Home რუბრიკები საზოგადოება ერთი დღით ზუგდიდს «სიყვითლე შეეყარა»

ერთი დღით ზუგდიდს «სიყვითლე შეეყარა»

608

საქართველოს პრეზიდენტისა და «ნაცმოძრაობისათვის» სამეგრელო  და ზუგდიდი ყოველთვის ითვლებოდა მთავარ დასაყრდენ ძალად, ამიტომაც მათი ამ კუთხისადმი დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. 8 სექტემბერს საქართველოს ქალაქებში გამართული «ნაცმოძრაობის» ყრილობებიდან, ალბათ, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტად აინტერესებდა, რას იზამდა ზუგდიდი. გამოვიდა თუ არა ხალხის ის რაოდენობა, რომლითაც იამაყებდა პრეზიდენტი და სალაპარაკოს მოუსპობდა «ქართულ ოცნებას», რომელმაც უკვე ჩაატარა რამდენიმე ხალხმრავალი მიტინგი, ამიტომაც «ნაც-მოძრაობის» აქტივისტები დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა სირცხვილი არ ეჭამათ. მიუხედავად უამრავი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, 8 სექტემბრის ყრილობა ზუგდიდში არცთუ წარმატებული აღმოჩნდა.

სახელისუფლო რესურსის სრული მობილიზების მიუხედავად, დავალება სანახევროდ შესრულდა. მიხეილ სააკაშვილმა პირველი გამოსვლა ზუგდიდში გააკეთა, მანამდე ვერტმფრენით რამდენიმე წრე დაარტყა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანს, არ მოეწონა ხალხის სიმცირე, ამიტომაც ეტყობოდა სიბრაზე  სიტყვით გამოსვლისას. ადგილობრივ ხელისუფალთ დავალებული ჰქონდათ, რომ მინიმუმ 30000-მდე ადამიანი შეეკრიბათ ყრილობაზე, მაგრამ მათ, ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, 15000-მდე ადამიანის გამოყვანა შეძლეს მხოლოდ. ეს მაშინ, როცა მხოლოდ დედაქალაქიდან ასობით ყვითელი მუნიციპალური ტრანსპორტით 5-6 ათასამდე ადამიანი ჩამოიყვანეს ზუგდიდში. ერთი დღით ზუგდიდს «სიყვითლე შეეყარა», რადგან ქალაქი გადაყვითლებული იყო თბილისიდან ჩამოსული მუნიციპალური ტრანსპორტით. იმედია, 22 სექტემბრამდე ზუგდიდი «განიკურნება» ამ ავადმყოფობისგან, რადგან 22 სექტემბერს კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, ჩამოსვლისა და ხალხმრავალი აქციის მოლოდინშია.

მიუხედავად იმისა, რომ «ოცნების» აქცია ზუგდიდში რამდენიმეჯერ გადაიდო, კოალიციის ლიდერებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ 22-ში ორჯერ მეტი ხალხი მოვა, ვიდრე «ნაცმოძრაობის» ყრილობაზე იყო. თუმცა, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი «ქართული ოცნებიდან», ირაკლი ალასანია აცხადებს მისთვის მიუღებელია საზოგადოების დაყოფა მისიანებად და სხვისიანებად. «მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ზუგდიდში ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება მისი კაცთმოძულეობისა და მისგან კიდევ ერთხელ გავიგეთ, თუ როგორ ყოფს იგი საზოგადოებას მისიანებად და სხვისიანებად. ეს ხომ ყოვლად დაუშვებელია», _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელ ამომრჩეველთან შეხვედრისას.

ახლა რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს ზუგდიდში: მინდა შევეხო კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა დამოკიდებულებას არჩევნებისადმი. «ზუგდიდში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ძინავთ, ამიტომ აუცილებელია მათი გამოღვიძება, გამოფხიზლება. არ ვიცი, ისინი დაშინებულნი არიან თუ მოსყიდულნი, რადგან არანაირ აქტიურობას არ იჩენენ; უფრო მეტიც, მათი სიმპათიები, ჩემდა გასაკვირად, «ნაცმოძრაობისაკენ» იხრება, მაგრამ რატომაა ასე, ვერც ისინი ხსნიან. ალბათ, ცნობილ ნეიროქირურგ ნაპო მესხიას ქირურგიული ჩარევაა საჩქაროდ ჩასატარებელი. ეგებ ამის შემდეგ მაინც მოეგონ გონს», _ აღნიშნა ერთ-ერთმა  აფხაზეთიდან დევნილმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.

ქირურგიული ჩარევისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს ცნობილი ნეიროქირურგი, სოხუმის მკვიდრი ნაპო მესხია, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს დევნილებში, კოალიცია «ქართული ოცნების» მხარდამჭერია და აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ის ყოველნაირად ცდილობს, აუხსნას და განუმარტოს დევნილებს «ქართული ოცნების» პრიორიტეტები.

ლადო ქირია, ზუგდიდი

P.S.  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი დღემდე გუბერნატორისა და საოლქო პროკურორის გარეშეა. გურამ მისაბიშვილის სენაკის, ხოლო როლანდ ახალაიას ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ ამ თანამდებობებზე ხელისუფლება რატომღაც არავის ნიშნავს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here