Home რუბრიკები ეკონომიკა შალვა მექვაბიშვილი: გურიაში საშუალო დღიური შემოსავალი ერთ სულზე მხოლოდ 24 თეთრია

შალვა მექვაბიშვილი: გურიაში საშუალო დღიური შემოსავალი ერთ სულზე მხოლოდ 24 თეთრია

1304

სააკაშვილმა გურიას სული ამოჰხადა

«გურიაში მივალ, მარა

სულმა წინწინ გეიპარა».

(ხალხური)

თემურ ჭკუასელმა, რომელიც წინასაარჩევნო მარათონშია ჩართული, როგორც ჩოხატაურის რაიონიდან დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი, «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში თქვა: «წახდა, ბებია, ყანა!» _ ბებიაჩემი იტყოდა ასე, ქარი მიწაზე რომ დააწვენდა ყანას და მოსავალი რომ დაიკარგებოდა. წამხდარ ყანას ჰგავს დღეს გურია» («საქართველო და მსოფლიო», #29).

ეს ფრთიანი გამონათქვამი «გაიშიფრა» ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, ეკონომიკის საკითხების ექსპერტთან შალვა მექვაბიშვილთან საუბარში. ყურადღებით წაიკითხეთ ეს ეკონომიკური ანალიზი და მიხვდებით, სიცრუის რა დოზითაა გაჟღენთილი სააკაშვილის პერმანენტური წატრაბახება მის მიერ «აშენებული» ქვეყნის წინსვლისა და აყვავების შესახებ.

ცნობისთვის: ბატონი შალვა ოფიციალური მონაცემებით ოპერირებს.

_ გურია საქართველოს ყველა კუთხეზე უფრო დაიჩაგრა, ჩემდა სამწუხაროდ, შევარდნაძის დროსაც და, განსაკუთრებით, სააკაშვილის დროს. მე გურული ვარ, სკოლა ოზურგეთში დავამთავრე, ამიტომ გასაგები უნდა იყოს ჩემი ყურადღებიანი დამოკიდებულება ამ მხარის მიმართ.

ოზურგეთის რაიონი კომუნისტების პერიოდში თავისი ბიუჯეტით საქართველოში პირველ ადგილზე იყო, მეორეზე _ მარნეულის, მესამეზე _ ზუგდიდის.

დღეს ციფრებს რომ ვუყურებ, გული მიწუხს: გურია არა მარტო საქართველოში, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე უფრო ჩამორჩენილი და მივარდნილი კუთხეა. თუ გურიაში ყოფილხართ, ვერ ნახავთ სახლს, რომელიც ბოლო 20 წლის პერიოდში აშენდა, გარემონტდა, ღობეები, რომლებიც წელიწადში ორჯერ იღებებოდა, დაჟანგული და გაოხრებულია.

_ დავაზუსტოთ: «არც ერთი სახლი» გადაჭარბებული ხომ არ არის?

_ თუ «ნაციონალებთან» მიტმასნილ და კორუმპირებულ ადამიანს არ აქვს აშენებული, სხვა ვერავინ გადაიხდიდა ახალმოსახლეობას.

სააკაშვილმა გურიას სული ამოჰხადა!

ახლა ციფრებს გეტყვით და ყველაფერი გამოაშკარავდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს გურიაში ცხოვრობდა 140,3 ათასი კაცი; აქედან პენსიონერი (სახელწიფო პენსიის მიმღები) _ 30939, ანუ მთლიანი მოსახლეობის 22,1 პროცენტი.

მოსახლეობის ამ რაოდენობიდან ბიზნესსექტორში თვეში საშუალოდ 350 ლარი, ანუ წელიწადში 4200 ლარი (რაც მე გაბერილი მგონია) მიღებული ჰქონდა მხოლოდ 2891 კაცს, ანუ გურიის მთელი მოსახლეობის 2,1 პროცენტს. დამისახელეთ მსოფლიოში ერთი კუთხე თუ მხარე, სადაც ფულადი ანაზღაურება აღებული ჰქონდეს მოსახლეობის მხოლოდ ორ პროცენტს მთელი წლის განმავლობაში. თუნდაც ერთი ლარი. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არა მარტო ბოლო 12 წლის განმავლობაში, დაქირავებულთა ასეთი მცირე მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო 20 წლის განმავლობაში და გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება: 2,7-ჯერ ნაკლებია 1999 წლის მაჩვენებელზე (იხ. დიაგრამა #1). ამ წელს გურიაში დასაქმებული იყო, ანუ ოფიციალურად რაღაც თანხას მაინც იღებდა 7917 კაცი, 2011 წელს კი დასაქმებული იყო მხოლოდ 2891 კაცი.

ხედავთ, რა დიდი სხვაობაა!

გურიაში, 2011 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, რეგისტრირებული იყო 9399 ბიზნესსუბიექტი. ეს ისაა, რითაც ტრაბახობს სააკაშვილი, რომ ჩვენთან ბიზნესი ოფიციალურად ადვილად რეგისტრირდება. აი, ამდენ ბიზნესსუბიექტში დასაქმებული იყო 2891 კაცი, ანუ ერთ ბიზნესსუბიექტში _ 0,31 კაცი.

_ რა ბიზნესსუბიექტებზეა ლაპარაკი?

_ ჩვეულებრივი ბიზნესია _ ან ინდივიდუალური მეწარმეა, ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ან შპს, საჯარო სამსახური, კერძო სკოლა, კერძო საავადმყოფო და ა. შ. _ ყველაფერი აბსოლუტურად. ამ მაჩვენებლით (ანუ ერთ ბიზნესსუბიექტში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობით) საქართველო მსოფლიოში ბოლოდან პირველ ადგილზე დგას, გურია, შესაბამისად, საქართველოში ლიდერობს.

_ ერთი კაციც კი არ გამოდის? ზღაპრის ნახევარქათამასავით არის.

_ მესამედიც _ არა! მესამედი ნული და რამდენიმე სამიანი უნდა იყოს.

შევარდნაძის კორუმპირებულ პერიოდში, ანუ «ვარდების რევოლუციამდე», კერძოდ, 1999 წელს ერთ ბიზნესსუბიექტში დასაქმებული იყო საშუალოდ 4,12 კაცი, რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 13,3-ჯერ აღემატებოდა (იხ. დიაგრამა #3).

_ ბატონო შალვა, ის «ნახევარქათამა», ანუ 0,31 კაცი, ეგებ, დღეს ისე კარგადაა ანაზღაურებული, რომ 13 წლის წინანდელზე ბევრად უკეთესად ცხოვრობს?

_ არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ჩემი პასუხი, მაგრამ მე ვეყრდნობი ოფიციალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვით, ამ მხარის ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 350,3 ლარია.

_ რომელ პერიოდში?

_ 2011 წელს. თუ ამ 350,3 ლარს გავამრავლებთ 2891-ზე, ანუ სტატისტიკური სამსახურის მიერ ნაჩვენებ დასაქმებულთა რაოდენობაზე, გამოვა, რომ შარშან გურიის მოსახლეობამ ბიზნესსექტორიდან ჯამურად მიიღო 12,2 მილიონი ლარი.

დავაზუსტოთ: 12,2 მილიონი ლარი მიიღო ერთობლივად ყველა დასაქმებულმა, მაგრამ გათითოებულ მუშაკებს ხომ ჰყავთ ოჯახები?

_ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჰყავთ.

_ მაშასადამე, ამ საერთო რაოდენობის თანხის იმედზეა გურიის მთელი მოსახლეობა. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მხარის მოსახლეობის რაოდენობა 140,3 ათასი კაცია. რამდენი უნდა ერგოს თითოეულ მათგანს?

გაანგარიშება უმარტივესია: ეს 12,2 მილიონი უნდა გავყოთ მოსახლეობის საერთო მაჩვენებელზე, მიღებული რიცხვი _ წელიწადის 365 დღეზე და გამოვა საშუალო დღიური შემოსავალი ერთ სულზე მხოლოდ 24 თეთრი.

რას იყიდის ასეთი დღიური შემოსავლით ერთი ოჯახი? ნახევარ პურსაც ვერ იყიდის.

_ პენსიებიც ხომ არის კიდევ? თემურ ჭკუასელმა უკვე ნახსენებ ინტერვიუში თქვა, «როგორც მთელ საქართველოში, გურიაშიც დაბერებას ნატრობენ _ საპენსიო ასაკის მიღწევას. ისეთი გაჭირვებაა, რომ ის კაპიკებიც სანატრელი გაუხდათ».

_ ეს საკითხიც განვიხილოთ. გურიაში ყველა კატეგორიის პენსიონერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცა 37,1 მილიონი ლარი. ეს თანხა ბიზნესსექტორში მომუშავეთა მიერ აღებულ თანხაზე სამჯერ მეტია. ანალოგიური მაჩვენებელი მსოფლიოში არსად იქნება _ პენსიონერები უფრო მეტს იღებდნენ, ვიდრე ბიზნესსექტორში დაკავებული ადამიანები?! ნონსენსია!

იმ მიზერულ 24 თეთრს პენსიებიდან მიღებული საშუალო რაოდენობა რომ დავუმატოთ, დღეში 96 თეთრი გამოვა.

_ ესე იგი, შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის საშუალო დღიური შემოსავალი ერთი ლარიც არ არის?

_ სამწუხაროდ, ასეა.

_ ჰოდა, შეუძლიათ იყიდონ ერთი პური, რომელიც 400 გრამია, ან ნაკლები.

_ მოდით, ახლა შევადაროთ: პატიმრის მხოლოდ კვებაზე ციხეში, შიმშილით კაცი რომ არ გარდაეცვალოთ, სახელმწიფო ყოველდღიურად 2,6 ლარს ხარჯავს, ანუ დღეში პატიმრის კვებაზე სამჯერ უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე გურიის ერთი ოჯახის ყოველდღიური საშუალო შემოსავალია. ამ შემოსავლით ადამიანმა სასუქიც უნდა იყიდოს, უნდა მოხნას, იკვებოს, ჩაიცვას და ა. შ.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობა საშუალოდ თავის ჯანმრთელობაზე დღეში 1,1 ლარს ხარჯავს, ესეც უფრო მეტია საშუალო შემოსავალზე.

გურიაში რომ განათლებული ხალხი ცხოვრობს, სწავლა-განათლებისკენ მისწრაფება რომ ძალიან დიდია, ეს, მგონი, უეჭველია. მაგრამ უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნებაც კი ზედმეტია, რადგან ყველაზე იაფი ყოველწლიური სასწავლო გადასახადი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლისთვისაა დაწესებული 2250 ლარია, რაც დღეში, საშუალოდ, 6,2 ლარს უდრის.

_ მაშ, გადაიკეტა ყველა გზა განათლების მიღების?

_ არამარტო უმაღლესი განათლების. საგრძნობლად შემცირდა გურიაში საშუალო პროფესიული განათლების სასწავლებელთა რაოდენობა. კვლავ ოფიციალურ სტატისტიკაში ჩავიხედოთ: თუ 2005-2006 სასწავლო წელს გურიაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა 8 ასეთი დაწესებულება, 2008-2009 სასწავლო წლისთვის სამიღა დარჩა. ცხადია, შესაბამისად შემცირდა მოსწავლეთა რაოდენობაც 1120-დან 95-მდე.

_ დღეს რამდენია, ხომ არ იცით?

_ ვერაფერს გეტყვით, რადგან მომდევნო წლების მაჩვენებელს სტატისტიკის სამსახური აღარ აქვეყნებს, სხვათა შორის, ისევე, როგორც ბიბლიოთეკების რაოდენობის შესახებ მონაცემებს. 2003 წელს გურიაში 99 ბიბლიოთეკა მუშაობდა, 2008 წლისთვის მხოლოდ 14 დარჩა. დღეს შეიძლება არც ამდენია, რადგან შემდგომი წლების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ადმინისტრაციული წყაროებიდან შეუძლებელია.

_ დიიიდი სახელმწიფო საიდუმლოებაა!

_ ყოველ შემთხვევაში იმის დამადასტურებელია, თუ რა ყურადღებას აქცევს სახელმწიფო მოსახლეობის განათლების დონის თუნდაც შენარჩუნებას.

_ დეგრადაციისკენ მივყავართ.

_ თანაც არა მარტო განათლების სფეროში. სოფლის მეურნეობა უარეს დღეშია. მარცვლეული კულტურებიდან გურიაში ყველაზე უფრო გავრცელებულია სიმინდი. ეს ცნობილია.

ოფიციალური სტატისტიკა ეკონომიკის სფეროს მონაცემებს მხოლოდ 2006 წლიდან აქვეყნებს. არც 2011 წლის ციფრები ჩანს სადმე, მაგრამ რაც არის, ისიც საგანგაშოა .

სიმინდის მოსავალი კატასტროფულად კლებულობს: 2006 წელს იყო 23,9 ათასი ტონა, 2010-ში _ მხოლოდ 18,8; კურკოვანი ხილის (შესაბამის წლებში): 31 და 1,3, ჩაი _ 3,9 ათასი ტონა და 1,4 ათასი ტონა.

მახსოვს, 120 ათასი ტონა ჩაი იკრიფებოდა გურიის მარტო ერთ რაიონში _ ოზურგეთში. დღეს ეს დარგი გაქრობის პირასაა.

სამაგიეროდ იზრდება იმპორტი. თუ 2003 წელს საქართველოში ჩაის იმპორტი 223,5 ათასი ტონა იყო, 2011 წელს 52,2-ჯერ გაიზარდა და 11733,4 ათას ტონას მიაღწია!

ასე ვითარდება სააკაშვილის «ეპოქაში» სოფლის მეურნეობა.

_ და ასეთია დღეს სააკაშვილის წინასაარჩევნო დაპირების _ «საქართველო _ სიღარიბის გარეშე» საქართველოს ერთერთი კუთხის რეალური სურათი.

_ 2011 წლის 3 სექტემბერს სააკაშვილმა ყვარელში, თავის «მამულში» გამართა თათბირი, მიწვეული ჰყავდა სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი კვეზერელი, გუბერნატორი, კახეთის რაიონების გამგებლები. სააკაშვილი იწყებს საუბარს და ეკითხება კვეზერელს:

_ კახეთში წელს ბრწყინვალე მოსავალია, ხომ?

მინისტრი უპასუხებს:

_ დიახ, 150 ათასი ტონა ყურძენი მოვაო.

ამდენს იმ წელს მთელ საქართველოში ელოდნენ, იმან კი კახეთზე გადმოიტანა.

_ შარშან რამდენი იყო?

_ 100 ათასი (ე.ი. 50 პროცენტით მეტიო).

_ შემოსავალი რამდენი ექნება კახეთში გლეხს?

მინისტრმა გადაამრავლა 40 თეთრზე (კილოგრამ ყურძნის ფასზე) 150 ათასი ტონა და უპასუხა:

_ 60 მილიონი.

_ კახეთში რამდენი ოჯახი ცხოვრობს?

_ 110 ათასი ოჯახი, _ უპასუხებს კვეზერელი.

მიშა დაფიქრდება ერთ წუთს და იტყვის:

_ ვა, რა კარგია! თითო ოჯახს შემოსავალი მარტო ყურძნიდან 5 ათასი ლარი ექნება.

60 მილიონი 110 ათასზე რომ გაყო, 500-ია, 500 ლარი და არა 5000 ლარი.

აი, ესაა მიხეილ სააკაშვილი.

ტყუილითა და სიცრუით აცხოვრებს საქართველოს თავისი «იმედით», «რუსთავი 2»-ით, პირველი არხით. გურიაშიც ჰქონდათ იმედი, რომ ეს ტელესიკეთეები მათთანაც მივიდოდა. არ მივიდა, რადგან არ არსებობს.

არადა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს, თავისი შესაძლებლობებით, თავისი რესურსებით.

ყველა ქართველმა უნდა ისწავლოს თუნდაც ელემენტარული ანალიზის კეთება, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა შედგეს სამოქალაქო საზოგადოება. ბიძინა ივანიშვილიც რომ მოვა, იმასაც ოპონირება სჭირდება. მე დარწმუნებული ვარ მის დიდ პიროვნულ თვისებებში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანის დატოვება საზოგადოების კონტროლის გარეშე.

_ .. კონტროლი ზემოდან _ ქვემოთ და ქვემოდან _ ზემოთ! ცნობილი ლოზუნგია.

_ უწინარეს ყოვლისა, ქვემოდან _ ზემოთ!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ამ ინტერვიუს წამკითხავ ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველებს მინდა ვკითხო: _ ხომ იცით, ბატონებო, რატომ ჩაატარა მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე ქართული საზოგადოების კასტრაცია, გადედლება, ავადსახსენებელი «ჩარეცხვის» მეთოდით რატომ მოიცილა პროფესიონალები, საქმის ღრმად მცოდნე ადამიანები?

თქვენ იცით, რა თქმა უნდა, რატომაც _ თავისუფლად რომ ეთარეშა, ეყვლიფა, ფეხქვეშ რომ გაეთელა ხალხის ინტერესები საკუთარის სასარგებლოდ.

ვინ იყო ხმის ამომღები?! მის გარშემო შემოკრებილი აზროვნების საჭურისები?! როგორ გეკადრებათ!

ბატონ შალვა მექვაბიშვილის თუნდაც მხოლოდ ეს ინტერვიუ თავდაყირა აყენებს ნაცბოლების მთელ «ეკონომიკურ პოლიტიკას» და მის «მიღწევებს».

სწორედ ასეთი, რეალისტურად მოაზროვნე სპეციალისტები, მეცნიერები ჩამოიცილა დილეტანტმა პრეზიდენტმა.

«თუნდაც მხოლოდ ეს ინტერვიუ» კი იმიტომ ვთქვი, რომ, არ დაგიმალავთ, უკვე ჩაწერილია და გამოსაქვეყნებლად მზადდება ბატონ შალვასთან საუბარი საქართველოამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ურთიერთობების შესახებ.

სენსაცია თუ გსურთ, აი ისაა!

სამუშაო სათაური კი ასეთია «მოტეხილი მილიარდი და უფრო მეტიც».

 

1 COMMENT

  1. პატივცემულო შალვა, სააკაშვილი ფაქტიურად ერთი წელია უკვე ხელისუფლებაში აღარარის კიდევ სამიოდ კვირა და საერთოდ დატოვებს პრეზიდენტის სავარძელს, ძალიან მალე მოვა თვითმმართველობის არჩევნებიც რის შემდეგაც მთლიანად მოხდება სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კადრების ჩანაცვლება. ალბათ ამის შემდეგ დაიწყება იმ საწარმოების აშენება რასაც ახალი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაგვპირდა, ამ ყოველივეს შემდეგ დაიწყება პენსიებისა და ხელფასების ზრდა, დასაქმების უპრეცედენტო მატება და აგაღ იქნება საქართველოში გაჭირვებული, სრულყოფილი ჯანდაცვის სისტემა, აღავის მოკლავენ აღარავის მოუსმენენ თუ გადაუღებენ რაც ჯერჯერობით თურმე კიდევ ხდება, ამის შემდეგ ჩაიდება სოფლის მეურნეობაში ის მილიარდები, აღორძინდება ეკონომიკა და ბიზნესი დაბრუნდება დაკარგული ტერიტორიები რომელსაც ამწუთებშიდაც ვკარგავთ მაგრამ ზაქარეიშვილის განცხადებით ესეც ჩვენ სასიკეთოდ კეთდება თურმე, იქნება მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურა, შევალთ ან ნატოში ან ევროკავშირში ან ევრაზიულ კავშირში ანდაც კიდევ ჯანდაბაში, აღარ გვეყოლება გეები და პიდარასტები, რუსეთი გაგვიხსნის სავაჭრო ზონას განვვითარდებით და ვიქნებით უბედნიერესი ერი ,, ო ც ნ ე ბ ა შ ი ,, და ეს მოხდება ალბათ გაურკვეველ დროსა და პერიოდში რომელიც აღინიშნება შემდეგი შესატყვისი სიტყვით ,, მ ყ ი ს ი ე რ ა დ ,,. ნათქვამია აღდგომა და ხვალეო ა ბატონო დაველოდოთ მაგრამ რაღაც არამგონია რაიმე უკეთესი ხდებოდეს ისე დაბრუსიალობენ შიში მაქვს მემგონი ,,მ ყ ი ს ი ე რ ა დ,, უფრო დიდ უბედურებაში არ გადავცვივდეთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here