Home რუბრიკები პოლიტიკა გეშინოდეთ დანაელების, თუნდაც ძღვენის მომტანის

გეშინოდეთ დანაელების, თუნდაც ძღვენის მომტანის

1275

არჩევნების მოახლოებასთან ერთად «ნაცმოძრაობის» საარჩევნო კამპანიამ იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ რეკორდს პროპაგანდის სფეროში მმართველი გუნდი დღეში, მინიმუმ, სამი-ოთხჯერ აუმჯობესებს. ლომის წილი კი ამ საქმეში, რა თქმა უნდა, სახელისუფლო არხებს შეაქვთ.

ასე მაგალითად: 12-საათიან «კურიერში», «ქრონიკაში» ან «მოამბეში» ვისმენთ, რომ 2012 წლის შემოდგომაზე ქუთაისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება, რომ ეს აეროპორტი ტურისტებს მაგნიტივით მიიზიდავს და მალე ქალაქი ვიზიტორებს ვერ დაიტევს… 12-დან 3 საათამდე მოსმენილი სიუჟეტისგან შოკში ვართ. მომდევნო გამოშვების შემდეგ კი ეს «შოკი» სასაცილოდ არ გვყოფნის, რადგან პრეზიდენტის ფანტაზიას საზღვარი, როგორც ჩანს, მართლა არ აქვს: 1000-ლარიანი ვაუჩერი _ გლეხებს; ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა _ ყველას; უმუშევრობის სრული დაძლევა; 2000 ახალი ტრაქტორი, კომბაინი და აგრეგატი _ სოფლებს; 500 ახალი საწარმო, იაფი დაზღვევის პროგრამა, გზები, ხიდები, წყალი თუ გაზი _ იქ, სადაც საბჭოთა პერიოდშიც კი არ იყო და ა. შ.

მოკლედ, მთელი ამ პროპაგანდის თუნდაც ერთი პროცენტიც რომ დაიჯეროს მოსახლეობამ, დამთავრებულია ყველაფერი _ ივანიშვილი და მისი რის ვაივაგლახით შეკოწიწებული კოალიცია კი არა, სამჯერ სამი ბიძინა და «ქართული ოცნება» ვერ ჩაანაცვლებს «ნაცმოძრაობის ბუღას»; დაჯერება-არდაჯერება რადგან ვახსენე, სიმართლეც უნდა ითქვას: დღესდღეობით თბილისში თუ ანტიმიშისტური ვულკანი მძვინვარებს, ფაქტია, რეგიონებში სულ სხვა ელფერი დაჰკრავს ამომრჩეველს. იმის თქმა მინდა, რომ პროპაგანდა, რომელიც დედაქალაქში მხოლოდ გაცოფებას იწვევს, მთელ რიგ სოფლებში კანფეტივითაა მოსახლეობისთვის.

 რა არის ბოლოსდაბოლოს ამის მიზეზი: ყბადაღებული ინფორმაციული ვაკუუმი თუ მართლა უანგარო სუყვარული ხალხისა «ბელადის» მიმართ? კითხვა ბუნებრივად ჩნდება. მივყვეთ მოცემული ვითარების ლოგიკას თანმიმდევრულად. მაშ ასე, «ვარდოსანთა» საარჩევნო ლოზუნგი ომახიანად ღაღადებს: «მეტი სარგებელი ხალხს», საქმეში კი ეს ყველაფერი შემდეგნაირად გამოიხატება: ვთქვათ, სამეგრელოს რომელიმე სოფელში სააკაშვილი რომ შეხვედრას აპირებს, ერთიორი კვირით ადრე, სასწრაფო წესით გზები იგება, შენობები იღებება, სკოლა რემონტდება, პოლიციის შენობა შენდება და . . ამასთან, საჯარო მოსამსახურეებს, განსაკუთრებით პედაგოგებსა და ძალოვანებს, კარდაკარ დაუვლის ხოლმე ვინმე «ნაცმოძრაობის» ნდობით აღჭურვილი «ჩეკისტი» იმის სათქმელად, რომ შეხვედრას ყოველმიზეზგარეშე უნდა დაესწრონ და სამზადისიც დასრულებულია. ამის შემდეგ «ბელადი» სოფელს ეწვევა, უაღრესად პირმხიარული დაახლოებით ერთსაათიან «ლექციას» წაიკითხავს და მერე, ის სასწრაფო წესით დაგებული გზები მეორე დღესვე აიყრება თუ კიდევ რამდენიმე კვირას გაძლებს, ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე ჰკიდია.

  ეს, რაც შეეხება ხელისუფლების მიდგომას, ხალხი კი ამ ყველაფერს შემდეგნაირად უყურებს: წინა ხელისუფლების დროს არც შუქი გვქონდა, არც ხელფასები იყო თავის დროზე და არც პენსიები, ეს დალოცვილი კი გზებსაც გვიგებს და რაიონსაც გვილამაზებსო. ლოგიკას ამგვარ დამოკიდებულებაში ტყუილად ნუ ეძებთ, იმიტომ, რომ ფაქტი ერთია _ როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სახელისუფლო პროპაგანდა, დედაქალაქისგან განსხვავებით, რიგ რეგიონებში ბასრი მახვილივით ჭრის. მარტივად რომ ვთქვათ, თავის მხრივ, არც ხალხი აქცევს დიდ ყურადღებას იმას, რამდენი კვირა და თვე გაძლებს ორ-სამ დღეში დაგებული გზები, ვინაიდან იმ ყბადაღებული ლოგიკისა არ იყოს, წინა ხელისუფლების პერიოდში მართლა არც ორ კვირაში გარემონტებული სკოლის შენობები იყო და არც ნახევარ წელიწადში აშენებული აეროპორტები. მოვლენათა უფრო სიღრმისეული ანალიზი გლეხს არც მოეთხოვება და ნურც მოვთხოვთ…

ზემოთ სამეგრელოს რეგიონი შემთხვევით არ მიხსენებია. ცნობილია, ამ რეგიონში სააკაშვილის რეჟიმი ერთი-ორად მკაცრია და, შესაბამისად, იქ ხელისუფლებას დასაყრდენიც შედარებით მეტი აქვს. შემთხვევითი როდია, რომ ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის დაფუძნებიდან დღემდე ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქსა და ადმინისტრაციულ ცენტრში გამართა აქცია, ზუგდიდის გარდა (თანაც დღემდე უცნობია თარიღი, თუ როდის ჩატარდება იქ აქცია). ბევრისთვის, ალბათ, აბსოლუტურად გაუგებარია ამ ყველაფრის მიზეზი, ბევრს კი ვერც ის წარმოუდგენია, როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანს რეჟიმის მიმართ  სიმპათია გაუჩნდეს, მაგრამ სამეგრელოში ჩასვლისთანავე ყველაფერი გასაგები ხდება. მე პირადად მშობლიურ კუთხეში, კერძოდ ზუგდიდში, ამ ზაფხულს გატარებულმა ორმა კვირამ დამარწმუნა, რომ ეს რაიონი და შესაძლოა, მთლიანად რეგიონიც, არა მარტო დაშინებული და დაშანტაჟებული ჰყავს სააკაშვილს, არამედ იმავე დროს მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის სრულიად უანგარო, ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე მოპოვებული მხარდაჭერაც გააჩნია.

აქვე მოკლედ ერთ საინტერესო დეტალსაც მოგიყვებით. მოგეხსენებათ, ზუგდიდი რომ, ფაქტობრივად, სააკაშვილის ჯიბის ქალაქია, დიდწილად სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიასა, და მისი ორი პირსისხლიანი მემკვიდრის, ბაჩო და დათა ახალაიების, დამსახურებაა. ჰოდა, «ბელადმაც» ჯეროვნად დაუფასა «მოურავს» სამსახური, რაც იმაში გამოიხატა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სწორედ როლანდ ახალაია დაასახელა. წარდგენა 21 აგვისტოს სოფელ ნარაზენში მოხდა და შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.

აი, როგორ გააშუქეს აღნიშნული შეხვედრა ე. წ. სახელისუფლო არხებმა _ კადრი: ხალხით გადაჭედილი დარბაზი, ბედნიერი სახეები; ადამიანები პარლამენტის თავმჯდომარის ხილვის გამო ემოციებს ვერ მალავდნენ და მადლობას უხდიდნენ მას ყველაფრისთვის, რაც მთავრობამ თითოეული რაიონისთვის გააკეთა. ბოლოს დეპუტატის წარდგენა და ყველანი _ ფეხზე… გამაყრუებელი ტაში და ოვაციები. მოკლედ ერთი ჩვეულებრივი «რუსთავი 2»-სა და «იმედისებური» სიუჟეტი ვიხილეთ. სინამდვილეში კი პირადად ვარ  თვითმხილველი, როგორ მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება. გეგმა ასეთი იყო: დარბაზის გავსებას დაახლოებით ათასამდე კაცი სჭირდებოდა, მაგრამ ვინაიდან ნარაზენში სულ სამი ათასამდე მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილიც თურქეთსა და საბერძნეთშია სამუშაოდ გადახვეწილი, ამხელა აუდიტორიის შეკრება ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ ხალხი სხვა რაიონებიდან ჩამოიყვანეს (სავარაუდოდ, ძალოვანები და პედაგოგები).

ამასთან, შეხვედრამდე ორი დღით ადრე, 19 აგვისტოს, ახალაიას დამქაშებმა სოფლის ყველა კუთხე და კუნჭული დაიარეს, ყველა ოჯახში შევიდნენ და, სადაც აგიტაციამ გაჭრა, აგიტაციას დასჯერდნენ, სადაც არა, ხალხს პირდაპირ ეუბნებოდნენ, არჩევნებს სხვა ძალა მაინც ვერ მოიგებს და ისე არ მოხდეს, რომ მერე ინანოთო.

დაპირებებიც უხვად იყო: გზების მოხრეშვა, ხიდების აგება, ელექტროგადამცემი ბოძების გამოცვლა თუ მიწის გადასახადის შემცირება… ერთი სიტყვით, ვის რაც სჭირდებოდა, ზუსტად ის შესთავაზეს, ოღონდ თქვენ იცით და თქვენმა ხმებმაო. რაღა დაგიმალოთ და ხალხიც მადლიერი იყო, დაშინებული, დაშანტაჟებული თუ ჭეშმარიტი მიშისტი, ყველა ერთნაირი ენთუზიაზმით შეხვდა დეპუტატის წარდგენას. მხოლოდ აქა-იქ თუ ნახავდით ადამიანს, რომელიც კითხვებს სვამდა, მაგრამ, ცხადია, მათ ამის საშუალებაც არ მისცეს.

ბევრი რაღა გავაგრძელო და რამდენიმე კვირის წინ პირადად გავხდი თვითმხილველი იმისა, თუ როგორ იყიდა ახალაიების კლანმა რეგიონის ერთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი სოფელი. იყიდა ბტყელბრტყელი სიტყვებით, დაპირებებით, პირდაპირი თუ არა, «ირიბი» ქრთამით და, რაც მთავარია, დაშინებით. იმ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას, ალბათ, არც კი აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, რომ დაპირება, რის სანაცვლოდაც ხმას იძლევიან, სხვა არაფერია, თუ არა ქრთამი. თავის მხრივ, ეს ქრთამი ზუსტად იმავე დატვირთვის მატარებელია ჩვენს დღევანდელ რეალობაში, რა დატვირთვაც და მიზანიც მითიური ტროას სამეფოს დაქცევაში დანაელების საჩუქარმა შეასრულა. სწორედ რომ ამგვარი მუხანათური «საჩუქრებით», დაპირებებითა და განცხადებებით იპყრობენ დღეს თქვენს გულებს, ძვირფასო ზუგდიდელებო, მაგრამ დამთავრდება თუ არა არჩევნები, გაიმარჯვებს თუ არა «ნაცმოძრაობა» თქვენი წყალობით და გაინაღდებს თუ არა სააკაშვილი «ტახტის დღეგრძელობას», დიდი ალბათობით, ახალაიას მიერ გაცემული ძღვენი ისეთივე უბედურებას გადაგყრით, რა უბედურებაც ტროას შეუვალ სამეფოს დამართა დანაელების მიერ ნაჩუქარმა გიგანტურმა ხის ცხენმა

  ჯაბა ჟვანია

P.S.   დასასრულს _ კიდევ ერთი რამ: ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში ხშირად მიმართავს ხოლმე პედაგოგებს, ძალოვანებს, პროკურორებს და . ., _ სანამ დროა, უარი თქვით რეჟიმის სამსახურზე, ნუ ეხმარებით სააკაშვილს გაყალბებაში, თორემ, ჩვენ რომ მოვალთ, ამას და იმას გიზამთო. იმედია, «ნაცმოძრაობის» აგენტად არ შემრაცხავენ კოალიციის მესვეურები, მაგრამ ლოგიკურად იბადება კითხვა: როცა წვრილმანი გამყალბებლების მიმართ ასეთი აგრესია უჩნდება ლიდერს, რატომაა, რომ მისი პარტიული სიის ათეულში წინა ხელისუფლებისდროინდელი ცესკოს თავმჯდომარე, გაყალბებაში ერთობ «შესაშურად» გაწაფული და დახელოვნებული ვანო კიღურაძეა? ამგვარი კითხვები უამრავია და, როცა მოსახლეობის განწყობაზე, მის დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ არსებული რეჟიმის მიმართ, ვინ იცის, იქნებ სწორედ მსგავს კითხვებზე პასუხების გაუცემლობას მიჰყავს ადამიანები უკიდურეს ნიჰილიზმამდე და უნდობლობამდე ოპოზიციური სუბიექტების მიმართ!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here