეობაში პოპულარულია. აბა, თარგამაძეს ვინმე გაჰყვება, მითხარით? სამი წლის ბავშვმაც კი იცის, რომ ეს კაცი გაყიდულია ფულზე. ახლა რამდენიც უნდა კოცნოს პირში სააკაშვილი ამ იუდამ და რამდენიც უნდა მიულოცოს გამარჯვება ხელისუფლებას, რამე იცვლება ამით?

_ ისე, «ქრისტიანდემოკრატები» არ არიან ხელისუფლების ერთადერთი «გამპრავებლები»…

_ პირადად გიორგი თარგამაძე არის ამ საქმის მედროშე. ასე რომ, როგორ გამოსდის, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, ამ კაცს აქვს თავისი ფუნქცია ხელისუფლების სამსახურში. სხვათა შორის, თვითონ სააკაშვილსაც ყველაზე მეტად სწორედ ასეთი ხალხის უნდა ეშინოდეს, იმიტომ, რომ რეალურად ეს არის ფარული ბომბი შენს საძირკველში, რომელიც, არავინ იცის, როდის აფეთქდება და გამოგითხრის ძირს. რა, ბადრი თუ გაწირა, მანამდე კიდევ ასლანი და სხვები, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ მიშას ჩაჰყვება სამარეში?!

_ იქნებ გარკვეულწილად საჭიროცაა ასეთი ხალხი პოლიტიკაში, ბოლოსდაბოლოს ჩასაძირი ვინმემ ხომ უნდა ჩაძიროს?

_ ბევრი რომ არ გავაგრძელო, თქვენი ნებართვით, ერთი სტროფით გეტყვით ჩემს აზრს ამ ადამიანზე, ვფიქრობ, მკითხველისთვის ასე უფრო ნათელი იქნება, რისი თქმაც მინდა:

«შენ ვერვინ გკადრებს კრეტინოს,

ჟურნალისტადაც ვარგიხარ.

ასლანის გამოჭყლეტილო,

ახლა ამათი თარგი ხარ…»

ცხადია, უფრო მწვავედაც შეიძლებოდა თქმა, მაგრამ ხალხს ვერ ვკადრებ. მაგას საზოგადოებამ უკვე მიუჩინა საკადრისი ადგილი, კაცს მთელი ერი გამყიდველსა და იუდას გეძახის, მეტი იარლიყი რაღა გინდა?!

_ რაც შეეხება ისევ ხელისუფლების შეცვლაარშეცვლის საკითხს. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს, თუკი დღეს არსებული პოლიტიკური კურსი შენარჩუნდება? არაფერს ვამბობ სისტემაზე.

_ ღმერთმა ნუ ქნას, მაგის გაფიქრებაც არ მინდა. ეგ თუ მოხდება, ამით დამთავრდება ჩვენი ცხოვრების ეპოქა.

ხშირად გვსმენია პოლიტიკოსებისგან, ხელოვანებისგან, რომ დღეს წყდება ჩვენი ბედი, რომ დღეს არის ის მომენტი, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ა.შ. ამას გვეუბნებოდნენ ყოველი არჩევნების წინ და შემდეგაც, რომ გამოვეყვანეთ, მაგრამ, მერწმუნეთ, ახლა მართლა სულ სხვა ვითარებაა; ახლა ნამდვილად ბოლო მომენტია და რეალურად ეს მომენტი ამთავრებს ყველაფერს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვგრძნობ (და ყველა გრძნობს), როგორ დაიღალა ხალხი. ამიტომ, კვლავ ვიმეორებ,  მით უფრო ახლა თითოეული ჩვენგანი უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ ეს არის ბოლო შანსი, _ ან გავიმარჯვოთ, ან გადავვარდეთ უსასრულო უბედურებაში… გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ საზოგადოებას ეყოფა ძალა, პრინციპულობა და გამბედაობა, არ შედრკეს და არ შეარჩინოს მოძალადე ხელისუფლებას დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი შეიძლება იყოს იმდენად მძიმე, რომ ის, რაც დღეს ხდება (თუნდაც რაც გლდანის ციხეში ვიხილეთ), არაფრად მოგვეჩვენოს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here