Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილმა მობუტუს ლობისტი დაიქირავა

სააკაშვილმა მობუტუს ლობისტი დაიქირავა

620

სააკაშვილის ხელისუფლებამ კონტრაქტი კიდევ ორ ამერიკულ ლობისტურ ფირმასთან _ Prime Policy Group-თან და Gephardt Government Affairs-თან გააფორმა. Prime Policy Group-ის ხელმძღვანელ ჩარლზ ბლეკს ვაშინგტონელი ლობისტების უმრავლესობისგან ის გამოარჩევს, რომ მისი კლიენტები იყვნენ ისეთი ოდიოზური დიქტატორები, როგორც სომალის პრეზიდენტი მუჰამედ სიად ბარე, ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი, ზაირის პრეზიდენტი მობუტუ სესე სეკო, ნიგერიის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბაბანგიდა, აგრეთვე, ანგოლური მეამბოხე დაჯგუფება «უნიტას» ლიდერი ჟონას სავიმბი. ახლა ამ სიაში მიხეილ სააკაშვილიც შევიდა და გარკვეული ლოგიკა ამაში, ალბათ, არის.

ჩარლზ ბლეკი 1947 წელს დაიბადა. მისი თქმით, პოლიტიკით ჯერ კიდევ  1964-ში მოიხიბლა, როდესაც უფროსკლასელი იყო და ბარი გოლდუოტერის კამპანიაში ჩაერთო. 1976-1992 წლებში ის რესპუბლიკელი კანდიდატების საპრეზიდენტო კამპანიებში მონაწილეობდა, 2000-სა და 2004-ში უმცროსი ბუშის მრჩეველი იყო. მისი სტატუსი და გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე თანდათან იზრდებოდა, 2008-ში ჯონ მაკკეინის შტაბში მან ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავა და პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავებაზე განმსაზღვრელ ზეგავლენას ახდენდა. დღეს ჩარლზ ბლეკი, რომელიც ყოველთვის  რესპუბლიკების ერთგული იყო, მიტ რომნისთან თანამშრომლობს.

80-იანების დასაწყისში ჯონ ბლეკმა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ლობისტური ფირმა Black, Manafort, Stone and Kelly, 1996-ში ის Good & Liebengood-შეერწყა, რის შედეგადაც წარმოიქმნა BKSH&Associates. ამ ფირმების მომსახურებით არაერთმა ამერიკულმა კომპანიამ და უცხოურმა მთავრობამ ისარგებლა, მაგრამ ამავე დროს ბლეკს და მის პარტნიორებს მუდამ აკრიტიკებდნენ დიქტატორებთან კავშირის გამო; 2008 წლის კამპანიის დროს ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ ლაითმა «ვაშინგტონ პოსტთან» საუბარში განაცხადა: «მაკკეინი თავს სუფთა პოლიტიკოსად წარმოაჩენს და გარშემო ჰყავს ლობისტები, რომელთაც კავშირი არც ისე სუფთა ხალხთან აქვთ». მან ასევე აღნიშნა, რომ მაკკეინის გვერდით იმ ადამიანების ყოფნა, რომელთა «კლიენტები დიქტატორები არიან», ობამას უპირატესობას ანიჭებს.

ბლეკმა, ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი ფირმები «არასოდეს წარმოადგენდნენ უცხოელებს სახელმწიფო დეპარტამენტთან და თეთრ სახლთან წინასწარი გასაუბრების და მათთან ერთად იმის გარკვევის გარეშე, რომ ეს სამუშაო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს წაადგება». იმის საილუსტრაციოდ, რომ დიქტატორებთან მუშაობის დროს პრინციპებზე უარს არ ამბობდა, ბლეკმა ორი მაგალითი მოიყვანა: როდესაც მისმა ფირმამ ფილიპინების მთავრობაზე მუშაობა დაიწყო, მარკოსი აშშ-ის მოკავშირედ ითვლებოდა, თუმცა, «როგორც კი თეთრმა სახლმა მარკოსზე ხელი ჩაიქნია, მუშაობას იმავე დღეს თავი დავანებეთ». მან ასევე თქვა, რომ მისი ფირმა  იმისთვის დაიქირავეს, რომ მობუტუს პოლიტიკური პარტიების ფორმირებასა და არჩევნების ჩატარებაში დახმარებოდა, თუმცა, როდესაც მობუტუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, «მასთან მუშაობა შევწყვიტეთ» («ვაშინგტონ პოსტი», 22.05.08). რაც შეეხება ურთიერთობას ბაჰამის კუნძულების ხელისუფლებასთან, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მას ნარკომოვაჭრეებთან კავშირში ადანაშაულებდნენ, ბლეკის ფირმის ოფიციალური განცხადების თანახმად, ის მხოლოდ და მხოლოდ ეხმარებოდა ბაჰამების ხელისუფლებას აშშ-ისგან ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლისთვის დამატებითი დახმარება მიეღო («ნიუ იორკ თაიმსი», 21.06.89).

საინტერესო კომენტარი ბლეკმა ჟონას სავიმბისთან ურთიერთობაზე გააკეთა, რომელიც პრაქტიკულად იდენტურია «ნაციონალების» საყვარელი გამოთქმის «რა დროს დემოკრატიაა, მტერი 40 კილომეტრშია». როდესაც სავიმბის ადამიანების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ, ბლეკმა თქვა: «როდესაც მტერი სულ რაღაც ორი საათის სავალზეა იმ ადგილიდან, სადაც იმყოფები, შენ ტერიტორიას ნიუ-ჰემფშირის საკრებულოს წესების თანახმად ვერ მართავ».

ბლეკისა და მისი პარტნიორების «აქტივშია» თანამშრომლობა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პათოლოგიურ დიქტატორთან, მუჰამედ სიად ბარესთან, რომლის მმართველობას ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე და, ფაქტობრივად, სომალის სახელმწიფოებრიობა შეეწირა. ოთხმოციანების დასაწყისში რეიგანის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ შეიძლება ის თავის ერთგულ მოკავშირედ აქციოს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ მონსტრს არაფერი ეშველებოდა. საგულისხმოა, რომ ჩარლზ ბლეკი ავანსცენაზე, როგორც წესი, იმ მომენტში ჩნდებოდა, როდესაც ამა თუ იმ დიქტატურას სრულ კრახამდე ან ვაშინგტონთან ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. ის ხელს ისეთ სამუშაოს ჰკიდებდა, რომელზეც ვაშინგტონელი ლობისტების უმრავლესობა, 99%-იანი ალბათობით, ზიზღნარევი ღიმილით უარს იტყოდა.

საერთოდ, ცხოვრება და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ისეა მოწყობილი, რომ ვიღაცამ უნდა იმუშაოს ამ მობოტუებთან, სავიმბებთან და სააკაშვილებთან; მხოლოდ თეთრი ხელთათმანებით საქმის კეთება არ გამოდის და ჩარლზ ბლეკმა «შავი ხელთათმანის» როლი მოირგო. პირველი რანგის ექსპერტს და მითუმეტეს გენიოსს მას, ალბათ, მაინც ვერ ვუწოდებთ _ 1980-ში მისმა არასწორმა რჩევამ კინაღამ შეიწირა რონალდ რეიგანის პოლიტიკური მომავალი, მნიშვნელოვანი როლი მას მაკკეინის კამპანიის წარუმატებლობაშიც მიუძღვის. მან ასევე ვერ მოახერხა (ეს, სავარაუდოდ, მის შესაძლებლობებს აღემატებოდა; პოლიტიკური კონსულტანტები და ლობისტები ჯადოქრები ნამდვილად არ არიან) პარტნიორი დიქტატორების «გადარჩენაც». თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო ათწეულებში ჩარლზ ბლეკმა ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა.

განსაკუთრებით აქტუალური ბლეკის კავშირები 2008 წლის გაზაფხულზე გახდა. საქმე ისაა, რომ ჯონ მაკკეინი წლების განმავლობაში აქტიურად ებრძოდა საეჭვო ლობისტურ საქმიანობას და ვაშინგტონური ლობიზმის თანამედროვე კულტურას ზოგადად, თუმცა მის შტაბში საკვანძო თანამდებობაზე სწორედ რომ ლობისტები აღმოჩნდნენ. მაკკეინს მოუწოდებდნენ ლობისტები, უპირველესად, ჩარლზ ბლეკი ჩამოეცილებინა. ზოგიერთი მათგანი იძულებული გახდა, წასულიყო მას შემდეგ, რაც მაკკეინის შტაბმა ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რომლის თანახმად, კამპანიაში ჩართულ პირებს უნდა გაეწყვიტათ კავშირი ლობისტურ ფირმებთან და უცხოელ კლიენტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ ბლეკს გამორჩეულად აკრიტიკებდნენ და  ლიბერალურმა ორგანიზაცია MoveOn.org-მა «მსოფლიოს ყველაზე საშინელი ტირანების წარმომადგენელი» უწოდა, მაკკეინმა ის დაიცვა და განაცხადა: «ბლეკი მუშაობდა თითოეულ საარჩევნო კამპანიაში, პრეზიდენტ რეიგანის პირველი კამპანიიდან მოყოლებული, მან გაწყვიტა ურთიერთობა ლობისტურ ჯგუფთან, რომელთანაც თანამშრომლობდა» («ვაშინგტონ პოსტი»). ამ განცხადებიდან სულ მოკლე ხანში ჩარლზ ბლეკმა წარმოუდგენელი, ამერიკული არჩევნების ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო რამ გააკეთა და გამორიცხული არაა, რომ ჯონ მაკკეინმა მწარედ ინანა, რომ მას ასეთი თავგამოდებით იცავდა.

ჟურნალ «ფორჩუნთან» საუბარში (2008 წლის 23 ივნისი) ბლეკმა განაცხადა, რომ მაკკეინისთვის მოგებიანია წინა პლანზე უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული საკითხების გამოტანა. მან თქვა, რომ პაკისტანში ბენაზირ ბხუტოს მკვლეობამ მაკკეინს ნიუ-ჰემფშირში პრაიმერი მოაგებინა. ჟურნალისტის კითხვაზე: ხომ არ დაეხმარება მაკკეინს ახალი ტერაქტი აშშ-ის ტერიტორიაზე, ჩარლზ ბლეკმა უპასუხა: «რა თქმა უნდა, ეს მას სერიოზულ უპირატესობას მიანიჭებს». ამ განცხადებამ მაკკეინი ლამის ჭკუიდან გადაიყვანა: «ვერ წარმომიდგენია, რისთვის თქვა ეს ბლეკმა. ეს ტყუილია! 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ მე დაუღალავად ვმუშაობდი იმაზე, რომ ახალი ტერაქტები არ მომხდარიყო». ბლეკის განცხადება კარგად გამოიყენა ობამას შტაბმა, მას «სამარცხვინო» უწოდა და დასძინა: «ეს იმ ცინიკური პოლიტიკის ნათელი მაგალითია, რომლის შეცვლას ვცდილობთ». თავად ბლეკმა კი ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, «რომ ღრმა სინანულს განიცდის თავისი არასათანადო განცხადებების გამო», თუმცა ამერიკელი კომენტატორების ნაწილი დაეჭვდა; აშკარა იყო, რომ გამოცდილი კონსულტანტი, რომელმაც მშვენივრად იცის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დუმილს ოქროს (ან ჟონას სავიმბის «სისხლიანი ალმასების») ფასი აქვს, ასე უბრალოდ ასეთ აშკარა სისულელეს არ იტყოდა.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, გაჩნდა კონსპიროლოგიური ვერსია იმის თაობაზე, რომ ბლეკმა მიანიშნა მაკკეინს, რომ «ლაშქრობას ლობისტების წინააღმდეგ» მისი ინტერესები არ უნდა შეეწიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება სააშკარაოზე არასასურველი ინფორმაცია გამოიტანოს. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ერაყის ომის წინარე პერიოდთან დაკავშირებული კომპრომატი, როდესაც ბლეკი აჰმად ჩალაბისა და მისი «ერაყის ეროვნული კონგრესის» ინტერესებს წარმოადგენდა, ან რაიმე, რაც უკავშირდებოდა ადმინისტრაციის საეჭვო კავშირებს საუდიტებთან, რომლებთანაც ბლეკი ასევე მუშაობდა. ასეთი დარტყმა მეტად საგრძნობი გახდებოდა არა იმდენად მიმავალი ბუშისთვის, რამდენაც პრეზიდენტობის კანდიდატ მაკკეინისთვის; თუმცა ჩარლზ ბლეკის განცხადების პროეცირება არა მხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც შეიძლება. მისი ინტერვიუდან თვე-ნახევარში ტერაქტი აშშ-ის ტერიტორიაზე არ მომხდარა, მაგრამ დაიწყო აგვისტოს ომი, რომელმაც მაკკეინის რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია. პრინციპში, ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი მომენტი წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მაკკეინს სიტუაციაში გარდატეხის შეტანა შეეძლო, თუმცა ობამას შტაბმა ძალთა სრული მობილიზებით ბლეკს და მის კოლეგებს რესპუბლიკელთა შტაბიდან აჯობა.

ვერსია, რომ აგვისტოს ომის ერთ-ერთ მიზანს, მაკკეინისთვის დახმარების აღმოჩენა წარმოადგენდა, საქართველოში არაერთგზის გაჟღერდა, თუმცა მისი დოკუმენტური დასაბუთება, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ხერხდება, ამიტომ საუბარი ამ თემაზე ხშირად კონსპიროლოგიის სფეროში გადასვლას და სტრიქონებს შორის კითხვას უკავშირდება.

მაკკეინსა და სააკაშვილს, პრინციპში, შეუძლიათ ნებისმიერ კონსულტანტს და ლობისტს მიმართონ, ეს მათი გემოვნების და, ასე ვთქვათ, ზნეობრივი პრინციპების საკითხია. თუმცა, ვინაიდან ხელისუფლება ჰონორარს ჩარლზ ბლეკს არა «ნაცმოძრაობის» პარტიული სალაროდან, არამედ ჩვენ მიერ შევსებული ბიუჯეტიდან გადაუხდის, ორიოდე სიტყვა ამ სიტუაციაზე, ალბათ, გადამხდელებსაც გვეთქმის. კონტრაქტის თანახმად,  Prime Po­licy Group-ი «უზრუნველყოფს სტრატეგიულ რჩევებს და კონსულტაციებს, დახმარებას ნატოსთან დაკავშირებულ და წინასაარჩევნო საკითხებზე, ასევე კონგრესთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს და ადვოკატირებას «თავისუფალი ვაჭრობისა და დემოკრატიის საკითხების ხელშეწყობის» კუთხით» (Ci­vil.ge). თუმცა შეიძლება გაჩნდეს «საფუძვლიანი ეჭვი», რომ მისი მთავარი ამოცანა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი სააკაშვილის ჯგუფის ინტერესების ლობირება იქნება, მაგრამ ეს ასე რომც არ იყოს, რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს.

გვინდა თუ არა, რომ საქართველოს საქმეებთან რაიმე შეხება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც უბინძურესი დიქტატორების საქმიანი პარტნიორი იყო? თანახმა ვართ თუ არა მას თუნდაც ერთი თეთრი გადავუხადოთ? რატომ უნდა ჩამოვართვათ ხელი ადამიანს, რომელიც მკვლელების ინტერესებს ლობირებდა?

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here