Home რუბრიკები პოლიტიკა ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს!

ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს!

697

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი ოქტომბრის თეზისი «შუა უნდა გაიკრიფოს» წამოაყენა, საპროტესტოდ განწყობილ ამომრჩეველში ისეთი ეიფორია იყო, რომ მისი ანალიზით თავი მაინცდამაინც არავის შეუწუხებია. მერე და მერე ივანიშვილმა წუნია პატარძალივით ხან ერთ პარტიას ჰკრა ხელი, ხან მეორეს და «შუის გაკრეფას» სოციალისტური შრომის გმირ მეჩაიესავით შეუდგა. ცოტა ხანში საზოგადოების ერთ ნაწილს გამოფხიზლება დაეტყო და ივანიშვილის კრიტიკასაც ტაბუ აეხსნა. ნახევარ წელიწადში კი «შუაგაკრეფილი» ქართული პოლიტიკური სპექტრის შეუხედავი ფასადიც თვალნათლივ დაიხატა.

ნელ-ნელა დაიწყო იმის ანალიზი, რომ სიტუაცია საეჭვოდ ემსგავსება 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, როცა ერთმანეთს ედუარდ შევარდნაძის «მოქალაქეთა კავშირი» და ასლან აბაშიძის «აღორძინება» დაუპირისპირდნენ. შევარდნაძე ქართველ ხალხს აფრთხილებდა, რომ «მოდის შავბნელი ძალა», რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულისკენ დააბრუნებს და ხელს შეუწყობს სეპარატიზმისა და კუთხურობის გაღრმავებას ქვეყანაში. შევარდნაძეს არც აბაშიძე ჩამორჩებოდა მწვავე გამოსვლებით. ორივე ძალამ შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მათ გარდა სხვა აღარავინ გავიდოდა პარლამენტში (არადა, «მრეწველებს» მაშინ კარგი გუნდი ჰყავდათ, ერთ ბლოკში იყვნენ «ედპ» და რესპუბლიკელები – მესამე გზა).

ბლოგერი ვაჟა შუბითიძე დაწვრილებით აღწერს ამ «დაპირისპირებას»: «გაყალბებული არჩევნების შემდეგ «მოქალაქეთა კავშირი» და «აღორძინება» ისე დაუტკბა ერთმანეთს, ისე გადაინაწილეს თანამდებობები, რომ ძველი დაპირისპირება მირაჟივით გაქრა და «ვარდების რევოლუციამდე» ორივე ძალა ერთად იყო. ვშიშობ, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იგივე არ განმეორდეს საქართველოში _ «ნაციონალები» და «ქართული ოცნების» კოალიციის ზოგიერთი წევრი არ ჩაეხუტონ ერთმანეთს. ივანიშვილმა ეს არანაირად არ უნდა დაუშვას».

როგორ არ უნდა დაუშვას, როცა მის გუნდში სწორედ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც «ვარდების რევოლუციად» მონათლულ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობით დღესაც ამაყობენ და, სააკაშვილს თუ რამეს უწუნებენ, ეს ანტიქართული რეფორმების «არასაკმარისი შესრულებაა»! ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნას ისინიც აპირებენ, ხოლო «რელიგიური გაერთიანებების შესახებ» მიღებულ კანონს დემოკრატიულ მიღწევად აფასებენ!

იმავე 1999 წლის 11 ოქტომბერს გაზეთი «მერიდიანი» წერდა:

«31 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ორი (ორად-ორი) ფავორიტის ვინაობა საყოველთაოდ ცნობილია: ერთი მხრივ, «საქართველოს მოქალაქეთა კავშირი», მეორე მხრივ _ საარჩევნო ბლოკი «საქართველოს აღორძინება». დამოუკიდებელი მასმედია, ყოველგვარი წინასწარი ავი განზრახვის გარეშე, რეიტინგებსა და დისკუსიებში სხვებსაც მოიხსენიებს, მაგრამ როგორც «სხვა პარტიებს», ანუ ერთად აქუჩებს «მემარცხენეებსაც», «მემარჯვენეებსაც», «მრეწველებსაც», «ეროვნულ-დემოკრატებსაც», კომუნისტებსაც და ა. შ. ამგვარი ვითარება კი, ალბათ, იმას გამოიწვევს, რომ 31 ოქტომბერს უკვე არა მხოლოდ რაიონებში, სადაც ჯერ კიდევ პოლარიზებულად (შავი-თეთრი) და პერსონიფიცირებულად (შევარდნაძე-აბაშიძე) აზროვნებენ, არამედ თბილისშიც კი (დედაქალაქში თითქოს უფრო განვითარდა პოლიტიკური გემოვნება) ელექტორატი არჩევანს სწორედ «მოქალაქეებსა» და «აღორძინებას» შორის გააკეთებს».

ეს ამონარიდები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სურათი დღესაც ასეთი იქმნება: «შუის გაკრეფით» ქართული პოლიტიკური სივრცე ხელოვნურად ვიწროვდება და ადგილს მხოლოდ ორ სუბიექტს უტოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ეს ძალა პროამერიკული ორიენტაციისაა, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის აძლევს ხელს ეს ხელოვნური კონფიგურაცია.

რევოლუციამდე ერთი წლით ადრე «მოქალაქეთა კავშირისა» და «აღორძინების» ერთობაზე უკვე იმდენი ვარაუდი გამოითქვა, რომ თვით ქართული მედიის «დედამ» _ ია ანთაძემაც ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის ფარული კავშირისა და თანამშრომლობის შესახებ დაიწყო წერა. მან იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან აბაშიძემ აჭარის მოსახლეობის ხმები არა საკუთარი ბლოკის წევრს – ჯუმბერ პატიაშვილს, არამედ სწორედ ედუარდ შევარდნაძეს დაუთმო.

ია ანთაძე საგანგებოდ უსვამს ხაზს: «ქართულ პოლიტიკურ ინტერიერში შევარდნაძე-აბაშიძის ურთიერთობას საგანგებო სივრცე ეთმობა, მაგრამ ეს სივრცე შეუვალია ქართული პოლიტიკის სხვა პერსონაჟებისთვის. სამაგიეროდ, ისინი აჭარის ლიდერთან ურთიერთობას საკუთარი ინტერესების შესაბამისად აგებენ და მასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმებიც აქვთ», მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრულიად საპირისპირო დასკვნას აკეთებს: «პრესის ვერსია «მოქალაქეთა კავშირისა» და «აღორძინების კავშირის» სავარაუდო დაახლოების შესახებ უსაფუძვლოდ გამოიყურება. მართალია, შევარდნაძის ძალაუფლება განაპირობებს აბაშიძის ძალაუფლებას, მაგრამ ორი სახელისუფლო პარტიის ერთ ბანაკად გაერთიანება მოსალოდნელი არ არის. ცალკეული გადაწყვეტილებების მისაღებად კი ასლან აბაშიძე ნებისმიერ საპარლამენტო ძალასთან ითანამშრომლებს».

დღეს ივანიშვილიც და მისი თანაგუნდელებიც მუდმივად გამოხატავენ «ნებისმიერ საპარლამენტო ძალასთან თანამშრომლობის» მზადყოფნას. ისინი ყოველთვის მორიგდებიან, მითუფრო, რომ კარჩაკეტილი ცხოვრების გამო ივანიშვილი ბევრი პოლიტიკური სუბიექტის არც წარსულს იცნობს და არც წინააღმდეგობებს, რომელთაც ისინი გადაახტნენ. აი, მაგალითად, 2002 წლის 23 ივლისის ჯერ კიდევ ტრადიციონალისტის, სულ ერთ წელიწადში კი «ნაციონალების» სახედ ქცეული მაია ნადირაძის ინტერვიუ, რომელშიც იგი «აღორძინებისა» და «მოქალაქეთა კავშირის» ალიანსზე მიანიშნებდა:

«მე ვთვლი, ვითომ ოპოზიციონერები არიან (გულისხმობს  «აღორძინებას» _ თ.დ.). ჯერ როცა ხელისუფლებას აკრიტიკებენ და შემდეგ მის მხარდამჭერებად გამოდიან, ეს უკვე ოპოზიციონერობა აღარ არის. ასეთი საქციელი კი იმით არის განპირობებული, რომ დღემდე ქართული პოლიტიკა ჯიბრზეა დამყარებული: მთავარია, ის გააკეთო, რაც შენს მოწინააღმდეგეს არ სურს…

_ თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ აბაშიძის მხარე ამ შემთხვევაში გარიგებაზე წავიდა და ბიუჯეტისთვის ხმის მიცემით მომავლის საქმე გააკეთა.

_ რაც არ ვიცი, იმას ვერ ვიტყვი, მაგრამ, თუკი ბიუჯეტს გადავხედავთ, მათ სასარგებლოდ რაღაც თანხები გამოიყო».

«რაღაც თანხებზე» ლაპარაკი დღესაც დაიწყო. ჯერ იყო და ჯარიმის 10 მილიონი ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარებით «გააპრავა». მერე დაამატა, მთელ ზარალს ავანაზღაურებო. არადა, ხელისუფლების გათვლით, ზარალის ანაზღაურებას 160-ზე მეტი მილიონი სჭირდება. დაახლოებით ამდენივე აქვს ჯარიმის სახით გადასახდელი ივანიშვილს! რა არის ეს, თუ არა «ნაციონალური» ხელისუფლების ირიბი დაფინანსება? ისეთ წვრილმანზე, როგორიც არის მელაძეების ოჯახისთვის ჩამორთმეული და თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ივანიშვილისთვის «დიდსულოვნად» დაბრუნებული მიწის ნაკვეთი, ნუ შევჩერდებით.

როცა ლაპარაკი ასეულობით მილიონზეა, იქ წვრილმანებზე არ ხურდავდებიან. ლეიბორისტული პარტია პარლამენტის ქუთაისში გადატანას აპროტესტებს და აცხადებს, რომ თბილისში არსებული პარლამენტის შენობა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორ ელგუჯა (ბუბა) ქებურიას იმაზე ნაკლებ ფასად მიჰყიდა, ვიდრე სინამდვილეში ღირს.

ორიოდე დღის წინ პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ელგუჯა ქებურიასთვის პარლამენტის შენობის 30 მილიონ ლარად მიყიდვა ადასტურებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არსებულ გარიგებას:

«ელგუჯა ქებურია გახლავთ კრიმინალ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი. ისინი ერთად მოღვაწეობდნენ რუსეთში, შემდეგ საფრანგეთში აგრძელებდნენ ბიზნესურთიერთობას. სააკაშვილმა პარლამენტის შენობა პრაქტიკულად კი არ მიჰყიდა, აჩუქა. პარლამენტის შენობა შეფასებულია 1 მილიარდ ლარად. მე თუ მკითხავთ, მილიარდზე მეტი ღირს და თან ისტორიული შენობა არის. ეს შენობა 30 მილიონ ლარად ხელში ჩაუგდო ვინმე ქებურიას. რატომ გახდა პრეზიდენტი ასეთი გულუხვი და გულჩვილი, რომ ასეთი ძვირფასი შენობა აჩუქა ისედაც მდიდარ ადამიანს?!» _ იკითხა შატბერაშვილმა და დასძინა, რომ მილიარდერი სააკაშვილი დღეს ებრძვის მილიარდერ ივანიშვილს, მაგრამ თან ჩუმჩუმად მათ შორის გარიგება მიმდინარეობს. 

რაკი წარსული გავიხსენეთ, 1999 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუც ვნახოთ. «რეზონანსის» შეკითხვებს «მოქალაქეთა კავშირის» იმჟამინდელი სახე უპასუხებს:

«როგორც კი ბათუმური ბლოკი «საქართველოს აღორძინება» უმცირესობაში აღმოჩნდება, ის დაიშლება.

_ რატომ ფიქრობთ ასე?

_ იმიტომ, რომ ბლოკში განსხვავებული ორიენტაციის პარტიები არიან გაერთიანებულნი. გარდა ამისა, პრობლემები შეიქმნება სიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი გავლენიანი პიროვნება სიაში, შესაძლოა, არც აღმოჩნდეს.

_ «მოქალაქეთა კავშირისა» და პრეზიდენტის მხრიდან არ შეინიშნება მოძრაობები, რომ «ხელი შეეწყოს» ბათუმური ბლოკის დაშლას?

_ მოძრაობები არ არის, მაგრამ არჩევნების შემდეგ ისინი ჩვენთან აუცილებლად მოვლენ».

არჩევნების შემდეგ კოალიცია «ქართული ოცნების» დაშლის თაობაზე უკვე ალაპარაკდნენ, ხოლო, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს «ის მიშა აღარ არის», მწარედ ცდება. სააკაშვილი დღესაც დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ დღევანდელი «აღორძინება» («ქართული ოცნების» სახით) მასთან მივა. თუმცა იგი არჩევნებს გულხელდაკრეფილი როდი ელის; ვიდრე ისინი «მოვლენ», მათთან ესენი მიდიან. «ქართული ოცნების» რეგიონული ოფისები გაივსო კუდისა და სოდის თანამშრომლების ახლო ნათესავებით, ხოლო «ოცნების» რეგიონული კოორდინატორი, როგორც ამბობენ, «ნაციონალური» ელიტის ერთ-ერთი წარმომადგენლის ნათელმირონია და ამ პროცესს ხელს უწყობს. სახელიც ვიცით, გვარიც, მაგრამ, ჩვენი წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველა დეტალის გახმაურებაზე ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ.

ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ან ჰგონია, ან თავს იკატუნებს, რომ «ნაციონალთა» მხარდამჭერებს «ავერბოვკებს», «ნაციონალები» მის საარჩევნო შტაბებში საკუთარ ხალხს ნერგავენ და არჩევნების შედეგების კონტროლს ამთავითვე ცდილობენ. ყოველი გაურკვეველი საკადრო ცვლილება «ოცნების» ცენტრალური შტაბიდან, ერთი შეხედვით, აბსურდულ განმარტებას იღებს: «ვიცით, რომ ეს (თუ ის) «ნაციონალების» კაცია, მაგრამ ასეთი ტაქტიკა გვაქვს»!

ორი პოლიტიკური სუბიექტის ამარა დარჩენილი ქართული საარჩევნო მარათონი საპროტესტო ელექტორატს ვერაფერს შეუცვლის, მისი «საიდუმლო ტაქტიკა» კი თეთრი ძაფით არის ნაკერი. ეს ტაქტიკა იმდენად ნაცნობია, რომ ხანდახან სურვილი გიჩნდება, ხმამაღლა თქვა: ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს!

თამარ დავითულიანი

 

 

1 COMMENT

  1. შუა გაკრეფის მაგივრად უფრო ჯობდა ბატონო ბიძინა ის ხალხ და ერ მოზულე რესპუბლიკელები არ დაგეყენებინა გვერდიტ, რა ვქნა მაგათ ხელში საქართველოს მომავალი არ უწერია.. ვერ გავიგე, თითქმის ყველა ინტელიგენტი და პოლიტიკოსი, ისტორიკოსი და გამოცდილი ჟურნალისტები ყველა ერტ დაიმავეს გეუბნებიან,, რატომ ეს ფაშისტები დაიყენეთ გვერდით? ხიდაშელის ატანა არა აქვს ხალხს ხომ ხედავთ? დავიჯერო კუკავა და ბურჯანაძე უარესია რესპებზე?…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here