Home რუბრიკები საზოგადოება სამღვდელოება გმობს!

სამღვდელოება გმობს!

651

ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ხელისუფლებამ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება დაიმსახურა. პირველი თავზარდამცემი შოკის შემდეგ გაჩნდა კითხვა: რატომ მოხდა ასეთი სისასტიკე ჩვენ გვერდით ისე, რომ ვერაფერი გავიგეთ, ან სულაც, გავიგეთ, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ? ხელისუფლების გარდა, ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? საზოგადოების გაორება  გამოიწვია საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის განცხადებამაც, როცა ბრძანა, რომ ყველა ქვეყანაში მსგავსი ფაქტები სააშკარაოზე არ გამოაქვთ (თუმცა პატრიარქის  განცხადებას მალე მოჰყვა საპატრიარქოს განმარტება). საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთებმა უმოქმედობაში სასულიერო პირებიც დაადანაშაულეს.

 უნდა ვამხილოთ თუ უნდა გავჩუმდეთ? დღეს ქვეყნისთვის უმძიმეს სიტუაციაში სად არის გამოსავალი _ წაყრუებასა თუ მხილებაში? კომენტარი წიგნის «არა არს დაფარული» პრეზენტაციაზე შეკრებილ სასულიერო პირებს ვთხოვეთ.

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია):

საქართველოში ყველაფერია, დემოკრატიის გარდა

_ ის რაც ვნახეთ, ცალსახად დასაგმობია და არა მგონია, დედამიწაზე მოიძებნებოდეს ადამიანი, რომელიც ამ უსამართლობას და შემზარავ ფაქტებს გაამართლებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად გვსმენია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა და ადამიანის უფლებებიც კარგადაა დაცული, «ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს», რადგან ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ.

როცა ადამიანი ვერ გრძნობს და არც სხვის ნათქვამს ითვალისწინებს, ამიტომაც დაუშვა უფალმა ჩვენზე განსაცდელი, რათა დაგვენახა, რომ საქართველოში ყველაფერია, გარდა დემოკრატიისა.

რაც მოხდა დასაგმობია, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ, როცა ადამიანები გამოდიან სოციალურ ქსელებში თუ ტელევიზიაში და მოითხოვენ დამნაშავეების იმავე მეთოდებითა და სისასტიკით დასჯას, როგორი მეთოდებითაც ისინი პატიმრებს ეპყრობოდნენ, ეს არასწორია! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ძალადობის წინააღმდეგ. ვინც დაისაჯა, ისიც ეკლესიის წევრია და, ვინც დასაჯა, ისიც, ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, არც ერთი ადამიანი არ უნდა გავიმეტოთ.

ჩვენ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობდით, რომ საპატიმროებში ყველაფერი რიგზე ვერ იყო, მაგრამ, რაც ვნახეთ, ამას ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერავინ წარმოიდგენდა.

გამოსავალი მხოლოდ ერთია: პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა ვიცხოვროთ,  ხმა ღვთისა უნდა გაცხადდეს ქართველ ერზე და ყოველგვარ ძალადობას ბოლო უნდა მოეღოს.

თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მამა დავითი (ქვლივიძე):

პრეზიდენტი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ხდება

_ ამ კადრებმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ ასეთი გაოგნებული,  შეძრწუნებული და გაბრაზებული არასდროს ვყოფილვარ. უფრო მეტად პრეზიდენტის უტიფრობამ გამაღიზიანა. იმის მაგივრად, რომ შენდობა ეთხოვა და სინანული გამოეხატა, გამოვიდა გიორგი ბარამიძე და თავისი გუნდის წევრებს განუცხადა, თავი ასწიეთ, თავაწეულებმა უნდა ვიაროთო. ვინ უნდა აწიოს თავი მაღლა, იმან, ვინც საქართველოს აუპატიურებს? პრეზიდენტი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ხდება. სხვაგან ეს, შესაძლოა, მოხდეს, როგორც ერთეული, გამონაკლისი შემთხვევა და ამ შემთხვევაშიც ამას შეიძლება არამარტო ციხის ხელმძღვანელობა, არამედ მთავრობაც კი შეეწიროს. საქართველოში კი საპატიმროებში ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

ცოდვაზე საშინელი ის არის, როცა ცოდვის გამართლებას იწყებ.

როცა პრეზიდენტი აცხადებს ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდებაო, თქვას, სად ხდება! ასეთი ფაქტები მართლაც მოხდა ნაცისტურ გერმანიაში, როცა ხელისუფლების სათავეში ჰიტლერი მოვიდა. ეს ყველაფერი კი ვიცით, რომ ნიურბერგის პროცესით დასრულდა. დღეს ნაციზმი და ჰიტლერი გერმანიის სირცხვილია. ასეთი ქმედება და «ნაციონალური მოძრაობა» კი საქართველოს სირცხვილია.

_ საზოგადოების ნაწილი სასულიერო პირებსაც ადანაშაულებს უმოქმედობაში, რადგან ციხეებში შესვლის უფლება გქონდათ. იცოდით თუ არა, რომ პატიმრებს აწამებდნენ?

_ სასულიერო პირებს არა საზოგადოება, არამედ ეკა კვესიტაძე ადანაშაულებდა, რომლის ქმარიც შოთა უტიაშვილია _ ერთ-ერთი სახელისუფლო სტრუქტურის ხელმძღვანელი. როგორ არ ვამხელდით ხელისუფლებას? როცა პატიმარი აღსარებას მაბარებდა, მეუბნებოდა, რომ სცემდნენ, აგინებდნენ, მაგრამ აღსარებაშიც ვერ ამხელდნენ, გამაუპატიურესო. ცოცხით მაუპატიურებენო, როგორი სათქმელია?

და კიდევ ერთი: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ, ამერიკამ ერთი რამ გაითვალისწინოს: დღეს მთელ მსოფლიოში მუსლიმანების ანტიამერიკული ისტერიაა და, თუ ამერიკელები ამ ყველაფრის შემდეგ მაინც სააკაშვილს დაუჭერენ მხარს, შეიძლება საქართველოშიც ანტიამერიკული განწყობა გამძაფრდეს. ხალხი უკვე საუბრობს, რომ თურმე მშვიდობისა და დემოკრატიის გარანტი არ ყოფილა ამერიკაო. ამიტომ მოვლენები მათ ძალიან ფრთხილად უნდა შეაფასონ.

ჯერ მხოლოდ სტუდენტები გამოვიდნენ, მაგრამ თუ არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ, მთელი ერი გამოვა და რთული წარმოსადგენია, რა მოხდება.

სახარებაში ნათქვამია: «რომელმან მახვილი აიღოს, მახვილით მოწყდეს», ეს ხელისუფლება როგორც მოვიდა, ისევე წავა, მაგრამ უნდა ვევედროთ უფალს, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად წავიდეს. თუ ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს, მთელი პასუხისმგებლობა მასზე იქნება და ნამდვილად არ მინდა, ჩემმა ხელისუფალმაც კადაფის ბედი გაიზიაროს.

წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა დავითი (ისაკაძე):

ერმა უნდა უარყოს და დაგმოს ბოროტმოქმედი ხელისუფალი

_ რაც ვნახეთ, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს არამარტო ქართველი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულია და ბუნებრივია, რომ, უპირველეს ყოვლისა, მომხდარზე სამართლებრივად პასუხისმგებელი ქვეყნის პირველი პირი და მისი უახლოესი გარემოცვა უნდა იყოს და არა ის ერთი ან ორი მინისტრი, რომლებიც თითქოსდა თანამდებობიდან მოხსნეს.

პატრიარქმა პირველივე განცხადებაში დაგმო მომხდარი ფაქტი და მოუწოდა საზოგადოებას, შექმნილიყო საზოგადოებრივი კომისია, რომელიც შეაფასებდა ამ ყველაფერს. ამით პატრიარქმა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას გამოუცხადა ნდობა და არა რომელიმე კერძო სტრუქტურას ან ხელისუფლებას.

სასულიერო პირების დადანაშაულება, ვფიქრობ, უმართებულოა, ვინაიდან, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საპატიმროებში არაადამიანურად ეპყრობიან პატიმრებს. ის, ვინც ყურადღებით ეცნობა ჩვენს ინტერვიუებს, უსმენს ქადაგებებს, იცის, რომ ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ, რაც ახლა ვნახეთ, ამის წარმოდგენაც არ შეგვეძლო.

_ მამაო, სად არის გამოსავალი?

_ ერმა სათანადოდ უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი და ახლა მაინც გამოფხიზლდეს. სწორედ ერმა უნდა უარყოს და დაგმოს ბოროტმოქმედი ხელისუფალი და სწორი არჩევანი გააკეთოს. ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის, მომავალი ხელისუფალის არჩევისას, პრიორიტეტული მართალი სარწმუნოება და ეროვნული ცნობიერება უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კვლავ შეცდომა დავუშვათ.

წმინდა სამების ტაძრის დიაკონი, მამა ელიზბარი (დიაკონიძე):

პატრიარქს პირადად გადავეცი პატიმარი ქალების წერილები. თქვენ არ იცით, რა საშინელება ხდებოდა ქალთა კოლონიაში

_ თურმე უზნეობას საზღვარი მართლაც არ ჰქონია. თან, რაც ყველაზე მთავარია, ეს უზნეობა ხდებოდა პატიმრების წინააღმდეგ, რათა მათი მაკომპრომეტირებელი მასალები ჰქონოდათ. ეკლესია ყოველთვის გმობდა და დაგმობს ასეთ სისასტიკეს და უმსგავსობას.

პატრიარქი ბრძენი  გახლავთ და მისი განცხადება მშვიდობისკენ მოწოდებას უფრო ჰგავდა. და საერთოდ, სასულიერო პირებს ნუ ადანაშაულებენ, როცა პატიმარი აღსარებას გაბარებს, მოძღვარს, აღსარების საიდუმლოს გამხელის  უფლება არ გაქვს. პირადად მე რამდენიმე წლის წინ ქალთა კოლონიაში ვახერხებდი პატიმრების მონახულებას, რაც ეკლესიის მაღალმა იერარქებმა ამიკრძალეს, რადგან პატრიარქს პირადად გადავეცი პატიმარი ქალების წერილები. თქვენ არ იცით, რა საშინელება ხდებოდა ქალთა კოლონიაში. ციხეში დაბადებულ ბავშვებს დედებს სტაცებდნენ და მათი ოჯახის წევრებს კი არ აძლევდნენ მეურვეობის უფლებას, არამედ თითო წლით სხვადასხვა ოჯახში აშვილებდნენ.

_ ამბობთ, რომ წერილები პატრიარქს გადაეცით, საპატრიარქოს მხრიდან რატომ არ მოჰყვა რეაგირება?

_ თქვენს გაზეთთან საუბარშიც არაერთხელ გამიკრიტიკებია საპატრიარქოს საქციელი. პატრიარქი თავად ხომ ვერ აყვირდება, შესაბამის ხალხს დაავალა მოქმედება, მაგრამ პატიმრების დასახმარებლად მათ არაფერი გააკეთეს. ამ ვითარებაში გამოსავალი მხოლოდ ერთია: მხოლოდ ლოცვა საქმეს არასდროს შველოდა. ეს ყველამ კარგად იცის. შრომა, ბრძოლა და ლოცვა გადაგვარჩენს. ცოტა შეიძლება გვერდებიც გვეტკინოს, მაგრამ სულიერი ღირებულები უნდა დავიბრუნოთ. 26 სექტემბერს წმინდა ქეთევან წამებულის ხსენების დღეა, 27 ჯვართამაღლება, 28 ალავერდობაა. 1 ოქტომბერს კი დიდმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმინდა მთავართა _ ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავთა ხსენების დღეა და ამ წმინდანთა მეოხებითა და ჩვენი ლოცვითა და ბრძოლით 1 ოქტომბერს ქართველმა ერმა კისრიდან მონობის, სისასტიკის, სადიზმისა და ლაჩრობის უღელი სამუდამოდ უნდა ჩამოიგდოს.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 


1 COMMENT

  1. ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემ ადრიდენლ წერილში გამოთქმულ მოსაზრებას რომ ჩვენი მართმადიდებლები საღათას ძილში იმყოფებიან…და ასეთი მართლება რომ მოძღვარს აღსარების გამხელის უფლება არ აქვს და ამიტომაც ჩუმად ვიყავიო???..რა საერთო აქვს ქრისტიანობასთან???..ვინ გთხოვდათ მერე აღსარების დარღვევას და სახელის და გვარის დასახელებას???..ხომ შეგეძლოთ ზოგადათ დაგეყენებინათ საკითხი მსგავსი უმსგავსოების შესახებ და აგეტეხათ განგაში???..სად არის თქვენი სიყვარული და თავგამოდება ქრისტე ღმერთისთვის სხვებს რომ მოუწოდებთ სიცოცხლის გაწირვას სარწმუნოებისთვის???..რა ფასი აქვს თქვენს მართმადიდებულობას სადაც ამდენი თვალთმაქცობა და გულგრილობა ვლინდება???..თქვენ თავის დროზე რომ აგეტეხათ განაგში ვინ იცის რამდენ პატიმარს იხსნიდით წამებისგან???..და მაშინ რა არის თქვენი მოვალეობა რომ მხოლოდ მორჩილებაში გყავდეთ ყველა რომ სასმელ-საჭმელი არ მოგაკლდეთ და ზემოდან დაჰყუროთ მოხიბლულებს და შეშინებულებს???..მაშინ ხომ არ აჯობებდა ანაფორა გაგეხადათ და თქვენი ადგილი გეპოვათ ცხოვრებაში???…’პატრიარქს პირადად გადავეცი პატიმრების წერილები და პატრიარქი თვითონ ხომ არ აყვირდებოდა შესაბამის ხალს დაავალა მოქმედებაო და მათ პატიმრების დასახმარებლად არაფერი გააკეთესო…’..კი მაგრამ პატრიაირქმა რატომ არ ატეხა განგაში როდესაც არავინ მას ყური არ უგდო???..რაში ხედავთ თქვენ ქრისტე ღმერთის სიყვარულს მხოლოდ საკუთარი თავის უსაფრთხოებაში???..ამიტომაც არ აქვს არც თქვენ ცოდნის გამოვლენას,არც თქვენ კურთხევას და ლოცვას არავითარი მადლი,რის შედეგდაც მივიღეთ არსებული საზოგადოება საქართველოში!!!..და როდესაც აცხადებთ რომ ღმერთმა დაუშვა ეს განსაცდელიო ჩვენ თავზეო და ყოველთვის საერო პირებს გულისხმობთ ხომ არ დადგა დრო რომ ირწმუნოთ რომ თქვენი გულისთვის დაუშვა ღმერთმა მსგავსი განსაცდელი რადგან ის გულგრილლობა და თვალთმაქცობა რომელიც გამოვლინდა თქვენს მიერ ამ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერხელ ავლენს რომ იმ გარეგნული და მწიგნობრული სამოსით რომლითაც თქვენ იმოსებით არ წარმოადგენს ჭეშმარიტ მართმადიდებლობას!!!..და ხელისუფლება რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალოს ეროვნულ სიბნელეს ქვეყანა თავს ვერ დაახწევს და არსებულ სიბნელეში უბედურების ახალი უბედურების ჯირკვალი ისევ წამოყოფს თავს…სანამ არ მოხდება მართმადიდებლური სწავლების სულიერი რესტავრაცია და გაფილტვრა,რის შედეგადაც ღმერთი დაგვიფარავს მსგავსი განსაცდელისგან!!!

  2. სანამ საქართველოს ეკლესია რუსული ეკლესიის მარიონეტია, მანამ არაფერი გვეშველება!

  3. თამამად შეიძლება ითქვას რომ საქართველოში ცხვრები კი არ მიჰყვებიან მწყემსებს…არამედ მწყემსები მიჰყვებიან ცხვრებს..!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here