Home რუბრიკები პოლიტიკა რუსუდან შარაძე: დარწმუნებული ვარ ჩიხლაძის ვერსიის სიმართლეში _ დათა ახალაია მამაჩემის მკვლელია!

რუსუდან შარაძე: დარწმუნებული ვარ ჩიხლაძის ვერსიის სიმართლეში _ დათა ახალაია მამაჩემის მკვლელია!

1674

ირაკლი ოქრუაშვილის თანამებრძოლისა და ამჟამად პატიმრის, გიორგი ჩიხლაძის, ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ამტკიცებს, რომ გიორგი ჩიხლაძის წამებაში პირადად მონაწილეობდა დათა ახალაია _ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილე. «გიორგი ჩიხლაძე არის დათა ახალაიას პირადი პატიმარი, რომელმაც მას პირადად განუცხადა, რომ საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე მისი გეგმითა და უშუალოდ მის მიერ იქნა მოკლული. შენ როგორ დაგეგმე ჩვენ წინააღმდეგ რამეო, მე როგორც დავგეგმე და როგორც პირადად მოვკალი შარაძე, ისე გაგასაღებ შენც, შე საწყალოო», – ამტკიცებს ჩიხლაძის ადვოკატი. ქარჩავას განცხადებით, ახალაია წამების თანამედროვე მეთოდებს იყენებდა. «კერძოდ, პატარა ფლაკონით სახეზე სითხე შეასხა, რამაც გაუტკივარება გამოიწვია და ასეთ მდგომარეობაში სცემეს». ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ, თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს რაიმე საფრთხე შეექმნება, ამაზე პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს, გიორგი ტუღუშს, დაეკისრებაპროფესორ გურამ შარაძის მკვლეობასთან დაკავშირებულ ამ ახალ გარემოებაზე კომენტარი ვთხოვეთ მის ქალიშვილს _ რუსუდან შარაძეს, რომელიც ამჟამად ჟენევაში იმყოფება.

_ როგორც ყველამ, მეც ვიცოდი, რომ სააკაშვილს მკვლელებისგან შემდგარი უამრავი ზონდერჯგუფი ჰყავს, მათ შორისაა დათა ახალაია და მისი დაჯგუფება. სხვას რომ თავი დავანებოთ, 7 ნოემბერს და 26 მაისს ეს ყველამ საკუთარი თვალით ვიხილეთ. პატიმარი გიორგი ჩიხლაძე ადასტურებს, რომ მამაჩემის მკვლელობა უშუალოდ დათა ახალაიამ შეასრულა, თორემ გურამ შარაძე პირადად სააკაშვილის ბრძანებით რომ მოკლეს, 2007 წლის 20 მაისიდან ვამბობ.

დარწმუნებული ვარ ჩიხლაძის ვერსიის სიმართლეში. არაფერია გასაკვირი, რომ კაცმა, რომელმაც სანდრო გირგვლიანი მოკლა (და ეს ყველასთვის ცხადია), მოეკლა ასევე გურამ შარაძე. დათა ახალაია მამაჩემის მკვლელია.

_ აქამდე თუ გქონდათ რამე მსგავსი მინიშნება ირაკლი ოქრუაშვილის გარემოცვიდან?

_ არავითარი ურთიერთობა ირაკლი ოქრუაშვილთან არ მქონია და არც მაქვს, ცხოვრებაში არასდროს მინახავს. სხვათა შორის, მამაჩემი მის მიმართ ცუდად არ იყო განწყობილი და ეს განწყობა საჯაროდაც არასდროს დაუმალავს, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ირაკლი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2004 წელს, როდესაც გურამ შარაძე ციხეში პირველად გაუშვა სააკაშვილმა. თავისი გავლენიდან გამომდინარე, ბატონ ირაკლის ბევრი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

_ და თქვენ არასდროს გიცდიათ მასთან დაკავშირება, თუნდაც მაშინ, როდესაც გადადგა და სკანდალური განცხადებები გააკეთა?

_ რა თქმა უნდა, ვცადე, როდესაც ,,იმედის» ეთერში ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე სკანდალურ განცხადებას აკეთებდა, მაგრამ ინგა გრიგოლიამ და ირაკლი მოსაშვილმა ამის საშუალება არ მომცეს. მორბენალ სტრიქონშიც კი ჩემი გაგზავნილი არც ერთი მესიჯი არ გავიდა და არც მეორე დღეს, როდესაც თოქშოუ გაიმართა და ვინ აღარ იყო იქ, გრიგოლიამ ამ ჩემს თხოვნაზე, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა, გამომიცხადა: «ახლა ამ საკითხს პროვოცირებას ვერ გავუკეთებ!». კარგად იცით, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები და მეც აღარ მიცდია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირება. ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით უმორჩილესად ვთხოვ, თუ რამეა მისთვის ცნობილი, გაახმაუროს.

_ ადვოკატი შიშობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, გიორგი ჩიხლაძეს, როგორც გურამ შარაძის მკვლელობის მნიშვნელოვან მოწმეს, შესაძლოა, ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ?

_ საფრთხეშია გიორგი ჩიხლაძის სიცოცხლე და, რაც მთავარია, სად არის ბარათელი? წლებია, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სასამართლოს გზით ეძებს გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელს; სად, რომელ დაწესებულებაში იხდის ის სასჯელს, მაგრამ ამ საჯარო ინფორმაციას ხელისუფლება სასტიკად ასაიდუმლოებს. მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველა ინსტანცია მოიარა, ნინო მიქიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. პარალელურად, 2010 წლის მარტში ოფიციალური წერილი გაუგზავნა სახალხო დამცველს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს (რომელსაც მაშინ გია არსენიშვილი ხელმძღვანელობდა) და სთხოვა, რომ იქნებ, ბარათელი ციხეში მოენახულებინათ.

სახალხო დამცველის აპარატმა სასწრაფოდ წერილი აფრინა ნინო მიქიაშვილთან, თითქოს მისი თხოვნიდან 2 დღეში ტუღუშის წარმომადგენელმა ციხეში მოინახულა ბარათელი, ის თავს კარგად გრძნობდა და მოითხოვდა, არ გახმაურებულიყო მისი ადგილსამყოფელი; ხოლო როგორც პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, მან და ეკა ხერხეულიძემ, 2010 წლის 30  მარტს გიორგი ბარათელი ორთაჭალის «კრიტში» მოინახულეს. ის თავს მშვენივრად გრძნობდა და ციხის ადმინისტრაციასთან არავითარი პრეტენზიები არ გააჩნდა.

 ბატონი დიმიტრის თქმით, ათჯერ რომ გაცოცხლდეს მამაჩემი, ბარათელი ათჯერ მომიკლავდა, აგრეთვე, ათჯერ მომიკლავდა ძმას, გიორგის, რადგან ისინი თირკმელების ამოსაჭრელად დასდევდნენ.

შორს წაგვიყვანს საუბარი იმაზე, თუ რატომ არ მჯერა ამ ხალხის, მყარი არგუმენტაცია არაერთხელ გამოვაქვეყნე პრესაში. ერთი კვირაა, რაც ჟურნალისტებისა და «ფეისბუკის» მეშვეობით ვთხოვ დიმიტრი ლორთქიფანიძეს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ მან ნამდვილად ნახა მაშინ გიორგი ბარათელი, მაგრამ ბატონი დიმიტრი დღემდე დუმს.

_ რას მოიმოქმედებთ ამ ახალი გარემოებების გამოაშკარავების შემდეგ?

_ არავითარ შემთხვევაში ჩემი მიზანი არაა რევანში, ჩემი მიზანია სამართლიანობამ იზეიმოს. ჩემნაირად გაუბედურებულ ყველა ადამიანს ვთხოვ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. მკვლელმა სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა ხელისუფლებამ მხოლოდ კანონიერად, სასამართლოს გზით უნდა აგონ პასუხი ერის, ქვეყნისა და ღმერთის წინაშე ჩადენილ ყველა დანაშაულზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში აღსდგება სამართლიანობა და ასე იხარებენ ჩვენი მსხვერპლადშეწირული ადამიანების სულები!

ესაუბრა გიორგი მეძმარიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here