Home რუბრიკები სამართალი მალხაზ შატბერაშვილი: ვინც ხმას მისცემს «ნაციონალურ მოძრაობას», ის საკუთარ შვილებს სასიკვდილო...

მალხაზ შატბერაშვილი: ვინც ხმას მისცემს «ნაციონალურ მოძრაობას», ის საკუთარ შვილებს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს!

761

დოსტოევსკი წერდა: «თუ საზოგადოებას სურს, შეამოწმოს თავისი ცივილიზაციის დონე, ციხეში შეიხედოს». მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა! ამჟამინდელმა დემოკრატიის ხარისხმა ჩვენ, 21- საუკუნის ქართველობას, საკუთარი «ცივილიზაციის დონის» შემოწმება ძალზე გაგვიადვილა. დღეს ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის გასარკვევად სულაც აღარაა საჭირო რომელიღაც საპყრობილის კარის შეღება, სავსებით საკმარისია, იხილო ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, «დამამშვიდებელი საშუალებებით» დასიებული, ჩაშავებული სიფათი ან თვალი შეავლო აწ უკვე ყოფილი «პატიმრების მინისტრის», ხათუნა კალმახელიძის, სილიკონით «გარემონტებულ» ფიზიონომიას! დღევანდელი ჩემი მოსაუბრე, ყოფილი პატიმარი, მალხაზ შატბერაშვილი, საინტერესო პიროვნებაა იმითაც, რომ ის მერვე საპყრობილემაც ვერ გატეხა.

_ ყველა პატიმარი ხვდება მერვე საპყრობილეში და მერე ხდება მათი გადანაწილება ზონებში. გასამართლების შემდეგ ეტაპს ელოდებიან ზოგნი ერთ კვირას, ზოგნი კი წელიწადზე მეტხანს. პატიმრისთვის აქ ჯოჯოხეთი პირველი წუთებიდან იწყება. ჯერ «შმონია», როდესაც გიხევენ ფეხსაცმელს, კურტკას, მერე შეყავხარ ოთახში ანკეტის შესავსებად და თითების ანაბეჭდის დასატოვებლად. იქ ზის ვიღაც თვალებგადმოკარკლული ახალგაზრდა. ჯერ შენს ანკეტას ეცნობა და, თუ დაოჯახებული ხარ, გეკითხება, _ სანამ აქ იჯდები, ვინ «იხმარს» შენს ცოლსო. აი, ამას რომ ჰკითხავ დამწყვდეულ კაცს, არაა სადიზმი?! შემდეგ, სანამ კორპუსში აგიყვანენ, ჯოჯოხეთის მეორე წრე გელის _ კარანტინი. წარმოიდგინე 6-კაციანი კამერა, რომელშიც დამწყვდეულია 30-35 კაცი. აუტანელი სიცხეა, ოფლისგან ყველა კედელი სველია; ამდენი ადამიანის სუნთქვისგან დაორთქლილი ჭერიდან წყალი წვეთავს…

მე აქ რვა დღე მაყურყუტეს!

მომდევნო «თავგადასავალი» კორპუსში აყვანით იწყება. კორპუსებში სართულებია და ყოველ სართულს თავისი ოფიცერი ჰყავს. თითოეულ მათგან «პრიომკაზე» გამოჰყავს თავისი პატიმრები, სახით აყენებენ კედელთან და თითო-თითოს იძახებენ. გამოძახებული ალყაშემორტყმულია «ვირებით». ეკითხებიან რომელი მუხლით ხარ, პასუხობ და ამ დროს ჯერ ერთი წამოგარტყამს, მერე _ მეორე… ამით გაჩვენებენ და გაჩვევენ, რომ, რასაც მოისურვებენ, იმას გაგიკეთებენ… არ აქვს მნიშვნელობა, კარგად იქცევი თუ ცუდად, მთავარია, რა ხასიათზე იქნება ოფიცერი.

ის კი მუდამ მიზეზს ეძებს: კამერიდან გამოვიდა ხმაური, ვიღაცა შეეპასუხა _  შეცვივდებიან და ყველას სცემენ. მე, ვთქვათ, მოუსვენარი ვარ, რაღაცას ვაშავებ, კარგი, მცემე, მაგრამ რა შუაშია ის მოხუცი კაცი, რომელიც ჩემს კამერაშია; რატომ სცემ მას უმოწყალოდ?!

«პალაჩები»

ჯალათად რომ იმუშავო, სამი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო: იყო «ნაციონალური» პარტიის აქტიური წევრი, ღონიერი და პათოლოგიური დეგენერატი; აგრეთვე, არ უნდა გქონდეს ღირსება და ნამუსი! ციხეში არაფერი იმალება. ყველამ ვიცოდით, რომელი პატიმარი უნდა ეცემათ. ეკზეკუციას ატარებდნენ კორპუსის ბოლოში მდებარე საშხაპეებში. მართალია, იქ სისხლის გუბეებს არ გვახვედრებდნენ, როცა დასაბანად მივყავდით, მაგრამ სისხლს ბოლომდე შეგნებულად არ რეცხავდნენ, რათა გვენახა

არც ერთი დირექტორი არ ემორჩილებოდა საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს. ყველა თავისი ხუშტურით მოდიოდა; აბა, კარგი ბიჭი ყოფილიყავი და უკმაყოფილება გამოგეთქვა, _ გაგაცამტვერებდნენ! უნდა გითხრა, რომ ამ კუნთმაგარმა სადისტებმა ცემაც არ იციან. შეიძლება ადამიანს ისე დაარტყან, რომ მოკლან! ასე რამდენი შემოაკვდათ!

«ცოცხი»

უკვე გითხარი, რომ ციხეში არაფერი იმალება! რა თქმა უნდა, მსმენია მაგ საზიზღრობაზე, თუმცა არ მჯეროდა… შეიძლება მჯეროდა კიდეც, მაგრამ ვერ წარმომედგინა! აი, დავუშვათ, გაიგე ამბავი, რომ ვეფხვმა თავისი მომთვინიერებელი დაგლიჯა. ეს ერთია, მაგრამ ამ საზარელ სცენას პირადად რომ ნახავ, ეს სულ სხვაა! ასევე დამემართა, როდესაც ეგ კადრები ვნახე. კინაღამ გონება დავკარგე! ამ საშინელებას ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერ ჩაიდენს და ვერც იკადრებს, რადგან მსხვერპლზე უფრო შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს. დავუშვათ, ნორმალურ ადამიანს გონება დაუბნელდა და ეგეთი რამ ჩაიდინა, მერე რომ გაითავისებს, ალბათ, ან თავს მოიკლავს, ან გაგიჟდება! ის სისასტიკე, რაც ჩვენ ვნახეთ, ქართველებს არ ახასიათებს. ჩემი აზრით, ეს ამერიკელების «დამსახურებაა»!

ეს ხომ ერი არაა! ესაა მთელი მსოფლიოდან მანდ შეგროვილი ნაგვის კონგლომერატი. მათ არ აქვთ ფესვები, ტრადიციები და ამიტომ ვერ იტანენ ძველ ერებს, მათ შორის, ჩვენც!  ყველაფერს აკეთებენ, რომ მათსავით პრიმიტიულ დონემდე დაგვიყვანონ, ნახირად გვაქციონ! ამიტომაც ზრდიან სააკაშვილისნაირ მანქურთებს! მე ვცხოვრობდი ამერიკაში და ვაკვირდებოდი მის მოქალაქეებს _ მათ უმრავლესობას დაკარგული აქვს ინდივიდუალობა და ჩამოყალიბებული ზომბია!

«თვითმკვლელები»

ციხეში თავს ვერ მოიკლავ! «ადინოჩკაში» არავინაა, «შმონები» ყოველდღეა. «გაჭრაგამოჭრაზე» ლაპარაკიც ზედმეტია. თავის ჩამოხრჩობის შესაძლებლობა ნულს უდრის, რადგან თოკის შოვნის ვარიანტი არ არსებობს. ერთი კამერიდან მეორეში სიგარეტი ძაფით რომ ჩაუშვა და ის გიპოვონ, მოგკლავენ! ხოლო ორივე კამერას შავ დღეს დააყრიან! ვერც პატიმარი პატიმარს მოაკვლევინებს თავს. ციხის ადმინისტრაცია «თვითმკვლელს» უწოდებს ცემაში მოკლულ ადამიანს. პირადად ვნახე ასეთი «თვითმკვლელი», ვითომ თავი რომ ჩამოიხრჩოო. ერთი რამის თქმა შემიძლია, ჩამოხრჩობილს სხვანაირი სახე აქვს

«არ ვიცოდით

სისულელეა! რას ჰქვია არ იცოდნენ! ზღაპრებს ნუ ყვებიან! კალმახელიძე ზონაში გვესტუმრა. მაშინ ვიყავით «რეზბალნიცის» შენობაში. 250 კაცზე, ჟარგონს ვიხმარ, ერთი «აჩკო» (ტუალეტი) გვქონდა. იქიდან დილით რომ გამოდიოდი, საღამოსთვის რიგს ახლიდან იკავებდი! ჰოდა, მოვიდა კალმახელიძე და იცი, ტელევიზიებს თავი სად გადააღებინა? დაბლა ოთახში, რომლის მხოლოდ ერთი კედელი იყო გათეთრებული და იქვე სტომატოლოგიური «კრესლო» იდგა. აი, ასეთი ფონით «დაიმშვენა» თავი მინისტრმა! პატიმრების სანახავად იგი ზემოთ არ ამოსულა, რომ გაეგო, თუ რა დღეში ვიყავით! მერე ერთმა ჟურნალისტმა უთხრა, პატიმარი მოგიკვდათო. მან კი განუცხადა: ამ თემაზე არ მინდა საუბარიო. რას ჰქვია «არ მინდა საუბარი»?! ის კაცი აჩვენეს, უფრო ზუსტად, კაცი არ იყო _ ჩონჩხი იდო, ფაშისტების ნაწამებს უფრო ჰგავდა, ვიდრე «გულის შეტევით» გარდაცვლილს!

ყველამ, სააკაშვილიდან დაწყებული «კლუჩნიკით» დამთავრებული, კარგად იცოდა, თუ რა ხდებოდა საპყრობილეებში! აბა, როცა ციხის დირექტორად ნიშნავ ნაკაცარს, ზედმეტსახელად «ქილერას», რას უნდა ელოდო?! მაგ მკვლელის ნება-სურვილის ანაბარად ტოვებ პატიმრებს?!

ახლა რომ ლაპარაკობენ, გამოვიძიებთო, რა გამოძიებაა საჭირო?! ვინც მაგ ციხეში ვიჯექით და ვინც ახლა ზის, დაგვიყენეთ წინ ეს ტიპები. ყველას სახეზე ვიცნობთ, ვინ სცემდა და ვინ _ არა, ვინ სადისტია, ვინ _ ნორმალური. თუმცა «ნორმალური» იქ დიდი იშვიათობაა. ნორმალური კაცი მანდ დიდხანს ვერ გაძლებს, რა ხელფასიც არ უნდა უხადონ. როგორია, ყოველდღე უყურო ადამიანის წამებას?!

გარემო უთუოდ მოქმედებს ადამიანზე. თუ გაქვს მიდრეკილება სადისტობისკენ, დარჩები, თუ ვერ გაუძლებ, _ წამოხვალ!

მერვე საპყრობილეში პატიმრებს ყოველდღე მორალურად ანგრევენ! მე მინდა მივმართო პატიმრების მშობლებსა და ახლობლებს: 1 ოქტომბერს არ შემოხაზოთ #5! ამით საკუთარ შვილებს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანთ. თუ სააკაშვილი დარჩება, ყველა, ახლა ვითომ დაპატიმრებული ჯალათი, გახელებული დაბრუნდება ციხეში!

ჩაიწერა

გიორგი კორძაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here