Home რუბრიკები პოლიტიკა ივანიშვილმა სააკაშვილს უკანასკნელი შანსი მისცა

ივანიშვილმა სააკაშვილს უკანასკნელი შანსი მისცა

575

«ან დღესვე ერთად ვიღებთ გადამჭრელ ზომებს და უზრუნველვყოფთ არჩევნების სამართლიანობასა და თავისუფლებას, ან ერთი თვის შემდეგ მაინც ერთად მოგვიწევს გაყალბებული არჩევნების შედეგებთან გამკლავება და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა», _ ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზა 30 აგვისტოს მიმართვიდან საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოკლედ და გასაგებად აღწერს იმ პერსპექტივას, რომელიც ქვეყანას ელოდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას არ დათანხმდება. ვინაიდან ის ამის გაკეთებას არ აპირებს, უმწვავესი პოსტსაარჩევნო კონფრონტაციის დაწყება პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს. რატომ მიმართა ბიძინა ივანიშვილმა უცხოელ პარტნიორებს და რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები 1 ოქტომბრის შემდეგ?

ესაო, ისაო, მაგრამ არაო…

ექვსი მოთხოვნა, რომლებიც ივანიშვილმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე გააჟღერა, შეიძლება საკმაოდ ზომიერად და რეალისტურად მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ქართული ოპოზიციის ძველ ულტიმატუმებს შევადარებთ, რომლებშიც საუბარი ყოვლისმომცველი სამართლიანობისა და ლამის კოსმოსური წონასწორობის მომენტალურ აღდგენაზე მიდიოდა. ივანიშვილმა კი შემდეგი რამ მოითხოვა:

1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ინიცირებით გამოტანილი ყველა ჯარიმის, ყადაღისა თუ სანქციის აღსრულება, ისე, როგორც ეს მოხდა პარტიებისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით;

2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია «ქართული ოცნების» შემოსავლებიდან და ხარჯებიდან ამოირიცხოს ის თანხები, რომელთა კავშირი კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებთან არაფრით არ არის დადასტურებული, გარდა კონტროლის პალატის ვარაუდებისა და მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებისა;

3. შეიქმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა (ამომრჩევლის 25%) მოახერხონ არჩევნებში მონაწილეობა, თუნდაც ამისათვის საჭირო გახდეს ხმის მიცემის დღის შეცვლა;

4. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყველა დაბრკოლება კერძო კომპანიების მიერ მოსახლეობაში სატელიტური თეფშების გასავრცელებლად და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამომრჩევლის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ სხვა პროექტებს, მაგალითად, ქართველი ემიგრანტების ინიციატივას; 

5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შევიდეს კოალიციის წარმომადგენელი, კომისიამ იმუშაოს ყოველდღიურ, გამჭვირვალე რეჟიმში და,  სხვა საკითხებთან ერთად, დაუყოვნებლივ განიხილოს პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნის (დაპატიმრება, სამსახურიდან გათავისუფლება, შანტაჟი) დღემდე მომხდარი ყველა ფაქტი;

6. სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული და კოალიციის მიერ გაზიარებული ქცევის კოდექსის დაცვის მონიტორინგისთვის შეიქმნას ქმედითი მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით.

«ქართული ოცნების» ლიდერმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში კოალიცია ხელს მოაწერს არჩევნების შედეგების აღიარების ვალდებულებას; მან ასევე სთხოვა დემოკრატიულ თანამეგობრობას, ზეწოლა მოახდინოს სააკაშვილის ხელისუფლებაზე, რათა ის დათმობაზე წავიდეს.

თუ ჩამონათვალს თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ის არ შეიცავს არაფერს ისეთს, რის გაკეთებაც ტექნიკურად შეუძლებელია. მართალია, ზოგიერთი მოთხოვნის შესრულებას შეიძლება შედარებით მეტი დრო ან დაინტერესებულ მხარეებს შორის დამატებითი კონსულტაციების გამართვა დასჭირდეს (მაგალითად, მეექვსე პუნქტში ნახსენები მონიტორინგის მექანიზმის შექმნას), მაგრამ კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში ეს პრობლემები იოლად მოიხსნება.

«ნაციონალურმა მოძრაობამ» ივანიშვილის ამ განცხადებას ჩვეულ სტილში უპასუხა. «ბიძინა ივანიშვილის მიერ უსაფუძვლო მოთხოვნების დაყენება გვაფიქრებინებს, რომ «ქართული ოცნების» მიზანია არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობა, არამედ არჩევნების შემდგომ არეულობის გამოწვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ «ქართულ ოცნებას», განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. მოვუწოდებთ, აღიაროს არჩევნების შედეგები, რომელიც დადასტურებული იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საერთაშორისო, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ», _ განაცხადა მმართველი პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. ცხადია, თუ ხელისუფლება, თუნდაც ნაწილობრივ,  დათანხმდებოდა ივანიშვილის მოთხოვნების შესრულებას, ის ირიბად აღიარებდა, რომ აქამდე მეტად არადემოკრატიულ პრაქტიკას მიმართავდა, თუმცა არსებობდა მოქმედების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც შეიძლება შემდეგი ფორმულის სახით წარმოვიდგინოთ: კატეგორიულად არ ვეთანხმებით განცხადების სულისკვეთებას, თუმცა, თუ ოპოზიციას რაღაც აწუხებს, დავჯდეთ და დავილაპარაკოთ საარჩევნო გარემოს შემდგომ გაუმჯობესებაზე. კონსულტაციების რეჟიმში გადასვლა, ერთის მხრივ, ხელისუფლებას დროის გაწელვის შესაძლებლობას მისცემდა და, ამასთანავე, თუ რამდენიმე კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებას დათანხმდებოდა, ამომრჩევლებს და უცხოელ პარტნიორებს თავის უკიდეგანო კონსტრუქციულობაზე მიუთითებდა კიდეც, თუმცა «ნაცმოძრაობა» სულ სხვა გზით წავიდა.

საერთოდ, დროდადრო იქმნება შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტია მომავალში გადასახლდა, 2 ოქტომბერში ცხოვრობს, მხოლოდ პოსტსაარჩევნო ბატალიებზე ფიქრობს და ვერ ამჩნევს, რა ხდება მის გარშემო. «ნაციონალების» უხეშმა უარმა გაამყარა ივანიშვილისთვის სასურველი მოსაზრება «ანტიდემოკრატიული ხელისუფლება სამართლიან არჩევნებს ეწინააღმდეგება» როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლების ასეთი რეაქცია იოლი ამოსაცნობი იყო, თუმცა მისი გამოწვევა 30 აგვისტოს განცხადებით, სავარაუდოდ, მხოლოდ თანმდევ ამოცანას წარმოადგენდა, რადგან ივანიშვილის წინაშე უფრო სერიოზული ამოცანა იდგა.

ან საქართველო, ან სააკაშვილი

აშკარაა, რომ ამ ექვსი მოთხოვნების შესრულება საარჩევნო გარემოს იდეალურს ვერ გახდის და მხოლოდ ნაწილობრივ გააუმჯობესებს მას. ამომრჩეველთა საეჭვო სიებზე, «მკვდარ სულებზე», «ნაცმოძრაობის» კამპანიაში სახელისუფლო რესურსის გამოყენებაზე და ა.შ. არაფერი თქმულა. ამის გამო ზოგიერთმა რადიკალურად განწყობილმა ოპოზიციონერმა ივანიშვილის მოთხოვნები მეტისმეტად მოკრძლებულად ჩათვალა, რადგან რესურსი გაყალბებისთვის ხელისუფლებას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი საკმარისზე მეტი დარჩება, თუმცა, შესაძლოა, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ იყო.

ხელისუფლების უარი ამ, მართლაც რომ მინიმალური, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, საკუთარ თავში შეიცავს უარს თანამშრომლობაზე დათრგუნვის სასარგებლოდ; ის ირიბად აბათილებს დასავლეთში მეტ-ნაკლებად გავრცელებულ ილუზიას, რომ არჩევნების «საყაიმო შედეგით» დასრულების შემთხვევაში სააკაშვილის ხელისუფლება პასუხისმგებლობას გამოავლენს, ოპოზიციასთან თანამშრომლობას მოახერხებს და მას ქვეყნის მართვის პროცესში, როგორც სრულფასოვან პარტნიორს, ჩართავს.

ივანიშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური ბრძოლის ხაზგასმით მშვიდობიან მეთოდებს მიმართავდა და თითქოს ეუბნებოდა დასავლეთს: «მე ვაკეთებ ყველაფერს, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს». ეს სულისკვეთება 30 აგვისტოს განცხადებაშიც იგრძნობოდა. თუმცა იქ სხვა გზავნილის კონტურებიც გაჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ გაჟღერდება: «მე გავაკეთე, რაც კი შემეძლო, მაგრამ ხელისუფლება მაინც გაყალბებაზე და (მისგან გამომდინარე) დესტაბილიზაციაზე წავიდა».

თუ «ქართული ოცნება» არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება, რას დაწერენ თავიანთ დასკვნებში უცხოელი დამკვირვებლები, გამოვა თუ არა ქუჩაში ოპოზიცია და რამდენ ხანს გაჩერდება ამის შემდეგ ავლაბრის რეზიდენციაში სააკაშვილი; როდესაც პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს ამდენი ადამიანი უჭერს, არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს, საქართველოში იქნება თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და ქვეყნის თანმდევი დესტაბილიზაცია გარდაუვალი ხდება.

რეალურად, დასავლელ (უპირველესად, ამერიკელ) პარტნიორებს არჩევანის გაკეთება ორი ვარიანტიდან უწევთ: ან აიძულონ სააკაშვილის ხელისუფლება გარკვეული წესები დაიცვას და (აქედან გამომდინარე) პარლამენტში ოპოზიციის დიდი რაოდენობით შესვლას შეეგუოს, რაც, როგორც მინიმუმი, სააკაშვილის ერთმმართველობის დასასრულს ნიშნავს, ან საერთოდ ხელი ჩაიქნიოს მასზე და რეჟიმის ოპონენტებს მის სწრაფ დასამარებაში დაეხმაროს. მესამე ვარიანტი, რომელიც ოპოზიციის ტოტალურ დათრგუნვასა და დიქტატურის დამყარებას ითვალისწინებს, სინამდვილეში არარეალურია, რადგან ამ სცენარის ფარგლებში სააკაშვილი ქვეყანას ვერ «დაიჭერს», მას ამისთვის რესურსი არ გააჩნია და არც ამერიკელებს აქვთ განსაკუთრებული სურვილი «ახალ სომოსას» უპატრონონ. თუმცა აშკარაა (და ხელისუფლების რეაქცია 30 აგვისტოს განცხადებაზე ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა), რომ დათმობებზე წასვლა, თამაშის ახალ წესებზე გადაწყობა რეჟიმის ბუნებას ეწინააღმდეგება, შესაბამისად, უფრო აქტუალური სააკაშვილთან დამშვიდობების ვარიანტი ხდება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ხელისუფლება თავისი უხეში მოქმედებით თვითონ უბიძგებს ძია სემს იმ აზრისკენ, რომ ოქტომბერში ან სააკაშვილთან, ან საქართველოსთან დამშვიდობება მოუწევს.

მთელი რიგი ფაქტებისა და განცხადებებისა ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, თუ როგორ «გაპრავდება» ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ციფრები, როგორ მოახდენენ ივანიშვილის დეპორტაციას (ფორმალური, თუმცა იურიდიული თვალსაზრისით არასაკმარისი, საბაბი ამისთვის 11 ოქტომბერს მიეცემათ), სად და როდის მოუწევთ საპროტესტო დემონსტრაციების დარბევა და ა.შ. მაგრამ ეს ყოველივე ტაქტიკური პერსპექტივაა, სტრატეგიული თვალსაზრისით კი, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ხელისუფლების შენარჩუნების თეორიულ შანსსაც კი დაკარგავს.

ძალა აღმართს ვეღარ მოხნავს

საქართველოში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანა შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარს მიუახლოვდეს, დასავლეთი იმ ქართველ პოლიტიკოსს დაეხმარება, რომელიც აჩვენებს, რომ მის უკან უფრო დიდი ძალა დგას. ჭეშმარიტების მარცვალი ამაში ნამდვილად არის, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსის უნარი _ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში კრიზისის შედეგების სწრაფი აღმოფხვრა და სტაბილურობა უზრუნველყოს. მნიშვნელობა მხოლოდ იმას კი არ აქვს, რამდენ დემონსტრანტს გამოიყვანს ქუჩაში ივანიშვილი და რამდენ ზონდერს დაუპირისპირებს მათ სააკაშვილი, ან როგორ მოიქცევიან კრიტიკულ მომენტში ჩინოვნიკები და ძალოვანები, არამედ თუ რა მოხდება ამის შემდეგ. გამორიცხული არაა, რომ გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით დასავლეთმა ივანიშვილთან თანამშრომლობა არჩიოს.

სააკაშვილის რეჟიმის ისტორია, თუ უმნიშვნელო დეტალებს მოვაცილებთ, არსებითად, ძალადობის ესკალაციისა და საზოგადოების გახლეჩის ისტორიას წარმოადგენს. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მისი მმართველობის პრაქტიკა სულ უფრო მძიმე კრიზისებს წარმოშობდა. საბოლოოდ, ცხადი გახდა, რომ მას გარდაქმნა არ შეუძლია. «მესამე სამყაროში» საკმარისზე მეტი მაგალითია იმისა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ჭკუა იხმარა, «რეჟიმის გაკეთილშობილება» შეძლო და შეცვლილი რეალობის მიმართ ადაპტირება მოახერხა, თუმცა სააკაშვილის ჯგუფი მათ რიცხვს აშკარად არ მიეკუთვნება; მის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ მოღვაწეობა სხვა პირობებში, «ნაციონალური მოძრაობის» ტოტალური დომინირების გარდა.

ბიძინა ივანიშვილი კი მთელი ამ 11 თვის განმავლობაში ცდილობდა, ქართული საზოგადოებისთვისა და უცხოელი პარტნიორებისთვის დაემტკიცებინა, რომ მზადაა კომპრომისებისთვის, როდესაც ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. რადიკალები ხშირად აკრიტიკებდნენ მას იმის გამო, რომ ზოგიერთ ეპიზოდში მისი ტონი მეტისმეტად რბილია, რომ ის ზედმეტად ლმობიერია, როდესაც რეჟიმის წარმომადგენელთა მომავალ ხვედრზე საუბრობს, თუმცა ეს იყო საფასური იმისთვის, რათა ყველა შინ და გარეთ დარწმუნებულიყო, რომ ივანიშვილი არა საზოგადოების გასახლეჩად, არამედ მის გასამთლიანებლად მოდის, ქვეყნის სტაბილურობაზე იზრუნებს და, მარტივად რომ ვთქვათ, მორიგი ნაგიჟარი ბელადი არ არის. 30 აგვისტოს განცხადება იყო ბოლო შტრიხი ამ პორტრეტისთვის, ის გამოიყურებოდა როგორც კომპრომისის მიღწევის უკანასკნელი ცდა, რომელზეც მმართველმა პარტიამ ხელი აუკრა, მაგრამ, ამავე დროს, ივანიშვილს უნდა დაემტკიცებინა, რომ ორიენტაცია კომპრომისზე მისი სისუსტის ნიშანი არ არის და, სავარაუდოდ, ამიტომ განცხადებაში მოინიშნა ზღვარი, რომლის იქითაც ის არაფერს დათმობს. ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, იყო ერთგვარი სიგნალი ოპოზიციური საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ეჭვობს, რომ 2 ოქტომბერს «ქართული ოცნება» შეიძლება გაუმართლებელ დათმობებზე წავიდეს.

აქ, ალბათ, აუცილებელია ერთი ნიუანსის დაფიქსირება: ივანიშვილის მთავარი იარაღი პოსტსაარჩევნო პერიოდში არა ხალხის ქუჩაში გამოყვანა, არამედ არჩევნების შედეგების არაღიარებაა, ეს ავტომატურად მისცემს სტარტს ჯერაც არნახული მასშტაბის საპროტესტო მოძრაობას, რომლის ფარგლებში მიტინგი თუ დემონსტრაცია ბრძოლის მხოლოდ ერთ-ერთი ფორმა იქნება. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციური საზოგადოების ნაწილში ხდება ერთგვარი «დაციკლვა» «ერთ დიდ მიტინგზე», როგორც პოსტსაარჩევნო ბრძოლის ერთადერთ შესაძლებელ ფორმაზე და ამასთანავე, ფიქსირდება მოთხოვნა მყისიერ ეფექტზე, თუნდაც ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს დაუკავშირდეს; არადა, რეალურად, პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს. ამ განწყობას, პრინციპში, ობიექტური მიზეზიც აქვს: ხალხი დაიღალა და მოუთმენლად ელის გამარჯვებას, რომელსაც ძალიან მცირე მანძილი აშორებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here