Home რუბრიკები პოლიტიკა ერთი მუჭა ლარებისთვის

ერთი მუჭა ლარებისთვის

579

მერაბიშვილი, ივანიშვილი, სააკაშვილი: «პოლიტიკური ომი» საქართველოში

«ათასი ლარი წვიმის სახით ჩამოიყრება ციდან, რაც ყოველი ქუჩიდან ათას ხმას მოიტანს. საქართველოს ახალი პრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისი ვაუჩერით სერიოზულად გეგმავს ყველა ოჯახის გაბედნიერებას და ახალ ძლევამოსილ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებას», _ ასე იწყებს თავის წერილს Der standartში მარკუს ბეი და საქართველოში «პოლიტიკური ომის» ანალიზს ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკით აგრძელებს:

«ყოფილი «ვარდების რევოლუციონერებისთვის» ივანიშვილი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. რაც ვერ მოახერხა სკანდალებმა, გაუხსნელმა მკვლელობებმა, კვირაობით გახანგრძლივებულმა მასობრივმა დემონსტრაციებმა და მათმა დარბევამ, ასევე, რუსეთთან ხუთდღიანმა ომმა და ტერიტორიების დაკარგვამ _ ივანიშვილს შეუძლია _ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებიდან განდევნა.

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც «ფორბსის» სიაში 6,4 მილიარდი დოლარით 153-ე ადგილზეა, დღევანდელი მდგომარეობით, ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას თავად არ მიიღებს. ამის მიზეზი იურიდიული მანევრებია, რომლებიც «ოლიგარქის პოლიტიკური აღმავლობის» შესაფერხებლად საქართველოს მთავრობამ გამოიყენა, რასაც ივანიშვილმა პრეზიდენტისადმი ღია წერილში «აბსურდული» უწოდა…

ბიძინა ივანიშვილმა 2010 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც, როგორც ჩანს, ქართულ უწყებებს არ შეატყობინა. ხელისუფლებამ ეს ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად გამოიყენა…

დაიწერა «ივანიშვილის კანონი», რომელიც მიიღო პარლამენტმა და მოიწონა საკონსტიტუციო სასამართლომ. ახლა ნებისმიერს, ვისაც საქართველოში 5 წელი უცხოვრია, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად, ასევე, ისეთ «ფრანგს», როგორიც ივანიშვილია. ეს არც თუ ჭკვიანური ნაბიჯია. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ არ მიიღებდა ამ შემოთავაზებას არც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას და არც მომავალ წელს სააკაშვილის მემკვიდრის არჩევნებზე

«თბილისის ტიტანი» _ ასე ჰქვია იმ პატარა პორტრეტს, რომელიც თომას დე ვაალმა ჟურნალ Foreign Policy-ში ამ საიდუმლოებით მოცულ ადამიანზე გამოაქვეყნა: უშუალომ, მაგრამ ძალიან თავდაჭერილმა, საკუთარ თავში დარწმუნებულმა და ნამდვილად ამოუხსნელი რკინის ნებით გამსჭვალულმა ადამიანმა კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკაში თავის თავზე აიღო ძალაუფლებისთვის ბრძოლის მთელი სიმძიმე. 56 წლის ივანიშვილს თავის გამარჯვებაში იოტისოდენა ეჭვი არ ეპარება…

ივანიშვილის სასახლეში ბევრი პოლიტიკოსი ზის, რომლებმაც მიხეილ, სააკაშვილთან 2008 წლის აგვისტოს ომამდე ან ომის შემდეგ გაწყვიტეს ურთიერთობა: მათ შორისაა 38 წლის ირაკლი ალასანიაც, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში და აფხაზეთის დევნილი მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. ალასანია ითვლებოდა და დღემდე ითვლება დასავლეთისთვის სააკაშვილის სასურველ შემცვლელად. თუმცა ქვეყანაში მისი პოლიტიკური ბაზისი იმდენად მწირია, ხოლო 2003 წლის «ვარდების რევოლუციონერთა» ადმინისტრაცია, რომელსაც იგი მიეკუთვნებოდა, იმდენად ძლევამოსილი, რომ ხელისუფლების შეცვლა უპერსპექტივოდ მოჩანდა. ივანიშვილის გამოჩენა ბევრი თვალსაზრისით სააკაშვილის ბანაკისთვის უმწიკვლობის ტესტია. გასული წლების მკაცრი დასავლური კურსისა და მოდერნიზების პერიოდში საქართველომ ვერა და ვერ მოიპოვა შინაგანი წონასწორობა».

ივანიშვილის საგარეო კურსზე საუბრისას ავტორი განსაკუთრებით გამოყოფს მის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ:

«ივანიშვილის განცხადებით, _ აღნიშნავს ბეი, _ მას სურს გაალღოს გაყინული ურთიერთობა მოსკოვთან. ეს საქართველოში ბევრს, მათ შორის, საქმიან ადამიანებსაც საკმაოდ გონივრულად მიაჩნიათ».

ავტორი ფიქრობს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ხანგრძლივი ზემოქმედების  შემდეგ საქართველოს მთავრობამ საარჩევნო კამპანიისათვის შეასუსტა თავისი სრული მონოპოლია მედიაზე. აღსანიშნავია, რომ პირველი აგვისტოდან საკაბელო ტელევიზიებს დაევალა ყველა საინფორმაციო არხის ტრანსლირება, მათ შორის, «მეცხრე არხის» ტელევიზიისა, რომელიც ეკუთვნის ივანიშვილის მეუღლეს _ ეკატერინე ხვედელიძეს.

მაგრამ სააკაშვილის აქოჩრილი ბანაკი უკანდახევას არ აპირებს, მონდომებით იბრძვის. ბეი წერს, რომ ლობისტები და ლონდონელი, პარიზელი ან ვაშინგტონელი ჭკვიანი პიარტექნოლოგები სააკაშვილის ადმინისტრაციამ ივანიშვილზე ბევრად უფრო ადრე დაიქირავა. «ქართუ ბანკი», ივანიშვილის იმპერიის გასაღები საქართველოში, იძულებითი მმართველობის მეშვეობით გაიძარცვა. მდიდარი კაცის საარჩევნო კამპანიას თან ახლავს რეკორდული ჯარიმები: იგი 126 მილიონი ლარით (62,37 მილიონი ევრო) დააჯარიმეს მხოლოდ სატელიტური ანტენების უფასო დარიგებისთვის, 90 მილიონი ლარით (44,5 მილიონი ევრო) კი _ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის გამო (239 ავტომობილი გადასცა მოკავშირე პარტიას)».

«შემდეგ გამოჩნდა ვანო მერაბიშვილი _ ივლისის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობის ახალი მეთაური. მან, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსა და პრეზიდენტობის ბნელ მხარეებზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ თბილისში. შვიდ წელიწადზე მეტხანს იყო ის შინაგან საქმეთა მინისტრი, დაძლია ყველა კრიზისი, მთავრობის ცვლილებები და წარმატებით გამოაძვრინა სააკაშვილი ყველა სკანდალიდან. მერაბიშვილმა გაწმინდა პოლიციავარდების რევოლუციის» ყველაზე დიდი მიღწევა) და, როგორც თავად ამბობს, პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც მისი მუშაობის პერიოდში მოხდა: დემონსტრანტების დარბევა, 2006 წელს სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის ჯერ კიდევ გაუხსნელი საქმე (თბილისის ერთერთ ბარში უთანხმოების შემდეგ ის ქალაქის განაპირას მოკლული იპოვეს; სუფრასთან მერაბიშვილის მეუღლეც იჯდა).

44 წლის ახალი პრემიერი პრაქტიკულ კაცად ითვლება და, თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, უხეშად და მოკლედ გამოთქვამს სათქმელს. პოლიციის მინისტრი, როგორც მასზე წერენ, ძლევამოსილი და საშიშია.

მერაბიშვილის მეთაურობით მთავრობა საარჩევნო ბრძოლაში ებმება. შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეცვლა აძლიერებს იმ შთაბეჭდილებას, რომ სააკაშვილის ბანაკი მისთვის ყველაზე რთული პოლიტიკური ბრძოლისთვის ემზადება. მერაბიშვილმა გაახმაურა ხალხისთვის პოპულისტური დაპირებების მთელი სია, რომელიც სააკაშვილის 8-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდისთვისაც კი უპრეცედენტოა: პენსიების მეოთხედით გაზრდა, 270 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რამდენიმე მილიარდი _ გლეხებს, უნივერისტეტებს, რამდენიმე მილიარდი ლარით მეტი _ საავადმყოფოებსა და სოციალური საკითხების მოგვარებას. არჩევნებამდე ორი თვით ადრე ეს არ გამოვა. სამაგიეროდ არსებობს 1000-ლარიანი (495 ევრო) ვაუჩერი ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ელექტროენერგიის გადასახადი, ახალი სასწავლო წლის დასაწყისი, ასევე ქართულ ოჯახისთვის საჭირო სხვა ისეთი ხარჯები, რისი გადახდაც ოლიგარქ ივანიშვილს თავისი კუპიურებით არ შეუძლია».

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here