Home რუბრიკები პოლიტიკა ეიხმანის ტესტი და მერაბიშვილის დილემა

ეიხმანის ტესტი და მერაბიშვილის დილემა

1624

«არჩევნებს ვერ მოგართმევთ», _ ეს ფრაზა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირას ბათუმში, ამომრჩევლებთან(!) შეხვედრაზე წარმოთქვა და ქართული დემოკრატიის ეპიტაფია სულ რაღაც სამ სიტყვაში მოაქცია. სააკაშვილის გამოსვლებს კომენტატორების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ბოლო დროს ყურადღებას აღარ აქცევს, ხოლო მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფიგურანტი თავს კონტროლს ვეღარ უწევს, რაც მის ნათქვამზე სერიოზულ მსჯელობას გამორიცხავს; აქედან გამომდინარე, ამ პასაჟს განსაკუთრებული ვნებათაღელვა არ გამოუწვევია. არადა, მომავლის ისტორიკოსები მას აუცილებლად გამოიყენებენ, როდესაც შთამომავლებს მოუთხრობენ, რა მოხდა საქართველოში 2012 წლის შემოდგომაზე; ეს ლაკონური რეპლიკა ისტორიაში შევა, რადგან ეპოქის არსსა და პოლიტიკურ ფილოსოფიას ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს.

საერთოდ, გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის დაკვირვება მეტად საინტერესო იყო. პატიმრების წამების ამსახველმა ვიდეოჩანაწერებმა ხელისუფლების ავტორიტეტი მიწასთან გაასწორა. იმ უმძიმესი საიმიჯო დანაკარგების კომპენსირება, რომელიც მმართველმა ჯგუფმა განიცადა, ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოხერხდება, თუნდაც ივანიშვილისა და «ქართული ოცნების» წინააღმდეგ ხუთი ვაგონი სასწრაფო წესით დამზადებული კონტრ-კომპრომატი გაავრცელონ. სააკაშვილი იმპულსურად, სასწრაფო წესით ცდილობდა, ვითარება ნაწილობრივ მაინც გამოესწორებინა და ამ დროს უპრეცედენტო განცხადებებს აკეთებდა, მაგალითად: «ის, რაც ხდებოდა გლდანის კარანტინში, ეს (ადრე) იყო საქართველოში ყველა ეზოსა და უბანში», ან კიდევ: «ამერიკაში ასეთი რამ ხშირად მომხდარა, ევროპაში ყოველდღე ხდება». ამ განცადებების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ასობით კომენტარი იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი არანორმალურია, თუმცა, თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფარდობითი «ნორმალურობა» «არანორმალურობაზე» უფრო საშიშია.

«ამ ადამიანის ნორმალურობა გაცილებით საშინელი იყო, ვიდრე ყველა სისასტიკე ერთად აღებული», _ წერდა ჰანა არენდტი ნაცისტ დამნაშავეზე, ადოლფ ეიხმანზე, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ არგენტინაში მიაგნო, 1960-ში ჩაატარა მისი გატაცების ბრწყინვალე ოპერაცია და განსასჯელთა სკამზე დასვა. ეიხმანს ბრალად ედებოდა ენით აუწერელი სისასტიკისა და მასშტაბის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. საზოგადოება ელოდა, რომ სასამართლო დარბაზში ფსიქიკურად შეშლილ მონსტრს იხილავდა, მაგრამ მის წინაშე წარსდგა ერთი პატარა, შეშინებული ბიუროკრატი, რომელიც, ჰანა არენდტის თქმით, «წარმოუდგენლად ნორმალური იყო, ხოლო მისი მოქმედება, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა, იყო მისი სურვილის შედეგი, სამუშაო კარგად შეესრულებინა. ის ფაქტი, რომ მისი სამუშაო მასობრივი მკვლელობის ორგანიზებაში მდგომარეობდა, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი გახლდათ».

პრობლემა ცალკეული ადამიანების მენტალურ აშლილობაში კი არა, სისტემაშია, რომელიც პათოლოგიური ხასიათის დანაშაულს ნორმად აქცევს; სავსებით ნორმალური ადამიანის ჩათრევას ამ მორევში სულ რამდენიმე დღე ან, სულაც, წუთი სჭირდება. ჩვენ ხშირად წაგვიკითხავს «სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის» შესახებ, რომელიც 1971 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა, მოხალისეები «პატიმრებად» და «ზედამხედველებად» გაყო და ექვსი დღის შემდეგ იძულებული გახდა, შეეწყვიტა ექსპერიმენტი, რადგან «ზედამხედველების» სადიზმმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, თუმცა ნაკლებად ცნობილია ის გარემოებები, რომელშიც ფსიქოლოგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. მან იმპროვიზებულ «ციხეში» საცოლე დაპატიჟა, ის კი, იმის ნაცვლად, რომ ექსპერიმენტით აღფრთოვანება გამოეხატა, ატირდა და თქვა «ის, რასაც თქვენ ამ ადამიანებს უშვებით, საშინელებაა». ზიმბარდო, მისივე აღიარებით, გონს მხოლოდ ამის შემდეგ მოეგო, ამ მომენტამდე კი ის სისტემის ნაწილად იყო ქცეული და ექსპერიმენტში მონაწილე «პატიმრების» წამებასა და შეურაცხყოფას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სისტემამ ექსპერიმენტის ხელმძღვანელი შთანთქა. ზიმბარდოც და მისი «ზედამხედველებიც» ჩვეულებრივი, სავსებით ნორმალური ადამიანები იყვნენ.

პროფესორმა მილგრემმა იელის უნივერსიტეტში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც (მოკლედ და სქემატურად თუ აღვწერთ) შემდეგში მდგომარეობდა: ექსპერიმენტის ერთი მონაწილე (მსახიობი) კითხვებს პასუხობდა, ხოლო დანარჩენები არასწორი პასუხისთვის დენს ურტყამდნენ, ყოველი მომდევნო არასწორი პასუხი უფრო ძლიერი დარტყმით ისჯებოდა; ძაბვას თანდათან, 15 ვოლტიდან 450 ვოლტამდე ზრდიდნენ. «ჯალათების» 65%-მა ძაბვა 450 ვოლტამდე აწია და განაგრძობდა წამებას, მიუხედავად იმისა, რომ «მსხვერპლი» ყვიროდა, ტიროდა და ეხვეწებოდა, გაჩერებულიყვნენ (სინამდვილეში, დენის დარტყმას ადგილი არ ჰქონია, «დასჯილი» მსახიობი ტკივილის იმიტირებას ახდენდა, თუმცა «ჯალათებმა» ამის შესახებ არაფერი იცოდნენ). ამ ექსპერიმენტის მონაწილეები სავსებით ნორმალური ადამიანები, პროგრესული ახალგაზრდები იყვნენ.

საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ექსპერიმენტის ხელმძღვანელი ოთახს ტოვებდა და იქ მხოლოდ მისი ასისტენტი რჩებოდა, «ჯალათების» 80% წამების გაგრძელებაზე უარს ამბობდა. იგივე ხდებოდა მაშინ, როდესაც მითითებებს ტელეფონით აძლევდნენ. «ჯალათები» არ ზრდიდნენ ძაბვას მაქსიმუმამდე, როდესაც მათ შესაძლებლობა მისცეს, თავად განესაზღვრათ, რამდენად ძლიერ დარტყმას მიიღებს მსხვერპლი, და უარს ამბობდნენ წამების გაგრძელებაზე, როდესაც ექსპერიმენტის ორი ხელმძღვანელი ურთიერთსაპირისპირო მითითებებს აძლევდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მაშინ, როდესაც ექსპერიმენტატორის კონტროლი უშუალო, ხოლო მისი მითითებები ერთმნიშვნელოვანი იყო, 65% ჩამოყალიბებული სადისტივით იქცეოდა. ამ შედეგების გათვალისწინება მნიშვნელოვანია ჩვენი სიტუაციის ანალიზისთვის.

«მილგრემის ექსპერიმენტის» არაოფიციალური, ფართოდ გავრცელებული სახელწოდება «ეიხმანის ტესტია»; შეიძლება ითქვას, რომ ის საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ამ დღეებში გაუჩნდა ცდუნება, სააკაშვილსა და ციხის ჯალათებს არანორმალურები უწოდოს, მთელი უბედურება და ეროვნული კატასტროფა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ნორმალურები არიან და ეს კოშმარული ეიხმანისეული ნორმალურობაა, რომელმაც ჰანა არენდტი შეძრა. ისინი ასეთებად გადააქცია სისტემამ, რომელიც სავსებით «რაციონალური» გათვლებიდან გამომდინარე შეიქმნა. საკმარისზე მეტი მტკიცებულება ცალსახად მიუთითებს, რომ საქმე არა ცალკეული ზედამხედველების გადაცდომებთან, ამ მანიაკალურ გადახრებთან, არამედ სახელდახელოდ გამართულ «წამების კონვეიერთან» გვაქვს. ასეთი რამ კი «ევროპაში ყოველდღე» 1945 წლიდან მოყოლებული არ ხდება.

გაეროს წამების საწინააღმედეგო კომიტეტის წევრმა, დანიელმა ექიმმა ოლე ვედელ რასმუსენმა სკანდალურად ცნობილი ერაყული აბუ-გრეიბის პატიმრებთან საუბრების შემდეგ, ასეთი განცხადება გააკეთა: «რაც მათ დაემართა, სიკვდილზე უარესია; ეს დამცირება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ». როდესაც გასულ კვირას ხელისუფლების წარმომადგენლები უხერხული სიტუაციიდან თავის დაძვრენას ცდილობდნენ, ალბათ, ურიგო არ იქნებოდა, ტელეკომპანიებს მათი გამოსვლების კადრებზე მორბენალი სტრიქონი დაედოთ: «სიკვდილზე უარესი… სიკვდილზე უარესი… სიკვდილზე უარესი».

«გლდანიგეიტმა» ნათლად აჩვენა, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სააკაშვილის მიერ შექმნილმა სისტემამ და, სავარაუდოდ, აღარავის დარჩა ილუზია, რომ არჩევნების დღეს და პოსტსაარჩევნო პერიოდში მმართველ ჯგუფს რაიმე ზნეობრივი წინაღობა შეაჩერებს. ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ისინი, სავარაუდოდ, ყველაფერს გააკეთებენ, მიუხედავად იმისა, როგორ შეაფასებს ამას საზოგადოება და რას იტყვის ამერიკა თუ ევროპა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოუვათ.

გასულმა კვირამ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი სარეიტინგო ბონუსი მოუტანა, მიხეილ სააკაშვილი კი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ამავე დროს ვანო მერაბიშვილმა, ფაქტობრივად, მოახდინა ჩუმი შიდასახელისუფლო გადატრიალება, გაიფართოვა გავლენის სფერო და აღადგინა სრული კონტროლი შსს-ზე. მერაბიშვილის ხელში იმდენი სახელისუფლო ბერკეტის კონცენტრირება მოხდა, რომ შიდასახელისუფლო ბალანსის სისტემა დაირღვა და სააკაშვილის, ისევე როგორც სრულიად «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური მომავალი 99%-ით მერაბიშვილზე დამოკიდებული გახდა.

«გლდანიგეიტმა» არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ (ხელისუფლების შიგნით) მერაბიშვილის პოზიციებიც გააძლიერა, თუმცა ის, რომ მათი ინტერესები რაღაც მომენტში ერთმანეთს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ მათ გრძელვადიანი ალიანსი შექმნეს და მომავლის ერთნაირი ხედვა აქვთ. მაგრამ სააკაშვილს არ აქვს გარანტია, რომ მომავალში ინტერესების მსგავსი თანხვედრა კიდევ ერთხელ არ მოხდება, რაც შეიძლება ავლაბრის რეზიდენციიდან მისი გაძევებით დაგვირგვინდეს.

ხელისუფლების მოქმედება ამ დღეებში დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გადაწყვეტს მერაბიშვილი და არა სააკაშვილი; მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური საზოგადოების უმრავლესობა მათ შორის ზღვარს ვერ ავლებს, ამ ნიუანსს არსებითი მნიშვნელობა აქვს. აზრი იმის შესახებ, რომ «ქართული ოცნების» ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა შეიძლება მისი ბედი მის ზურგს უკან გადაწყვიტონ, დღეს სააკაშვილს, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად აწუხებს.

ერთის მხრივ, ძალიან ძნელია მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის დანახვა «ივანიშვილის საქართველოში», რადგან ხელისუფლებაში მოსული ოპოზიციონერები აუცილებლად გაუხსებენ დარბეულ მიტინგებს და ათას საშინელებას, რომელიც მისმა პოლიციელებმა ჩაიდინეს. თუმცა, მეორე მხრივ, საკუთარი ბედის დაკავშირება «სააკაშვილის საქართველოსთან» მისთვის შეიძლება არანაკლებ პრობლემური გამოდგეს. თავი დავანებოთ იმას, რომ რეჟიმი «ტიტანიკივით» იძირება; თუ სააკაშვილის ჯგუფი ოპოზიციის ანიჰილირებას მოახერხებს (რაც მეტად სათუოა), ამის შემდეგ დაიწყება ბრძოლა დარღვეული შიდასახელისუფლო ბალანსის აღდგენისთვის, ანუ მერაბიშვილის წინააღმდეგ და მას სათავეში, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგება. მერაბიშვილის დღევანდელი მდგომარეობა თითქოსდა მომგებიანი ჩანს, მას ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს სივრცე მანევრისთვის, თუმცა ამავე სიტუაციასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ის ორ ცეცხლს შუა მოექცა. გააჩნია რა რაკურსით შევხედავთ მის მდგომარეობას და ჭიქას ნახევრად სავსედ თუ ნახევრად ცარიელად აღვიქვამთ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის გამარჯვება პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს, სააკაშვილის ჯგუფი სიტუაციის შეტრიალებას კიდევ ერთხელ შეეცდება. იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და 1 ოქტომბერს ერი სწორ არჩევანს გააკეთებს, რადგან არასწორი არჩევანი ამ ვითარებაში «სიკვდილზე უარეს» შედეგს მოგვიტანს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here