Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია და ზუგდიდის სამკუთხედი

ირაკლი ალასანია და ზუგდიდის სამკუთხედი

843

პოლიტიკური ტემპერატურა სექტემბერში ზუგდიდში შესაძლოა ავადმოსაგონარ ჰომსის ტემპერატურას მიუახლოვდეს და რამდენიმე თვის წინ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება რეალობად იქცეს. ვითარებას ზუგდიდში არა იმდენად სახელდახელოდ მომზადებული ზონდერბრიგადები ძაბავენ, რამდენადაც რიგი გაუგებარი პოლიტიკური სვლების შედეგად შექმნილი ჩიხური ვითარება. დაძაბულობას ზრდის ის მომენტიც, რომ ზუგდიდში «ნაცმოძრაობის» მიერ მაჟორიტარ კანდიდატად როლანდ ახალაიას დასახელებამ მოვლენები ისე განავითაროს, ჰომსი სანატრელი გაგვიხდეს.

წინასაარჩევნო ფინიშის სწორზე ჩვენ უკვე მივიღეთ «ოცნების» მიერ დაპირებული «შუაგაკრეფილი პოლიტიკური სპექტრი». ბარიკადების ერთ მხარეს დარჩა «ქართული ოცნება», შარშან ოქტომბრიდან შესრუტული ჭრელი პოლიტიკური სუბიექტებითურთ; ხოლო მეორე მხარეს _ «ნაცმოძრაობა», სატელიტი და ფსევდოპოზიციური ძალებითურთ.

ამ მეტად პოლარიზებულ და ერთი შეხედვით შუაგაკრეფილ ვითარებაში საგულისხმოა, რომ შიდაპარტიული დუღილის პროცესის შედეგად «ქართულ ოცნებაში» ირაკლი ალასანიას ფიგურამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა.

იმ განლაგებით თუ ვიმსჯელებთ, როგორიც დღეს ზუგდიდშია, შეიძლება ითქვას, რომ ალასანიას ფიგურას «ქართული ოცნებისთვის» გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს.

საქმე ისაა, რომ ალასანიასთვის (ისევე როგორც ახალაიასთვის) ზუგდიდში არჩევნების მოგება არის პრინციპული საკითხი, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ის მოიპოვებს უპირობო საგზურს დიდ პოლიტიკაში, დამარცხების შემთხვევაში კი…

ეს ვითარება კარგად აქვთ გააზრებული როგორც «ნაცმოძრაობაში», ასევე ალასანიას მოქიშპეებს _ «ქართულ ოცნებაში», მათ შორის იმ სუბიექტებს, რომელთაც ალასანიას გაძლიერება აშინებთ და შიგნიდან ცდილობენ მის შესუსტებას. 

კონსპიროლოგიის მოყვარულები, სწორედ ამ შიშსა და ალასანიას განეიტრალების მცდელობას მიაწერენ იმ გარემოებას, რომ წინასაარჩევნოდ «ქართული ოცნების» ზოგიერთმა წარმომადგენელმა რატომღაც ზვიად გამსახურდიას ძაგება დაიწყო. მათი ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ, ვინაიდან თვითონ სამეგრელოში მაჟორიტარობის კანდიდატი არ ჰყავდათ, ყველანაირად გაეფუჭებინათ და დაეძაბათ ალასანიას ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომელთაც პირობითად «ზვიადისტებს» ვეძახით და რომლებიც ზვიად გამსახურდიას გამქილიკებელ ამ რეპლიკებს სავსებით ლოგიკურად მიაწერენ არა კონკრეტულ პერსონას, არამედ ზოგადად «ქართულ ოცნებას», მათ შორის ირაკლი ალასანიას.

გულხელდაკრეფილები არც «ნაცმოძრაობაში» მსხდარან, ზუგდიდში კენჭს  საოლქო პროკურორი, ბაჩანა და დათა ახალაიების მამა _ როლანდ ახალაია იყრის, იგი უკვე წარადგინა დავით ბაქრაძემ. ამდენად, გასაგებია, ვის მხარესაც იქნება სახელისუფლო რესურსი.

ახალაია-ალასანიას დუელის შემთხვევაში გასაგებია, რომ ორივე მხარისთვის («ქართული ოცნება»-»ნაცმოძრაობა») პრინციპული მნიშვნელობა აქვს ამ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის გაყვანას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დადებით რეზულტატს, სათვალავში მხოლოდ გამარჯვებაა მისაღები და არანაირი, თუნდაც ღირსეული, მარცხი თავის გამართლებად არ გამოდგება.

ალასანიაც  და ახალაიაც ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც სპარტელები. ისინი ამ ორთაბრძოლიდან ან ფარით უნდა დაბრუნდნენ, ან ფარზე…

ამ შემთხვევაში ფსონი განუზომლად დიდია. თუკი ბაჩანა და დათა ახალაიების მამა, ანუ «ნაცმოძრაობაში» ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სააკაშვილთან ყველაზე დაახლოებული კლანის წარმომადგენელი საკუთარ ქალაქში არჩევნებს წააგებს, მას დიდი დღე არ უწერია. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ საჭირო შედეგის მისაღებად იგი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურს, ყველა საშუალებას.

ხოლო რა რესურსებსა და საშუალებებს ფლობს ხელისუფლება, რა მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას სიხისტით სახელგანთქმული ახალაიები, ეს საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა, «ქართულ ოცნებას» ეზრუნა და ზუგდიდში მაქსიმალურად მოეხდინა ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მობილიზება, უარი ეთქვა ყოველგვარ კონიუქტურაზე და ალასანიას გარშემო დაერაზმა ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ფლობენ სიტუაციას, აქვთ ავტორიტეტი და შეუძლიათ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მობილიზება. შუის გაკრეფის თუ სხვა გაუგებარი მიზეზების გამო ეს არ მოხდა. უამრავი ასეთი ადამიანი ქართული ოცნების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ამან ამომრჩეველიც დააბნია და ზუგდიდში «ოცნების» რეიტინგიც მნიშვნელოვნად შეაფერხა.

«ქართული ოცნების» მიერ წარდგენილმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყო. მისი თქმით, მან ყველა ზუგდიდელს პირადად უნდა გააცნოს ის ორი მთავარი საკითხი, რომელთა განხორციელებაც ზუგდიდში იგეგმება «ქართული ოცნების» გამარჯვების შემთხვევაში.

«პირველი მთავარი საკითხი, რაც უნდა გაკეთდეს, ისაა, რომ ზუგდიდში ჩაიდება 100 მილიონი ლარის ინვესტიცია. განსაკუთრებით ჩვენმა აფხაზმა ძმებმა უნდა ნახონ, თუ როგორ შენდება მათი მეზობელი რეგიონი; და მეორე, ზუგდიდში უნდა გაიხსნას  რეგიონული სამედიცინო ცენტრი, რომელშიც იმუშავებენ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ცნობილი ზუგდიდელი ექიმები», _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, გავრცელებული ვერსიით, 24 აგვისტოს «თავისუფალი საქართველო» ზუგდიდში წარადგენს მაჟორიტარობის კანდიდატ ოთარ ჭითანავას, რომელიც გამორჩეული პიროვნებაა თავისი ცოდნით, პრინციპულობითა და ეროვნულობით, ამიტომაც ყოველივე ამან დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნა ირაკლი ალასანიასა და მის მომხრეებს.

ფაქტია, რომ ჭითანავას არც ის ადამიანები მისცემენ მხარს, რომლებიც, ასე ვთქვათ, «ნაცმოძრაობის» სახელისუფლო რესურსს წარმოადგენს, და არც ისინი, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერებად მოიაზრებიან. ჭითანავას ამომრჩეველი ისევ და ისევ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში უნდა ვეძებოთ. ეს კი ერთ რამეს ნიშნავს – ჭითანავა და ალასანია ერთმანეთის (და არა როლანდ ახალაიას) კონკურენტები არიან, ანუ თითოეული ხმა, რომელსაც ჭითანავა მიიღებს, არის ხმა, რომელზეც «ქართულმა ოცნებამ», გაუგებარ მიზეზთა გამო უარი თქვა.

უარი თქვა, რადგანაც, როგორც ცნობილია, ოთარ ჭითანავა თავის დროზე «ქართული ოცნების» თავმჯდომარედ მოიაზრებოდა ზუგდიდში და საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მერე, ასევე გაურკვეველი მიზეზების გამო, ვითარება შეიცვალა.

კახა კუკავამაც ბევრჯერ განაცხადა, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით ყოფილიყო შეთანხმება, მაგრამ მას არ მოუსმინეს. «საქმე მოითხოვს, ზუგდიდში ჩატარდეს პრაიმერი და, ვინც მეტ ხმას მოაგროვებს, იმან იყაროს კენჭი», _ აღნიშნა «თავისუფალი საქართველოს» ზუგდიდის შტაბის უფროსმა, ყოფილმა პარლამენტარმა გურამ (ცაცა) შელიამ, რომელიც თავდაპირველად «ქართულ ოცნებაში» იყო და აქტიურად თანამშრომლობდა კოალიციასთან. «მიზეზი მომიძებნეს, ციხეში იჯექი ორჯერო. არადა, ციხეში ორივეჯერ პოლიტიკური მოტივით ვიჯექი. მე დიდ პატივს ვცემ ირაკლი ალასანიას, ჩვენ ნათესავები ვართ. «თავისუფალ საქართველოს» მთლიანად და მის შესაძლო მაჟორიტარობის კანდიდატ ოთარ ჭითანავას გამარჯვების დიდი შანსი გააჩნიათ. ბევრი ფიქრობს, რომ ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მომხრეები «ქართულ ოცნებას» მისცემენ ხმას, მაგრამ ეს როგორ მოხდება, როცა მათ რიგებში რესპუბლიკელები არიან?! ესენი, ყველანი, ჩვენი მხარდამჭერები არიან», _ დასძინა გურამ შელიამ.

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზურაბ კვარაცხელიამ კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა:

«სამწუხაროა, რომ ზუგდიდში ოპოზიციურმა სპექტრმა ვერ მოახერხა ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შერჩევა და წამოყენება. რა თქმა უნდა, ამაში დამნაშავეა მთლიანად ოპოზიცია, მაგრამ მოდით ვაღიაროთ ობიექტურად და გულწრფელად ისიც, რომ ამაში მეტი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც თავის თავზე აიღო ვალდებულება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დაემთავრებინა საქართველოში «ვარდების რევოლუციის» შედეგად მოსული ხელისუფლების პარპაში, თუმცა ბევრი არაფერი გააკეთა, რათა ამისათვის შეესრულებინა უმთავრესი აუცილებელი პირობა _ ერთიანობა. დიახ, ერთიანობა, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტ ობიექტურ ძალთა ერთიანობითაა შესაძლებელი სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დემონტაჟი. არავისთვისაა დამალული, რომ სამეგრელო და კერძოდ, ზუგდიდი რეჟიმის მხრიდან განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იმყოფება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ოპოზიციისთვის საშური უნდა ყოფილიყო, რამენაირად ზუგდიდში მაინც მოეხერხებინა მობილიზება და ერთიანი, ყველასთვის მისაღები კანდიდატის შერჩევა-წამოყენება, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით: «ქართულმა ოცნებამ» უკვე წამოაყენა თავისი კანდიდატი ირაკლი ალასანია, ისე რომ არც სახალხო მოძრაობა «სამეგრელოსთან», არც პოლიტიკურ პარტია «თავისუფალ საქართველოსთან» და არც სხვა ოპოზიციურ ძალასთან არანაირი შეთანხმება ან კონსულტაცია არ ჰქონია.

რა თქმა უნდა, ეს იყო მათი მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული ნაბიჯი. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ამ დღეებში «თავისუფალი საქართველოს» ლიდერი კახა კუკავაც აპირებს, ზუგდიდში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინოს ოთარ ჭითანავა. ცხადია, ვერც ირაკლი ალასანია და ვერ ოთარ ჭიათანავა ხელისუფლების კანდიდატს, თუნდაც ის ოდიოზური როლანდ ახალაია იყოს, ხმებს ვერ წაართმევენ, მაგრამ ოპოზიციური ელექტორატის ხმებს ნამდვილად გაყოფენ. ეს კი, ბუნებრივია, ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.

მე რეცეპტს არავის ვთავაზობ და არც ჭკუას ვასწავლი ვინმეს, მაგრამ მოვუწოდებ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ ხელეწიფება სიტუაციის გამოსწორება, დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა. ნუ დააბნევენ მოსახლეობას და კარგად გაითავისონ თავიანთი პასუხისმგებლობის სიმძიმეც. ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცის გამოსწორება. ყველამ კეთილი ინებოს და უკანა პლანზე გადასწიოს თავისი პარტიული თუ პიროვნული ამბიციები. ყველას უნდა გვახსოვდეს სამშობლო და მისი მარადიული ინტერესები».

ასე რომ, ზუგდიდის მაჟორიტარობის მთავარ კანდიდატს, ირაკლი ალასანიას, ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. ჯერჯერობით «ქართული ოცნება», რომელსაც თავიდანვე შეეძლო ზუგდიდში მთელი ოპოზიციური ელექტორატის ერთ საარჩევნო ყულაბაში გაერთიანება ოთარ ჭითანავას, ცაცა შელიას, ზურაბ კვარაცხელიას და ბევრი სხვა ღირსეული ადამიანის გვერდით დაყენებით, რომელთაც რეგიონში წონა აქვთ და ვითარების გამოსწორება დღემდე შეუძლიათ. ამის ნაცვლად ზუგდიდში მივიღეთ ალასანია-ახალაია-ჭითანავას სამკუთხედი, ვითარება, როდესაც ორმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ხმები ერთმანეთს უნდა წაართვან, ხოლო შექმნილ გაუგებრობაში ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ხელისუფლების კანდიდატი როლანდ ახალაია უმტკივნეულოდ მოიგებს.

ძალაუნებურად ეს ვითარება სწორედ «ნაცმოძრაობის» წისქვილზე ასხამს წყალს და აძლიერებს მხოლოდ ახალაიას პოზიციებს. რაც შეეხება ალასანიას, რჩება შთაბეჭდილება, რომ ის დუღილის ეპიცენტრში შეაგდეს, სასწორზე დადეს ამ პერსპექტიული პოლიტიკოსის მომავალი, ვინაიდან ზუგდიდში მისი დამარცხება, სავარაუდოდ, მძიმე შედეგით დასრულდება, პოლიტიკური პერსპექტივის თვალსაზრისით.

ფრიად დასანანი იქნება, თუკი ზუგდიდის სამკუთხედი ირაკლი ალასანიასთვის ბერმუდის სამკუთხედად გადაიქცევა, სადაც დიდი წყალწყვის გემებიც კი უგზო-უკვლოდ ქრებიან. არადა, ვითარების გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება, «ქართულ ოცნებასა» და ირაკლი ალასანიას ჯერ კიდევ აქვთ შანსი, მოახდინონ ზუგდიდში ოპოზიციური ელექტორატის კონსოლიდირება და მოიპოვონ გამარჯვება, რომელიც ალასანიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აძლევს გარანტირებულ საგზურს დიდ პოლიტიკაში.

ლადო ქირია,
ზუგდიდი

1 COMMENT

  1. მინდა რომ უკრაინა გაბრწკინდეს ამას გულით ვაბობ რადგან საქართველოს შემდეგ ეს ქვეკანაა მეორეა რომელიც ძალიან მიკვარს და საქართველო კოველთვის გრძნობდა უკრაინის თანადგომას გაჩირვების ჟამს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here