Home რუბრიკები პოლიტიკა მე-5 კოლონა და 5-ჯერ მეტი სარგებელი ხალხისგან!

მე-5 კოლონა და 5-ჯერ მეტი სარგებელი ხალხისგან!

1182

ვანო მერაბიშვილმა გასულ შაბათს  სპორტის სასახლეში ნაცბოლების ჩატარებულ ყრილობაზე დაიწყევლა. დაიწყევლა კი არა დაიქუხა: მეხუთე კოლონას საქართველოში მოვსპობთო! მოწონების ნიშნად ტაში დასცხეს დროშებითა და ხუთრიცხვიანი ფლაერებით ხელდამშვენებულმა და წვრილწვრილად დაფინანსებულმა აქტივისტებმა. მედროშეებს ხელები დაკავებული ჰქონდათ. ტაშს მეტაშეები უკრავდნენ. მერაბიშვილს უხაროდა: იდგა წითელი ხუთიანების ტყის ფონზე და «მეხუთე კოლონას» ფეხებს უბაკუნებდა _ «მეხუთე კოლონას» ხუთიანების ფონზე: მოგსპობთ და გაგანადგურებთ როგორც კლასს! ქართულად ამბობდა “პატარა ლენინიზმის“ აქცენტით.

მიდი და არკვიე, რომელი ხუთიანია კარგი და რომელი _ ცუდი _ ანტირევოლუციური მეხუთე კოლონა თუ მეხუთე ნომერი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ნაცბოლების პარტიის.

თუ ორივეს ერთი ფასი აქვს?

გავარკვიოთ!

კარლ მარქსის გარდაცვალების 30-ე წლისთავზე ლენინმა დაწერა ნაშრომი «მარქსიზმის სამი წყარო და სამი შემადგენელი ნაწილი».

ვანოს ფრთიანი სიტყვის _ «მეხუთე კოლონის» _ პირველი წყარო და პირველი შემადგენელი ნაწილი ესპანეთის რესპუბლიკის, რევოლუციური ესპანეთის სისხლში ჩამხშობი გენერალ ფრანკოს აგენტურის სახელწოდებაა, რომელიც 1936-1939 წლებში მოქმედებდა. ეს ტერმინი ფრანკოს არმიის სარდალმა, გენერალმა ემილიო მოლამ იხმარა პირველად, როცა რადიოთი გამოსვლისას განაცხადა, რომ მის განკარგულებაში მყოფი ოთხი საარმიო კოლონის გარდა მას ემორჩილება მეხუთე კოლონაც რესპუბლიკელთა ზურგში _ ქალაქ მადრიდში, რომელიც საბოტაჟით, პანიკის დათესვით, ჯაშუშობითა და დივერსიების მოწყობით იყო დაკავებული.

ამრიგად, მერაბიშვილსააკაშვილიზმის «მეხუთე კოლონის» პირველი წყარო და შემადგენელი ნაწილი ესპანურ ფაშიზმში უნდა ვეძებოთ.

«მცოცავი» გამოთქმაა «მეხუთე კოლონა». იმდენი იცოცა და იხოხა, რომ მთელი მსოფლიოს შემოვლის შემდეგ, როგორც იქნა, მერაბიშვილის მჭევრმეტყველებამდე პირველ წყაროდ და პირველ შემადგენელ ნაწილად მოგვევლინა.

ახლა მეორე შემადგენლის შესახებ.

1930 წლის 5 იანვარს საკ.კპ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება «კოლექტივიზაციის ტემპის… შესახებ», რომლითაც ბოლშევიკები კულაკობის შეზღუდვის კამპანიიდან მისი, როგორც კლასის, ლიკვიდაციის კამპანიაზე გადავიდნენ.

არ ეხამუშათ და იხმარეს ახლებმა «მუმიების» ნახმარი ლოზუნგი: განკულაკებას ისინი უკვე მორჩნენ, ახლა ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ _ როდის დაიწყებენ ლიკვიდაციის კამპანიას ნორჩი რეფორმატორები?

O tempora, o mores! _ შესძახებდა გაოცებული ციცერონი, მუმიები კი ამბოხების მოსამზადებლად ამოძრავდებოდნენ.

მესამე წყარო და მესამე შემადგენელი ნაწილი ხალხის მასებია, რომლებიც კუდზე ჰყავს გამობმული სააკაშვილს _ არცთუ უანგაროდ, არცთუ წრფელი სურვილითა და განზრახვით.

ზუგდიდში შეკრებაზე ჩაყვანილ სამეგრელოს მკვიდრი მოსახლეობის ნაწილს  ლამის ქუჩაქუჩა ჩამოუარეს, როგორც, მაგალითად, სენაკის ერთი უბნის ოთხი თუ ხუთი კორპუსის მცხოვრებთ, და 9 სექტემბერს ზუგდიდში გამგზავრება შესთავაზეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა _ ფულზე ნუ იფიქრებთ, ყველაფრით უზრუნველყოფილნი იქნებითო.

წავიდნენ, გაისეირნეს. რას კარგავდნენ? გვიან საღამოს, გვაცნობა ჩვენმა წყარომ, ცარიელი ყვითელი ავტობუსები თბილისში დაბრუნდნენ, როგორც გასვენებიდან, ქელეხში ხალხს რომ მიიყვანენ და ცარიელები რომ მიტრიალდებიან გარაჟებში.

ასე გადაზიდ-გადაიყვანეს თბილისიდან ჩასული ყვითელი ავტობუსებითა და ადგილობრივი «მარშრუტკებით» ხალხის «მასები» ზუგდიდში მარტვილიდან, სენაკიდან, ჩხოროწყუდან სააკაშვილის სანახაობა-კონცერტზე დასასწრებლად, ვითომ ხაშლამა იყო ჩამოტარებით ხელმოკლე კახელის ქელეხში.

«მასოვკა» ჩამოტარებით?!

_ ტატატატა! _ ტანტალებდა «ნივაში» გაუცვლელი ხაშლამის ნაჭრები ზუგდიდის მოედანზე იმ შაბათ დღეს ნაცბოლების სახალხო მხარდაჭერის იმიტაციის ნიშნად.

_ ტატატატა! _ იგლეჯდა ყელის ძარღვებს სააკაშვილი მეხუთე კოლონის, როგორც კლასის, განადგურების მოწოდებით.

ესეც მესამე წყარო და «მუმიების» მეთოდით ორგანიზებული საერთო-სახალხო სიყვარული.

ჰოდა, მეხუთე კოლონა, «მუმიები» და «ცოტა ლენინიზმი» თქვენკენ მოიკითხეთ, ძვირფასო ხუთნომრიანებო!

რაც შეეხება თქვენს მხარდამჭერებს, მათ თქვენივე სლოგანის ასეთ პერიფრაზს შევთავაზებ _ 5-ჯერ მეტი სარგებელი ხალხისგან, დასკვნებიც თვითონ გამოიტანონ და გადაწყვეტილებაც თავად მიიღონ, როდესაც საარჩევნო კაბინაში მეხუთე კოლონის შემოსახაზავად საკუთარ ბიულეტენთან პირისპირ აღმოჩნდებიან.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here