Home რუბრიკები საზოგადოება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა უნდა აღიკვეთოს

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა უნდა აღიკვეთოს

683

საქართველოს აგრარულ სექტორში შექმნილი უმწვავესი კრიზისის დაძლევის აუცილებლობა მოითხოვს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებას, რისთვისაც შესამუშავებელია ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღორძინება-განვითარების რეალური კონცეფცია. ასევე გასააქტიურებელია და უსწრაფესად დასამთავრებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობისა და მიმოსვლის თაობაზე. ეს ავტომატური რეჟიმით გადაწყვეტს რამდენიმე პრობლემას: მიგრაციის; ეკონომიკის სტიმულირების; დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებისა და გაძლიერების; არსებული დემოგრაფიული ვითარების, მინიმუმ, შენარჩუნებას; ეკონომიკის განვითარებას მინიმალური სოციალური თვითუზრუნველყოფის ჭრილით, ისე, რომ არ იქნეს განიავებული საქართველოს სტრატეგიული რესურსები _ მიწა, ტყე, წყალი, სატრანზიტო ფუნქცია.

საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოგეოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები (მ.შ. გეოპოლიტიკური), რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის (სააქართველოს 10_12 მლნ ადამიანის გამოკვების ბიორესურსი გააჩნია).

საქართველოს აგრარული პოტენციალის ამოქმედება უნდა გახდეს სასოფლო-სამეურნო პოლიტიკის ძირითადი მიზანი, რისთვისაც აგრომეურნეებმა (გლეხებმა) წარმოებული პროდუქციისთვის უნდა მიიღონ ისეთი ფასი (შემოსავლი), რომელიც უზრუნველყოფს მათი ოჯახების შენახვას ცხოვრების მისაღები დონით და პროდუქციის  გაფართოებული აღწარმოებისთვის საჭირო რესურსებით. ამისთვის გლეხებს უნდა მოეხსნათ ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების, მელიორაციისა და აგროტექზოოვეტმომსახურების, ბაზარზე ფასების ტენდენციების განსაზღვრის, კრედიტის ხელმისაწვდომობის, წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის, გადასახადებისა და დაზღვევის საკითხებთან.

გლეხკაცი ძალიან ხშირად, უბრალოდ, აგროპროდუქციის მწარმოებლად მიაჩნიათ. მისი როლი სცილდება ამ ჩარჩოებს. სინამდვილეში ის აუცილებელია სოფლისთვის, უფრო მეტად, გლეხკაცი სოფლის მაცოცხლებელი და გარდამქნელია. ამიტომაც, სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი იდეაა გლეხკაცის მოფრთხილება და საზოგადოების გამოსაკვებად მისი შრომის სტიმულირება (მიწასთან მარადიული ურთიერთობა), ქვეყნის სურსათით  თვითუზრუნველყოფა, სოფელსა და ქალაქს შორის სოციალურ-კულტურული განსხვავებების შემცირება.

სოფლის მეურნეობისადმი  დიდი ყურადღება ორი ძირითადი მოსაზრებითაა განპირობებული:

• სურსათით თვითუზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიაა. მსოფლიო მოსახლეობაში საშუალო ფენის მკვეთრი ზრდა იწვევს საკვებზე მოთხოვნასა და, შესაბამისად, მასზე ფასების განუხრელი ზრდის ტენდენციას. ამიტომ სასურსათო უშიშროება სახელმწიფოს სტრატეგიულ გათვლაში ერთ-ერთ წამყვან ადგილს დაიკავებს;

• სასოფლო-სამეურნეო წარმოება ეროვნული იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ელემენტია. კულტურულად, სოფელი და ღონიერი გლეხკაცი ერის თვითმყოფადობის (ვინაობისა და რაობის) შენარჩუნების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სოფლის მეურნეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის (სოფლის სტატუსი, სოფლად რეალური თვითმმართველობის დამკვიდრება, არჩეული მამასახლისი,  ინსტიტუციონალური და ინფრასტრუქტურული მოწყობა) განვითარების საჭიროება. ამიტომ ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასთან ერთად დასავლეთში მოქმედებს სოფლის განვითარების პოლიტიკა. მისი მიზანია სოფლის მოსახლეობის სოციალური სტატუსის გათანაბრება ქალაქის მოსახლეობასთან, რასაც სოფლად მოსახლეობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

თანამედროვე სახელმწიფო საკუთარი სოფლის მეურნეობის განვითარებას მხოლოდ თავისუფალი ბაზრის ამარა არ ტოვებს. იგი აყალიბებს მკაფიო დარგობრივ პრიორიტეტებს და შემდეგ საზოგადოებრივი და კერძო სექტორის პარტნიორობის ფონზე ახორციელებს მის აღსრულებას. ამ სფეროს პრიორიტეტულობას განსაზღვრავს ორი ფაქტორი. პირველი: სოფლის, როგორც ყოფის, შენარჩუნება და მეორე: სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი  სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბება. 

ნებისმიერ ქვეყანაში სოფლად მოსახლეობის რეალური დასაქმებისა და შედარებით მოკლე დროში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სათანადო დონის მიღწევა მხოლოდ სისტემური ცვლილებებითა და კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსების სამეწარმეო აქტივობის ამაღლებაა. უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების უძირითადესი პროდუქტია ჯანმრთელი, მაღალკვალიფიციური, სოციალურად და გონებრივად განვითარებული ადამიანი, იგი ქვეყნისთვის არანაკლებ დიდი განძია, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მსოფლიოში რეალიზებადი პროდუქცია. ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების სამეწარმეო გააქტიურება ყველაზე კარგად სოფლად კოოპერაციული მოძრაობის განვითარებითაა შესაძლებელი. საყურადღებოა, რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძვლად კოოპერაციულ საწყისებზე დამყარებული სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების გზა აირჩიეს თავის დროზე ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა, ისრაელმა და განვითარებული ეკონომიკის მქონე ბევრმა სხვამ (მათ შორის ბალტიის ქვეყნებმაც). ეს პროცესი ყველგან სახელმწიფოს აქტიური მაორიენტირებელი,  მაორგანიზებელი როლითა და ხელშეწყობით წარიმართა, ანუ: ამ ქვეყნებში ფუნქციობდა ჭეშმარიტი აქტიური სახელმწიფოებრიობა და არა ატროფირებული. აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერაციის მრავალი წარმატებული მაგალითი გვიჩვენებს, რომ კოოპერაციული შრომის უკუგების ხარისხი გაცილებით მაღალია ინდივიდუალურ შრომასთან შედარებით.

საქართველოს უდავოდ შეუძლია, კოოპერაციულ საწყისებზე მოახდინოს სოფლად მოსახლეობის სამეწარმეო აქტივობის მობილიზაცია და არამარტო სოფლის მეურნეობის, არამედ მასთან ტექნიკურ-ტექნილოგიურად დაკავშირებული დარგების სწრაფი რეაბილიტაციაც და შემდგომი განვითარებაც. სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული მეურნეობრიობის ახალი ფორმების დამკვიდრებას  ავტომატურად მოსდევს სოფლის მოსახლეობის მასობრივი დასაქმება, მათი შემოსავლების მკვეთრი ზრდა, აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება და სოფლის კომპლექსური და დაჩქარებული განვითარება.

ესაა ცნების «ჯანსაღი საშუალო ფენა» რეალური შინაარსი.

ჩვენი ქვეყნისთვის საწარმოო ურთიერთობათა ფორმის არჩევა დიდად მნიშვნელოვანია როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე  ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით. საქართველო, მისი ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლოგიური მახასიათებლებიდან და არჩეული პოლიტიკური გეზიდან გამომდინარე,  უდავოდ იმსახურებს განვითარებული  ქვეყნების რიგში ყოფნას და მით უფრო სწრაფად შეძლებს ამას, რაც უფრო ინტენსიურად გატარდება დემოკრატიული სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები.

ამ რეფორმებიდან უმნიშვნელოვანესია საქართველოს მრავალდარგოვანი  აგრარული სექტორის რეფორმა, რომელის უპირველესი ამოცანაა დაქუცმაცებული სოფლის მეურნეობის საწარმოო ბაზის გამსხვილება-გამასივება (კონსოლიდაცია), მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბება და მათი გადამმუშავებელ საწარმოებთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობა. შედეგად, კოოპერაციული  ფორმების გამოყენებით, ადგილებზე მივიღებთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემის (ერთიანი ციკლის) შექმნას, სადაც გლეხკაცი (ფერმერი) დაინტერესებული იქნება ერთობლივი საქმიანობის ყველა საფეხურით, საწარმოო პროცესისა და მომარაგების ყველა დეტალით დაწყებული და საბოლოო პროდუქტის რეალიზაციიდან ამონაგებით დამთავრებული, რადგან პრაქტიკულად, მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მისი შემოსავლების ზრდა  და სოციალური პრობლემების მოგვარება.

იმისათვის, რომ თავისუფალმა ბაზარმა შექმნას ის, რასაც ზედმიწევნით კარგად ასრულებს _ პროდუქციის სიუხვე _ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან აქტიური პოლიტიკის განხორციელება აგრობიზნესის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. იგი, პირველყოვლისა, გამოიხატება სპეციალიზირებული აგროსაკრედიტო სისტემის (ურთიერთდახმარების, სოლიდარული პასუხიმგებლობის, კოოპერაციული ტიპის) შექმნით, რაც კრედიტს ხელმისაწვდომს გახდის და უზრუნველყოფს მოსავლის დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებას. ინფრასტრუქტურის აუცილებელი ნაწილი  უნდა გახდეს  სასოფლო სამეურნეო ტექნიკის, ქიმიური საშუალებების, საწვავისა და ა.შ. უზრუნველყოფის ორგანიზება, უნდა წახალისდეს ერთგვაროვანი პროდუქციის სფეროში კოოპერირების გამოყენება, მარკეტინგული დახმარება და, ასევე, ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად უნდა იქცეს სასოფლო რაიონებში აგროტექნიკუმების ფართო ქსელის გამოყენება, რომელიც შეძლებს ფერმერების პრაქტიკული ცოდნითა და ჩვევებით აღჭურვას და გამუდმებით მათი გადამზადების გარემოს ფორმირებას.

სოფლად მისაღები ყოფითი პირობების შექმნა, გასარწყავებისა და დაშრობის სამუშაოების აქტიური წარმართვა (რათა თავიდან იქნას აცილებული ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე მყოფი გაუდაბნოების პროცესი აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში და მეორადი დაჭაობების პროცესი კოლხეთში) და სხვა აუცილებელი ღონისძიებები სოფლის გადარჩენის სტრატეგიის მნიშვნელოვანი შემადგენელი უნდა გახდეს. ამასთან, გთავაზობთ აგრარული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის აუცილებელ ძირითად ნაწილს, რომელიც ბლოკებადაა  წარმოდგენილი:

დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაცია და პარცელარული მეურნეობის ნეგატიური შედეგების ლიკვიდაციია.

ეს ბლოკი უნდა  მოიცავდეს:

«სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონსოლიდაციის შესახებ» და «სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტების შემუშავებას და საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცებას;

მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით მომარაგების, მარკეტინგული და სხვა საწარმოო-სამეურნეო მიმართულების კოოპერატივების ჩამოყალიბებას, მათთვის საწყის ეტაპზე სათანადო შეღავათების შეთავაზების გზით.

სოფლის მეურნეობის საწარმოო და არასაწარმოო  ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შემდგომი განვითარება მარკეტინგული მოთხოვნების გათვალისწინებით. მხედველობაშია:

სარწყავი წყლის რესურსების აღრიცხვა და გამოყენების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება;

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შემდგომი განვითარება;

გ) სარგავ-სათესლე და სანაშენე საწარმოთა რეაბილიტაცია;

დ) ზოოვეტმომსახურების გაუმჯობესება (პირუტყვის პრევენციული აცრები და სხვა);

ე) აგრონედლეულის გადამმუშავებელი კვებისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმოთა სიმძლავრეების აღდგენა-რეაბილიტაცია აგროწარმოების განვითარებისა და გადაადგილების შესაბამისად;

ვ) სასაწყობე, სამაცივრე და სხვა საჭირო სიმძლავრეთა მშენებლობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გრძელვადიანი შენახვისა და რეალიზაციის მიზნით;

ზ) განვითარებულ ქვეყნებში არსებულ უახლეს მანქანათა სისტემების (მათ შორის სამთო მიწათმოქმედებისთვის) გადმოტანისა და ათვისების მიზნით სოფლად ტექმომსახურების თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება;

თ) წყალმომარაგების, გაზიფიკაციის, საგზაო და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა პრობლემების დარეგულირება.

სოფლად საქონელმწარმოებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ადგილზე საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის ფორმირება, რაც გულისხმობს:

კარგად ორგანიზებული საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის ქსელის ფორმირებას;

ფერმერთა მომზადება-გადამზადებას სამეწარმეო უნარ-ჩვევების გამომუშავების (შესწავლის) მიზნით;

აგრონომიული,  სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და აგრობიზნესის პროფილის სტუდენტთა სტაჟირება საზღვარგარეთის მოწინავე უმაღლეს  სასწავლებლებში.

სოფლად საქონელმწარმოებლებისთვის მიწათმოქმედის სტატუსის მინიჭება და სათანადო რეგისტრაცია:

«მიწათმოქმედის სტატუსის მინიჭებისა და რეგისტრაციის შესახებ» შესაბამისი ნორმატიული აქტის მომზადება და პარლამენტში (ან მთავრობაში) დამტკიცება.

ეკონომიკური მექანიზმის ორიენტირება აგროსასურსათო სექტორის სწრაფ განვითარებაზე, ფასების პარიტეტის დადგენა, ეფექტიანი საგადასახადო, აგროსაკრედიტო და სადაზღვევო სისტემების შექმნა, იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების მაღალი ტემპით განვითარებისთვის:

«აგრონედლეულისა და მისი აღწარმოებისთვის საჭირო საქონელზე (მომსახურებაზე) ფასების პარიტეტის დადგენისა და დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება და პარლამენტში დამტკიცება;

სპეციალიზირებული აგროსაკრედიტო, საგადასახადო და სადაზღვევო სისტემების შესახებ საქართველოს კანონის პროექტების შემუშავება და პარლამენტში დამტკიცება;

სოფლის მეურნეობის განვითარების, თემის სამეწარმეო მობილიზაციის,  საგირავნო და საგარანტიო ფონდების შექმნა;

დ) ,,აგროსექტორში გამოყენებული მანქანა-მოწყობილობების, აგრეთვე, აგრარული პროდუქციის აღწარმოებისთვის საჭირო სათესლე და სანაშენე საშუალებათა საბაჟო გადასახადისა და დღგ-სგან გათავისუფლების შესახებ»  საქართველოს კანონის პროექტის  მომზადება და პარლამენტში დამტკიცება.

VI.  აგრარული ბაზრის დაცვა  და ეკონომიკური რეგულირება განვითარებული ქვეყნების გამოცდილებისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) მოთხოვნათა გათვალისწინებით:

ვმო-სგან მონიჭებული უფლებების _ ანტიდემპინგური გადასახადის, სეზონური ფასებისა და ბაზრის დამცავი ღონისძიებების გამოყენებით (დემპინგური და სწრაფად მზარდი იმპორტის მიმართ, რომელიც ზარალს აყენებს ადგილობრივ მწარმოებელს ან ქმნის ზარალის მიყენების რეალურ საფრთხეს) ბაზრის დაცვა არაკეთილსინდისიერი კონკურენტებისგან.

VII. სახელმწიფო დაკვეთების ინსტიტუტის რეალური ამოქმედება ძირითადი სახეობის სურსათზე და პროდუქციის შესყიდვა თანამედროვე ფორმებით:

საბაზრო მექანიზმების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვა, რომელიც წარმოებისა და რეალიზაციის მთელ ჯაჭვში ინტეგრატორის როლს შეასრულებს. პროდუქციის გარანტირებული შესყიდვა უზრუნველყოფს პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებას და აგრარულ წარმოებაში მომსახურების სფეროს სრულ ჩართვას;

ბ) ძირითად სასურსათო პროდუქტებზე (მარცვალი, ხორცი, რძე, შაქარი, ზეთი) მოთხოვნა-მიწოდების სტაბილურობისა და წონასწორული (სტაბილური) ფასების შენარჩუნების მიზნით, ბაზარზე ინტერვენციის და ჭარბი პროდუქციის ამოღების სახელმწიფო მარეგულირებელი (ნახევრად ადმინისტრაციული და ნახევრად კომერციული) სამსახურის შექმნა (ბაზარზე ჩამრევი სამსახურები. ამ ეტაპზე მარცვლეულისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების სფეროში).

VIII. აგრარული მიმართულების სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების რეაბილიტაცია. სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა  და აგრომეცნიერებას შორის გაწყვეტილი კავშირის აღდგენა,  ურთიერთმისაღები პირობების შემუშავების საფუძველზე.

საქართველოს წინაშე  დღეს უკვე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის ობიექტური აუცილებლობის ამოცანები, რეალურად მოითხოვს, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი სტრუქტურის გადახედვას  (პრიორიტეტული დარგებისა და კულტურების განსაზღვრა. სოფლის მეურნეობის ისეთი დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელშიც წამყვანი და პრიორიტეტული ადგილი დაეთმობა სასურსათო ბალანსის ფორმირებისთვის საჭირო პროდუქტების წარმოებას), ასევე თითოეული დარგის საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის დადგენას და გამოყენების სოციალურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის განსაზღვრას. გასაგებია, რომ დღეს არსებული სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის მოდერნიზაცია შედარებითი უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით ერთბაშად შეუძლებელია, მაგრამ ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყება მეტად საჭირო და გარდაუვალი აუცილებლობაა.

ქართული მიწისა და სოფლის გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია:

1. მიწას მივუდგეთ არა მხოლოდ როგორც პროდუქციის წყაროს, არამედ როგორც მოსახლეობის შემნახავსა და გამხარებელს;

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა უცხოელებზე კონკურენტუნარიანი ქართველების გაჩენამდე  უგამონაკლისოდ უნდა აღიკვეთოს (საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე);

3. ყველა საშუალებით (სახელმწიფოს ეს საშუალებები მუდამ აქვს) შევქმნათ იაფი აგრარული კრედიტი, სოფელი უზრუნველვყოთ იაფი სასოფლო-სამეურნეო საწვავით და განვითარებული აგრარული საჯარო მომსახურებით;

4. გზა გავუხსნათ იჯარას (გრძელვადიანისა და გასხვისებადის ჩათვლით);

5. უზრუნველვყოთ რაციონალურ ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვები;

6. უზრუნველვყოთ იმპორტული (როგორც წესი, ეკოლოგიურად უვარგისი) პროდუქტის რეალური კონტროლი უვნებლობაზე;

7. აღვკვეთოთ იმპორტზე დასპეციალებული მაფიური  მონოპოლიზმი;

8. იაფი მელიორაციისა და აგროტექზოოვეტმომსახურების უზრუნველყოფა (რაც სახელმწიფოსათვის დაუძლეველი ამოცანა არ არის);

9. ყველანაირად ხელი შეეწყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციას, ადგილზე გადამმუშვებელი საწარმოების შექმნას და მათ ურთიერთთანამშრომლობას;

10. სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოებისთვის საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების პარიტეტის დადგენა და დაცვა;

11. შეღავათიანი საგადასახადო და სადაზღვევო სისტემების ორგანიზება სოფლის   მეურნეობაში (რაც სახელმწიფოსთვის, აგრეთვე, სავსებით მისაწვდომია);

12. შევქმნათ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების, თემის სამეწარმეო მობილიზაციის,  საგირავნო და საგარანტიო ფონდები;

13. აღვადგინოთ სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა  და აგრომეცნიერებას შორის გაწყვეტილი კავშირი.

14. დავიბრუნებთ და ავითვისებთ როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ბაზრებს.

15. ავაღორძინებთ საქართველოს მთიანეთს, როგორც ჯანსაღ და ქვეყნისთვის აუცილებელ სამეურნეო ზონას, და მის მოსახლეობას, როგორც ერის ყოველმხრივ ქმედუნარიან ნაწილს.

800 ათასი ჰა სახნავის დამუშავებას მაქსიმუმ 720 მლნ ლარი სჭირდება. ამ თანხის მცირე ნაწილიც (1/10) რომ გაიღოს სახელმწიფომ, სახნავის პრობლემაც გადაწყდება. მრავალწლოვანი ნარგაობის (ხეხილი, ვაზი, კაკლოვანი და სხვ.) განახლებისთვის ყოველწლიურად უნდა გაშენდეს 15-20 ათასი ჰა, რასაც 250-300 მლნ ლარი სჭირდება. აქ სავსებით საკმარისი იქნება სახელმწიფოს კეთილი ნება და საგადასახადო ხელშეწყობის რეჟიმი. მაგალითად, ახალგაზრდა ნარგავები სრულ მსხმოიარობაში შესვლამდე 4 წლით უნდა განთავისუფლდეს მიწისა და წყლის გადასახადისგან; შემცირდეს ან გაუქმდეს დღგ-სა და აქციზის გადასახადი სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელ დიზელის საწვავზე, განთავისუფლდეს აგროტექზოოვეტმომსა-  ხურება დღგ-ს გადასახადისგან. ასევე უნდა შემცირდეს მიწისა და წყლის გადასახადი 30%-30%-ით და სხვ. კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოებში შემცირდეს დღგ-ს გადასახადი არა ნაკლებ 10%-ით, ასევე,  წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადი.

ტყუილია, რომ საქართველოს მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობას დღეს მრავალმილიარდიანი ინვესტიცია სჭირდება, რადგან აგრარული სექტორი, როგორც დარგი, არ არის მზად მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვისა და საჭირო პროექტების განხორციელებისთვის.

იგი გადაუდებლად საჭიროებს დაქუცმაცებული სასოფლო სამეურნეო მიწის ფონდის კონსოლიდაციას (რადგან უკიდურესად დანაწევრებულ მიწაზე რაიმე პროგრესული ტექნოლოგიის დანერგვა, მოსავლიანობის ამაღლება  და არსებითი ეკონომიკური შედეგის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია) და სოფლად კოოპერაციული მოძრაობის სტიმულირებას.

ათმაგად ტყუილია, რომ სოფლად დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ 2-3 პროცენტი მოსახლეობისა. სოფლად უნდა იცხოვროს იმდენმა ადამიანმა, რამდენსაც სოფელი სჭირდება თავის სარჩენად და გასახარებლად. დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თავს ირჩენენ სოფლის მეურნეობით, როგორც წესი, ორჯერ და მეტად  აღემატება იმათსას, ვინც უშუალოდ ხნავს, თესავს, სხლავს, თიბავს და პირუტყვს წველის.

თქმულიდან გამომდინარეობს, რომ

_ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიცნობიეროს, რომ სასურსათო უშიშროება ქვეყნის უპირველეს სტრატეგიულ მიზანთა რიგში შედის;

_ ხელისუფლებამ უნდა გაიცნობიეროს, რომ ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც ამ ამოცანის გადაჭრა ძალუძს, არის თვით სახელმწიფო;

 _ ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკური სუბიექტის, ფუნქციონირების ურთულესი ტექნოლოგია, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრულყოფის საქმეში, ისე სოფლის მოსახლეობის სოციალური, ტექნიკური და კულტურული დონის სრულყოფის საქმეში.  

მაღალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის შექმნა აღიარებულ უნდა იქნეს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად ამოცანად და საერთო ეროვნული ზრუნვის საგნად. მხოლოდ ასე გადარჩება ქართული სოფელი, რომლის გარეშეც საქართველოს განვითარების პერსპექტივა წარმოუდგენელია.

საქართველოს სოფლის აღორძინება უნდა მოხდეს ჩვენივე ძალებით და გადამთიელებზე იმედის დამყარება, მათი მოპატიჟება «გადასარჩენად» შეურაცხმყოფელი და ამასთანავე ფუჭი მცდელობა იქნება. დინამიკური სოფლის მეურნეობა უცხოელთა ჩამოსახლებით კი არა, მოქნილი სამოქმედო გეგმით (სტრატეგიით) იქნება შესაძლებელი. სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების  შემთხვევაში, გლეხკაცს _ ქართული მიწის მთავარ მეურვეს  (ადგილის კაცი, მკვიდრი მიწათმოქმედი – ილია ჭავჭავაძე) _ შეუძლია არა მარტო ქვეყნის გამოკვება საკუთარი წარმოების პროდუქციით, არამედ სახელმწიფოს ძლიერების საძირკვლის ჩაყრაც.          

პაატა კოღუაშვილი,

ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი,

სტუ სრული პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here