Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ჯაჭვლიანი: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქ უნდა გაიმართოს მეორე ნიურნბერგის პროცესი

სოსო ჯაჭვლიანი: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქ უნდა გაიმართოს მეორე ნიურნბერგის პროცესი

787

მოახლოებულ არჩევნებზე, ხელისუფლების მიერ ქართული ოცნების მიმართ განხორციელებულ ქმედებებსა და მომავალში შესაძლო პროვოკაციებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი.

_ ბატონო სოსო, რამდენიმე დღის წინათ, ერთერთ გამოსვლაში სააკაშვილმა თავის ოპონენტებს ასე მიმართა: მეტი საქმე არ მაქვს, ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადმოგაბაროთო. ცხადია, რომ ხელისუფლება რამე კომპრომისზე წამსვლელი არ არის. რა შეუძლია დღეს ოპოზიციას და საზოგადოებას მას დაუპირისპიროს?

_ ამასწინათ «მეცხრე არხზე» ერთ-ერთ გადაცემაში საუბარი იყო თვითმფრინავის ფენომენზე ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში, ანუ იმაზე, თუ როგორ გადაფრინდა გმირი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თბილისიდან ფოთში, როგორ ემალებოდა იგი ღრუბლებში რუსულ ავიაციას და ა. შ. ახლა რატომ გიყვებით ამას, როცა საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება დაუპირისპიროს ოპოზიციამ ამ ნაძირალა ხელისუფლებას, ყველაფერი ნათელია, აი, ზუსტად ამ მიუჰაუზენური ენით უნდა ველაპარაკოთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობას, რომ ეს არის გიჟი, ჩამოყალიბებული შლეგი და, უბრალოდ, არ შეიძლება ასეთ არანორმალურს სერიოზულად ელაპარაკო; აზრიც არ აქვს ამას, იმიტომ, რომ ამათ შეყრილი აქვთ ისეთი სენი, რომლის განკურნებაც შეუძლებელია. ასეთ დროს კი, ხომ იცით, რას აკეთებს მედიცინა: ან ხდება ქირურგიული ჩარევა და აცილებენ იმას, რაც ზედმეტია, ან იღუპება ავადმყოფი…

_ ხელისუფლება მთავარ აქცენტს ძალაზე აკეთებს. მაქსიმალურად მობილიზებულია პოლიცია და ცნობილია, რომ წვრთნიან სპეცდანიშნულების ახალ რაზმებს. ამისთვის რამდენად ხართ მზად?

_ სერიოზული ეჭვები არსებობს და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ე.წ. ზონდერრაზმები, რომლებსაც ხელისუფლება ახლა ინტენსიურად აყალიბებს, ძირითადად, დაკომპლექტებულია მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ადამიანებით. გათვლა მარტივია _ რეჟიმს უცხოელი უფრო აწყობს იმიტომ, რომ მან იცის, საჭიროების შემთხვევაში, ის ვიღაც გადამთიელი თვალს არ დაახამხამებს, ისე გაგხვევს ცეცხლის ალში. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება უკვე ღიად მიდის პროვოკაციაზე, ვინაიდან სხვა გზა მიხეილ სააკაშვილს აღარ დარჩა.

ახლა რაში სჭირდებათ საბოლოოდ ეს პროვოკაცია და არეულობა: ყველაფერი ნათელია. მაგალითად, მე და თქვენ რომ ხალიჩაზე ვხვდებოდეთ ერთმანეთს, სანამ ოფიციალურად გამოვალთ, მანამდე თუ დავეჯახებით, იქ ხომ არ გამოჩნდება, მსაჯობა როგორი იყო, შენ უფრო მაგარი იყავი თუ მე, რამდენად სუფთად ვიბრძოდით და ა. შ. აი, ზუსტად ამას «ჩალიჩობენ» ესენი _ როგორმე ხალიჩამდე არ უნდა მივიდეთ. ამისთვის დაარბენინებენ ამ ე.წ. ზონდერჟურნალისტებსაც, მაგრამ, ამის მიუხედავად, მე ვამბობ, ყველაფერს აქვს საზღვარი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, მთელი ეს სიბინძურე, ეს პროვოკაციები და აღვირახსნილობა, რასაც ხელისუფლება კადრულობს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, თვითონვე მიუბრუნდებათ ერთი-ორად.

_ რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? მოსახლეობა დაშინებულია. იმავე  ზონდერჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, სახლებში აკითხავენ მოქალაქეებს და ატერორებენ

_ ჩვენთვის ცნობილია ეს ყველაფერი დეტალურად. თითოეულ ფაქტზე, თითოეულ შემთხვევაზე გვაქვს ინფორმაცია. მეტსაც გეტყვით, ახლახან მამიდაშვილმა დამირეკა მესტიიდან და მაცნობა, თურმე იქაურ გამგეობაში ვიღაც დაინტერესებულა, კვირიკობაზე სვანეთში რომ ვიყავით ჩასული, რატომ მოინახულეს ჩემმა შვილებმა მამიდაჩემი. ხვდებით, რა დონის თახსირებზეა საუბარი?! კაცი ამას რომ იკადრებს, იმას რა უნდა ელაპარაკო საერთოდ. მე ყველგან, ყველა შეხვედრაზე ვამბობ ამას. ასევე მინდა, ვთქვა მესტიაში მცხოვრები ჩემი ახლობლების გასაგონად: ვინც რამე ზეწოლას მიიღებს და ამაზე რეაქცია არ ექნება, ის არაკაცია. რა ტერორზეა საუბარი ბოლოსდაბოლოს, ჩვენ რა, კაცები არ ვართ?! ამათზე ნაკლები მკლავი გვერჩის, თუ როგორაა? სადაა ღირსება, თავში «დუბინკას» რომ გიბრახუნებს ვიღაც ნაძირალა, გაუქანე და ჩამოუღე თავ-ყბა, მაგის დედაც ვატირე…

_ ნებისმიერი ფორმით წინააღმდეგობის გაწევა რა შედეგით მთავრდება, არაერთხელ ვნახეთ, _ «ურჩ მოქალაქეს» გარანტირებული აქვს ხანგრძლივი პატიმრობა ან ქონების დაყადაღება.

_ და რამდენს დაიჭერენ ან დააყადაღებენ ერთი ესენი, საინტერესოა, მთელი საქართველო პატიმრად და პრობაციონერად უნდა აქციონ?! ანდა სად წავლენ ეს ადამიანები, ხელისუფლებაში რომ არ იქნებიან, რისი იმედი აქვთ? ჩაიდებენ, ალბათ, მილიონებს და დაითესებიან. მაგრამ ვერ უშველით ეს,  სადაც უნდა წავიდნენ, იქიდან ჩამოიყვანს ამათ ქართველი ხალხი…

_ ისევ არჩევნებზე გკითხავთ, ვთქვათ და საზოგადოების მოლოდინი არ გამართლდა, უმრავლესობით კვლავ «ნაცმოძრაობა» მოვიდა, რას მივიღებთ შედეგად?

_ შედეგად მივიღებთ იმას, რომ სააკაშვილი, თავის ავხორცებთან ერთად, ბოლომდე მიიყვანს იმ გეგმას, რისთვისაც ის მოიყვანეს თავის დროზე. ეს გეგმა, უწინარესად, მიზნად ისახავს ქართული სახელმწიფოს დაქსაქსვას, დაქუცმაცებას, რაც მან უკვე წარმატებით განახორციელა, და ასევე ითვალისწინებს საზოგადოების გახლეჩას. ამას თუ მიაღწიეს, ჩათვალეთ, რომ საქართველო ფაქტობრივად მკვდარია.

_ ვისგან მოდის ეს დავალება ან საიდან?

_ საიდან და საიდანაც გამოუშვეს ეს გიჟი. არ იცით, საიდან?

_ ამერიკას გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა, ამერიკიდან, ეს ხომ დღეს უკვე, როგორც ორჯერ ორი ოთხი, ისეა…

_ და, თქვენი აზრით, რაში სჭირდება ამერიკას გახლეჩილდაქსაქსული საქართველო?

_ მოდი ასე ვთქვათ: არსებობს ადამიანთა ჯგუფი მსოფლიოში, რომელსაც აქვს თავისი გარკვეული ჩანაფიქრი და ამოცანა. ამ ადამიანებს მუდმივად გააჩნიათ პრეტენზია რაღაცაზე და, ვინაიდან მათ იციან, რომ ჩვენი მხრიდან კომპრომისი გამორიცხულია, მიდის ფარული ომი. მოკლედ, არაპირდაპირი გზით გაკნინებენ და გაცლიან საფუძველს. ასე მაგალითად, შენ თუ კეთილმეზობლობა გინდა ჩემთან, მაშინ არ უნდა მედავებოდე იმაზე, რომ ვარძია ჩემია, რომ დავით გარეჯი ჩემი ისტორიული სიწმინდეა და საზღვრის დადგენაზე პრობლემებს არ უნდა მიქმნიდე; ასევე, შენ თუ პარტნიორად მიმიჩნევ და მჭიდრო ურთიერთობა გინდა ჩვენ შორის ჩამოყალიბდეს, მაშინ აზიზის მეჩეთს არ უნდა მიშენებდე ჩემს მიწაზე. ერთი სიტყვით, სვანურად რომ გითხრათ, საქმე ისაა, რომ მაგრად ვერ გვიტანენ ქართველებს. ამიტომაც არიან ასე მოწადინებული, რომ როგორმე ამოგვშანთონ ისტორიიდან.

_ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ შემდგომი პროცესები?

_ წინასწარ საუბარი იმაზე, რა იქნება ან რა უნდა იყოს მომავალში, მკითხაობას დაემსგავსება, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, უწინარესად, მან ხალხი უნდა დაამშვიდოს და დააცხროს ის აგრესია, რომელიც საზოგადოებაშია. ჩემი აზრით, ამის მიღწევა ერთადერთი გზით შეიძლება: მოსახლეობას უნდა უთხრა, რომ არავინ დარჩება დაუსჯელი. მე შურისძიების მომხრე არ ვარ, მაგრამ საუბარია სამართლიანობაზე. ამის გარეშე კანონის უზენაესობა ვერ იქნება მიღწეული. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქ უნდა გაიმართოს მეორე ნიურნბერგის პროცესი. მათ მიერვე მიღებულ კანონებით უნდა გასამართლდეს სააკაშვილის ნაძირალა ხელისუფლება…

_ და ვინაა გარანტი, რომ ეს აუცილებლად მოხდება?

_ თუ ეს არ გაკეთდება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და იტყვის, რომ ესენი ყოფილან არაკაცები. ამაზე დიდ შეურაცხყოფას მომავალი ხელისუფლება ვერ მიაყენებს საზოგადოებას, ვინაიდან ამდენი დამნაშავის, ამდენი კრიმინალის არდასჯა ნიშნავს, რომ მას, უბრალოდ, ფეხებზე ჰკიდია ხალხის ინტერესები. დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება, მაგრამ კიდევ ვამბობ: ვინც უნდა მოვიდეს სათავეში, თუ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხს არ დააყენებს, პირველი მე გადავალ ოპოზიციაში.

_ გასულ კვირას 2008 წლის აგვისტოს ომიდან 4 წელი შესრულდა. მმართველი გუნდი ტონს და რიტორიკას არ ცვლის. თქვენი აზრით, რამდენად გონივრულია ის პოლიტიკა, რომელსაც დღესდღეობით ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიმართ ატარებს?

_ პირადად ჩემთვის ეს არის სასტიკად მიუღებელი და რატომ: თუ ამ რიტორიკით აგრძელებ მეზობლებთან საუბარს, გამოდის, რომ სულ გინდა, საომარ მდგომარეობაში გყავდეს ქვეყანა. არსებობს ურთიერთობის ათასნაირი ხერხი, დიპლომატია, მოლაპარაკებები და ა. შ. ხოლო როცა საუბარია სახელმწიფოთა შორის გარკვეულ კონტაქტებზე, იქ არ შეიძლება მთავარი ამოსავალი წერტილი იყოს მეგობრობა; ყველამ უნდა გაიგოს, რომ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ქვეყნებს შორის იგება მათივე ინტერესებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ურთიერთობა არ არის თანასწორი და ორივე მხარისთვის მომგებიანი.

ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ავიღოთ, ხომ გვეუბნებიან, მეგობარია ჩვენიო, რეალურად რა მოგვიტანა ამ ე. წ. მეგობრობამ? _ ჯერ იყო, ნატოს გავიძახოდით და ხელი დაგვიქნიეს, შემდეგ ომი დაგვატყდა თავს. 300 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დაგვიტოვეს, ტერიტორიების ერთი მეხუთედი დავკარგეთ, რუსეთი გადავიმტერეთ და ბოლოს ხელში შეგვრჩა ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც ცოცხალი თავით არ უნდა წასვლა. მე თქვენ გეკითხებით, მთელი ამ უბედურების შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი შეიძლება კიდევ მომხრე იყოს ამ კურსის და, საერთოდ, ამ პოლიტიკის?! რომელ მეგობრობაზეა საუბარი, შენ შენი საქმე აკეთო და მე ჭერი ჩამომენგრეს თავზე, ესაა მეგობრობა?!

_ ამგვარი რიტორიკით შეიძლება ამერიკასთან გავიფუჭოთ ურთიერთობა. ეს კიდევ უფრო საზიანო ხომ არ იქნება საქართველოსთვის?

_ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამერიკისთვის ერთი ადგილის ლოკვამ დააქცია და დაღუპა საქართველო. ამიტომ, თუ გვინდა, ამ უბედურებას ერთხელ და სამუდამოდ თავი დავაღწიოთ, სიმართლე უნდა ითქვას. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ეს პოლიტიკა შესაცვლელია, თუ არა და მაშინ შევეგუოთ ამ ძალადობას, არც გაყალბებულ არჩევნებზე ამოვიღოთ ხმა, რეჟიმსაც თავი დავუხაროთ… პრობლემა არ იქნება.

_ არჩევნების ბედი რამდენადაა დამოკიდებული ვაშინგტონის პოზიციაზე, როგორ ფიქრობთ?

_ არჩევნების ბედიც და საერთოდ ყველაფერი ამ ქვეყანაში დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. ჩვენ ვწყვეტთ, _ მიშა იქნება შემდეგში, პეტრე თუ პავლე. მაღიზიანებს ხოლმე, როცა მეკითხებიან, ვის დაუჭერს მხარს ამერიკა? მე ვპასუხობ: არავის საქმე არაა საზღვარგარეთ, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფალი, თუ მართლა გვინდა, რომ ვიღაც-ვიღაცებმა, უცხოელი იქნება თუ აქაური ნაძირალა, მუდმივად არ აფათურონ ხელი ჩვენს საქმეში. ერთად დგომით ამის გაკეთება შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, მომავალი არჩევნები ამის ნათელი მაგალითი იქნება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. თქვენ გენაცვალეთ, ბატონო სოსო. ღმერთმა არ მოგიშალოთ სიმართლის პირში თქმის ძალა, ვისთანადაც არ უნდა გაერთიანდეთ კოალიციაში.

  2. ბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ აქ უნდა დაკანონდეს ერთსქესიანი ქორწინებები, ჯაჭვლიანმა ეს იცის, თუ რა გზას ადგას ივანიშვილი და რა განაცხადა, როცა თქვა ჰომოსექსუალისტები ჩვეულებრივი ქართველები არიანო. ამის შემდეგ ამ სოსო ჯაჭვლიანის ლოგიკა ყოველგვარ ლოგიკურ ზღვარს ასცდა და ოცნებებში ჩარჩა რეალური სამყაროდან გაითიშა, და ლიბერალური პოლიტიკის საწინაამღდეგოდ არც არაფერს არ აკეთებს, პოლიტიკურად ბრმა სოსო ჯაჭვლიანი.

  3. სააკიან-საკაშვილი და ივანაშვილი ქართველებისთვის ღვთის სასჯელია არასწორი აზროვნებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here