Home რუბრიკები საზოგადოება თქვენო უწმინდესობავ, არჩევნების გამყალბებლებს შეჩვენებისა და ანათემის გარდა ვერაფერი შეაჩერებს!

თქვენო უწმინდესობავ, არჩევნების გამყალბებლებს შეჩვენებისა და ანათემის გარდა ვერაფერი შეაჩერებს!

642

მოგმართავთ მონა ღვთისა, თქვენ, საქართველოს სულიერ მამას, უდიდესი პატივისცემით, მოკრძალებითა და ამავე დროს უკიდურესი პირდაპირობით! დიახ, უკიდურესი, რადგან უკიდურესი შეჭირვების ჟამი უდგას დღეს ჩვენს სამშობლოს. უფრო მეტიც, მოახლოებული არჩევნები ყოფნა-არყოფნის მნიშვნელობისაა საქართველოსთვის!

თქვენი გასული პარასკევის ქადაგებიდან რამდენიმე პასაჟმა გაუგებრობა და უკმაყოფილებაც გამოიწვია არა მხოლოდ მორწმუნე მრევლისა, არამედ საერთოდ საზოგადოების უმრავლესობისა, რაც ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ და ამიტომაც ჩათვალეთ, ალბათ, საჭიროდ დამატებითი განმარტებების გაკეთება.

საზოგადოებას ისიც კარგად მოგვეხსენება, თუ როგორ და რატომ ხვდება ხოლმე თქვენს ქადაგებებში თუ ეპისტოლეებში უცნაური პასაჟები. უფრო მეტიც, იქამდც კი გათავხედდნენ, რომ თქვენ თვალწინ საერთოდ გამოტოვეს ამასწინათ თქვენი ეპისტოლეს კითხვისას ის პასაჟი, რომელშიც თქვენ ღიად საუბრობდით ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის დაუშვებლობაზე!

ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ქცევა საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებას ხშირად უჩენს საფუძვლიან შეკითხვებს,  რის მაგალითადაც თქვენ მიერ ცალსახად და მკაცრად დაგმობილი პატიმრების გაუპატიურების ფაქტების შემდეგ ამ ყველაფრის ერთ-ერთი «შემოქმედის», სადისტი დათა ახალაიასი და მისი მარჯვენა ხელის, სოსო თოფურიძის, ელვისებური ვიზიტი იყო თქვენთან, საზოგადოებამ ჩათვალა, რომ სწორედ ამის გამო დაფიქსირდა პარასკევის ქადაგებაში ის პასაჟები, რომლებმაც, ვიმეორებ, გაუგებრობა გამოიწვია!

საზოგადოება ასევე ნათლად ხედავს, რომ შოკიდან გამოსული პრეზიდენტი, სწორედ იმ პასაჟების ტექსტებით გვესაუბრება (რომ «მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება», რომ «ზოგიერთები სარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და საქართველოში არასტაბილურობის შემოტანა სურთ») ჩვეული რიხით და აქეთ გვემუქრება პირდაპირი ტექსტით, ბეჭებზე დადებით!

თუმცა რაღა გვემუქრება _ უკვე დაიწყო პირდაპირი რეპრესიები! დღე არ გავა, რომ არ დააპატიმრონ «ქართული ოცნების» აქტივისტები. დააპატიმრეს დაჩი ცაგურია და კიდევ 4 აქტიური ახალგაზრდა, რომელთაც 10-დან, 40 დღემდე პატიმრობა მიუსაჯეს. გუშინ უკვე სტუდენტობასაც დაერივნენ _ პირველი 2-3 დღის მანძილზე პატრული სტუდენტებთან ახლოს მიკარებასაც თუ  ვერ ბედავდა, ორშაბათს ფილარმონიასთან პირველი მასიური ძალისმიერი აქციაც ჩაატარეს, ხოლო გვიან ღამით    უნივერსტეტთან დააკავეს სახლში მიმავალი სანდრო ცაგარელი, რომელიც ამჯერად იოლად გადარჩა, 400 ლარით დააჯარიმეს…

თქვენო უწმინდესობავ! სიტუაციის აშკარა ესკალაცია სახეზეა და, რაც დრო გავა, ტემპერატურა უფრო აიწევს, რადგანაც, ვიმეორებ, ამ არჩევნებს (თუ მივედით საერთოდ იქამდე) სამკვდროსასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!

ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბების ალბათობა ძალიან მაღალია, გაყალბებას კი აუცილებლად მოჰყვება მასობრივი პროტესტი, რაც ადვილი შესაძლებელია, გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, აქედან გამომდინარე სავალაო შედეგებით.

მაგრამ არჩევნების გაყალბებას სჭირდება ადამიანური რესურსი და ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც კრძალავს და სჯის არჩევნების გამყალბებლებს, ვერ ასრულებს სათანადო შემაკავებელი ფაქტორის როლს, დროული და ფრიად მისასალმებელი იქნებოდა, ეკლესიას მკაცრად აღეკვეთა არჩევნების გაყალბების ცდუნება.

თქვენო უწმინდესობავ, თუკი ეკლესია მის ხელთარსებული საშუალებებით (ანატჰემა, შეჩვენება ან სხვა ფორმა, რაც საპატრიარქოს უკეთ მოეხსენება) მკაცრად გააფრთხილებს როგორც ამ საქმეში უკვე არაერთგზის შემჩნეულ მოხელეებსა თუ გაყალბების  რიგით შემრულებლებს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს არჩევნების გაყალბების ალბათობას და ვინძლო უდიდესი ტრაგედიაც აგვაცილოს თავიდან.

თუ კი ამ წერილით რაიმე სახის კადნიერება ჩავიდინე,  თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, მომიტევოთ რეგვენს.  უფალს ვთხოვ შენდობას, რამეთუ ჩემი  კადნიერების  ერთადერთი მოტივი მხოლოდ სამშობლოს სიყვარულია!

მოკრძალებითა  და ქრისტესმიერი სიყვარულით

  დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. ჩვენც ვიზიარებთ ამ სტატიის პათოს და ვუერთდებით ამ მოწოდებას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის მიმართ !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here