Home რუბრიკები პოლიტიკა ხვლიკი უკვე კუდზე შედგა!..

ხვლიკი უკვე კუდზე შედგა!..

1326

დღეს, ყველა თუ არა, ბევრი მხოლოდ მომავალი ოქტომბრის არჩევნების გაყალბება-არგაყალბების ალბათობაზე და აქედან გამომდინარე მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების თაობაზე საუბრობს, ანუ ძირითადი ყურადღება «ქართული ოცნებისა» და «ნაცმოძრაობის» ჭიდილზეა გამახვილებული და, ერთი შეხედვით, სამართლიანადაც, რადგან სწორედ ეს ორი პოლიტიკური პოლუსი გაინაწილებს 1 ოქტომბრის არჩევნებში პირველ-მეორე ადგილებს.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების ჯეროვანი ყურადღების მიღმაა დარჩენილი ე. წ. ფსევდოოპოზიციის წინასაარჩევნო «მოღვაწეობა», რაც არსებულ მოცემულობაში შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს უშუალოდ არჩევნების დღეს და რაც ყველაზე სახიფათოა, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.

ანუ გაყალბების ერთერთ სავარაუდო სცენარად ის ვარიანტიც განიხილება, როდესაც მიშნაცები სათავისოდ  პარტიული სიით, ანუ პროპორციულ არჩევნებში 50 %-ზე ოდნავ ნაკლებს «გამოიწერენ»,   უმრავლეობისთვის საჭირო მანდატებს კი მაჟორიტარებით შეივსებენ, ხოლო დანარჩენ პროცენტებს «ქართულ ოცნებასა» და ფსევდოოპოზიციას შორის გადაანაწილებენ, რითაც მსოფლიო «დემოკრატიულ თანამეგობრობას» ეტყვიან: აი, ნახეთ, როგორი თავისუფალი არჩევნები ჩავატარეთპარლამენტში მმართველი გუნდის პარტიულმა სიამ უმრავლესობა ვერ აიღოო. რაშიც ვერავინ შეედავებათ, რადგან არითმეტიკულად, ანუ ფორმალურად მართლაც ასე იქნება. რეალურად კი მიშნაცები მაჟორიტარ სატელიტებიანად სანუკვარ 70%- მიუკაკუნებენ, რადგან დღეს მაინც აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ჩამოთვლილი «ოპოზიციური» პარტიები   სწორედ ხელისუფლების სატელიტები არიან!

არც ის გაუკვირდება ვინმეს, რომ ზოგიერთი მათგანი ახალ პარლამენტში ფორმალურადაც შეუერთდეს «ნაციონალურ მოძრაობას».

სამაგიეროდ «დემოკრატიულ დასავლეთში» მტკიცედ სჯერათ, რომ «ქართული ოცნება» და ჩამოთვლილი სატელიტები, როგორც მინიმუმ, ყველანი რეალურად ოპოზიციურები არიან და, თუ სიმართლეს გავუსწორებთ თვალს, «დასავლეთის დემოკრატიებს», ზოგადად ამ ფსევდოოპოზიციის უპირობო  ლიდერის, გიორგი თარგამაძის, «ქდმ» უფრო ესიმპათიურებათ, ვიდრე  ბიძინა ივანიშვილის «ქართული ოცნება»!..

გიორგი თარგამაძე, იგივე «შადიმანა» და იგივე «გალსტუკიანი ხვლიკი», რომელსაც ბატონი რეზო ამაშუკელის მიერ შერქმეული ეს უკანასკნელი ზედმეტსახელი ისე ზუსტად მოერგო, რომ მედიაშიც და კულუარულ საუბრებშიც უმეტესად ხვლიკის სახელით მოიხსენიებენ, ამ ბოლო დროს მართლაც «კუდზე   შედგა»…

 დიახ, ამ ბოლო დროს, რადგან შადიმანა აქამდე «კონსტრუქციულობითა» და შესაბამისი წყნარი ტონით გახლდათ ცნობილი. ახლა კი საკუთარ მამა-მარჩენალ მასწავლებელ პრეზიდენტს პიარ-მანერებშიც დაუწყო მიბაძვა, როდესაც ავტობუსის მძღოლად მოგვევლინა ქუთაისში მიმავალი, საიდანაც დაიწყო «ქდმ»-ის «ძლევამოსილი» საარჩევნო კამპანია.

 სხვათა შორის, ავტობუსის შოფერ თარგამაძეს  ქუთაისის გზაზე «ჩეპე» შეემთხვა _ ხვლიკს «ცეპლენია ტორმუზში» აერია, ავტობუსი დაუგორდა და  მეორე ავტობუსს დაეჯახა, რაც, რა თქმა უნდა, არ «გაუბაზრეს» თანმხლებმა მიშავიზიებმა.

ეს ისე, ცნობისთვის…

მერე იყო და კიდევ ერთი «კაპიროვკა» მიშასგან _ ხვლიკი მიწისქვეშ, ჭიათურის მაღაროში, ალბათ, მიშას ნაჩუქარ ჩაფხუტში და ბოლოს საარჩევნო «როლიკი», სადაც შადიმანა ტრიბუნასთან დგას. ტრიბუნასთან, რომელიც აშკარად ვერ არის გამომსვლელის ზომის და რომ არა «კუდზე შედგომა», მხოლოდ ფეხის წვერებზე დადგომით ვერაფრით გამოჩნდებოდა ტრიბუნის მიღმა, რომელიც «ჩვენი მაღალის» ზომისაა და, სავარაუდოდ, მისგანვე არის ნათხოვარი ისევე, როგორც მიშას ნათხოვარი ავტობუსებით «ჩაიკოლონებენ» ხოლმე «ქრისტიან-დემოკრატები» და მიშასგან არენდით აღებული ნაცაქტივისტებითვე ავსებს ხოლმე დარბაზებს შადიმან-ხვლიკი. თორემ ვინმეს მართლა სჯერა საქართველოში, რასაც იოგების მაქსიმალური (მიშას მსგავსად) დაძაბვით გაჰყვირის იმ «როლიკში» ნათხოვარი ტრიბუნიდან მათხოვარი «ქდმ»-ის ლიდერი _ «ჩვენ ხომ ასე ბევრნი ვართ მთელ საქართველოში!»…

ცნობისათვის, სარეკლამო ბანერებზე, რომლებიც თბილისის მერიის მიერ კონტროლირებადი ფირმის საკუთრებაა, დღემდე, ხოლოდ «ნაცმოძრაობისა» და «ქრისტიან-დემოკრატების» პლაკატებია გამოკრული.

კიდევ ერთი «როლიკი» ტრიალებს ამ ბოლო დროს ტელევიზიებში, რომელშიც სოფლის მეურნეობის აღორძინების კონტექსტში შადიმანა ოროყიან თოხს უბაყუნებს და მიშასავით ვენახს წამლავს, ხოლო გიორგი ახვლედიანი ცელს იქნევს, ხოლო ლევან ვეფხვაძე მოცელილ ბალახს ფიწლით ზვინავს. რას იზამ, საკუთარი თანამზრახველებიც  ხომ უნდა წარმოაჩინოს შადიმანამ?!

აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ახალი «როლიკის» გამოჩენას, რომელშიც ინგა გრიგოლია და მაგდა ანიკაშვილი უცოდველ «დედა ტერეზებად» იქნებიან წარმოჩენილნი. თანამზრახველებზეც ხომ უნდა იზრუნოს კუდზე შემდგარმა ხვლიკმა?

არადა, საზოგადოებამ კარგად იცის და ახსოვს, რომ «ქდმ»- «პადდელნიკპადდელნიცობის» პადლეცობა იმაშია, რომ ყველამ ერთად და ცალცალკე, «დროულად უღალატეს» მათ მამამარჩენალ და საქართველოსთვის გულდამწვარ მამულიშვილს, ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილს, რითაც ბადრის მკვლელობაში თუ ბუნებრივ სიკვდილში თუნდაც ირიბად დაიდეს წილი!..

 ბადრი პატარკაციშვილის პიროვნულად გაწირვა თუ მხოლოდ უმადურობიდან მომდინარე სულმოკლეობად შეიძლებოდა ჩაეთვალა მავანს, «იმედის» «დროული დახურვით» მათ პრაქტიკულად უზრუნველყვეს მიშნაცების უპრობლემო «გამარჯვება» 2008 წლის საპრეზიდენტო-საპარლამენტო არჩევნებში!

სამაგიეროდ, ყოფილი ჟურნალისტებისგან ვანო მერაბიშვილის კაბინეტში «გაკეთებულმა პარტიამ» გარანტირებულად გადალახა 7%-იანი (?!) ბარიერი და იმ ფონზე, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიები დემონსტრაციულად ჭრიდნენ თუ წვავდნენ მანდატებს, ხვლიკების პარტიამ «ქრისტიანულად» და, რა თქმა უნდა, «დემოკრატიულად» შეაბიჯა ტოტალურად გაყალბებული არჩევნებით შემდგარ პარლამენტში. რითაც, «იმედის» დახურვისა და ბადრის ჩაშვების არ იყოს, კიდევ ერთი ფასდაუდებელი სამსახური გაუწია მიშნაცებს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში, გაყალბებული არჩევნები «გაუპრავეს» მიშას!

 ის დღე იყო და ის დღე, მას შემდეგ ნაცებისაგან, მათივე «სპონტომ» ლანძღვაში, სრული კარტბლანში მიიღო ხვლიკმა _ პრეზიდენტის ვიზიტებისას პარლამენტში ყველაზე ხმამაღლა, კუდზე შემდგარი გალსტუკიანი ხვლიკი აკრიტიკებს ხოლმე მიშიკოს, მაგრამ მამლუქის ფინალის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ:

ღმერთმა ხომ იცის, რომ არც ქრისტიანია, არც დემოკრატი და მითუმეტეს, არც ოპოზიცია, ნაცების ნასუფრალით გაქსუებული, მიშას ყურმოჭრილი მონაა მხოლოდ

ეს ისე, მცირე რეტროსპექტივა შადიმანას პირველი ნაბიჯების შესახებ ქართულ პოლიტიკაში. გნებავთ, როგორც ცხონებული შტირლიცი იტყოდა, ინფორმაცია განსჯისთვის, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომ გიორგი თარგამაძის პარტია ხელისუფლებაზე მეტის თუ არა, არანაკლები საფრთხის შემცველია.

რაც შეეხება დღევანდელობას, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ხელისუფლება და არა მხოლოდ «ქდმ», არამედ ზოგადად მთელი ფსევდოოპოზიცია სრულ პოლიტიკურ იდილიაში განისვენებდნენ და, რომ არა მოულოდნელი ელდა, სახელად ბიძინა ივანიშვილი, ერთად «ჰგიებდნენ უკუნისამდე».

ამიტომაც აეწვათ კუდები, რადგან, პირველ რიგში, ბიძინამ რაც გააკეთა, ის იყო, რომ ფსევდოოპოზიციას ჩამოჰგლიჯა ფარისევლური ნიღაბი და დროა, ალბათ, კუდზე შემდგარი ხვლიკის ჩრდილში მოქცეულ «ოპოზიციის» სხვა «ვარსკვლავებზეც» ვთქვათ სათქმელი

ხვლიკის შემდეგ, დამსახურებულ მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება «ახალ მემარჯვენეებს», რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, ნიღაბს ვინღა ჩივის, ტანსაცმელიც შემოიძარცვა, ანუ «ახალი მემარჯვენეები» შიშვლები არიან. ახლების ძველი თითლიბაზობა რომც დავივიწყოთ «რვიანში», კაცი იმას რომ მოაწერს ხელს, რომ საქართველოდან მხოლოდ 300 ათასი კაცია გასული საზღვარგარეთო, ან შიშველი გადარეულია, ან რქიანი, ანდა კიდევ რქიან-გოიმები ქართველი ხალხი ვგონივართ!

რაც შეეხება «ედპ»-ს, ერთ დროს მართლაც ეროვნულიც და დემოკრატიულიც,  ნელ-ნელა  იმდენად დეგრადირდა, რომ  მისი ახლანდელი ლიდერების _ ბაჩუკი ქარდავასა და გურამ ჩახვაძის ხელში  უკვე ანეგდოტის ჟანრშიც ვეღარ ჯდება და, როგორც იტყვიან, «გასულები არიან მომსახურების ზონიდან».

მიუხედავად ამისა, თბილისური ჟარგონით, «რეშკაზე მაინც არ ეცემა» ბაში-აჩუკი და ისეთი სლოგანი მოუგონა პარტიას, რომ, «ნუღა იტყვიო» ისეა საქმე…

 არა რუსეთს!

ამის გამგონე რუსეთმა თურმე _ ოღონდაც ეგ ბაჩუკი დამიწყნარეთო და «ნი ტო ჩტო» აფხაზეთ-სამაჩაბლოს დავუბრუნებ ქართველებს, «პახოდუ» სოჩსაც ვუფეშქაშებ «ლიჩნად» ბაჩუკასო!

იქით პარტია «ჩვენ თვითონ»-ის ლიდერი პაატა დავითაია აღნავლებულა _ მე  რა, ხვლიკზე ნაკლებად გავისაპნე თავი, ასე რომ მიმაგდეთო? და  ვიღაც ნაცმოელს გახსენებია _ ეგ ის ბიჭია, რომ თქვა: «აბა იმას ხომ არ ვიტყვი, მიშამ დაიწყო ომიო» და მთელი პარტია ვერა, მაგრამ თავად ნაპროკურორალი პაატა კი ჩააკვეხეს შადიმანას სიაში.

საღადაოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, ამიტომ სერიოზულად თუ ვიტყვით, ნაცებთან ერთად რეალური ოპოზიციის, საზოგადოებრივი აზრის სამიზნე ე. წ. ფსევდოოპოზიციაც უნდა იყოს. მათ ფეხქვეშ მიწას თუ არ დაწვავენ, როგორც მინიმუმ, დებატებში მაინც არ უნდა დაუჯდნენ «ქართული ოცნების» წარმომადგენლები.

 თორემ რა გამოდის, ბიძინა ივანიშვილმა ვისაც ხელისუფლებასთან ალიანსში დასდო ბრალი, იმასთან თუ ჯდები ეთერში, ის მაინც უთხარი, რომ ოპოზიციად არ თვლი და, როგორც ხელისუფლებას, ისე ელაპარაკე!

და არა ისე, როგორც, უკაცრავად პასუხია და, თავი წაუხარა ეკა ბესელიამ ინგა გრიგოლიას და ინგამაც ხომ იქაქანა და იქაქანა და მერე «იქანა» ისე «განაგლდა», რომ _ სოსო ჯაჭვლიანის კანდიდატურა მოხსენით და მე დამტოვეთ გლდანში მარტოო.

მაგათთან როგორ უნდა ლაპარაკი, გასულ პარასკევს «მაესტროზე» კახა კუკავამ ჩაუტარა მასტერკლასი მამუკა კაციტაძესა და გურამ ჩახვაძეს!

 შეატყობდით, ალბათ, რომ ჯერჯერობით არაფერი მითქვამს ლეიბორისტებზე და არც ვაპირებ, რადგან წაქცეულს აღარ ურტყამენ, როგორც იტყვიან, მათი გაჭირვებაც ეყოფათ

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. რაც ქუდემელებმა(ქდმ)ჩაიდინეს ღვინის,მწვადის და შოთი პურის სამშობლოში, კერძოდ გურჯაანში, არცერთ ჩარჩოში არ ეტევა…ეს აქცია კახელებისთვის ყველაზე სამარცხვინო იყო…რაც იქ ხდებოდა ენით აუწერელია,ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა ერთი შამფური მწვადის გამო,ზოგმა ყუთებით გააყოლა ხელს კიტრი და სხვა სანოვაგე…ეს ყველაფერი გურჯაანში ხდება,მემორიალზე,სადაც კახელების სიამაყე ჯარისკაცის მამა დგას,სადაც 13000-ზე მეტი მეომრის სახელი და გვარია ამოტვიფრული…ეხ, რა დრო დადგა!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here