Home რუბრიკები პოლიტიკა მთვრალი შიმპანზეს ორდენი

მთვრალი შიმპანზეს ორდენი

1436

მთვრალ შიმპანზეზე დაკვირვება, რაც თავიდან სახალისოა, ადრე თუ გვიან მოსაწყენი ხდება. ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები ალკოჰოლური ინტოქსიკაციის უკიდურეს სტადიაში მყოფ მაიმუნებს პირველმა კურტ ვონეგუტმა შეადარა. ერთნიც და მეორენიც ვერ ჩერდებიან, სანამ უგონოდ არ გამოთვრებიან (ძალაუფლებით და ალკოჰოლით, შესაბამისად) და გარშემო ყველაფერს არ დალეწავენ. დემოკრატიას ამ კონტექსტში შეიძლება შევხედოთ, როგორც მთვრალი შიმპანზესთვის გალიას, რომელიც აღვირახსნილი მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობას უზღუდავს.

ნასვამი მაიმუნი, ისევე როგორც კეთილგონიერების ჩარჩოებიდან გასული ხელისუფალი, თავიდან სასაცილოა, თუმცა მალევე აუტანელი ხდება, სავარაუდოდ, იმ მომენტში, როდესაც ირკვევა, რომ მისი ქცევის უკან, პრიმიტიული ცხოველური ინსტინქტების გარდა, არაფერი დგას და მის ამღვრეულ თვალებში ინტელექტისა და ადამიანობის ერთი ნაპერწკალიც კი არ ჩანს. შეიძლება კამათი იმაზე, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თავშეკავებულობას ავლენს და ცალკეული შიმპანზეები მთელ ცისტერნას ერთბაშად არ სვამენ, თუმცა არც ერთი საზოგადოება არასოდეს დათანხმდება იმას, რომ თავი დაანებოს ფიქრს შემზღუდავი სისტემის შექმნა-სრულყოფაზე და მხოლოდ პოლიტიკოსების (და გალოთებული მაიმუნების) კეთილგონიერებას მიენდოს. საქართველოსთვის ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია.

იმას, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ბოლო დროს აკეთებს, ძალიან ძნელია, პოლიტიკა ეწოდოს, ის მთვრალი შიმპანზეების თარეშს დაემსგავსა. ამ ფაქტის კონსტატაცია მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის დიდად საწყენი არ უნდა იყოს, რადგან თავის დროზე მაიმუნებს მათივე ყოფილმა გენმდივანმა გიორგი არველაძემ შეადარა («ბანდერლოგებივით შევესიეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზს»). მეტიც, ეს შედარება გარკვეულწილად საპატიოცაა _ სად კიპლინგის მიერ გამოგონილი ბანდერლოგები და სად შიმპანზე, რომელიც ჰომინიდი პრიმატია, ანუ თითქმის ადამიანი. თუმცა ეწყინებათ მათ თუ არა მეორეხარისხოვანია, მთავარია ნგრევის მასშტაბები, რომელიც სტიქიურ უბედურებას მოაგონებს. აქტუალური მაგალითი: ანგარიშების მასშტაბურმა დაყადაღებამ, სხვა ყველაფერთან ერთად, შეარყია ნდობა ბანკების მიმართ, რომლის ჩამოყალიბებას თავის დროზე წლები დასჭირდა. დღეს არაერთი ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ ბანკში ერთი ზედმეტი თეთრიც კი არ დატოვოს. ცხადია, ხელისუფლება ამ შემთხვევაში თავისი ტაქტიკური მიზნის მიღწევას «ქართული ოცნებისთვის» ზიანის მიყენებით ცდილობდა, თუმცა ფაქტობრივად, იერიში მთელ სისტემაზე მიიტანა. მთვრალი შიმპანზე მეტს კი არაფერს აკეთებს, ის თავისი, სხვებისთვის ძნელად გასაგები, მიზნების მიღწევას ლამობს, თუმცა ეს ნგრევით და სრული ქაოსით სრულდება.

ამ ხელისუფლებას უკვე აღარაფერი ეშველება, თუნდაც იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც კანონების ჩარჩოდან გავიდა, «ხელისუფლება» შეიძლება მხოლოდ პირობითად ეწოდოს. ამ არჩევნებზე იქნება თუ ოდნავ მოგვიანებით, საზოგადოება, სავარაუდოდ, მოექცევა მას, როგორც მომთვინიერებელი მთვრალ მაიმუნს, რადგან ამას ელემენტარულად თვითგადარჩენის ინსტინქტი უკარნახებს. როგორც უკვე ვთქვით, მოსაწყენი მისი დაკვირვებაც კი გახდა, მის ქცევაში რაიმე სახალისოს ან საინტერესოს აღმოჩენა შეუძლებელი შეიქნა. სტრატეგიული თვალსაზრისით, სააკაშვილის ხელისუფლება განწირული ჩანს და მასზე საუბრის გაგრძელება, ალბათ, არ ღირს. თუმცა პრობლემა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ავლაბრის რეზიდენციიდან ერთი ადამიანის გამოსახლება, რადგან ქართულ საზოგადოებას ჯერაც არ მოუმზადებია «გალია მთვრალი შიმპანზესთვის», ის ჯერ კიდევ ძალიან შორია დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისგან, რომელიც ძალაუფლებით გაგიჟებული პოლიტიკოსების დამაკმაყოფილებელ კონტროლს უზრუნველყოფს

სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გარდამავალი პერიოდი გველის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ სუპერდემოკრატიული კანონების მიღების შესაძლებლობა უფრო რეალური გახდება, ჩვენ არ გვაქვს ის, რასაც ზოგადად შეიძლება «დემოკრატიული გამოცდილება» ეწოდოს და მის დაგროვებას საკმაო დრო დასჭირდება. თანაც არ არსებობს გარანტია, რომ მომდევნო წლებს ამ კონსტრუქციულ საქმიანობას მოვახმართ და ამის ნაცვლად ეროვნული პოლიტიკური სიგიჟის რაიმე ახალ ფორმას არ გამოვძებნით. ამ გამოცდილების გარეშე კი ვერ შეიქნება სისტემა, რომელიც ქვეყანას «მთვრალი შიმპანზეებისგან» დაიცავს; მხოლოდ კანონები ამას ვერ უზრუნველყოფენ.

ვიდრე ეს გარდამავალი პერიოდი არ დასრულდება, პოლიტიკოსების კეთილგონიერება და თავშეკავებულობა (ან მათი არარსებობა) კვლავ დარჩება ერთერთ განმსაზღვრელ ფაქტორად, რომელიც ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობასა და საქართველოს განვითარებაზე უმნიშვნელოვანეს ზეგავლენას მოახდენს.

ამ კონტექსტში ჩვენ, ალბათ, უნდა შევეხოთ იმ ძნელად შესამჩნევ, შესაძლოა, ჯერ კიდევ ნაკლებად გააზრებულ დაპირისპირებას, რომელიც ოპოზიციური საზოგადოების შიგნით დაიწყო.

ერთის მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელს შეუწყობს დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, ისინი მის ბიოგრაფიას და დღევანდელ ნაბიჯებს აანალიზებენ და ვარაუდობენ, რომ ის «ძალაუფლებით ცდუნებას» გაუძლებს.

მეორე მხრივ, არიან ყოფილი «მიშისტები», რომლებიც ოპოზიციას ახლახან შეეკედლნენ, ისინი, ვისთვისაც სააკაშვილთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი არა რეჟიმის ანტიდემოკრატიულობა და უსამართლობა, არამედ პირადი შემოსავლების დაკარგვა ან შემცირება გახდა. მნიშვნელოვანია, ეს «გადაღებილი მიშისტები» გავმიჯნოთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც 2003 წლის შემდეგ რეჟიმთან გარკვეული დროის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ «ძირძველი», შეურიგებელი ოპოზიციონერების თვალში, ერთიც და მეორეც, დანაშაულის ტოლფასია.

ამ მიშისტურმა ჯგუფებმა ოპოზიციურ მოძრაობაში ბელადიზმის ერთერთი ყველაზე საზიზღარი ფორმის სულისკვეთება შემოიტანეს. მათ არ სჭირდებათ «დემოკრატი ივანიშვილი», რადგან გაცილებით კომფორტულად თავს ავტორიტარიზმის ჭაობში გრძნობენ, მათ არა დემოკრატია, არამედ «მიშიზმის» მსგავსი «ბიძინიზმი» და «ავტორიტარი ივანიშვილი» სჭირდებათ. ეს მიდგომა მათი გამოცდილებიდან, სააკაშვილის კარზე შეძენილი უნარჩვევებიდან მოდის. ამ ადამიანებს და მათ მსოფლმხედველობას შეიძლება სააკაშვილის რეჟიმის «გამოსამშვიდობებელი საჩუქარი» ვუწოდოთ.

დღეს, ოპოზიციური კოალიცია გააფთრებულ ბრძოლაშია ჩაბმული, ხელისუფლება არანაირ წესებს არ იცავს, შესაბამისად, ისევე, როგორც ომში, წინა პლანზე ერთმმართველობის პრინციპი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ლიდერებს შორის დისკუსია მუდამ მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილებას საკვანძო საკითხებზე ბიძინა ივანიშვილი იღებს. ბოლო თვეებში მისი პასუხისმგებლობის სივრცე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ეს გასაგებიცაა, ის გამოცდილი მენეჯერია, ხოლო მისი პარტნიორები ბოლო წლებში გასაოცარ უნიათობას სწორედ მენეჯმენტის საკითხებში ავლენდნენ, თუმცა ეს სიტუაცია ირიბად ხელს უწყობს იმას, რომ «ბელადისტებმა» (თუ ამ ტერმინს სტრუგაცკებისგან ვისესხებთ) კოალიციაში მათთვის სასურველი ატმოსფერო დაამკვიდრონ.

ბიძინა ივანიშვილი არ არის ავტორიტარული მმართველობისკენ მიდრეკილი ლიდერი, მან დემოკრატიის ფასი და მნიშვნელობა კარგად იცის, თუმცა, თუ აღწერილი კატეგორიის ადამიანების გავლენა ოპოზიციურ კოალიციაში (და მომავალ ხელისუფლებაში) კრიტიკულ ზღვარს გადასცდება, შეიძლება ძალიან ცუდი პროცესები განვითარდეს, რომელთაც მხოლოდ ივანიშვილის კეთილგონიერება ვერ შეაჩერებს.

ამ საკითხებზე დისკუსიის გამართვა, ერთობ ნაადრევი ჩანს, რადგან ოპოზიციურ საზოგადოებას სააკაშვილის პრობლემა გადაჭრილი ჯერ არ აქვს, თუმცა თემის წინასწარი მონიშვნა, ალბათ, მაინც აუცილებელია. ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დემოკრატიული ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის საკითხი დადგება, რომელიც რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე კონსენსუსის მიღწევაში უნდა გამოიხატოს.

რესპუბლიკური პარტია, რომელიც დემოკრატიულ ლოზუნგებს ყველაზე ხშირად იყენებს, სუსტია იმისთვის, რომ ამ საქმეში ფლაგმანის როლი შეასრულოს. როგორც წესი, თითოეული ცალკე აღებული რესპუბლიკელი შესანიშნავი, დემოკრატიის პრინციპების ერთგული პიროვნებაა, თუმცა ერთად ისინი პარადოქსულად ემსგავსებიან ტოტალიტარულ სექტას, რომელსაც მხოლოდ საკუთარი (მოკრძალებული) გავლენის გაფართოება ანაღვლებს. «ეროვნულმა ფორუმმა» რამდენიმე წლის წინ შესანიშნავი სტარტი აიღო, თუმცა შემდეგ რიგი პრობლემები შეიქმნა და მათი მდგომარეობა დღეს შეიძლება დაახლოებით ასე შევაფასოთ: «საკუთარ თავში ბოლომდე ვერ გარკვეულან». მიზანშეწონილი არაა, ამ ორ ძალას იმაზე მეტი პასუხისმგებლობა დავაკისროთ, ვიდრე შეუძლიათ იტვირთონ და დროებით მომავალი ლიბერალური და ნაციონალისტური (შესაბამისად) ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ნაწილებად ჩავთვალოთ, რომელსაც (ეს მნიშვნელოვანია) ლოკალური გასაქანი ექნება.

გაცილებით საინტერესო ამ კონტექსტში ირაკლი ალასანიას პერსპექტივაა. მას მანევრისთვის მეტი სივრცე აქვს. აღსანიშნავია, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ლიდერებიდან, მან ბიძინა ივანიშვილთან საუკეთესო, ყველაზე კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება მოახერხა, ისე, რომ «ბელადისტებისთვის» დამახასიათებელ ხრიკებს არ მიმართა. არაერთი მინუსის მიუხედავად, მას უდავო პლიუსებიც აქვს: სააკაშვილის ხელისუფლებაში მუშაობის მიუხედავად, ის არანაირად არ ასოცირდება მის აღვირახსნილ ანტიდემოკრატიულობასთან, ის სასურველი თანამოსაუბრეა ნებისმიერი უცხოელი პარტნიორისთვის და კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვა სეპარატისტების ლიდერებთანაც შეუძლია. ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ის არ აღიზიანებს თბილისურ საზოგადოებას და სხვადასხვა ელიტურ ჯგუფთან დიალოგის წარმართვა ძალუძს; აქვს გარკვეული საიმიჯო უპირატესობები, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა. ამ კონტექსტში კი მთავარიაბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ის არა დათრგუნვაზე, არამედ თანამშრომლობაზე, კონსენსუსის მიღწევაზეა ორიენტირებული.

გავამარტივოთ სიტუაცია: საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკოსი, რომელიც გარდამავალ პერიოდში დემოკრატიული ფასეულობების «მთავარი დამცველი» გახდება და მათზე ორიენტირებული ძალების კონსოლიდაციას მოახდენს. ეს ერთი პარტიის ან ლიდერის დროშის ქვეშ გაერთიანებას არ ნიშნავს, არამედ საერთო პრინციპების ერთგულებას, რომელმაც საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ უნდა გადააქციოს. მან ქვეყნის მომავალ მმართველ ივანიშვილსა და «ბელადისტების» ჭაობს (თუ «მთვრალი შიმპანზეს ორდენს») შორის ფართო დემოკრატიული ფრონტის მყარი კედელი უნდა აღმართოს. შეძლებს თუ არა ალასანია ამ კედლის მთავარი არქიტექტორი გახდეს? თუ ეს ასე იქნება, საზოგადოებისგან გაცილებით მეტ მხარდაჭერას მიიღებს, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა, ხოლო თუ არა, სხვა პოლიტიკოსის მოძებნა მოგვიწევს. ამ თემაზე საუბრის გაგრძელება კი მიზანშეწონილი, ალბათ, მას შემდეგ გახდება, რაც სააკაშვილი ხელისუფლებას დატოვებს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here