Home რუბრიკები პოლიტიკა რას ერჩის ხელისუფლება ივანიშვილის დაცვის ფრანგ კონსულტანტებს?

რას ერჩის ხელისუფლება ივანიშვილის დაცვის ფრანგ კონსულტანტებს?

675

ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების ფრანგი კონსულტანტი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ 19 ივლისს «ქართული ოცნების» პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ორი წელია, ივანიშვილი სარგებლობს ფრანგული უსაფრთხოების კომპანიის მომსახურებით, რომლის კონსულტანტები თბილისში ხშირად ჩამოდიან, მაგრამ 18 ივლისს მისი ორი წარმომადგენლიდან ერთ-ერთი _ კომპანიის ტექნიკური დირექტორი საქართველოში არ შემოუშვეს. ფანჯიკიძის თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, პირველი ორი კვირის წინ მოხდა, როცა საზღვრიდან კომპანიის მფლობელი გააბრუნეს.

სამწუხაროდ, ფანჯიკიძემ არ დაასახელა პირველი ინციდენტის ზუსტი თარიღი და თქვა «დაახლოებით ორი კვირის წინ». არადა, სიზუსტე ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ 3 ივლისს საბოლოოდ გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ბაჩო ახალაია გახდება, 4 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა ის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა, ამავე დღეს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ცვლილება დამოკიდებულებაში ივანიშვილის კონსულტანტების მიმართ უცნაურად ემთხვევა შსს-ში ახალაიას დანიშვნას; ადრე მათ მსგავსი პრობლემები არ შექმნიათ.

ალბათ, გაცილებით იოლია ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა, ვიდრე ხელისუფლების ამ ნაბიჯის მიღმა რაიმე ლოგიკის აღმოჩენა. აშკარაა, რომ შეზღუდვებს ფრანგი კონსულტანტებისთვის არ შეიძლება მიეცეს სხვა ინტერპრეტაცია, ივანიშვილის უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნის გარდა. ასეთი მიდგომა გაუგებარია იმ ვითარებაში, როდესაც კოალიციის წარმომადგენლები გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილზე შეიძლება თავდასხმა მოხდეს (განსაკუთრებით ამ მხრივ სოზარ სუბარი და ლაშა ნაცვლიშვილი აქტიურობენ). თუ, ღმერთმა დაგვიფაროს, მსგავსი რამ მართლაც მოხდება, არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური საინფორმაციო საშუალებები ამ ისტორიას მომენტალურად გაიხსენებენ და ის დამატებით დამაჯერებლობას შესძენს ვერსიას იმის თაობაზე, რომ თავდასხმა ხელისუფლებამ მოაწყო. პარადოქსულია, მაგრამ ხელისუფლება, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ივანიშვილის უსაფრთხოების დასუსტებით დაინტერესებული მხარის როლს ირგებს.

არსებითად, საქართველოში ფრანგი კონსულტანტების არშეშვება აფერხებს მათ კომუნიკაციას თბილისში მყოფ კოლეგებთან, მაგრამ ეს ბარიერი სიმბოლურ, უმნიშვნელო ხასიათს ატარებს. ამქვეყნად ინფორმაციის გაცვლის უამრავი საშუალება არსებობს, როგორც ძველი, ისე ულტრათანამედროვე. უზარმაზარი ბიუჯეტის მქონე ამერიკული დაზვერვა ხელს ვერ უშლის ინფორმაციის მიმოქცევას თალიბებს შორის და, როგორც წესი, ამის გაკეთებას არც ცდილობს, რადგან კომუნიკაციის არხების ფარული კონტროლი და საინფორმაციო ნაკადების მართვა გაცილებით მომგებიანია, ვიდრე მათი დაბლოკვის ამაო მცდელობა; ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე დაუყოვნებლივ დაიწყებს ზრუნვას ახალი, დაცული არხების გაჭრაზე. გავითვალისწინოთ ისიც, რომ განხილულ შემთხვევაში, თამაშში, ერთის მხრივ, მონაწილეობენ ფრანგი პროფესიონალები, ხოლო მეორე მხრივ, ისინი, ვისაც, მხოლოდ და მხოლოდ ზრდილობის გულისთვის შეიძლება «ენთუზიასტი მოყვარულები» ვუწოდოთ.

საქმე ძალიან უცნაურ დემონსტრაციასთან გვაქვს; ხელისუფლება თითქოს  ავანსცენაზე გამოვიდა და მთელი ქვეყნის გასაგონად დაიყვირა: დიახ, მე ვუქმნი პრობლემებს ივანიშვილის უსაფრთხოებას! ეს აბსურდული სიტუაციაა. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მისი ანალიზისთვის აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ფსიქიატრების კონსულტაცია დასჭირდა.

შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ხელისუფლება ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ფრანგებზე, რათა ივანიშვილთან ურთიერთობა გაწყვიტონ, აგრეთვე, ირიბად მიანიშნოს «ქართული ოცნების» ლიდერს და უცხოელ პარტნიორებს, რომ სკამების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელია. თუ მთავარი მოტივი მართლაც ესაა, ამ სცენარის ავტორებმა, ალბათ, არ იციან, რომ არ შეიძლება «შესაშინებლად» ჯიბიდან დანის ამოღება და მისი ჰაერში ქნევა (ამ შემთხვევაში პირობითი «დანა» სახელმწიფო მანქანის ძალისმიერი პოტენციალია); ამის გამკეთებელს (როგორც ქუჩაში, ისე პოლიტიკაში) ძალიან მძიმე ხვედრი ელის. 

მართალია, მაია ფანჯიკიძემ თავი შეიკავა ფრანგული კომპანიის დასახელებისგან, მაგრამ ზოგადად, ასეთი კომპანიების არაერთი თანამშრომელი ნამყოფია ადგილებში, სადაც გამოთქმას «კაციჭამია დიქტატორი» არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით იყენებენ, და საქმე ჰქონია ძალოვანებთან, რომლებიც მოჭრილი ყურების კოლექციებით ამაყობენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მცდელობებმა _ გამძინვარებული მარტორქა განასახიეროს, მათზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს, მითუმეტეს, რომ ივანიშვილი (სავარაუდოდ) ისეთ ჰონორარებს უხდის, რომ შეუძლიათ თავი ლუი XIV-დ თუ არა, ჟან-ბატისტ კოლბერად მაინც იგრძნონ. ცხადია, ვინმემ შეიძლება ივარაუდოს, რომ ხელისუფლება, რომელსაც დასავლელი ელჩების მკაცრი გამოხედვაც კი პანიკაში აგდებს, აეროპორტიდან საფრანგეთის მოქალაქეების «დადეპორტების» შემდეგ (სხვათა შორის ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდა საფრანგეთის საგარეო უწყება) მთლად გაგიჟდება და ფრანგული კომპანიის თბილისში მყოფ თანამშრომლებზე თავდასხმას დაიწყებს, თუმცა საუკეთესო კომენტარი ასეთ ვარაუდზე, ალბათ, იქნება ირონიული «მას შეუძლია სცადოს…». ზოგადად კი, ეს ფრანგები, სავარაუდოდ, მშვენივრად აცნობიერებენ, რომ რისკი მათი კონტრაქტის შემადგენელი ნაწილია და ასე იოლად არ შეშინდებიან.

საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ ამერიკელები, თუ სააკაშვილის ხელისუფლების მესიჯს შემდეგნაირად გაშიფრავენ: «ყველაფერზე წამსვლელები ვართ, ივანიშვილის ლიკვიდაციის ჩათვლით»? ისინი, ძალიან დიდი ალბათობით, მივლენ დასკვნამდე, რომ ასეთი თავდასხმა საქართველოში 12-ბალიანი მიწისძვრის მსგავს ეფექტს გამოიწვევს. თუ ის წარუმატებელი გამოდგა, ხელისუფლების რეიტინგი «პლინტუსზე დაბლა» დაეცემა, რადგან ქართული საზოგადოება თავდასხმას ნებისმიერ შემთხვევაში (დღეს ასეთი ფსიქოლოგიური ფონია) მას დაუკავშირებს და მმართველი პარტია არჩევნებში წარმატების მიღწევის თეორიულ შანსსაც დაკარგავს. ხოლო ივანიშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, იმ პირობით, რომ მისი მეუღლე ოპოზიციური კოალიციის კონსოლიდაციას და წარმოუდგენლად დიდი საპროტესტო განწყობის გამოყენებას ვერ მოახერხებს, ხოლო «ნაცმოძრაობა» გარკვეული დროით ხელისუფლებაში დარჩება, სააკაშვილის საქართველო სომოსას ნიკარაგუას გაემსგავსება. ეს იქნება ქვეყანა გადაულახავი უფსკრულით ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, ტოტალური რეპრესიებით, შეიარაღებული წინააღმდეგობის აქტებით, «კეთროვანის» როლით საერთაშორისო არენაზე, ყოვლისმომცველი დესტაბილიზაციით და საბოლოოდ საშინელი კრახით დიქტატურისთვის; დღეს შტატებს ასეთი პარტნიორი არ სჭირდება. ვაშინგტონი ცდილობს (ბჟეზინსკის ფორმულას თუ მოვიშველიებთ) «გლობალური პოლიტიკური გაღვიძების» ფლაგმანის როლი მოირგოს, ისე, როგორც არასდროს, თავი ჩაგრულების მეგობრად წარმოაჩინოს და «ახალი სომოსა», რომელიც ამ მიდგომასთან წინააღმდეგობაში შევა, მას უამრავ პრობლემას მოუტანს. აქედან გამომდინარე, თავდასხმა ივანიშვილზე ამერიკელებისთვის მეტად არასასურველი ჩანს; სიგნალმა იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ივანიშვილის უსაფრთხოების სისტემას შეუტია (თუნდაც საქართველოში კონსულტანტების არშეშვების ფორმით), შესაძლოა, უკვე დააფიქრა ძია სემი პრევენციული ზომების გატარებაზე, რადგან მოვლენათა საბედისწერო განვითარება მისთვის მხოლოდ ნეგატიურ სცენარებს დაუკავშირდება. საერთოდ, დღეს ივანიშვილის ლიკვიდაცია შეიძლება მხოლოდ ძალიან სულელმა ადამიანმა დაგეგმოს, რომელსაც თუნდაც 2-3 შემდგომი სვლის გათვლის უნარი არ აქვს ან საკუთარ ფსიქიკას ვეღარ აკონტროლებს.

ერთადერთი შესაძლებელი, ნორმალური რეაქცია საუბრებზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ხელისუფლების მხრიდან შეიძლებოდა გამხდარიყო განცხადება იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოება მისთვის პირველ ადგილზე დგას და ის მზადაა, განსაკუთრებით იზრუნოს ივანიშვილის დაცვაზე და დახმარება აღმოუჩინოს, მაგრამ ის სრულიად საპირისპირო მიმართულებით წავიდა და ივანიშვილის უსაფრთხოების კონსულტანტებს დაუპირისპირდა.

ალბათ, არავის არ უნდა დაიჯეროს, რომ ხელისუფლების პირველი პირები დეგრადაციის ბოლო სტადიამდე მივიდნენ და პოლიტიკური პრობლემის  მოგვარებას ოპონენტის ლიკვიდაციით აპირებენ, თუმცა, თუ ჩვენ თეორიულად დავუშვებთ, რომ ზოგიერთი მათგანი მსგავს რამეს მართლაც გეგმავს, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ამის გაკეთება მათთვის არც ისე იოლი იქნება. პოლიტიკური მკვლელობა ლობიოს ჭამისგან იმით განსხვავდება, რომ მას დიდი მოსამზადებელი სამუშაო სჭირდება, ხოლო მისი საიდუმლოდ შენახვა დღევანდელ პირობებში არც ისე მარტივია. ვითარება შეცვლილია, ინფორმაცია ხელისუფლების წიაღიდან არა მხოლოდ ჟონავს, არამედ ალაგ-ალაგ ღვარადაც მოედინება. სავარაუდოდ, ძალოვანი უწყებების არაერთი თანამშრომელი სერიოზულად ფიქრობს საკუთარ მომავალზე და სააკაშვილის შემდგომი მხადაჭერის პერსპექტივაზე; ამასთანავე, მზადებამ ჰიპოთეტური აქციისთვის შეიძლება დასავლური სპეცსამსახურების ყურადღება მიიპყროს, რომელთა პოზიციები ხელისუფლების შიგნით, სავარაუდოდ, ძალზე დამაჯერებელია. იმის ალბათობა, რომ ინფორმაცია გაჟონავს, არც ისე მცირეა.

კვალის ნაწილობრივი დაფარვა შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ «შეთქმულები» (პირობითად ასე ვუწოდოთ) უცხოელ შემსრულებლებს მიმართავენ. თუმცა სუპერ-პროფესიონალებზე გასვლა მათ, სავარაუდოდ, არ შეეძლებათ. მეტიც, ასეთი მცდელობის შესახებ, ძალიან დიდი ალბათობით, წამყვანი სახელმწიფოების სპეცსამსახურები შეიტყობენ. «შეთქმულების» შესაძლებლობების მაქსიმუმი, სავარაუდოდ, ზოგიერთ ჩეჩენ საველე მეთაურზე ან ბალტიისპირელზე გასვლაა, თუმცა არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ისინი შეკვეთის შესრულებას დათანხმდებიან ან ინფორმაციას მის შესახებ საიდუმლოდ შეინახავენ; რისკი ამ შემთხვევაშიც დიდია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ «შეთქმულებს» შეიძლება აქტიურად დაუპირისპირდნენ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომელთაც ესმით, რომ მსგავს აქციაზე წასვლა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანა.

ლოგიკურად თუ მივუდგებით, წარმატებული თავდასხმის ორგანიზების შანსი არც ისე დიდია, მითუმეტეს, რომ ივანიშვილი კარგადაა დაცული, მაგრამ ვინაიდან სააკაშვილის ხელისუფლების წარსულსა და აწმყოში საკმარისზე მეტია ლოგიკის წინააღმდეგ წასვლის, მეტიც, აშკარა სიგიჟის მაგალითი, სტრუქტურებმა, რომლებიც «ქართული ოცნების» ლიდერის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ალბათ, მაინც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოავლინონ. მითუმეტეს, რომ ძალიან ძნელია, წინასწარ განჭვრიტო ის, რასაც ნორმალური ადამიანი უბრალოდ არ გააკეთებს. 100%-იანი დაზღვევა შემთხვევითობისგან და შეცდომისგან ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ალბათ, ურჩევნია ოპონენტის ლიკვიდაცია აზრადაც არ გაივლოს და არჩევნებს მიხედოს, რომელსაც ჯერჯერობით უიმედოდ აგებს.

დიმიტრი მონიავა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here