Home რუბრიკები პოლიტიკა მინისმთლელები და მათი «ახალი საქართველო»

მინისმთლელები და მათი «ახალი საქართველო»

886

წინასაარჩევნოდ მმართველმა პარტიამ სხვა პიარ-პროდუქტებთან ერთად ქართველ ამომრჩეველს უხვად ილუსტრირებული გამოცემა «ახალი საქართველო» შესთავაზა. მისი დამკვეთები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, სოკარი, ვისოლი, გალფი და აუთდორი ყოფილან. იგი «ვარდების რევოლუციის» შემდეგ, 2004-2012 წლების ქართულ არქიტექტურას ეძღვნება.

 ეს 2004 წელი მხოლოდ იმისთვის არის ნახსენები, რომ ხაზი გაესვას _ საქართველოს ისტორია «ვარდების რევოლუციის» შემდეგ იწყება, თორემ კრებულში 2004 წელს აშენებულ ვერც ერთ ობიექტს ვერ ნახავთ იმ მარტივი მიზეზით, რომ არც არაფერი აშენებულა. 2005 წელს თიბისი ბანკი განახლდა.  2006 წელს გაიხსნა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო გზა ნატახტართან. ვინც არ იცის, იფიქრებს, რომ მთელი ეს ტრასა ასეთია, ილუსტრაციაზე კი მხოლოდ ნატახტარის მონაკვეთია ნაჩვენები. 2007 წელს ხალხში «კაბრიოლეტად» ცნობილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტია მითითებული, თან ისე მოხერხებულად, რომ, სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, მას არც «აშენებული» აწერია, არც «განახლებული». როგორც გინდა, ისე იფიქრე! ცხადია, არც იმაზეა რამე ნათქვამი, რომ ყოველ წვიმასა და ქარში შენობა ფორსმაჟორულ ვითარებაში გადადის. სამად-სამი ტერმინალი, როგორც ჩანს, არქიტექტურული აზრის მწვერვალს წარმოადგენს. 2008 წლით სავაჭრო ცენტრი პიქსელია დათარიღებული, რომელიც ყოფილ თანაგუნდელ ავთო დავითაძის ნათესავს ჩამოართვეს. თავად იგი კორუფციის ბრალდებით ციხეში გაამწესეს, თუმცა 2003 წელს არავის უკითხავს მისთვის, რა სახსრებით ინახავდა «ნაციონალების» ვაკე-საბურთალოს ოფისს.

2009 წელს სასტუმრო «შერატონ ბათუმი» და თბილისის «რადისონ ბლუ ივერია» გაიხსნა. ამავე წელს განახლდა «ბანკი რესპუბლიკაც», მაგრამ ნამდვილი სამშენებლო «ბუმი» 2010-12 წლებში გვქონია: მხოლოდ 2010 წელს აშენებულა და განახლებულა _ მშვიდობის ხიდი (მიკელე დე ლუკი), «ლიბერთი ბანკი», სასტუმრო Hოლიდაყ Iნნ თბილისში, ბათუმის პიაცა, ევროპის მოედანი, სასტუმრო ანაკლია, ახალი გზა ვერეს ხეობაში, გმირთა მოედანი, მესტიის აეროპორტი, ერთი სიტყვით, შთამბეჭდავი ჩამონათვალია.

 გმირთა მოედნის ერთობ საეჭვო არქიტექტურულ ღირსებაზე ნუ შევჩერდებით, ნურც «ჯერაც შეუვსებელ ადგილებზე» ვისაუბრებთ იმ კენოტაფზე, რომელიც არც ახლოდან, არც შორიდან არავის მიაგებს პატივს. ზოგადად, ამ ალბომში მოტანილი ნაგებობების არქიტექტურულ ღირსებაზე, უმჯობესია, თავად ხუროთმოძღვრებმა ილაპარაკონ, ჩვენ კი მათ სოციალურ დანიშნულებაზე ვიმსჯელოთ. ბანკებსა და კერძო სტრუქტურებზე ნუ შევჩერდებით, ალბომის დამკვეთების _ ვისოლისა და სოკარის ახალი მულტიფუნქციური ცენტრების არქიტექტურულ აზროვნებასთან სიახლოვის ანალიზზე ნუ მოვცდებით, უმჯობესია, იმ ჩამონათვალს მივყვეთ, რომელიც ბიუჯეტის ფულით და დიდმოხელეების გემოვნებით არის შექმნილი.

ბოლო ორ წელიწადში სწორედ ბიუჯეტის ხარჯზე აგებული ისეთი შედევრები შევიძინეთ, როგორიც არის რიყის პარკი თავის რეიგანიანად, ქუთაისის პარლამენტის შენობა, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის პროკურატურა, იუსტიციისა და პოლიციის რეგიონული შენობები, რამდენიმე სკოლა, გზა და გვირაბი.

 ყველაზე შთამბეჭდავად ამ ალბომში ქართული არქიტექტურის ნიმუშად გასაღებული დევნილთა დასახლება გამოიყურება, რომელიც ორ გვერდზე გაუშლიათ და, როგორც ჩანს, ეამაყებათ. ეს ტიპიური გეტოა, მაგრამ ალბომის დამკვეთებს ეს აინუნშიც არ მოსდით. სტანდარტული, უსულო ერთსართულიანი სახლები დამთრგუნველია და იმას კი არ გახსენებს, რომ დევნილებს სასწრაფოდ აუშენეს თავშესაფარი, არამედ იმას, თუ რამ გახადა ბაღნარში მცხოვრები ადამიანები იძულებული, აქ დასახლებულიყვნენ.

ყველაფერთან ერთად, დევნილთა დასახლებას ზემოდან პოლიციის მინის კოშკი გადმოჰყურებს, რომელიც ფოტოზე არ ჩანს. დევნილები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გრძნობენ თავს და ამ შემთხვევაში სულ ერთია, გამჭვირვალე კოშკიდან გადევნებენ თვალს თუ ბუჩქიდან. თანამედროვე არქიტექტურის აპოლოგეტები მინას იმდენად ხშირად იყენებენ, რომ «გონივრული ეჭვი» გაგიჩნდება, მინის წარმოებაში ხომ არ აქვთ პირადი ინტერესი. განახლებული შენობების უმეტესობა, უბრალოდ, მინით არის შემოსილი, ხოლო ახალი ნაგებობანი გეომეტრიას ომს უცხადებენ.

არქიტექტურის ნიმუშებს ხშირად კულტურულ და პოლიტიკურ სიმბოლოებად აღიქვამენ. ასეც არის; ნაციონალური პოლიტიკის კულტურული და პოლიტიკური სიმბოლო სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით წამოჭიმული გიგანტური კაზინო «შანგრილაა», რომლის ფოტოც ალბომში ვერ მოხვდა. ალბომში მოხვედრილი «თბილისი მოლი» კი მინის ნაცვლად ყრუ, ოღონდ გაფერადებული კედლებით გამოირჩევა და სანახევროდ დამთავრებული, მაგრამ უკვე საზეიმოდ გახსნილი, ნაგვის გროვებთან ამაყად მეზობლობს. ფოტოზე ნაგავი არ ჩანს, მაგრამ თბილისიდან გამსვლელი, კიდევაც რომ ეცადოს, ნაგვის მთების დანახვის გარეშე ქალაქს ვერ დატოვებს.

არქიტექტურაში მინის უხვად გამოყენება ნახევარი საუკუნის წინ ჩრდილოეთის ქვეყნებში დაიწყეს, სადაც მზის დეფიციტია, დღე მოკლეა და შენობა მზის ყოველი სხივის დაჭერაზეა ორიენტირებული. მზიურ საქართველოში, სადაც ჩრდილი საძებარია, ამგვარი აკვარიუმების აშენება ოდენ კაპრიზია, უცხოეთში ნანახის გადმოღება და იმით აღტაცება, რაც მსოფლიომ კარგა ხნის წინ მოილია.

თუმცა _ არა! ეს სწორედაც პოლიტიკური სიმბოლოა, გამჭვირვალე სახელმწიფოს სიმბოლო. პირველად სააკაშვილმა მინის კუბი იუსტიციის სამინისტროს მისაღებში დადგა. როდესაც ჰკითხეს, რა დანიშნულება ჰქონდა მას, ახსნა, რომ მინის კედლებში თანამშრომლები ქრთამს ვერ აიღებდნენ! მეორე პოლიტიკური სიმბოლო _ თეთრხელთათმანიანი საპატიო ყარაული მან იუსტიციის სამინისტროს წინ დააყენა. ახლა ისინი გმირთა მოედანზე, მემორიალურ კედელთან დგანან, ხოლო იუსტიციის ყოფილი მინისტრი 2009 წელს მიკელე დე ლუკის პროექტით აგებულ მინისგუმბათიან რეზიდენციაში გადავიდა, რომლის ღირებულება დღემდე ვერავინ დაადგინა.

ოდესღაც «თავისუფალ ქვისმთლელთა საძმო» არსებობდა, დღევანდელ საქართველოში მინისმთლელთა საძმო ბატონობს, თლის და თლის, ოღონდ სულ თავისკენ _ ხელეჩოსავით! არავინ იცის, რა ანაზღაურება მიიღეს იმ უცხოელმა არქიტექტორებმა, რომლებმაც უკანასკნელ წლებში ჩაწოლილი პროექტებით აავსეს საქართველო. ჰიტლერს შპეერი ჰყავდა, სააკაშვილს მეიერი ჰყავს, რომელსაც მესტია და სარფი ჩააბარეს, და მანაც პოლიციის, იუსტიციის, აეროპორტის, ხიდის და საბაჟო ტერმინალის დაპროექტებისას არც ერთი სწორი კედელი არ დაუშვა.

ჩვენი აწეწილ-დაწეწილი ცხოვრების ნიმუშად ეს ნაგებობები უთუოდ გამოდგება, ხოლო მესტიის მუზეუმის ყუთებში ჩაყრილ და ღია ცის ქვეშ დატოვებულ საგანძურს პატრონი რომ არ ჰყავს, ცხადია. ამის ფონზე კულტურის ნიმუშად ილუმინაციით მორთული ბათუმის აეროპორტის ნავიგაციის კოშკურა დაცინვას ჰგავს, ხოლო «ქართული ანბანი არის საქართველოს გენეტიკური კოდი» _ სპირალურ ზედაპირზე დატანილი ქართული ასოების მემორიალს ემსგავსება. ენას რომ მოკლავ, მერე ანბანს მემორიალიც უნდა დაუდგა!

 ამ ალბომის გადაფურცვლისას უნებურად ვფიქრობ, ივანიშვილს რომ მის მიერ აგებული და აღდგენილი შენობების ამსახველი ალბომი გამოეცა, რამდენ ტომს დაიკავებდა? ნაციონალური ხელისუფლების კადნიერება იქამდე მივიდა, რომ ივანიშვილის გაკეთებული თავიდანაა აღსადგენიო, აცხადებს. ახლა ჩვენს ყველა დარდს ისიც ემატება, რომ ოპერისა და რუსთაველის თეატრების ისტორიული ფასადებიც არ შემინონ თანამედროვე მინისმთლელებმა.

«ახალი საქართველო» _ რაღაცას უნებურად მახსენებს ამ «მიღწევათა» ამსახველი ალბომის დასათაურება. 2003 წელს სახელისუფლო ბლოკს, რომელსაც მინისმთლელები დაუპირისპირდნენ, სწორედ «ახალი საქართველოსთვის» ერქვა. ესეც ერთგვარი კულტურული და პოლიტიკური სიმბოლოა. რისთვისაც მაშინდელი ხელისუფლება საარჩევნო ბლოკს ქმნიდა, ის ამოცანა მისმა «გადამგდებმა» ნაციონალებმა «შეასრულეს».

 საქართველოდან გაყვანილი რუსული ჯარი უკან შემოაბრუნეს, დაკარგულ ტერიტორიებს ახალიც დაუმატეს, მოსახლეობა ბოლომდე გააღატაკეს, ამ არჩევნების წინ კი «ახალი საქართველოს» მშენებლებად ასაღებენ თავს. «დავით აღმაშენებლის დროიდან დღემდე საქართველოში არასოდეს აშენებულა ამდენი», _ აცხადებს სააკაშვილი, პარლამენტის შენობას ყიდის, მორჩილი უმრავლესობა კი ქუთაისის კაბოს პროექტით აგებულ «ლოკოკინაში» გადაჰყავს.

ეს არ არის «ახალი საქართველო» იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს საქართველო არ არის. ასეთი არქიტექტურა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება იყოს, ისეთშიც, რომელსაც მანამდე ქვის შენობა არ უნახავს. ნაცმოძრაობა» კი 10 წლის ბიჭუნას ჭკუაზეა, რომელიც წერს: «ძალიან გამიხარდა პარლამენტის გადმოტანა ჩემს ქალაქში. ყველას იმედი გაუჩნდა, რომ ქუთაისი უფრო მაგარი ქალაქი გახდება. მე მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია». ნაწერს «სმაილიკი» ახლავს.

ქუთაისი უპარლამენტოდაც «მაგარი» ქალაქია, მაგრამ თბილისიდან მისი გატანა «სიმაგრის» გატანასაც ხომ არ ნიშნავს? თუმცა პარლამენტის ქუთაისში გადატანამ პარკეტდაგებულ თეთრ ხიდს ვერ უშველა და პირველივე წვიმაზე დაკარგა არქიტექტურული სახე.

ახალ საწარმოებს ალბომში ორი გვერდი ეთმობა და მის ნახევარს გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის «ბარამბო», «ზედაზენი» და «ბერტა» იკავებენ. რუსთავის «ჯეოსტილის» ქარხნის მილიდან კი ფოტოზეც ისეთი ბინძური კვამლი ამოდის, რომ მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება გარემოს დაბინძურებისადმი მიძღვნილი სტატიის ილუსტრაციად.

მიკელე დე ლუკიმ, თბილისის გულში სრულიად უადგილო «მშვიდობის ხიდის» შემდეგ, შავი ზღვის უნივერსიტეტი დააპროექტა. პრეზიდენტის დედისთვის ის ისეთივე გულმოდგინებით იღვწის, როგორც მისი შვილისთვის. უცნობია, ამ მშენებლობასაც ბიუჯეტი აფინანსებს თუ არა, მაგრამ ერთი ცხადია: მიწის ნაკვეთი სააკაშვილმა დედამისს სიმბოლურ ფასად _ ერთ ლარად გადასცა, მაგრამ მიკელე დე ლუკი პროექტს უფასოდ ნამდვილად არ შექმნიდა.

რა უჯდება საქართველოს ეს «აღმშენებლობა»? _ ფულს რომ თავი დავანებოთ, იმ საჯარო გარემოს დაკარგვად, რომელიც ორგანული იყო საქართველს მოსახლეობისთვის. «გლობალური სოფლის» ბინადართათვის სულერთია, მინა იქნება მათ გარშემო თუ ქვა, ცათამბჯენი თუ სვანური კოშკი. ისინი ტურისტები არიან, ცხოვრება მათი მოგზაურობის მარშრუტია, მათ აბორიგენები არ აინტერესებთ. ადგილობრივები ოდენ ანტურაჟის ნაწილს წარმოადგენენ, ისინი იმ გარემოში უნდა არსებობდნენ, რომელსაც მსოფლიოში მოგზაურები არიან მიჩვეულნი.

ასეა თუ ისე, ალბომის დამკვეთებსაც და შემქმნელებსაც დიდი მადლობა ეკუთვნით; ასე ერთად თავმოყრილი ყველა «მიღწევა» თვალსაჩინოს ხდის, რატომ აღარ შეიძლება თანამედროვე მინისმთლელების ხელისუფლებაში დატოვება. «ახალი საქართველოს» ფასადს უკან გაგლეჯილი, დაძაბუნებული, გაღატაკებული ისტორიული ქვეყანაა მისი მიწა-წყლით და ხალხით, რომლის გასაჭირს ისინი გამჭვირვალე შენობებიდანაც კი ვერ ხედავენ.

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here