Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: ივანიშვილის «ოცნებას» 30 პროცენტზე მეტს არ დაუწერენ

პეტრე მამრაძე: ივანიშვილის «ოცნებას» 30 პროცენტზე მეტს არ დაუწერენ

724

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პარლამენტის ფრაქციის «ერთობა სამართლიანობისთვის» წარმომადგენელი პეტრე მამრაძე.

_ ბატონო პეტრე, 2008 წლის აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, ერთი კვირაა, სახელისუფლო არხებიდან პროპაგანდის ნიაღვარი მოედინება. ბრალდებები, ძირითადად, იმ პოლიტიკოსების მისამართით ისმის, რომლებიც თვლიან, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ხელისუფლების ეს პოლიტიკა და საერთოდ, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია მმართველი გუნდის დღევანდელი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში?

_ ხელისუფლების პროპაგანდა სხვა არაფერია, თუ არა ბინძური პოლიტიკური თაღლითობა, ვინაიდან მმართველი გუნდი საბოლოოდ გადაგვარდა ხაზინის ქურდების ავტორიტარულ რეჟიმად, რომელიც ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს, ძალადობას და სიცრუეს. სხვა დასაყრდენი სააკაშვილს საქართველოში არ აქვს. რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, მე ამ თემაზე წიგნი დავწერე _ «აბსურდული ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო» და იქ მომყავს უწმინდესის სიტყვები: «ეს (ომი იგულისხმება) არ უნდა მომხდარიყო, შეიძლებოდა არ მომხდარიყო. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ აგვერიდებინა თავი ამ მოვლენებისათვის. გემი როცა მიდის ზღვაში, კაპიტანმა უნდა იცოდეს, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით ამ კედელს. ღმერთმა მოგვცეს ძალა და სიბრძნე, რომ ასეთი უაზრო ომები აღარ იყოს…»

ზუსტად იგივე ბრძანეს ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმაც, ანუ ვითარება როგორია, _ რუსეთი დღესდღეობით რანაირიცაა, ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვენისთანა მცირე სახელმწიფო მოსახლეობით, ფართობითა და, შესაბამისად, ყველა თავისი საშუალებით ვერ შეცვლის. ის კი არა, წამყვანი ექსპერტები, მათ შორის ქართველებიც, მაგალითად, გეგეშიძე და სხვები, სამართლიანად აღნიშნავენ, რომ დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც ოპერატიულად, სწრაფად შეცვლის რუსეთის მოქმედებას, ვინაიდან მას გააჩნია თერმობირთვული იარაღის სრული არსენალი და შეუძლია ნახევარი საათის განმავლობაში მოსპოს არა მარტო ამერიკა, არამედ გაანადგუროს მთელი მსოფლიო. გარდა ამისა, რუსეთი არის ყველაზე დიდი ექსპორტიორი გაზისა და ნავთობის, ასევე იარაღის. რუსეთზეა დამოკიდებული, როგორც ამერიკელები აღნიშნავენ, ბირთვული იარაღისა და მასალების გავრცელება მსოფლიოში და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. შესაბამისად, ეს არის რეალობა, რომელიც უნდა გაითვალისწინო, როგორც მოცემულობა, რომელსაც ვერ შეცვლი, და მთავრობა ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი, რომ გადაარჩინოს სახელმწიფო სუვერენობის ხელყოფისგან, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისგან, მსხვერპლისგან და ა. შ.

_ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ხელისუფლება, ფაქტობრივად, ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ კონფლიქტში რუსეთი, როგორც მხარე, არ ჩაებმებოდა. თქვენი აზრით, რის საფუძველზე შეიძლებოდა სააკაშვილსა და მის გარემოცვას ეს რწმენა გასჩენოდა?

_ ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, როცა მავნე საბავშვო ბაღი აყოლილია იმას, რაც თვითონ უნდა, რომ დაიჯეროს. გავიხსენოთ სააკაშვილის გამოსვლები ომამდე. 2007 წლის დეკემბერში, სტუდენტებთან შეხვედრაზე, მან განაცხადა: «ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში ეს არის მართლაც კვირების ან თვეების საკითხი». იმავე 2007 წლის დეკემბერში მან ასევე განაცხადა: «ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე. რუსებსაც წამოსცდათ რამდენიმეჯერ, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ…» ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ, რომელმაც დაიჯერა, რომ მოსკოვმა საბოლოოდ ხელი აიღო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე, განსაკუთრებით კი ცხინვალზე, ირწმუნა საკუთარი ძლიერება და ჩათვალა, რომ მას უკვე ხელს არავინ უშლიდა. სააკაშვილმა ვერ დაინახა ქვეყნის წინაშე არსებული რეალური საფრთხეები და არა თუ ვერ შეძლო ამ საფრთხეების თავიდან აცილება, არამედ, როგორც დასავლელი პოლიტოლოგები სრულიად სამართლიანად აღნიშნავენ, ამ ხაფანგისა და ორმოს დიდი ნაწილი, რომელშიც ჩავარდა საქართველო, მან თვითონ ამოთხარა.

_ ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ საომარ მოქმედებებს ვაშინგტონმა აუნთო მწვანე შუქი. რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ეს მოსაზრება?

_ არანაირი რეალური საფუძველი, რომ შეერთებულ შტატებს დავდოთ ბრალი კონფლიქტის დაწყებაში, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, 2008 წელს სააკაშვილის გარემოცვაში მთლიანად დომინირებდნენ ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ მას, რომ, რა თქმა უნდა, ომის დაწყება შეიძლება და რუსები განზე გაიწევიან. მათ შორის ისეთი ხალხიც იყო, რომლებიც ცოტა ხნით ადრე, სანამ თანამდებობაზე დაინიშნებოდნენ, ყვიროდნენ პირდაპირ: გიჟია ეს სააკაშვილი, დაღუპავს საქართველოს, ომს დაიწყებს ან აფხაზეთში, ან სამაჩაბლოშიო. აი, სწორედ ამ გარემოცვამ დაარწმუნა იგი ომით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობაში, თორემ თვითონ სააკაშვილს შეიძლება ვერც გაებედა ცხინვალში შესვლა.

რაც შეეხება გამართლებას, არასრულწლოვანიც რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ასეთ უხეშ შეცდომას მაინც ვერავინ გაამართლებს, იმიტომ, რომ, როცა ძირძველ ქართულ ქალაქს, ცხინვალს, რომელიც, მოგეხსენებათ, ქრცხინვალადაა წოდებული ვახუშტი ბაგრატიონთან და სვეტიცხოვლის ყმების დასახლების სახელითაა ცნობილი უძველესი დროიდან, გრადებს დაუშენ, როცა ადგილს, სადაც ჩვენი სისხლი და ხორცი ცხოვრობს, მიწასთან გაასწორებ და ამ დროს ორი დღე იმის მეტი არაფერი გვესმის, ავიღეთ და ვაკონტროლებთო, რამე ახსნა ამას არ შეიძლება ჰქონდეს. არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ: ეს არის დანაშაული, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რაზეც ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს…

_ როცა საუბარია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე, ექსპერტთა და პოლიტიკოსთა მოსაზრებები, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ განუხრელად უნდა გააგრძელოს პროდასავლური კურსი, ხოლო ზოგი ფიქრობს, რომ მოსკოვთან საერთო ენის გამონახვის გარეშე ჩვენ, უბრალოდ, პერსპექტივა არ გვაქვს. თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხზე?

_ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, წლებია, დღენიადაგ გვეუბნებიან, დაალაგეთ ურთიერთობა რუსეთთან, აღადგინეთ მასთან კეთილმეზობლობა, როგორც ადრე იყო და მხოლოდ ამის კვალობაზე შეიძლება ფიქრი თქვენს გაწევრიანებაზე დასავლურ სტრუქტურებში. ობამამ ეს, მოგეხსენებათ, განაცხადა საჯაროდ და მაშინვე პუბლიკაციების მთელი ნაკადი გაჩნდა დასავლეთში, რომ არც ერთი ქვეყანა, რომელიც თავის პოლიტიკასა და პიარს აგებს რუსეთთან კონფრონტაციაზე, არც კი იფიქრებს ნატოსთან დაახლოებაზე ან, მით უმეტეს, ალიანსში შესვლაზე. ანუ ვთქვათ ის, რაც სინამდვილეა. ამას ითხოვს საქართველოსგან მთელი დასავლეთი და ამიტომაც გვაფრთხილებდნენ ამდენი წლის განმავლობაში დაჟინებით: თქვენ გამო არა თუ ომს არ დავიწყებთ ამ უდიდეს სახელმწიფოსთან, არამედ ურთიერთობასაც არ გავიფუჭებთო.

თქვენ იცით, რომ 2008 წლის შემდეგ კრემლის ურთიერთობა ამერიკასთან და ევროპასთან მკვეთრად გაუმჯობესდა. მეტიც, 2010 წლის 8 აგვისტოს, ომიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, ერთად ატარებდნენ სამხედრო წვრთნებს რუსეთი, შეერთებული შტატები და კანადა, რაც არ მომხდარა ისტორიაში. გაგახსენებთ იმავე ნიკოლა სარკოზის მიერ თავისუფლების მოედანზე გაკეთებულ განცხადებას: რუსეთი არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორიო… სხვათა შორის, ამის შემდეგ მან ერთ-ერთ პუბლიკაციაში ახსნა, რატომაა ეს ქვეყანა საფრანგეთისთვის მეგობარი და ხაზგასმით განაცხადა: ძალთა ბალანსი მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევრაზიაში ისეთია, რომ, თუ რუსეთი და საფრანგეთი ერთად არ იქნებიან, სტაბილურობა არ იქნებაო. აი, ამ ყველაფრის ფონზე იმაზე ლაპარაკი, რომ თუნდაც იოტისოდენა ნდობა გაუჩნდება დასავლეთის რომელიმე ლიდერს საქართველოს იმ მთავრობის მიმართ (სააკაშვილზე საერთოდ საუბარიც აღარაა), რომელიც მუდმივ კონფრონტაციაში იქნება მოსკოვთან, არის აბსურდი და ისეთივე განუხორციელებადი პოლიტიკა, როგორც ამათი ოცნება, ქვეყნის ნატოში შეყვანასთან დაკავშირებით…

_ ამ ხელისუფლების პირობებში რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება?

_ პრობლემა მარტო ხელისუფლებაში არ არის, აქ ბევრად უფრო მასშტაბურად დგას საკითხი. ლაპარაკია იმაზე, რომ მმართველ გუნდთან ერთად ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს პოლიტიკა და მიდგომა მთლიანად რიგ საკითხებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთთან მიმართებაშიც. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამ ხელისუფლების პირობებში რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სანამ სააკაშვილი იქნება ქვეყნის სათავეში და სანამ მისი შეხედულებებით, მისი პოლიტიკური კურსით იმართება ქვეყანა, ამის შანსი, გნებავთ, თეორიული და მით უმეტეს პრაქტიკული ნულია. ფაქტობრივად, გამორიცხულია, ვინაიდან ამ ხელისუფლებას უკვე არც რესურსი და, რაც მთავარია, არც ნება არ გააჩნია საამისოდ.

_ დღევანდელ ვითარებაში ომის განახლების საფრთხე თუ არსებობს?

_ მცირე, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრთხე მაინც არსებობს. ახლა რას ვგულისხმობ, თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლებას დღესდღეობით ნამდვილად არ სჭირდება საომარი მოქმედებები, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოში მან, ფაქტობრივად, დაასრულა საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტი, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვერ გავთვლით იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. მაგალითად, ვთქვათ, სააკაშვილმა რომ დაინახოს, აგებს ყველაფერს და მის რეჟიმს მხოლოდ დღეები აქვს დარჩენილი, რა, არ შეიძლება, გასცეს ბრძანება და დაარტყას კონფლიქტურ რეგიონებს?! ჩემი აზრით, ასეთი რამ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმის თავკაცების, სააკაშვილისა და მისი ჯგუფის უგუნური, ავანტიურისტული მოქმედების გარეშე არაფერი მოხდება…

_ დასასრულს, მოახლოებულ არჩევნებზეც გკითხავთ, საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. თქვენ რას ფიქრობთ?

_ იმის მიუხედავად, რომ აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული და თავიდან ბოლომდე ერთი პოლიტიკური გუნდის, ამ შემთხვევაში, «ნაციონალური მოძრაობის» ინტერესებს მორგებული, მე მაინც მჯერა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარდაუვალია…

_ დავაკონკრეტოთ, არჩევნების გზით მიგაჩნიათ შესაძლებლად?

_ არა, პროტესტების გარეშე ეს ვერ მოხერხდება და გეტყვით, რატომ, _ კატეგორიულად დგას ეს ჯგუფი, ავტორიტარულ-კლეპტოკრატული რეჟიმის თავკაცები იმ პოზიციაზე, რომ ივანიშვილის «ოცნებას» 30 პროცენტზე მეტს არ დაუწერენ. ბოლოს ასეთი ინფორმაცია სანდო წყაროსგან მივიღე სამი კვირის წინათ; შემხვდა ერთი ადამიანი არაფორმალურ ვითარებაში და მითხრა: გუშინ მომიწია სუფრაზე ყოფნა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და არხეინად არიან, 30 პროცენტზე მეტს არ მივცემთო. ახლა რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უკვე აამოქმედა გაყალბების მთელი რიგი მექანიზმები და ამასთან, მას უკვე მობილიზებული აქვს ადმინისტრაციული რესურსი; ერთი სიტყვით, ეს ყმაწვილები ამჟამად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, ვინაიდან კარგად იციან, რომ, თუ ძალაუფლება ვერ შეინარჩუნეს, ნებისმიერი მათგან დამოუკიდებელი სასამართლო დაასაბუთებს მათ დანაშაულებებს და უვადო პატიმრობა არ ასცდებათ. ამიტომაა, რომ ახლა ესენი ფსონზე დებენ ყველაფერს, არამარტო შავ ფულს, ე. წ. ობშიაკს, არამედ, რომ დასჭირდეთ, სახლიდანაც გამოიტანენ…

_ თქვენ თქვით, რომ პროტესტის გარეშე არსებული რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია. თუკი მოსახლეობა ქუჩაში გამოვა, რამდენად დიდია ალბათობა, რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს?

_ მეტსაც გეტყვით, მაქვს ინფორმაცია, რომ სრულ მზადყოფნაში ჰყავთ სპეცდანიშნულების რაზმები, ცალკე თავდაცვის სამინისტრო და ცალკე პოლიცია, თუმცა ბოლომდე მათაც არ ენდობიან, ამიტომ ძირითადი აქცენტი კეთდება ზონდერბრიგადებზე. ეს ზონდერრაზმები _ ბასიშვილი, რურუა და სხვები, ყველაფერზე არიან წამსვლელები… ესაა ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი, მაგრამ მათ არ ესმით ერთი რამ, ის, რაც ტალეირანმა უთხრა ნაპოლეონს: ხიშტი ძალიან კარგი და ეფექტიანი რამაა, მაგრამ მასზე დიდხანს ჯდომა შეუძლებელიაო. ამით რის თქმა მინდა, როგორც კი მეტ-ნაკლებად მასობრივად სისხლი დაიღვრება ქვეყანაში, რეჟიმის რღვევა გარდუვალია და, სხვათა შორის, ეს რღვევა უკვე დაწყებულია. მე ზუსტად ვიცი, რომ ძალოვან სტრუქტურებში, მინისტრის მოადგილეების დონეზე, არაერთი ოჯახი მუდმივად უკავშირდება თავის ნათესავებს, რომლებიც არიან «ოცნებაში» და ეუბნებიან, რამე რომ იყოს, ჩემს ძმას, ჩემს შვილს, ქმარს ხომ არავინ ერჩის? ანუ ამ გარანტიებს უკვე ეძებენ და ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება სერიოზულადაა შერყეული.

 ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ ელემენტარული პოსტულატია, _ როგორი რეჟიმიც უნდა იყოს, როგორც კი მოსახლეობის უმრავლესობა აქტიურად ადგება ამ რეჟიმის წინააღმდეგ, მისი დღეები დათვლილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მას გარედან დაიცავენ, თუმცა ასეთი დამცველი მიხეილ სააკაშვილს დღეს არავინ ჰყავს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ბატ.პეტრე,ეს %-ბი,"ზევიდან,ყუფარაძემ"დაგირეკათ,თუ თქვენი "პატრიოტული სულისკვეთებით"დაასკვენით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here