Home რუბრიკები პოლიტიკა რა უთხრა პუტინმა 8 აგვისტოს საქართველოს და მსოფლიოს?

რა უთხრა პუტინმა 8 აგვისტოს საქართველოს და მსოფლიოს?

643

გასულ კვირას ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ოთხი წლის წინანდელი მოვლენები; როგორც სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა შესაბამისი განცხადებები გააკეთეს, ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც მასმედიამ ფართოდ გააშუქა. გაცილებით ნაკლები ინფორმაცია ადგილობრივმა აუდიტორიამ იმის თაობაზე მიიღო, თუ როგორ შეხვდა აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავს რუსეთი, არადა, იქ განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვება აუცილებელია 2008 წლის კრიზისის და რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთობების ანალიზისთვის.

 

როდის დარეკა ტელეფონმა?

აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ცენტრალურ მოვლენად რუსეთში 5 აგვისტოს ინტერნეტში ახალი დოკუმენტური ფილმის «ომის დაკარგული დღე» გავრცელება იქცა. ფილმის ავტორებმა გააკრიტიკეს დიმიტრი მედვედევი და უმაღლესი თანამდებობის ზოგიერთი სხვა პირი იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში რუსული ჯარების შეყვანის თაობაზე დაგვიანებით მიიღეს, რასაც მსხვერპლის გაზრდა მოჰყვა; ამასთანავე, ვლადიმერ პუტინის მოქმედებას კრიზისის პერიოდში დადებითი შეფასება მისცეს. ფილმის ავტორების პოზიციას მაღალჩინოსანი რუსი სამხედროების ინტერვიუები ამყარებდენ, რომელთაგან ყველაზე მკვეთრი განცხადებები გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, იური ბალუევსკის, ეკუთვნოდა.

ფილმი საკმაოდ რეზონანსული გამოდგა. 7 აგვისტოს რუსმა  ჟურნალისტებმა ლენინგრადის ოლქში მყოფ ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს, ნახა თუ არა ფილმი და რა რეაქცია აქვს ბალუევსკის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ვიდრე პუტინმა «პანღურები არ ჩამოარიგა, ყველა გაუბედაობის ტყვეობაში იმყოფებოდა». რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ფილმი არ უნახავს და რომ «ყველა კოლეგასთან ურთიერთობის ხასიათი და იმ გადაწყვეტილებების დონე, რომელთაც ვიღებთ, ასეთი კატეგორიებით ოპერირების უფლებას არ იძლევა». როდესაც მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა იმას, რომ რუსეთმა ომის პირველი დღე «დაკარგა», პუტინმა უპასუხა: «გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ძალზე საპასუხისმგებლოა, რადგან ეს არის ბრძანება საბრძოლო მოქმედებების დაწყების თაობაზე. იქ კი ისვრიან, იღუპებიან ადამიანები. ეს რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა». პუტინმა თქვა, რომ ფიქრს ამ გადაწყვეტილებაზე 4-5 აგვისტოდან მოყოლებული, როდესაც სიტუაცია მკვეთრად დაიძაბა, «დაახლოებით სამი დღე» დასჭირდა.

საუბარი ამ თემაზე 8 აგვისტოს რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაგრძელდა. პუტინს ჰკითხეს, დაურეკა თუ არა 2008 წლის 8 აგვისტოს პეკინიდან მედვედევს, როგორც ამას ფილმის ავტორები ამტკიცებდნენ. საქმე ისაა, რომ ერთი წლის წინანდელ ინტერვიუში, მედვედევმა თქვა, რომ პუტინს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მომდევნო დღეს დაუკავშირდა, როდესაც ყველა ბრძანება უკვე გაცემული ჰქონდა. ამასთანავე, რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა: «ნუთუ რუსეთს არ ჰქონდა გეგმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის?» (ფილმში ამ გეგმაზეც იყო საუბარი).

პუტინმა უპასუხა, რომ «გეგმა არსებობდა და სწორედ ამ გეგმის ჩარჩოებში მოქმედებდა რუსული მხარე. მე ამაზე საჯაროდ ადრეც მისაუბრია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. გეგმა სადღაც 2006-ის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში გენერალურმა შტაბმა მოამზადა. მე ის დავამტკიცე, შევათანხმე. მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში ტარდებოდა სამხრეთოსეთელი «ოპოლჩენცების» მომზადებაც. მართალია, ჩვენი სამხედრო სპეციალისტები, გულწრფელად ვიტყვი, მიიჩნევდნენ, რომ ეს მეტ-ნაკლებად უსარგებლო საქმეა, ჰქონდათ რა მხედველობაში, რომ რეგულარული არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია, თუნდაც ეს ისეთი მცირე სახელმწიფოს არმია იყოს, როგორიცაა საქართველო».

ამის შემდეგ პუტინმა ცხინვალელ «ოპოლჩენცებს» მაღალი შეფასება მისცა, ხოლო სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით განაცხადა: «ორჯერ დავურეკე დიმიტრი ანატოლის ძეს და თავდაცვის მინისტრს, 7-სა და 8-ში».

სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით, პუტინის ეს და მედვედევის ერთი წლის წინანდელი განცხადება ერთმანეთთან გარკვეულ წინააღმდეგობაში შევიდა. ამასთანავე, საუბარმა 4-5 აგვისტოს დაწყებულ ფიქრზე შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე ირიბად გააუფასურა მედვედევის ადრინდელი მონაყოლი დრამატულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიღება 7-8 აგვისტოს მოუხდა. მედვედევმა, რომელიც აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავს ცხინვალში შეხვდა, თავი შეიკავა საუბრისგან იმაზე თუ ვინ, ვის და როდის  დაურეკა, ხოლო ფილმში გაჟღერებულ მთავარ, «დაგვიანების» ბრალდებასთან დაკავშირებით თქვა: «ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ მაშინ, როდესაც ამის გაკეთება აუცილებელი იყო». «მე ამოვდიოდი იქიდან, რომ ეს გადაწყვეტილებები ეხებოდა იმ მომენტისთვის უცხო სახელმწიფოს, რომელსაც 26 აგვისტომდე საქართველოდ ვაღიარებდით», _ განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

ახლა კი, იმისთვის, რომ სიტუაციაში უკეთ გავერკვეთ, ინფორმაციის ამ მასივიდან, ალბათ, საკვანძო გზავნილები უნდა გამოვკვეთოთ, რომელიც როგორც შიდარუსულ, ისე გარე აუდიტორიას ეხებოდა.

 

მიკიბ-მოკიბვის გარეშე

რუსული საზოგადოების დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2008 წლის კრიზისის დროს მათი ხელისუფლება სწორად მოქმედებდა და კრიტიკულ შეფასებებს მხოლოდ ზოგიერთ დიპლომატიურ ნაბიჯთან ან სამხედრო ოპერაციის ცალკეულ ასპექტებთან დაკავშირებით გამოთქვამს. ამ მიდგომის ერთ-ერთი გამოვლინებაა ფილმ «დაკარგული დღის» ავტორების პოზიცია _ ისინი მიიჩნევენ, რომ მთლიანობაში ყველაფერი სწორად გაკეთდა, თუმცა ჯარების შეყვანა ცხინვალის რეგიონში დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც მსხვერპლი უფრო დიდი აღმოჩნდა. ამასთანავე, მათი მიზანი იყო, «მთავარ გმირად» ვლადიმერ პუტინი და არა დიმიტრი მედვედევი წარმოეჩინათ, რომელიც გაუბედაობისთვის და ზედმეტი ყოყმანისთვის მაღალი რანგის რუსმა სამხედროებმა გააკრიტიკეს.

ზოგიერთმა კომენტატორმა ეს ფილმი შეიძლება შეაფასოს, როგორც რუსი გენერლების სხვადასხვა ჯგუფს ან პუტინისა და მედვედევის გარემოცვას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი გამოვლინება, თუმცა, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ დაპირისპირებას შიდასისტემური და, ასე ვთქვათ, კონვენციური ხასიათი აქვს, ხოლო გარესამყაროსთან ურთიერთობაში ისინი ერთ პოზიციაზე დგანან. ეს არ არის ელცინის რუსეთი, სადაც სხვადასხვა ელიტური დაჯგუფება თუ ალიანსი ფუნდამენტურ საკითხებზე კონსენსუსს ვერ აღწევდნენ; დღეს პუტინი ყველა დაპირისპირებულ ჯგუფს და ხელისუფლებას მთლიანობაში გაცილებით დამაჯერებლად აკონტროლებს.

ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა უთხრა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პუტინმა გარესამყაროს (განხილულმა ფილმმა მისი განცხადებებისთვის სათანადო საბაბი შექმნა), ვიდრე ის, თუ რაზე მიანიშნა გენერალმა ბალუევსკიმ მინისტრ სერდიუკოვს ან თუნდაც პრემიერ მედვედევს, რადგან არაფერი სერიოზული რუსულ ელიტასა და პოლიტიკაში დღეს პუტინის გვერდის ავლით არ ხდება. აშკარაა, რომ ფილმმა რუსული აუდიტორიის თვალში, მედვედევის იმიჯის ხარჯზე, პუტინის იმიჯი გაამყარა, მაგრამ ეს ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესო და აქტუალურია. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია პუტინის განცხადებაზე, როგორც ყოველთვის, სწრაფი და უნიათო იყო. მთავარი აქცენტი მის განცხადებაში გაკეთდა არა ცხინვალელი «ოპოლჩენცების» მომზადებაზე, არამედ რუსეთის გენშტაბის მიერ გეგმის შემუშავებაზე, თანაც ეს ორი საკითხი ვაშაძის უწყებამ ერთმანეთს მხოლოდ იმით დაუკავშირა, რომ ერთიც და მეორეც პუტინმა თქვა და არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომელიც «ცხვირწინ ედო», კერძოდ კი რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები იმის თაობაზე, რომ «ოპოლჩენცების» მომზადება გენშტაბის გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო.

პუტინი და რუსი ჟურნალისტები საუბრობდნენ გეგმაზე, რომელიც ქართული ძალების შეტევის მოგერიებას ითვალისწინებდა, ზოგადად კი, ამა თუ იმ ქვეყნის გენშტაბისთვის, ნებისმიერი, თუნდაც დღესდღეობით მეგობრული, მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მოქმედების გეგმების შემუშავება სხვადასხვა სცენარის ფარგლებში ჩვეულებრივი სამუშაო პრაქტიკაა. ის საერთაშორისო ურთიერთობებში კრიმინალად არ ითვლება და მაქსიმუმ, სათანადო საინფორმაციო შეფუთვის შემთხვევაში, შეიძლება «აგრესიული ზრახვების» ირიბ დადასტურებად ჩაითვალოს. სულ სხვა საქმეა «ოპოლჩენცების» მომზადება, რომელიც, თუ სიტუაციას საერთაშორისო სამართლის რაკურსით შევხედავთ, შეიძლება ძალიან სერიოზული სკანდალის საბაბი გახდეს. მაგრამ საქართველოს საგარეო უწყება, როგორც ყოველთვის, რაღაც გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

საინტერესოა, რა ამოძრავებდა პუტინს, როდესაც ასეთი რამ თქვა. 

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სპეცსამსახურებს, კერძოდ კი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს, ნება დართო, სირიელ ოპოზიციონერებს დახმარება აღმოუჩინოს. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ ასადის მოწინააღმდეგეებმა 25 მილიონი დოლარის ამერიკული დახმარება უკვე მიიღეს. თუ ამ სიტუაციას «ლაბორატორიულ პირობებში» სირიის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის კლასიკური პრინციპებიდან გამომდინარე შევაფასებთ, ის შეიძლება ძალზე უხერხულად მოგვეჩვენოს. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა; ხსენებული სამართალი, ისევე როგორც სამართლიანობა, ნაფლეთებად იქცა და პუტინის განცხადება, ამ კონტექსტში, უპირველესად, წარმოადგენს გზავნილს ამერიკელი პარტნიორების მიმართ, უფრო ფართოდ კი, გეოპოლიტიკურ განაცხადს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინტერესების პრიორიტეტულობას გულისხმობს, დაახლოებით ასეთს: «თქვენ (ამერიკელები) ისე იქცევით, როგორც საჭიროდ თვლით, მეც ასე მოვიქცევი. დავეხმარები, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, მოვამზადებ და გადავამზადებ კიდეც». თუ ჟურნალისტებთან საუბრის სტენოგრამას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ პუტინს თავისუფლად შეეძლო ცხინვალელი «ოპოლჩენცები» საერთოდ არ ეხსენებინა, თუმცა მან ეს, როგორც ჩანს, განგებ გააკეთა. ამ კუთხით, მისი განცხადება რუსულ-ამერიკული პოლემიკის ნაწილია, თემაზე «როგორ ვიცხოვროთ იალტის პრინციპების უკუგდების შემდეგ», რომელიც დიდი ხანია დაიწყო და სულ უფრო აქტუალური ხდება.

ცხადი იყო, რომ ამ განცხადების შემდეგ ოფიციალური თბილისის პასუხი ხმაურიანი იქნებოდა და ის მორიგი საჩივრით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავდა. გამორიცხულია, რუსეთის პრეზიდენტს ეს არ სცოდნოდა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალა, მიენიშნებინა ქართული მხარისთვის, რომ ასეთი ტიპის ქცევა კონტრპროდუქტიულია და დიდად არ ანაღვლებს, ხოლო დასავლელი პარტნიორების რეაქციას (ვინმემ თუ შეამჩნია ეს რეაქცია საერთოდ?) ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მიანიჭებს; ისევე, როგორც ტრადიციულ დისკუსიებს თემაზე «ვინ დაიწყო ომი?». ეს პოზიცია თავის თავში, სავარაუდოდ, შემდეგ გზავნილს შეიცავს: საქართველოს პრობლემების გასაღები რუსეთშია და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე თბილისს არაფერი გამოუვა, თუნდაც საჩივრებით ყველა საერთაშორისო ინსტანცია აავსოს, მითუმეტეს, რომ დღეს დასავლეთს სურს, რაც შეიძლება მალე დატოვოს წარსულში აგვისტოს ომი, ხოლო საქართველოს პრობლემებს დღის წესრიგიდან თუ არ ამოაგდებს, უკანა პლანზე მაინც გადაწიოს.

 

სიზმრები, ხილვები და ჰალუცინაციები

კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ამ განცხადებების უკან იდგა შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: რუსეთი არ გრძნობს უხერხულობას იმის გამო, რაც 2008-ში გააკეთა და მომავალში, ანალოგიურ სიტუაციაში, სწორედ ასე და, შესაძლოა, უფრო ხისტადაც იმოქმედებს.

ერთის მხრივ, ყოველივე იმას, რაც პუტინმა თქვა, შეიძლება ეწოდოს საუბარი ძალის პოზიციიდან, თუმცა დღევანდელ აწეწილ მსოფლიოში ამ პოზიციიდან ყველა, გლობალური თუ რეგიონული მოთამაშე საუბრობს და საკუთარი ამბიციების შენიღბვის დახვეწილ ფორმებს სულ უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეალობის ხმაა, მიუხედავად იმისა, მოგვწონს ის თუ არა. ჩვენ შეგვიძლია დავხარჯოთ უამრავი დრო, იმის მტკიცებაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი საუბარი არ შეიძლება, მაგრამ, ალბათ, გაცილებით კონსტრუქციული იმ ფაქტის გააზრება იქნება, რომ ახლო პერსპექტივაში საქმის დაჭერა სწორედ ასეთ, რეალურ და არა წარმოსახვით, რუსეთთან (და მსოფლიოსთან) მოგვიწევს.

სააკაშვილის ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, კვლავინდებურად სირაქლემას ცნობილი პოზიდან საუბარს ამჯობინებს. «ძალიან მალე, ერთ პატარა გაელვებაში მოვესწრებით ახალ რუსეთს, რომელშიც სამარადჟამოდ დასამარდება საბჭოეთის აღდგენის იდეა, უარს იტყვის იმპერიულ ამბიციებზე… რუსეთს, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას დაიწყებს. იმ რუსეთთან ჩვენ მართლაც დავალაგებთ ურთიერთობას და ამას გავაკეთებთ არა ჩვენი ინტერესების ხარჯზე, არამედ როგორც ნატოსა და ევროკავშირის თანასწორუფლებიანი, პარტნიორი ქვეყანა. ასეთ რუსეთთან ჩვენ მოვძებნით კომპრომისებს, მაგრამ არასდროს წავალთ კომპრომისზე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ხარჯზე», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს. მთელი ეს საუბრები «იმ რუსეთზე», სავარაუდოდ, მოდის ხელისუფლების იმპოტენტური უუნარობიდან _ ააწყოს რამდენადმე დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა «ამ რუსეთთან», რომელიც ხელშესახებ პერსპექტივაში არ შეიცვლება.

რუსეთის სათავეში სააკაშვილისთვის სასურველი პარტნიორების მოსვლის შანსი დღეს იმდენად მცირეა, რამდენადაც გრენლანდიელი ესკიმოსების მიერ მეტროპოლიაში, დანიაში ხელისუფლების ხელში ჩაგდება. მაგრამ სააკაშვილი სრული სერიოზულობით გვთავაზობს, რომ საერთაშორისო არენაზე რაღაც სხვა რუსეთის გამოჩენას დაველოდოთ.

ეს, სინამდვილეში პრინციპული არჩევანის მომენტია: შევძლებთ თუ არა ურთიერთობის აწყობას ამ ხისტ, მაგრამ ამავე დროს პრაგმატულ პუტინის რუსეთთან, თუ ხელებს ჩამოვუშვებთ და ჩრდილოეთით «ალტერნატიული რუსეთის» გამოჩენას დაველოდებით, რომლის ხელისუფლება, გამორიცხული არაა, ვლადიმერ პუტინზე გაცილებით მოუხერხებელი თანამოსაუბრე აღმოჩნდეს? დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს, სეპარატისტული რესპუბლიკები საქართველოს სულ უფრო შორდებიან, უსაფრთხოების ვაკუუმი კი ქვეყნის განვითარებაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას ახდენს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი რეალობასა და ხილვებს, პოლიტიკასა და შიზოფრენიას შორის და ის საქართველოს ბედს რამდენიმე მომავალი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს.

საკითხი ძალიან მარტივად დგას: აი ის _ რეალური რუსეთი, მისი ხელმძღვანელი და მისი პოზიცია. როგორი იქნება ჩვენი მომდევნო ნაბიჯი?

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here