Home რუბრიკები პოლიტიკა ჰანს ვან ბალენი: «ვარდების რევოლუცია» უფერულდება

ჰანს ვან ბალენი: «ვარდების რევოლუცია» უფერულდება

800

მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ საკუთარი თავის გასამხნევებლად «ხალხის მასების» წინაშე სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის გაღვიძებული და მოძალებული ინსტიქტებით იწყებს ყელყელაობას _ ისღა მაკლია, ჩემი აშენებული ქვეყანა ამათ გადავაბაროო, ხან იმას ყვება, თუ როგორ დაფრთხნენ ათეულობით «ბეტეერზე ამხედრებული» რუსი ჯარისკაცები საქართველოსთან გაიგივებული მისი სახელის ხსენებაზე და ფოთის კარიბჭიდან უკანმოუხედავად გაბრუნდნენ, ევროპარლამენტარი ლიბერალი, ჰოლანდიელი ჰანს ვან ბალენი European Voice.comში აქვეყნებს წერილს, რომელშიც ამტკიცებს, რომ «საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს დემოკრატიას თითქოს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება». ეს «თითქოს» სტატიაში თანდათან უფერულდება, როგორც . . რევოლუციის . . ვარდები.

რევოლუციებს ერთი საძაგელი თვისება აქვს, _ წერს ავტორი, _ მათ სიტუაციის წარსულ პოზიციებზე დაბრუნება ახასიათებს. ეგრეთ წოდებულმა არაბულმა გაზაფხულმა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინათ ასეთი იმედისმომცემი იყო, იმედგაცრუება და წუხილი დატოვა. 2004 წლის უკრაინის «ნარინჯისფერმა რევოლუციამ» უარი უთხრა ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას, თუმცა დღეს ის ძლევამოსილი პრეზიდენტია, ხოლო მისი მთავარი ოპონენტი იულია ტიმოშენკო, 2004-05 წლების გარდაქმნების სიმბოლო, ციხეშია…

საკუთარი ხიბლი «ვარდების რევოლუციამაც» დაკარგა. სააკაშვილის თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო გახლეჩილია, მისი დემოკრატია კი _ კიდევ უფრო მოწყვლადი, ვიდრე ოდესმე ამ ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში. სააკაშვილის პერსონალური ინსტიქტები კი თითქოს სულ უფრო ავტორიტარული ხდება.

ოქტომბერში საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს – მალევე მას შემდეგ, რაც არჩევნები ჰოლანდიაში, ჩემს ქვეყანაში, ჩატარდება. მაგრამ იმ თვალსაზრისით, თუ რა დევს სასწორზე, ამ ორ ქვეყანას შორის შეიძლება დიდი სხვაობა იყოს. ჰოლანდია, ჩვეულებრივ, შეთანხმებულ კოალიციებს ირჩევს, რაც ზოგჯერ მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს აერთიანებთ. საქართველო კი მკვეთრად პოლარიზებულია და არ იქნება გაზვიადებული, თუ ვიტყვით, რომ ამ არჩევნებს შეუძლია ქვეყნის ისედაც მყიფე დემოკრატიის როგორც კონსოლიდაცია, ასევე დანაწევრება.

მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ დამდეგ არჩევნებს შორის არის ის, თუ რამდენად მაღალია საქართველოში პერსონალიებზე აქცენტის ხარისხი. არ მიმდინარეობს, ფაქტობრივად, არანაირი დისკუსია პოლიტიკურ პროგრამებზე, ამ პროგრამების მემარცხენე ან მემარჯვენე ხასიათზე. პოლიტიკური დისკურსი დიდწილად საქართველოს საგარეო ურთიერთობების თემით შემოიფარგლება და მას ფონად სააკაშვილის რუსეთისადმი ზიზღი გასდევს.

პერსონალიებზე ფოკუსირება უდავოა, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის დომინირება პირველად დგას ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია «ქართული ოცნება» სულ უფრო სერიოზულ საფრთხეს უქმნის სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას. და იმის გამო, რომ სააკაშვილმა იცის, რომ არცთუ დიდი მიღწევები აქვს, რომლის გამოც შეუძლია შემდგომი მხარდაჭერა მოითხოვოს, იგი ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებზე გადავიდა. შეგიძლიათ ამას უწოდოთ «ივანიშვილიფიკაცია».

ყოველთვის, როცა ივანიშვილს ახასიათებენ, დასავლურ გაზეთებშიც კი, მის მილიარდერობაზე ისე წერენ, თითქოს წარმატება სალანძღავი სიტყვა იყოს, სიმდიდრე კი _ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეუსაბამო. სააკაშვილი მუდმივად გმობს ივანიშვილის მიერ დაქირავებულ კონსულტანტებს, რომლებიც ცდილობენ, ხაზი გაუსვან ქვეყნის მომავალზე «ქართული ოცნების» ალტერნატიულ ხედვას, და ცდილობს იმ ფაქტის მიჩქმალვას, რომ სააკაშვილის მთავრობას  ქართველ გადამხდელთა დიდი თანხები აქვს დახარჯული პირადად მისი და მისი მთავრობის რეკლამირებისთვის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, მათ შორის, კრემლთან პიარომში 2008 წლის რუსეთსაქართველოს კონფლიქტის შემდეგ.

პერსონალური თავდასხმები პოლიტიკას ახასიათებს, თუმცა თავდასხმები, რომლებიც «ქართული ოცნების» წინააღმდეგაა მიმართული, სცდება დემოკრატიაში მიღებული წესების საზღვრებს. ადგილი აქვს «ქართული ოცნების» ელექტორალური პერსპექტივის შერყევის სისტემატურ მცდელობას  სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით, პრესის მანიპულაციითა და დაშინებით.

როგორც ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების გლობალური ოჯახის, საერთაშორისო ლიბერალების პრეზიდენტი, მე ვაცხადებ, რომ კოალიცია «ქართული ოცნების» ორი პარტია საერთაშორისო ლიბერალების წევრია. მაგრამ როგორც ყველა დემოკრატს, მე მჯერა, რომ დემოკრატია თავისთავად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პარტია ან მოძრაობა. ქართველებს სჭირდებათ სტაბილური, სამართლიანი და კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რომელშიც ისინი შეძლებენ თავიანთ მომავალზე თავისუფალი არჩევანის გაკეთებას.

თუმცა ეს, როგორც ჩანს, ნაკლებსავარაუდოა. საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის სიმწვავეს სულ უფრო ხმამაღლა აკრიტიკებენ წამყვანი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სულ ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ნათელს ჰფენს საქართველოში არსებულ სერიოზულ პრობლემებს. ევროკავშირმაც კი, რომელსაც პირდაპირი საუბარი არ ახასიათებს, გააფრთხილა სააკაშვილი, რომ ელოდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, და ხაზი გააუსვა იმას, რომ ეს, უწინარეს ყოვლისა, მისი პასუხისმგებლობაა.

ისეთი ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა, ერთ ღამეში მტკიცე დემოკრატიას ვერ მივიღებთ. მაგრამ ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განუმარტოს თბილისს, რომ საქართველოსადმი მისი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებაზე და არა მის შესუსტებაზეა დამოკიდებული. პოლიტიკა საქართველოში და, მით უფრო, დებატები, რომლებიც ევროპაში საქართველოს პოლიტიკასა და პოლიტიკურ პერსონალიებზე გვაქვს, უნდა გასცდეს პირად მტრობას, ერთმანეთისთვის ტალახის სროლას და წარიმართოს მომავალზე ორიენტირებული მოწიფული დისკურსისკენ. საქართველო ბევრი საშინაო და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ქართველებს არ აქვთ უფლება, საფრთხე შეუქმნან დემოკრატიას.

ჰანს ვან ბალენი,

ევროპარლამენტის ლიბერალი

ჰოლანდიელი წევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here