Home რუბრიკები პოლიტიკა კახა მიქაია: გამჭვირვალე არჩევნები არ იქნება. მიხეილ სააკაშვილი არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს

კახა მიქაია: გამჭვირვალე არჩევნები არ იქნება. მიხეილ სააკაშვილი არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს

666

უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებზე საუბარი საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ ბევრიც ითქვა და ბევრიც დაიწერა. ამ თემას აქტუალობა არც ამჟამად დაუკარგავს. ამ დღეებში სამეგრელოს ტყეებში სწორედ შეიარაღებული ფორმირებების ადგილსამყოფელი დაფიქსირდა. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის «ამომრჩეველთა ლიგა» ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია.

_ საქართველოს მოსახლეობას ახსოვს, თუ რა აჟიოტაჟი მოჰყვა ირაკლი ალასანიას განცხადებას ამ არაფორმალური დაჯგუფებების შესახებ. ამ საკითხზე საუბარი მე გასული წლის ოქტომბრიდან დავიწყე. ირაკლიმ კი მოახდინა ამ თემის აქტუალიზაცია, შემდეგ ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ გადაიღო ეს ჯგუფი ჩემს სამეზობლოში, რუსთაველის ქუჩაზე, ამიტომაც ხელისუფლება იძულებული გახდა, ისინი ქალაქიდან გაეყვანა.

_ ბატონო კახა, ამით იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ თქვენ მიერ სქურში აღმოჩენილი დაჯგუფების წევრები სწორედ თქვენი ყოფილი მეზობლები არიან?

_ მე მომივიდა ინფორმაცია, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ სქურის ტყეში რაღაც შეიარაღებული ფორმირება იმყოფებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე გარკვეული დაზვერვითი საქმიანობა მეწარმოებინა და ჩემს მეგობარს, საინფორმაციო სააგენტო «ინფო 9»-ის ჟურნალისტ ნინო ბორჩხაძეს ვთხოვე, ჩამოსულიყო ზუგდიდში და დამხმარებოდა. ის მართლაც ჩამოვიდა და თავისი ფარული ვიდეოკამერით შეაღწია ამ დაჯგუფების ბანაკში. ნინომ მათ თავი გააცნო, როგორც ტურისტმა. მეორე დღეს კი მე ჩემს მეგობრებთან და ჟურნალისტებთან ერთად თავზე დავადექი ამ დაჯგუფების წარმომადგენლებს. ისინი გაოგნებულნი იყვნენ, გადაღების უფლებას არ გვაძლევდნენ, სადღაც გვაგზავნიდნენ ნებართვის ასაღებად, მაგრამ ვერ გვითხრეს, სად უნდა მივსულიყავით, პოლიციის მანქანაზე კი გვითხრეს ჩვენი საკუთრებააო. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს სწორედ ის დაჯგუფებაა, რომელიც ზუგდიდიდან გადმოიყვანეს ამ ტყეში. მე ასევე გამაჩნია იმის ინფორმაცია, რომ ისეთი შეიარაღებული ფორმირება, როგორიც სქურში აღმოვაჩინე, არსებობს სვანეთში, ლებარდეში, ჩხოროწყუში.

_ ხელისუფლება დაჟინებით ამტკიცებს, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები საქართველოში არ არსებობენ, არამედ არსებობს ნებაყოფლობითი რეზერვი. ამაზე რას იტყვით?

_ როცა ჩვენ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებზე დავიწყეთ ლაპარაკი, ხელისუფლებამ ისინი შერაცხა, როგორც ნებაყოფლობითი რეზერვი. მაშინ ზუგდიდში ჩამოსული იყო თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი კობა ახვლედიანი და ჩემთან შეხვედრა მოითხოვა, რათა ჩემთვის დაემტკიცებინა, რომ, რასაც მე ვუწოდებდი უკანონი შეიარაღებულ ფორმირებებს, იყო ნებაყოფლობითი რეზერვი. მე მას შევთავაზე ამ თემასთან დაკავშირებით პირდაპირ სატელევიზიო ეთერში დაჯდომა, რაზეც ის არ დათანხმდა. მე ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ეს შეიარაღებული დაჯგუფებები არანაირი რეზერვი არ არის. 30 კაცი რომ ერთ სახლშია როტაციის გარეშე და გაუგებარია რას აკეთებს, რეზერვი ნამდვილად არ არის. ჩვენი ქვეყნის თავდაცვითუნარიანობა რომ გასაძლიერებელია, ამას მეც ვეთანხმები, მაგრამ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და ბაჩო ახალაიას არ უნდა ჰყავდეს სპეცრაზმები. ეს არ უნდა იყოს დაფარული, ეს არ უნდა იყოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღი. როცა ჩემს სამეზობლოში იციან, რომ 30 გაურკვეველი წარმომავლობის კაცი დაბინავებულია მათ გვერდით, ეშინიათ. ჩემი და მთლიანად ოპოზიციის მიზანია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს თავისუფალმა და არა დაშინებულმა ადამიანებმა. ხელისუფლებას აქვს უფლება, ჰყავდეს გასაიდუმლოებული ჯგუფები, მაგრამ ისინი შესაბამისად უნდა იყვნენ დაცულნი.

_ ამ არაფორმალური დაჯგუფებების არსებობა საარჩევნო პროცესს ხომ არ უკავშირდება?

_ ეს ჯგუფები, რომელთაც მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლება, შეიძლება ყოველნაირი მიზნებისთვის გამოყენონ. მთავარი ის არის, რომ ეს ჯგუფები არიან ხელისუფლების ხელში და, რასაც უნდა, იმას გააკეთებინებენ. ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. წესები აქვს ყველაფერს, მათ შორის ბრძოლასაც, ხოლო ბრძოლა წესების გარეშე საკუთარ მოსახლეობასთან დანაშაულია, კრიმინალი. მე უფლება მაქვს, ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობას ებრძვის წესების გარეშე.

_ თქვენ «ამომრჩეველთა ლიგის» ერთერთი დამფუძნებელი ბრძანდებით. თქვენი აზრით, როგორ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები?

_ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება და ოპოზიცია იმედით უყურებს არჩევნებს და მეც მათ შორის, მაინც მგონია, რომ გამჭვირვალე არჩევნები არ იქნება. მიხეილ სააკაშვილი არჩევნებს აუცილებლად გააყალბებს. მე მაინტერესებს, რას იზამს ხალხი და ოპოზიცია ამ არჩევნების შემდეგ. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს გარეთ საკუთარი ხმების დასაცავად.

_ ზუგდიდში უკვირთ, საიდან იცის ეს გასაიდუმლოებული ინფორმაციები კახა მიქაიამო

_ ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ მყავს სპეციალური ინფორმატორი. სამეგრელო არის პატარა, ყველას გვყავს ნაცნობები და მეგობრები და სწორედ ისინი მაწვდიან ინფორმაციებს, რასაც მერე გადავამოწმებ ხოლმე. მე ჩემს საკეთებელს შეძლებისდაგვარად ვაკეთებ და სხვებმაც უნდა აკეთონ თავიანთი საკეთებელი. მე მოვუწოდებ ყველას, გამოიჩინონ ურთიერთსოლიდარობა და ნუ უყურებენ ერთმანეთს პარტიულ პრიზმაში. ჩვენი ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ვიყოთ ადექვატური შექმნილი ვითარებისა. პირველ პლანზე უნდა იყოს ქვეყნის და არა პირადი ინტერესები.

ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, საზოგადოებამ, რომ ჩვენი ნაბიჯებით, ჩვენი ქმედებებით არ მივცეთ ხელისუფლებას იმის საშუალება, ისევ როლანდ ახალაია და მიხეილ სააკაშილი დარჩნენ ხელისუფლებაში. სოლიდარობა და ერთიანობა გადაწვეტს არჩევნების ბედს.

ესაუბრა ლადო ქირია,

ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here