Home რუბრიკები სამართალი ნანა კაკაბაძე: ციხე გადაიქცა ადგილად, სადაც მიმდინარეობს ქართველი ერის ფარული გენოციდი

ნანა კაკაბაძე: ციხე გადაიქცა ადგილად, სადაც მიმდინარეობს ქართველი ერის ფარული გენოციდი

742

ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ცნობილი უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, გასულ კვირას გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი გეგიკ ელიბეგოვი გარდაიცვალა. ადვოკატები და უფლებადამცველები სულ იმაზე საუბრობთ, რომ ციხეებში გაუსაძლისი პირობებია. ამჯერად რა გახდა მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი?

_ არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ მომხდარა, სამწუხაროდ, ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემაში ასეთი შემთხვევები უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და, ფაქტობრივად, არავის უკვირს, როცა მსჯავრდებული კვდება, მისი სიკვდილის მიზეზი კი გაურკვეველია. მეტიც, ჩვენ ერთი პერიოდი დავინტერესდით, ძირითადად რა იყო პატიმართა გარდაცვალების მიზეზი. აღმოჩნდა, რომ მარტო ერთი კვირის განმავლობაში ოთხი ადამიანი გამოასვენეს საქართველოს ციხეებიდან. ჩვენისთანა მცირერიცხოვანი მოსახლეობისთვის ეს არის იმდენად მაღალი, კატასტროფული მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება ახლა, წესით, 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამის ნაცვლად სასჯელაღსრულების სამინისტრო თითოეულ ფაქტზე, თითოეულ შემთხვევაზე მაქსიმალურად ცდილობს, შექმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რათა სიმართლე არ მივიდეს ფართო საზოგადოებამდე; ხალხმა რეალურად არ იცის, რა ხდება დღეს საპყრობილეებში; ციხე, ფაქტობრივად, გადაქცეულია ადგილად, სადაც მიმდინარეობს ქართველი ერის ფარული გენოციდი…

_ სასჯელაღსრულების სამინისტრო არ მალავს, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში დღემდე უამრავი პრობლემაა გადაუჭრელი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, კონკრეტულად რომელ საპყრობილეებშია ყველაზე ცუდი პირობები?

_ 18 მოქმედი ციხეა დღეს საქართველოში და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ მათგანში საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სტანდარტები დაცული არ არის. ამასწინათ ჩვენ მოვიარეთ რეგიონები, ვიყავით ქვიშხეთში, საგარეჯოში, რუსთავში, თავისთავად თბილისის საპყრობილეებშიც. ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობაა _ გაუსაძლისი პირობები, უჰაერობა, უხარისხო საკვები, რომელსაც საერთოდ არ ამოწმებენ, გადატვირთულობა, სამედიცინო მომსახურების არაეფექტიანობა და ა. შ. ამასთან, ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს ეპყრობა ისე, რომ პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა განადგურებულია მორალურად და ფსიქოლოგიურად. ამ ხალხს უკვე დაკარგული აქვს ყველაფრის რწმენა, ბევრს აღარც კი უნდა იქიდან ცოცხლად გამოსვლა, ისეთი უბედურებები დამართეს…

_ გეგიკ ელიბეგოვის სიკვდილის მიზეზად სასჯელაღსრულების სამინისტრომ ინფარქტი დაასახელა. რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ეს დიაგნოზი?

_ სასჯელაღსრულების სამინისტრო, როგორც სჩვევია ხოლმე ქალბატონი კალმახელიძის უწყებას, ალბათ, არც გაავრცელებდა ამ განცხადებას და საერთოდ გაასაიდუმლოებდა პატიმრის გარდაცვალებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ არ გამოდიოდა, ვინაიდან მსჯავრდებულის ძმა არის «ქართული ოცნების» წევრი, ანუ ფაქტი ადრე თუ გვიან მაინც გახდებოდა ცნობილი და ამათ დაასწრეს. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, დარწმუნებული ვარ, არანაირი გულის შეტევა მას არ ჰქონია. ეს არის სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ შეთხზული ზღაპარი, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, დამნაშავე მაინც არის ციხის ადმინისტრაცია; როცა მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის ასეთი სერიოზული პრობლემა, ადმინისტრაცია ელემენტარულად ვალდებულია, იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანს მკურნალობა ჩაუტარდეს დროულად. დღეს არა თუ მკურნალობის საშუალება არაა ციხეებში, ჯანმრთელი რომ შედის მსჯავრდებული საკანში, იქიდან გამოსულს უკვე ათასი დაავადება და ინფექცია აქვს, თუ საერთოდ გამოაღწია ცოცხალმა…

_ ეს მდგომარეობა რამდენად ადეკვატურად აისახება ოფიციალურ სტატისტიკაში?

_ ოფიციალური მონაცემებით, 142 პატიმარია ერთი წლის განმავლობაში გარდაცვლილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველ 2-3 დღეში ერთი მსჯავრდებული იღუპება. სამწუხაროდ, სხვა მონაცემი ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დიდი ხანია, უფლებადამცველებს ციხეებში მონიტორინგის საშუალება არ გვეძლევა. თუმცა თვითონ მსჯავრდებულები ყვებიან, რომ თურმე დღე არ გავა, საკნიდან მიცვალებული არ გამოასვენონ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ რეალურად, ალბათ, გაცილებით უფრო ხშირია საპატიმროებში სიკვდილიანობა, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული, მაგრამ, ვიმეორებ, სასჯელაღსრულების დაწესებულებები დღეს, ფაქტობრივად, არის დახურული (ერთადერთი სახალხო დამცველი თუ შევა იქ) და შესაბამისად ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად შეზღუდულია. ის კი არა, ამ ბოლო დროს თვითონ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებიც ვერ იგებენ, რა მდგომარეობაში არიან პატიმრები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმდენად გამკაცრებულია კონტროლი, რომ ციხიდან, ფაქტობრივად, შეუძლებელია რამე ინფორმაციის გამოტანა.

_ როცა მსჯავრდებულ ელიბეგოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა, ომბუდსმენის აპარატმა თავის ვებგვერდზე განცხადება განათავსა, გამოძიება ხვალიდან დაიწყებაო. როგორ ფიქრობთ, ასეთ ფაქტებზე უფრო სწრაფად და ოპერატიულად არ უნდა რეაგირებდეს სახალხო დამცველი?

_ რა თქმა უნდა. მეტსაც გეტყვით, ეს ინსტიტუტი რომ ნორმალურად მუშაობდეს, იმის მეათედი არ იქნებოდა წამებისა და თუნდაც სიკვდილიანობის შემთხვევები ციხეებში, რაც დღესაა, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერს არ აკეთებს ომბუდსმენი და ამის შედეგია ეს ყველაფერი.

_ არაფრის კეთებაში კერძოდ რას გულისხმობთ, რა შეუძლია და რას არიდებს თავს სახალხო დამცველი?

_ არ გამოაქვს ციხიდან ინფორმაციები, არ აძლევს სწორ კვალიფიკაციას იქ არსებულ მდგომარეობას და ა. შ. ასე რომ არ იყოს, ამ ადამიანს ხელი მიუწვდება ყველაფერზე, რაც ჩვენთვის, დამოუკიდებელი ადვოკატებისთვის, უფლებადამცველებისთვის დახურულია. წესით, ის ყოველდღიურ რეჟიმში ზღვა მასალას უნდა აწვდიდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს. კი, იყო რამდენიმე ანგარიში, რომელიც მან გამოაქვეყნა და ამ ანგარიშებში მთელი რიგი საკითხებისა საკმაოდ მწვავედ იყო განხილული, მაგრამ ჯამში მის მიერ მომზადებული არც ერთი დოკუმენტი არ ასახავდა იმ რეალობას, რაც სინამდვილეშია. ამიტომაც ვამბობ ყველგან, სადაც კი ამის საშუალება მომეცემა, რომ დღესდღეობით საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს. ეს, რაც გვაქვს, არის ისეთივე მოჩვენებითი და ფასადური სტრუქტურა, როგორც ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი ყველა სხვა ინსტიტუტები.

_ მოკლედ, მიგაჩნიათ, რომ სახალხო დამცველი ხელისუფლების მითითებებით მოქმედებს?

_ რა თქმა უნდა. თავიდანვე ცხადი იყო, რა მიზნით დაინიშნა ეს ადამიანი სახალხო დამცველად. გახსოვთ, ალბათ, რა მოწადინებულები იყვნენ «ნაცმოძრაობის» წარმომადგენლები, რომ ის გასულიყო ამ თანამდებობაზე; ტუღუშის მოსვლით ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაისვენა, იმიტომ, რომ ახლა სააკაშვილის რეჟიმმა იცის, რაც უნდა მოხდეს საპყრობილეებში, თუნდაც ყოველდღიურად ათობით და ასობით პატიმარი აწამონ, არსად ეს ამბავი არ გაჟონავს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება ომბუდსმენმა გააკეთოს, არის ის, რომ დაწერს დასკვნას და წაიკითხავს პარლამენტში. იქნება კამათი, ვითომ დახოცავენ ერთმანეთს სიტყვიერად და მორჩა. საქმით ის ხელისუფლებას პრობლემებს არ შეუქმნის…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, იმის ფონზე, როცა არსებობს უამრავი ბრალდება, რომელთაც საზოგადოება მმართველ გუნდს უყენებს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა დადგეს თუ არა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი?

_ როცა ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო, რომ უნდა დაფუძნდეს რაც შეიძლება მეტი დემოკრატიული ინსტიტუტი და სახელმწიფო უნდა გახდეს ჭეშმარიტად სამართლებრივი, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, სანამ ქვეყანაში თუნდაც ერთი დამნაშავე იქნება დაუსჯელი. ყველამ, ვისაც ჩადენილი აქვს დანაშაული, ვინც რაიმე ფორმით ჩართული იყო ხელისუფლების უკანონო ქმედებებში, რასაკვირველია, პასუხი უნდა აგოს. ეს ეხება როგორც რიგით მოხელეს, ასევე მაღალი თანამდებობის პირს, იმიტომ, რომ კანონი ერთი უნდა იყოს ყველასთვის. ესაა დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი და აქსიომა, რაც დღესდღეობით არ არსებობს საქართველოში…

_ რიგითი მოხელეების დასჯა ახსენეთ და როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი, ისინი ხომ უბრალოდ კანონს ემსახურებიან?

_ კანონი ყოველთვის არ არის კანონი და ყოველთვის არაა სწორი მისი შესრულება. მთავარია პრინციპი, რომ ის უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობას და სამართლიანობას. გახსოვთ, ალბათ, ისტორიიდან, ნიურნბერგის პროცესი რომ ჩატარდა, საბრალდებო სკამზე მჯდომი ნაცისტები, რომლებსაც, მოგეხსენებათ, უმძიმესი დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი მთელი კაცობრიობის წინაშე, იძახდნენ, ჩვენ რა დავაშავეთ, კანონს ვემსახურებოდითო. საქმეც ისაა, რომ ის კანონი იყო უსამართლო და მისი მსახურება ნიშნავდა სწორედ დანაშაულს. სააკაშვილის რეჟიმმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც რეალურად მორგებულია ერთი ადამიანის პოლიტიკურ ინტერესებს. ამიტომ ყველა _ რიგითი სამართალდამცავი იქნება ეს თუ მაღალჩინოსანი, რომელიც განუხრელად იცავს ამ უსამართლო კანონებს, თავისთავად უკვე სჩადის დანაშაულს და, რა თქმა უნდა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სხვანაირად, რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაზე საუბარიც ზედმეტია.

_ რადგან უკვე არჩევნების თარიღი ცნობილია, დასასრულს ამაზეც გკითხავთ. ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება გადამწყვეტ მომენტამდე, რა მოლოდინი გაქვთ და მოცემული პოლიტიკური ვითარება გაძლევთ თუ არა იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით შესაძლებელია?

_ საერთოდ ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ ასე მჯეროდეს…

_ არჩევნების გზით?

_ ამ ეტაპზე ეს უნდა ვცადოთ არჩევნებით და, თუ გაგვიყალბებენ, რისი ალბათობაც რეალურად ძალიან დიდია, შემდგომ ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს მოსახლეობისგან, ეს უკვე ხალხის გადასაწყვეტია. მე ერთი რამ მჯერა, თუ ხელისუფლება საზოგადოებას არ დაუტოვებს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს ცივილიზებულად, არჩევნების გზით, მაშინ უკვე ხალხი გამოიყენებს ასევე კანონით მინიჭებულ სხვა უფლებებს.

_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ, თუ ადამიანს არ ექნება საშუალება, რეალურად თვითონ აირჩიოს ხელისუფლება, მაშინ ის პროტესტის სხვა ფორმას მიმართავს. ეს შესაძლოა იყოს ამბოხი, აჯანყება, დაუმორჩილებლობა და ა. შ., ერთი სიტყვით, ის, რასაც ხალხი ჩათვლის საჭიროდ. მე არ მინდა დავიჯერო, რომ პროცესები ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს, მაგრამ დღესდღეობით რასაც ვხედავთ, სააკაშვილის რეჟიმის სახით, სამწუხაროდ, სწორედ ამაზე მიანიშნებს; თავის მხრივ, გარკვეულწილად ხელისუფლებასაც ხელს აძლევს ასეთი სცენარი, იმიტომ, რომ, თუ საზოგადოება წავა ღია დაპირისპირებაზე, მას უკვე ძალის გამოყენების საფუძველი ექნება. დარწმუნებული ვარ, «ნაცმოძრაობაში» ამ ვარიანტზე აქტიურად მუშაობენ და ემზადებიან, ამიტომ ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც მართლა აპირებს, ბოლომდე დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, ასევე უნდა მოემზადოს ამ ყველაფრისთვის. სხვანაირად ოპოზიციის მოქმედების არეალი შეიზღუდება და ბრძოლა იქნება ერთიორად უფრო რთული, ვინაიდან, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები და პოლიტიკური პროცესები შევა კულმინაციურ ფაზაში, დარწმუნებული ვარ, რეჟიმი ათჯერ-ოცჯერ უფრო გამკაცრდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. იქნებ ეყოს ცნობილ გრანტი ჭამია ნანა კაკაბაძეს პატიმრებით სპეკულირება………………..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here