Home რუბრიკები პოლიტიკა «დემოკრატიის შუქურა» ჩაქრა

«დემოკრატიის შუქურა» ჩაქრა

798

«საქართველო და მსოფლიოსდღევანდელ ნომერში «გლდანიგეიტს» არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა. ამ წერილში ჩვენ ყოველივე მომხდარის მხოლოდ ერთ ასპექტს შევეხებით და შევეცდებით დავადგინოთ, რა გავლენას მოახდენს ეს სკანდალი და მისგან გამომდინარე პოლიტიკური შედეგები ურთიერთობებზე სამკუთხედში: აშშსაქართველორუსეთი. სააკაშვილის ჯალათების ნამოქმედარმა დარტყმა არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ გაცილებით სერიოზულ ძალებს მიაყენა.

პაციენტი უიმედოა

«ვარდების რევოლუციის» შემდეგ ვაშინგტონი მუდამ ცდილობდა, სააკაშვილის საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმატებული რეფორმების მაგალითად წარმოეჩინა; ის ბრჭყვიალა, ფერადი ნათურებით განათებულ ვიტრინას დაემსგავსა. 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ეს ვიტრინა ნელნელა იფარებოდა ნაკაწრებით, ბზარებითა და მეტად შეუხედავი გახდა. 18 სექტემბერს კი, პატიმრების სადისტური წამების ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, მსხვილი მინა დაიმსხვრა, ოპტიკური ილუზია საბოლოოდ გაქრა და ყველამ დაინახა, რომ დახლზე ვარდი კი არ დევს, არამედ ხელკეტი, მასზე ჩამოცმული ვარდისფერი პრეზერვატივით.

ამერიკელების წინსვლისთვის პოსტსაბჭოთა სივრცეში საინფორმაციო-ფსიქოლოგიური მიმართულება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამხედრო-პოლიტიკური ან გეოეკონომიკური. ის ქვეყნები, რომლებშიც «ფერადმა რევოლუციებმა» გაიმარჯვეს, უნდა გამხდარიყვდნენ მისაბაძი მაგალითი სსრკ-ის სხვა ყოფილი რესპუბლიკების საზოგადოებებისთვის, რათა მათ, შესაბამისი რეფორმების გატარების მოთხოვნით, თავთავიანთი ქვეყნების ხელისუფლებებს დაპირისპირებოდნენ, რაც ვაშინგტონს საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევას გაუადვილებდა. მაგრამ, თუ დღეს ვინმე ეტყვის ყაზახ, სომეხ ან რუს სამოქალაქო აქტივისტს თუ უბრალო მოქალაქეს: «მოდი, მოვაწყოთ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე, როგორც საქართველოშია», ის, დიდი ალბათობით, უპასუხებს: «იქ ადამიანებს ცოცხებით აუპატიურებენ. მე ეს არ მინდა».

ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე, საიმიჯო თვალსაზრისით, სააკაშვილის რეჟიმი დაემსგავსა პაციენტს, რომლის გადარჩენის შანსი აღარ არსებობს, თუმცა სამედიცინო აპარატურაზეა მიერთებული, რომელიც არსებობას უხანგრძლივებს და ფორმალურად ჯერ კიდევ ცოცხალია. მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენ ხანს გააჩერებენ ასე _ რამდენიმე საათს თუ რამდენიმე წელიწადს. ის ცოცხალ გვამად გადაიქცა, როგორც თავის დროზე სომოსას რეჟიმი, გაცილებით ადრე იმ დღემდე, როდესაც დიქტატორი ნიკარაგუიდან გაიქცა. 

იმაზე, რომ საპატიმროებში დიდი უბედურება ხდება, წლების განმავლობაში საუბრობდნენ პატიმრების ნათესავები, უფლებადამცველები, წერდნენ გაზეთები და აბსოლუტურად გამორიცხულია, ამ ცნობებს ამერიკელი პარტნიორების ყურამდე არ მიეღწია. თუ რეზიდენტურა სრული იდიოტებით არ არის დაკომპლექტებული, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება და დასკვნების გამოტანა, რომ ყოველივე შეიძლება გრანდიოზული სკანდალით დასრულდეს, ამერიკელებისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა. მათ, თითქოსდა, წლების წინ უნდა ერჩიათ სააკაშვილისთვის, აღეკვეთა სადისტური წამების პრაქტიკა, რადგან ეს, ადრე თუ გვიან, როგორც ეს არაერთ ლათინოამერიკულ ქვეყანაში მოხდა, საიმიჯო ზიანს არა მხოლოდ ადგილობრივ რეჟიმს მიაყენებდა, არამედ ამერიკელებსაც, რომლებიც მხარს უჭერდნენ «ვარდოსან ხელისუფლებას» და მას სანიმუშო პოსტსაბჭოთა რეფორმატორად წარმოაჩენდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. რატომ?

ვერსია #1: რაღაც მომენტში ამერიკელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას აღარაფერი ეშველება და, აქედან გამომდინარე, ხელი არ გაანძრიეს იმისთვის, რომ მოესპოთ პრობლემური სივრცე, რომელიც მათ ყოფილ ფავორიტებს საბედისწერო პრობლემებს შეუქმნიდა.

ვერსია #2:  მათ ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ მიაჩნდათ, რომ «წამების კონვეიერი» ქართული საზოგადოების «გარდაქმნის» ერთერთ განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს და მის არსებობას თანხმდებოდნენ, ან სულაც თავად ურჩიეს სააკაშვილს ასეთი სისტემა შეექმნა.

ვერსია #3: მათ ვერ გააცნობიერეს პრობლემის სერიოზულობა და სააკაშვილის რეჟიმის მოქმედების მუდმივი კონტროლის აუცილებლობა (თუნდაც რეკომენდაციების შესრულების კუთხით).

პირველ ორ ვერსიას კონსპიროლოგიური ელფერი დაჰკრავს და მტკიცებულებების მოპოვება მათი გამყარებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს. ამის მიუხედავად, ერთსაც და მეორესაც, სავარაუდოდ, არაერთი კომენტატორი გაიზიარებს. მესამე ვერსია შედარებით «ლეგიტიმურია», ამერიკელი ავტორები ხშირად წერენ, რომ სატელიტ ხელისუფლებებზე კონტროლის დაკარგვა ვაშინგტონისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენს. იმაში, რომ რაღაც მომენტში მონიტორინგის და მართვის მექანიზმი მოიშალა, არაფერია გასაკვირი, განსაკუთრებით დღეს, გარდამავალ ეტაპზე, როდესაც გარდაქმნას განიცდის მთელი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აშშ-ის კონტროლს მათი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებზე; ამერიკელები არ არიან ღმერთები და მართლაც შეიძლება სადავეები ხელიდან გაუშვან.

მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები ნამდვილად იძლევა ამა თუ იმ ქვეყნის თუ საზოგადოების ეფექტური გაკონტროლების საშუალებასსაპატიმროებში გესტაპოს მეთოდების გამოყენების გარეშე. ეს ველური პრაქტიკა არარაციონალურია და, ერთი შეხედვით, გამომდინარეობს ადგილობრივი მმართველების სადისტური თვითშემოქმედებიდან და არა მათი ამერიკელი მეგობრების შეგნებული არჩევანიდან (აქ ოპონენტებმა შეიძლება ერაყული აბუგრეიბის მაგალითი შეგვახსენონ). მაგრამ თქმული არ ნიშნავს, რომ ძია სემს პასუხისმგებლობა მომხდარზე სრულიად ეხსნება, მას, 99%-იანი ალბათობით, შეეძლო სააკაშვილის ხელისუფლების დაყოლიება «წამების კონვეიერის» გაჩერებაზე, მაგრამ ეს არ გააკეთა. რეკომენდაციები საპატიმროებში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო, მაგრამ შესამჩნევი შედეგი მათ არ მოუტანია.

არჩევნები და არადნები

ლოპოტას ხეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ დაიწყო ხმამაღალი საუბრები სააკაშვილის ხელისუფლების და ტერორისტული ორგანიზაცია «კავკასიის იმარატის» შესაძლო საეჭვო კავშირის შესახებ, «გლდანიგეიტის» შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ იხილა ის სადიზმი, რომელიც მან საპატიმროებში დანერგა. ის, რაც არჩევნების შემდეგ მოხდება, ამ საიმიჯო ხარაკირის, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარი ხელით იტარებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მომაკვდინებელს გახდის. ამის შემდეგ საქართველო ვიტრინის ფუნქციას საკმაო დროის განმავლობაში ვერ შეასრულებს.

რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანას ნეგატიურ კონტექსტში ახსენებენ. ტალახი, რომელშიც სააკაშვილის რეჟიმი გაისვარა, საქართველოს იმიჯს მიმზიდველობას არ მატებს. მაგრამ იმაში, რომ ე. წ. ვიტრინა დაიმსხვრა, ალბათ, დადებითი მომენტიც არის. ჩვენი ქვეყანა დაზარალდა იმით, რომ მისი მეშვეობით რაღაც იდეების სისწორის დემონსტრირებას ცდილობდნენ, მისი პოტენციალი ხმარდებოდა არა რეალობის სრულყოფას, არამედ ილუზიის შექმნას და საბოლოოდ არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის უფრო მნიშვნელოვნი გახდა ის, თუ როგორ გამოვიყურებით და როგორ აღგვიქვამენ სხვები, ვიდრე ის, თუ რას ვაკეთებთ. ის, რომ ვიტრინის დამსხვრევა რეალობაში დაგვაბრუნებს, ალბათ, არც ისე ცუდია; ბოლო-ბოლო ჩვენ ადამიანები ვართ და არა მანეკენები.

სააკაშვილის ხელისუფლების საიმიჯო კრახმა მოსკოვს გარკვეული ამონაგები მოუტანა. მას, რა თქმა უნდა, ვერ შევადარებთ უკრაინაში «ნარინჯისფერი რევოლუციის» შემდეგ პოზიციების აღდგენას, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების ფაქტობრივ დაბლოკვას ან კავკასიონის სამხრეთით, სეპარატისტულ რესპუბლიკებში სამხედრო პლაცდარმების შექმნას, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა დასავლური არმიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება კრემლთან შეთანხმების გარეშე, მაგრამ ამერიკული პროექტის ამ აშკარა წარუმატებლობას მნიშვნელობა მაინც ჰქონდა. 18 სექტემბრის შემდეგ ინტონაცია «ესეც თქვენი სააკაშვილი» (როგორც ადრე «ესეც თქვენი იუშჩენკო»), რუსი კომენტატორების რეპლიკებში მეტად საგრძნობი გახდა.

რა თქმა უნდა, ვაშინგტონს შეუძლია (სცადოს) ყველა რესურსის ამოქმედებით კბილებით დაიცვას სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც კრახის პირას დგას, მაგრამ «დემოკრატიის შუქურის» იმიჯს უკვე ვერანაირად ვერ დაუბრუნებს; ეს, უბრალოდ, შეუძლებელია და განსაკუთრებით ცხადი, სავარაუდოდ, სულ რაღაც ერთ კვირაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდება. დღეს საქართველოში უკვე თითქმის აღარავინ კამათობს იმაზე, რომ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის სააკაშვილის ჯგუფს არჩევნების გაყალბება და ტოტალური რეპრესიების გატარება დასჭირდება, რასაც ვაშინგტონის უპირობო მხარდაჭერის გარეშე ვერ მოახერხებს. წავა თუ არა ობამას ადმინისტრაცია ამ გზით?

ამ თემაზე ტრადიციული მკითხაობის გამართვას, ალბათ, აჯობებს, 5-10 დღე დაველოდოთ, რომელიც არჩევნებს და მათ მომდევნო პერიოდს გვაშორებს. თუ თეთრი სახლი გადაწყვეტს, სააკაშვილის ხელისუფლება ნებისმიერ ფასად გადაარჩინოს, ეს (ამჯერად) ვერ დაიმალება და აუცილებლად აისახება შესაბამის განცხადებებსა და მოქმედებაში; ჯერჯერობით, არ ჩანს არანაირი მიზეზი, რომლის გამოც ვაშინგტონმა უნდა გააჩინოს და არჩინოს «ახალი სომოსა» (დროებით ჩავთვალოთ, რომ ამ მომენტამდე სააკაშვილი დიქტატორი არ იყო, მაგრამ დღეს ხელისუფლების შენარჩუნების სხვა გზა ასეთად გადაქცევის გარდა, აღარ დარჩა), თუმცა გამორიცხული ამქვეყნად არაფერია. ერთი კი ცხადია: ბუნდოვანი ფორმულირებების დრო დასრულდა და, ისევე როგორც არაბულ ქვეყნებში, ძია სემს ერთმნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოუწევს (სინამდვილეში არჩევანი უკვე გაკეთებულია, უბრალოდ, გამჟღავნებული არ არის), მხარი დაუჭიროს ან ჩიხში შესულ რეჟიმს, ან მის მრავალრიცხოვან ოპონენტებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოჩვენებითი დისტანცირება პროცესებისგან რეალურ არჩევანს ვერ შენიღბავს და სწორედ ის განსაზღვრავს ქართული საზოგადოების შემდგომ დამოკიდებულებას ამერიკელებისადმი _ პოლიტიკური მითი დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკელი მეგობრების შესახებ შეიძლება გამყარდეს ან პირიქით, ნამსხვრევებად იქცეს; კრემლისთვის უფრო მოგებიანი მეორე ვარიანტი ჩანს.

სემ, რა უყავი თავისუფლების ჩირაღდანი?

«მიშამ, როგორც მეგობრები უწოდებენ, სულ რაღაც ერთ კვირაში ამერიკულ «დემოკრატიის მხარდაჭერას» უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე თორმეტი პერვეზ მუშარაფი ოდესმე შეძლებდა», _ ეს ფრაზა «ვაშინგტონ პოსტში» 2007 წლის 13 ნოემბერს თბილისში ოპოზიციის დარბევის კვალობაზე გამოქვეყნდა. ამის შემდეგ სააკაშვილმა იმდენი «იმუშარაფა», რომ ხსენებული «დემოკრატიის მხარდაჭერა», ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ცოცხზე დასვა და ახლა უკვე საბედისწერო ზღურბლს მიუახლოვა.

ამ ზღურბლის იქით იწყება ის, რაც ზოგიერთმა, ჩვენსავით პატარა და ბედკრულმა ქვეყანამ XX საუკუნეში გამოიარა: ვერტმფრენიდან გადმოყრილი, წამებით მოკლული ადამიანების ცხედრები, ტანკები უნივერსიტეტის ეზოში, რედაქციების გადაწვა, მუცლის გაფატვრა ყველასთვის, ვინც მთვრალ პარამილიტარესს თავს არ დაუხრის, ყოველდღიურ ყოფად გადაქცეული წამება, გაუპატიურება და სიკვდილი. ვაშინგტონი აკეთებს ყველაფერს, რათა აღარ ასოცირდებოდეს თავისი ძველი სატელიტი რეჟიმების კოშმარულ ნამოქმედართან, თუმცა ძალიან მალე «თორმეტი მუშარაფის სწორმა» შეიძლება ეს შრომა (ნაწილობრივ მაინც) წყალში ჩაუყაროს. რა კარნავალური დასაწყისი ჰქონდა ყოველივე ამას და რა სევდიანი ფინალი აქვს!

ყოველივეს, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას მომავალში მოუვა, როგორც ჩანს, აღარაფერი ექნება საერთო დემოკრატიასთან და მის მხარდაჭერასთან, «ვარდისფერ პროექტთან» და გრძელვადიან გეგმებთან მის ფარგლებში. ეს, სავარაუდოდ, იქნება ერთი ბანალური დიქტატორული რეჟიმის მცდელობა, საკუთარი თავი ნებისმიერ ფასად გადაარჩინოს, ხანმოკლე ან შედარებით ხანგრძლივი აგონიითა და გარდაუვალი აღსასრულით. ეს კი უკვე სულ სხვა, მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი ისტორიაა.

აშკარაა, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ძალადობის მიმართ პროტესტს გამოთქვამს, ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს და ცოცხალი თავით არ დაიჯერებს, რომ «ნაცმოძრაობამ» გაყალბების გარეშე შეიძლება თუნდაც ხმების მესამედი მოაგროვოს, დიდი ხანია, კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. მათი პროტესტის ჩახშობას რეჟიმი ყოვლისმომცველი ტერორის მეშვეობით თუ მოახერხებს (ძნელი სათქმელია, გამოუვა თუ არა). თუმცა ამ პერსპექტივის გათვალისწინების გარეშეც ცხადია, რომ უკვე დღეს სააკაშვილის ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას მისი უცხოელი პარტნიორებისთვის თავის ტკივილის გარდა აღარაფერი მოაქვს. ვერაფერს ვიზამთ, წუთისოფელი ასეა, «დემოკრატიის შუქურის» პროჟექტორმა მაღალ ძაბვას ვერ გაუძლო, გადაიწვა და ჩაქრა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here