Home რუბრიკები პოლიტიკა ოთხი წლის შემდეგ

ოთხი წლის შემდეგ

628

2008 წლის ომის შესახებ ნებისმიერ საყვედურზე ნაციონალურ ხელისუფლებას სრულიად ისტერიული რეაქცია აქვს. «ბობოხიძიზმი» არა მარტო პარლამენტის სხდომათა დარბაზში, არამედ საინფორმაციო სივრცეშიც ყვავის და იფურჩქნება. კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, უმთავრეს საკითხად რჩება. მისი განსჯისას ყურადღების მიღმა რჩება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი _ რა მოუტანა ამ ომმა საქართველოს.

ტერიტორიების მეხუთედი სააკაშვილისთვის მხოლოდ ქვების გროვაა. ასე უფრო იოლია დანაკარგის ატანა. თუ როგორ მივედით ამ დანაკარგამდე, ხელისუფლების მეხოტბეებს ამაზე ლაპარაკი არ ხიბლავთ. პარადოქსია, მაგრამ უშუალოდ სამხედრო მოქმედებებს არ გამოუწვევია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის მხრიდან. ეს ოდენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურმა სიბეცემ ან რაღაც ბევრად უფრო უარესმა გამოიწვია.

საკუთარი ტერიტორიების დათმობის ქრონიკა კი ასე გამოიყურება: 2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები, რომელთა თანახმად, საქართველოს მიმართ შეწყვიტა მოქმედება «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ» 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებამ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დამტკიცებულმა «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდებამ» და «ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ» 1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებამ.

2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით აცნობა დსთ აღმასრულებელ კომიტეტს საქართველოს პარლამენტის აღნიშნული დადგენილებებისა და დსთდან საქართველოს გამოსვლის შესახებ.

შესაბამისად, 2008 წლის 18 აგვისტოდან საქართველომ თავიდან მოიხსნა დსთ-ში წევრობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. ამავე დროს, სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის 1969 წლის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის ძალაში რჩება დსთ-ს ფარგლებში დადებული ყველა საერთაშორისო მრავალმხრივი ხელშეკრულება და დსთ-ს შესაბამის ორგანოთა მიერ მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელთა სავალდებულოდ აღიარებაზეც თანხმობა განაცხადა საქართველომ.

ეს უკანასკნელი დათქმა ნურავის მოატყუებს, რადგან სწორედ დსთ-ს სადამფუძნებლო დოკუმენტებში (რომელთაც გაემიჯნა საქართველო) იყო დადასტურებული, რომ წევრი სახელმწიფოები აღიარებულ საზღვრებში ცნობდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და არ შეიძლებოდა ჰქონოდათ ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები. იმ წუთიდან, როცა საქართველომ «თავიდან მოიხსნა დსთ-ში წევრობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება», რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის. 2008 წლის 26 აგვისტოს მედვედევმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება მათი აღიარების შესახებ.

ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ასე აფასებს შექმნილ ვითარებას: «პრეზიდენტ მედვედევის გამოსვლაში ერთი ფრაზა იყო გაჟღერებული, რომ რუსეთს ეს გადაწყვეტილება, ანუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, იოლად არ მიუღია. რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მიგვანიშნებს, რომ კრემლი იძულებული იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა, და რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება სულაც არ ყოფილა რუსების სანუკვარი ოცნება».

კითხვაზე _ რატომ არ აძლევდა ხელს რუსეთს ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება? _ ექსპერტი ასეთ  პასუხს სცემს: «ეს სიტუაცია შეიძლება მოსწონდეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ელიტებს, რადგან რუსული ცხოვრების პირობები უკეთესია, მაგრამ ჩვენი მეზობლისთვის არის თავის ტკივილი, რადგან რუსეთმა ეს სახელმწიფოები უნდა უზრუნველყოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არა დამოუკიდებელი, არამედ რუსეთზე დამოკიდებული ქვეყნებია. მოსკოვი ისედაც დიდ დახმარებას უწევს ჩრდილოკავკასიურ ავტონომიურ რესპუბლიკებს, რომლებისთვისაც უზარმაზარი თანხები იხარჯება. აქედან გამომდინარე, მას დამატებითი ტერიტორიების შენახვა ხელს არ აძლევდა.

ამ შემთხვევაში ეკონომიკაზე და ზოგად პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა კონკრეტული გარემოება იდგა: რუსეთს რომ არ ეღიარებინა ეს ორი რესპუბლიკა დამოუკიდებლად, მაშინ მას კონტროლი უნდა დაეკარგა სიტუაციაზე, მოსკოვს აღარ ექნებოდა იურიდიული უფლება, ჯარები დაეტოვებინა ამ ტერიტორიებზე. სწორედ ამგვარი პროვოკაცია მოუწყვეს სააკაშვილის ხელით ამერიკელებმა რუსეთს, ფაქტობრივად, აიძულეს იგი, რომ მიეღო ნაკლებადმომგებიანი გადაწყვეტილება. რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი «შეტენეს», თან ისე, როგორც «დამოუკიდებელი სახელმწიფოები» და პარალელურად რუსეთსა და საქართველოს შორის საბოლოოდ გააფუჭეს ურთიერთობა. ეს კი ამერიკას აძლევს ხელს, ამ ფონზე იგი აძლიერებს თავის პოზიციებს საქართველოს დარჩენილ ტერიტორიებზე. დააკვირდით, ამერიკას არასოდეს გამოუხატავს ინტერესი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ, ამერიკას საქართველო აინტერესებს მხოლოდ წითელი ხიდიდან ფოთამდე, როგორც «კორიდორი». ამ «კორიდორის» ფუნქციონირებას კი აფხაზები და ოსები ხელს ვერ და არ უშლიან. სამაგიეროდ, «კორიდორად» ქცეული საქართველო ამერიკის მორჩილი ყმაა, არადა, რუსეთთან რომ დაბალანსებული ურთიერთობა გვქონდეს, აქ არც ამერიკის ტოტალური გავლენა იქნებოდა და არც სააკაშვილის რეჟიმი. მეტიც, ქვეყანას გაერთიანების მეტი პერსპექტივა ექნებოდა».

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სათავისოდ განმარტავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის ოქტომბრის 1633-ე რეზოლუციას, მასში ნათქვამია: «2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებლად საარტილერიო ცეცხლის გახსნამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაძაბა და სრულმასშტაბიან ომად გადააქცია. მძიმე არტილერია და კასეტური ბომბები, რომლებიც მოქალაქეებს სერიოზულ რისკს უქმნიდა, მართალია მისივე ტერიტორიაზე, მაგრამ მაინც საქართველოს მიერ შეუსაბამო ძალის გამოყენებას ნიშნავდა. ეს კი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ მშვიდობიანად კონფლიქტის მოგვარების ვალდებულების დარღვევა იყო».

ჩვენი ნეტარი ხელისუფლება თავს იმით იწყნარებს, რომ იმავე რეზოლუციაში საპარლამენტო ასამბლეა რუსეთსაც აძლევს შენიშვნას, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, საქართველოს რომ საკუთარი იურისდიქციის აღდგენა მოეხერხებინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ევროსაბჭოს ათას შენიშვნასაც აიტანდა! ამის შემდეგ ნებისმიერი პასუხი კითხვაზე _ ვინ დარჩა მოგებული? _ აზრს კარგავს.

ომის შეწყვეტით პროცესი არ დამთავრებულა. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილი არ ტყუის; უბრალოდ, ჩვენთვის «დაუსრულებელი ომი» სულ სხვა დატვირთვას ატარებს. სააკაშვილი კი რუსეთის «ჩამოშლის» იმედზეა, რის შემდეგაც ტერიტორიების დაბრუნების იმედი აქვს. ამასობაში დასავლურ ინტელექტუალურ წრეებსა და მედიაში ერთობ შემაშფოთებელი სიგნალები ჩნდება.

ავტორიტეტულ გამოცემა open demokrasi-ში ჩვენთვის კარგად ცნობილი ჯორჯ ჰიუიტი ვრცლად მიმოიხილავს კონფლიქტს აფხაზეთში და ასეთ დასკვნას აკეთებს: «მრავალი წლის განმავლობაში დომინირებდა აზრი, თითქოს სამხრეთ ოსეთის პრობლემა უფრო ადვილად გადასაჭრელი იყო. და მაინც, ეს იყო ხუთდღიანი ომი სამხრეთ ოსეთისა და მის გარშემო 2008 წლის აგვისტოში, რამაც მიგვიყვანა . . გაყინული აფხაზური და სამხრეთოსური კონფლიქტების «გალღობამდე», როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ორივე რეგიონი აღიარა. მას შემდეგ ორი ახალგაზრდა სახელმწიფო, როგორც წესი, ერთად მოიხსენიება და, როგორც წყვილი, ისე განიხილება. თუმცა დამკვირვებელთა უმრავლესობა აღნიშნავს აშკარა ფაქტს, რომ აფხაზეთს დამოუკიდებლობის სიცოცხლისუნარიანობის გამოვლინებისთვის გაცილებით ფართო შესაძლებლობები გააჩნია. დიახ, აფხაზეთს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი პოტენციალი საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული მხარდაჭერით, რაც დღემდე მხოლოდ აგრესორისადმი თანაგრძნობის გამოხატვის შემაშფოთებელ ტენდენციაში ვლინდება».

აფხაზეთის აღიარებისკენ ეს ღია მოწოდება არ არის ერთი ადამიანის, თუნდაც მიკერძოებულის, აზრი. ამ აზრს სხვა აპოლოგეტებიც ჰყავს. მათი არგუმენტები სრულიად საპირისპიროა, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ «ქვების გროვად» წოდებული ტერიტორიების საქართველოსთვის ჩამოჭრა ცივილიზებული ლექსიკით უნდა შეიფუთოს, ხოლო საქართველომ ეს საკითხი უნდა დაივიწყოს. ვერც ერთი ხელისუფლება ამაზე ღიად საუბარს ვერ გაბედავს; ამისთვის უცხოელი ექსპერტები და შინაური «უცხოელები» გამოდგებიან.

სააკაშვილის ხელისუფლების ხბოს აღტყინება ტერიტორიული მთლიანობის მორიგი სიტყვიერი მხარდაჭერის გამო იმავე პუბლიკაციაში თითქმის დაცინვის სახეს იღებს: «დასავლეთის ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ ფრაზის  «ოკუპირებული ტერიტორიები» ნებისმიერი გამოყენება თბილისში ატაცებულია და ტრაბახის საგანია. როდესაც აშშის სენატმა (2011 წლის 29 ივლისს) და ევროპის პარლამენტმა (2011 წლის 17 ნოემბერს) მიიღეს რეზოლუციები, რომლებშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სწორედ ამ ტერმინებით განისაზღვრა, სააკაშვილმა ისინი «ისტორიულ დოკუმენტებად» გამოაცხადა, რომელთაც საფუძველი დაუდეს საქართველოს კონტროლის (ხელმეორედ) დაწესებას, თუმცა უცნობია, ამას რა პრაქტიკული მართებულობა (თუკი იგი საერთოდ არსებობს) ადასტურებს, რადგან საკითხი ღიად რჩება. ევროკავშირის რეზოლუციის შემომტანი კშიშტოფ ლისეკი ამ ნაბიჯის შემდეგ თბილისს გაემგზავრა, სადაც იგი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვეს».

ჩინ-მენდლების დარიგება სააკაშვილის დაკვეთების შემსრულებელთათვის ნათლად მეტყველებს, რომ იგი გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გასაპიარებელ გამონათქვამებს, ვიდრე რეალურ ვითარებას. ომის შემდეგ ოთხი წელი გავიდა, საქართველო კი კვლავაც იქ არის, ოღონდ იმ სხვაობით, რომ იმავე დასავლეთში აფხაზეთის (სავარაუდოდ, საკუთარი ჰიუიტი სამხრეთ ოსეთსაც გამოუჩნდება) აღიარების შესაძლებლობაზე ღიად იწყება მსჯელობა…

ერთნი სამშობლოსთვის თავს სწირავენ, მეორენი ორიოდე დღით აჩერებენ წინასაარჩევნო კამპანიას. თუმცა «ნაციონალებიც» მათთვის ყველაზე ძვირფასს სწირავენ: არჩევნების შედეგები და ხელისუფლებაში დარჩენა მათთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის მძიმე შედეგები, რომლებიც 2008 წლის ხანმოკლე ომმა მოუტანა საქართველოს!

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here