Home რუბრიკები პოლიტიკა დასაქმების ახალი პროგრამა: «ნაცმოძრაობის» პარტიულ სიაში მესამედზე მეტი უმუშევარია

დასაქმების ახალი პროგრამა: «ნაცმოძრაობის» პარტიულ სიაში მესამედზე მეტი უმუშევარია

814

სიას ვაქებდი, მეფისას,

«სისხლისა ცრემლდათხეული»,

«ვინცა ისმინოს, დაესვას

ლახვარი გულსა ხეული».

კარგად რომ დააკვირდე დეპუტატობის კანდიდატების 155-კაციან სიას, რომელიც ნაციონალბოლშევიკებმა (ნაცბოლებმა) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგინეს, პირველი, რაც თვალში გეცემა, სფინქსებივით მარადიული პარლამენტის წევრები არიან _ მიხეილ მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი, აკაკი ბობოხიძე, რომლებიც ქართული დემოკრატიზმის კოლექტიური ერთობის სიმბოლოდ ჩარიგებულან გიზაში, მეფეთა ველზე.

ცხვირმომტვრეული სფინქსებივით წვანან და მავთულხლართებზე უმეტესი ერთგულებით იცავენ ხეოფსის პირამიდის მთავარ კარიბჭეს, რომლეშიც მხოლოდ მათ შეესვლებათ.

წვანან და  ვირჩევთ.

ავირჩევთ და  ისევ დაწვებიან.

თვითონაც შეეჩვიენ და არც ჩვენ გვაწუხებს შეკითხვა _ როდემდე?

«როდემდე, როდემდე, ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამის პასუხი!»

როდემდე და იქამდე, სანამ ხეოფსის პირამიდაში განისვენებს მკვდარი სულების მიერ არჩეული ფარაონი, ბატონი ხეოფსი.

საოცარია: ცოცხალ ხეოფსზე არ ლაპარაკობენ, ხეოფსი მხოლოდ მკვდარი ახსოვთ _ მისი აკლდამისა გამო…

ჩვენც მოგვეცემა სალაპარაკო.

მანამდე კი სიას ჩავხედოთ, ისევ. ჩავხედავთ და დავრწმუნდებით, რომ მართალს ამბობს მიხეილ სააკაშვილი, როცა დაჟინებით იმეორებს _ ჩვენ სულსწრაფები, ვართ, გვეჩქარება და ყველაფერს სწრაფად ვაკეთებთო.

«ფრთები გვინდა, ფრთები!» ზოგს ღრუბელ-ღრუბელ საფრენად, როცა ირგვლივ ცა «რუსული ავიაციით არის სავსე». დასამალად: საკუთარი ძვირფასი სიცოცხლის გადასარჩენად.

ზოგს _ ციხეების ვადაზე ადრე ასაშენებლად.

ახალციხეში დამკვრელური შრომით რეკორდულ ვადებში ხომ აღადგინეს რაბათის ციხე?

აღადგინეს.

საზეიმო ცერემონიაზე, «უხვლაშქრიან» როსტომ მეფის ხსენების დღეს მიშას დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება: _ ვანო, მეც მინდა ციხე გორში! _ რომ ქართლის გულში გორისციხის ნანგრევებს მშენებელთა სოცშეჯიბრში გამარჯვებული ბრიგადები უკვე შესეული იყო.

ეგაა და გორისციხე!

«გორო, ქართლის შუაგულო,

მეთაურო ქართლისაო,

ადრე ღირსად წამებულო,

დღესაც მთქმელო მართლისაო».

(აკაკი)

ტოვებს, ტოვებს მიშა თავის კვალს, აბა, მარტო თამარის ციხეებს, თამარის ხიდებს, თამარის ეკლესიებს, თამარის წყაროებს ხომ არ ვიკმარებთ?!

პომპეუსის ხიდი მცხეთაშია, მიშას ხიდი _ თბილისში, მიშას ციხეც გვექნება გორში.

სამაგიეროდ არ გვექნება ნამუსი, რომელსაც ისე აგვხდიან, რომ ვერც გავიგებთ.

თუ უკვე მოხდა ეს სამარცხვინო ამბავი და არ გვიმხელენ?

დღეს სხვა ქარიშხლიან სისწრაფეებს ვწირავთ სიცოცხლეს: მაგალითად, დასაქმების პროგრამის ელვისებურ განხორციელებას, ანუ უმუშევრების, როგორც კლასის მოსპობას.

გაკულაკებასავითაა.

დასაქმების ახალი პროგრამა ნაცბოლების პარტიულ სიაში თავისი მასშტაბურობით სრულად არის წარმოდგენილი _ კანდიდატების ერთი მესამედი უმუშევარია: ბოტკოველი გიორგი, სამხარაძე ირაკლი, აბაიშვილი გიორგი, ჩიქოვანი მამუკა, შავლოხაშვილი რევაზ, ხაჩირაშვილი კახაბერ, ტატიშვილი გიორგი, ხვედელიანი მამუკა, ჯინჭარაძე მანანა, ცხომელიძე გელა და ასე მიყოლებით, რომელთა არც სახელები, არც გვარები, არც ბიოგრაფიები არაფერს გვეუბნება.

ელექტორატის პატივცემულო წარმომადგენლებო, დეიდებო და ბიძიებო, ჯერ კიდევ ცოცხლებო და უკვე გარდაცვლილებო, დაეხმარეთ ამ საწყალ ხალხს, მიეცით თქვენი ნამდვილი ან გაყალბებული ხმები ლუმპერპროლეტარების ამ მასას, რათა მიშამ შეძლოს მათი შრომითი წიგნაკების გახსნა პარლამენტის წევრობის აღმნიშვნელი ჩანაწერებით, აცხოვროს და აბაირამოს ჩვენს ხარჯზე, ჩვენი გადასახადებით გააზულუქოს და ახალ ჩიორებად ააჭიკჭიკოს, ახალ წიკლაურებად გამოაწრთოს ნაცბოლების აგურის ქარხანაში.

აგური ოთხკუთხა სამშენებლო მასალაა.

«გაჯავიკებად» მაინც ემუშავათ ამ დალოცვილებს ცოტა ხანს მაინც ან ხსნარის არევაში დაოსტატებულიყვნენ

პირდაპირ კანონმდებლებად მოდიან

უმუშევრების სიაა.

თუმცა უმუშევრებს გააჩნია: გრაფაში «სამუშაო ადგილი» «ბარამბოს» კანფეტებივით ლამაზად შეფუთულ დაუსაქმებელ კანდიდატურებს ჭიპჭიპა და ჭრელაჭრულა ქაღალდს თუ შემოაცლი, ბობოლა მიშისტი გამოიკლაკნება, როგორც შავ ქლიავში შემძვრალი მსუქანი მატლი.

ჭიანი სიაა!

გიორგი ბარამიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, კობა სუბელიანი, ხაჩიძე მიშა მაგარია-გიორგი, ანდრია ურუშაძე და ა. შ.

ცალკე რიგია პარლამენტის დღევანდელი უმრავლესობიდან რეკრუტირებული წევრების _ მდუმარე თუთიყუშების, (დუმილის ბიწების) რომლებსაც ვიღაცამ სამადლოდ «კნოპკაზე» თითის დაჭერა ასწავლა, თორემ ოთხი წლის განმავლობაში არც ერთ მიკროფონს მათი სუნთქვა არ უგრძვნია:

ლაშა დამენია, ელენე ჯავახაძე, ოთარ თოიძე, გოჩა კუპრავა, გიორგი ხახნელიძე, კახაბერ ანჯაფარიძე, კუკავა (ოღონდ სხვა) ზვიადი, მამუკა გაჩეჩილაძე, დავით თოდაძე, ზაზა გულიკაშვილი, დევი ოვაშვილი, გოჩა თევდორაძე, ავთანდილ სტურუა, კაკალაშვილი (წერს თუ არა ლექსებს, უცნობია) გურამი, წურწუმია (ოღონდ არა მომღერალი ლელა) თეიმურაზი, გურანდა ჯაბუა და . . და . . დანარჩენების გვარები თქვენ წაიკითხეთ იმ სიაში, რომელიც ნაცბოლებმა ცესკოში წარადგინეს.

სიაა გვარების, რომლებიც არაფერს გეტყვიან.

მექანიკური თუთიყუშების სია.

იქნებ მათ შორის არიან ანბანის შექმნის ნიჭით დაჯილდოებული მიშტოცები, მაგრამ ჩვენ როგორ გავიგოთ, რომელია მესროპი, რომელი _ აინშტაინი?

სამაგიეროდ წვრილ-წვრილი ჩინოვნიკების ვარსკვლავთცვენაა: «წვრილი და წვრილი ვარსკვლავნი დაა და ძმაა ჩემი».

წელგამართულნი მოდიან მათი საშვიდნოემბრო კოლონები. პირველ რიგებში დგანან: სტუდენტთა დასაქმების სპიკერი მარიამ საჯაია, «ნაცმოძრაობის» თავმჯდომარის თანაშემწე ირმა ნადირაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მრჩეველი კონსულტანტი სამირა ისმაილოვა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის მრჩეველი გენრიხ მურადიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი სპეციალისტი მერი კოკაია, პარლამენტის აპარატის მთავარი სპეციალისტი ქეთევან მჭედლიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი, გარდაბნის საკრებულოს წევრი გიორგი ფეიქრიშვილი, შGI მდგრადი განვითარების ინვესტიციების კონსულტანტი ლევან ქარდავა, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ომარ მეგრელიძე, «საქართველოს ფოსტის» სამმართველოს უფროსი სოკრატ მამულაშვილი და ა. შ. და ა. შ. ლეგიონია მათი სახელი.

მწყობრ კოლონებად მოაბიჯებენ საქართველოს დეპუტატობის ოლიმპიელი კანდიდატები. კაცმა რომ თქვას, მათ შორის ნამდვილი ოლიმპიელი ერთია _ გიორგი ასანიძე, დანარჩენები ქართული პარლამენტარიზმის იგავმიუწვდომელი ჩემპიონებია, რომლებიც ზუსტად ოლიმპიური ციკლით _ ოთხ წელიწადში ერთხელ ადიან პარლამენტის ოლიმპზე და დილის ცვრისა და ციური მანანის, კვირაში ერთხელ მუხუდოს ერთი მარცვლის დიეტით იხანგრძლივებენ ცხოვრებას ხალხის სამსახურში.

თანაც ქამრები წელის გაწყვეტამდე აქვთ შემოჭერილი.

ხალხის რჩეულების სიაა თავიდან ბოლომდე და 155-ვეს ნუ ჩამომათვლევინებთ!

ო, ეს რა მორიდებული ხალხი შეუტანიათ სიაში: ქართული გონის, მეცნიერების კორიფეები, მეგავარსკვლავები ნაცაზროვნების ყველა დარგისა: კობა სუბელიანი, ნუგზარ წიკლაური, დავით დარჩიაშვილი, გიორგი გაბაშვილი, პავლე კუბლაშვილი, გივი თარგამაძე (რომელიც შეთავსებით ინკარნირებული, მაგრამ ხელმოცარული ჩე გევარაა), შოთა მალაშხია და, აგრეთვე, ისინიც, რომელთა მასშტაბური აზროვნების პოტენცია ჯერ კიდევ ვერ გამოუვლენია მგრძნობიარე სენსორებით აღჭურვილ უახლეს აპარატურას…

წაიკითხეთ?

დაიბანეთ ხელი: ეს სია ნაცბოლობის ინფექციის გადამტანია.

ბოლოთქმის ნაცვლად:

ეპიზოდს, რომელსაც შემოგთავაზებთ, ზემოთ მოთხრობილთან კავშირი არ აქვს.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აღიარებული ექსპერტი და უპატიოსნესი პიროვნება შალვა მექვაბიშვილი იხსენებს:

_ 2003 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ აპირებდა ახალი პარტიის შექმნას და ერთერთი მთავარი თანადამფუძნებლობა შემომთავაზა. მაშინ სახელმწიფო კანცელარიაში საფინანსოსაბიუჯეტო სამსახურის უფროსად ვმუშაობდი. მან კარგად იცოდა ჩემი ცხოვრების წესი, ამიტომ წავუყენე პირობა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ პარტიას არ გააკარებდა ორ პიროვნებას, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვა, ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ. ესენი იყვნენ: ცნობილი კობა ბექაური, რომელმაც ფარული კამერით შალვა რამიშვილს პროვოკაცია მოუწყო, ადრე ჩემთან მუშაობდა და ვიცოდი, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა, და ყოფილი გუბერნატორი, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით მუმლაძე. ერთი მათგანი თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიას, მეორე ბიუჯეტს განაგებდა.

_ ეგენი რა შუაში არიან? _ მკითხა.

_ შუაში კი არა, თავში არიან, ჩემო მიშა, _ ვუპასუხე, _ შენ ხომ კარგად იცი, ვინც არიან!

_ ვიციო, _ გულწრფელად აღიარა, _ მაგრამ თქვენი პრინციპების კაცს ბინძურ საქმეს ვერ დაგავალებთ, რადგან მაინც არ შეასრულებთ. პოლიტიკა კი უბინძურესი საქმეა. ასეთი ხალხიც რომ მჭირდება?

_ როცა ჩემნაირი ხალხი დაგჭირდება, დამირეკე და მოვალმეთქი

დაძახების დრო, როგორც ჩანს, ჯერ არ დამდგარა.

გიორგი მეძმარიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here