Home რუბრიკები პოლიტიკა მოვიდა ვანო და დახვდა სეტყვა

მოვიდა ვანო და დახვდა სეტყვა

736

მინისტრი ხაჩიძე მთვრალი ბომჟის მოწადინებით იქნევდა ხელებს და ცდილობდა, მისულიყო ადგილამდე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ლაგოდეხის მოსახლეობას ხვდებოდა. მინისტრი ყვიროდა რაღაც გაუგებარსა და ალოგიკურს; აშკარა სიძულვილი მის სახეს ისე ამახინჯებდა, რომ რაღაც მომენტში ის დაემსგავსა ბოსხის ყველა პერსონაჟს, ერთად აღებულს. აღელვებულ ხაჩიძეს, შესაძლოა, აღარც ახსოვდა, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და სტიქიისგან დაზარალებული, გამწარებული ხალხის გარემოცვაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ის წამითაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ ეპიზოდში სააკაშვილის ხელისუფლებას განასახიერებდა, დაბნეულსა და თვალებამღვრეულს, რომელიც კარგავს კონტროლს ქვეყანასა და საკუთარ თავზე და წარმოუდგენლად ძლიერ, პირველყოფილ სიძულვილს გრძობს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამის მიზეზი გახდა.

სეტყვა, ღვინო და შხამი

საერთოდ, მინისტრი ხაჩიძე და მისი სანათესაო რაღაცით დაემსგავსა ადამსების ინფერნალურ ოჯახს ცნობილი ამერიკული სერიალიდან, კვირა არ გავა ისე, რომ თავისი სკანდალური ქცევით საზოგადოების ყურადღება არ მიიზიდონ. ნათესავებმა თავი შიდა ქართლში გამოიჩინეს, სადაც შეეცადნენ «ქართული ოცნების» შეხვედრები ჩაეშალათ, გოგა ხაჩიძემ კი კახეთში მოაწყო ის, რასაც პოლიტიკაში, როგორც წესი, პროვოკაციას, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, უბრალოდ, ისტერიკას უწოდებენ. ერთი მეორეს არ გამორიცხავს: პროვოკატორის ცივ გათვლას შეიძლება თან ერთვოდეს  სავსებით გულწრფელი, სულის სიღრმიდან ამომავალი ისტერიულობა.

მოქმედების ალგორითმი ორივე შემთხვევაში იდენტური ჩანდა: მიიყვანო ოპონენტი დუღილის სტადიამდე და თავი აცემინო, რაც პოლიციას მისი დაკავების საბაბს მისცემს. თუმცა იმ სიტუაციებში, რომლებშიც რიგითი ზონდერები პრიმიტიულად იგინებიან და ქვებს ისვრიან, მინისტრ ხაჩიძის ოჯახმა ისეთი უბადლო არტისტიზმი გამოავლინა, «ოსკარი» თუ არა, ოქროს პალმის რტო მაინც უნდა გადავცეთ. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა (ისე, გოგა ხაჩიძე თანამდებობიდან შეიძლება უფრო ადრე გაუშვან, თუმცა მან ამის შესახებ ჯერ არაფერი იცის) მინისტრის ოჯახს შეუძლია საკუთარი ძალებით «ადამსების» მსგავსი სერიალი გადაიღოს; აუდიტორიის ინტერესი, რეკლამა და მაღალი შემოსავლები გარანტირებულია. ასე უფრო ჰუმანური იქნება: გოგა ხაჩიძე დაისვენებს გარემოსგან, ხოლო გარემო _ გოგა ხაჩიძისგან.

ალბათ, ოდესმე მოვა დრო, როდესაც სტიქიით დაზარალებულებს ყველანი ერთად დავეხმარებით, ისე, რომ პოლიტიკას საერთოდ არ ვახსენებთ. მაგრამ რაკი ეს «სათნოების ერა» ჯერ არ დამდგარა, კახეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას წინასაარჩევნო კონტექსტს გვერდს ვერ ავუვლით. ხელისუფლებამ სცადა, სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია საკუთარი კამპანიის ნაწილად გადაექცია რეგიონში, სადაც მისი პოზიციები არც ისე მყარი იყო, თუმცა ივანიშვილმა ინიციატივა წაართვა და მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მინისტრ ხაჩიძის გაღიზიანება, სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდიოდა. იმ მომენტში, როდესაც მან ლაგოდეხში მოაწყო სკანდალი, სასოწარკვეთილი დიასახლისის სტილში, მისი პარტია გამოიყურებოდა ისე, თითქოს ის ჯერ მუჰამედ ალიმ გალახა, ხოლო შემდეგ მაიკ ტაისონი დაედევნა.

თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა: სააკაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად დამწუხრებული სახით დადიოდა სტიქიისგან დაზარალებული დასახლებების ქუჩებში, გოროზად გრუხუნებდა სპეცტექნიკა და პროპაგანდისტული მანქანა ერთი მეორის მიყოლებით უშვებდა ეთერში სიუჟეტებს, რომელთა მოკლე შინაარსი შემდეგი იყო: «პრეზიდენტმა ხუთი ათასი კაცი დააპურა», «პრეზიდენტმა წყალზე გაიარა». ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირველი კატეგორიის დაზარალებულები მიიღებენ 1300-1500 ლარს, მეორე კატეგორისა _ 800-900 ლარს, მესამე კი _ 300-500 ლარს, შეკეთდება სახლები, ხოლო სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის კრედიტების პროცენტს ერთი წლის განმავლობაში მთავრობა გადაიხდის. აგრეთვე, გაირკვა, რომ კახელებს ღვინოს (!) და შხამს (უკაცრავად, შხამქიმიკატებს) დაურიგებენ და ამან ზოგიერთ კომენტატორს «ჰამლეტის» ფინალური სცენა გაახსენა. მთავრობის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შესაძლებლობები შეზღუდულია.

თავისუფალი ფულის მოძებნა მართლაც რთულია, როდესაც უზარმაზარი თანხები დაიხარჯა საკუთარი თავისთვის გამოწერილ პრემიებზე, მოგზაურობებზე, კონცერტებზე, პლასიდო დომინგოებსა და ტოტო კუტუნიოებზე, მასაჟისტ გოგონებზე, ცოფიანი ზონდერების გამოკვებაზე, გახსნიდან ერთ კვირაში დანგრეულ ხიდებზე და თვითმავალ მაკეტებზე, რომელთაც რატომღაც ქართული ინდუსტრიის ტრიუმფს უწოდებენ. რომ არა ეს დაუცხრომელი ფლანგვა, იმპროვიზაციები ღვინის, შხამისა და აშკარად არასაკმარისი კომპენსაციების გამოყენებით საჭირო არ გახდებოდა. 

«ნაციონალური მოძრაობა», ალბათ, მაინც მოახერხებდა «კახური ეპიზოდი» წინასაარჩევნოდ აქტივში ჩაეწერა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა, მცირე პაუზის შემდეგ, რომლის დროს ხელისუფლებამ დააფიქსირა, თუ რის გაკეთებას აპირებს, გააკეთა სვლა, რომელმაც მოწინააღმდეგე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

 

სპილოსა და ქარიბდას შორის

ციტატა «ქართული ოცნების» ლიდერის განცხადებიდან: «პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებმაც უაზროდ გაფლანგეს ამგვარი ვითარებისთვის შექმნილი 100-მილიონიანი სარეზერვო ფონდები, გეგმავენ მიყენებული ზარალის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსაციას და სრულად დაკარგული მოსავლისათვის მაქსიმუმ 1500 ლარის გამოყოფას. ეს მაშინ, როდესაც ყოველი ოჯახისთვის სტიქიით მიყენებული ზარალი ხშირ შემთხვევაში რამდენიმეჯერ აღემატება ამ თანხას. ყველასთვის კარგად ცნობილი გარემოებების გამო, მე არ მაქვს შესაძლებლობა, პირადად დავეხმარო სტიქიური უბედურებით დაზარალებულ ათასობით ადამიანს _ ხელისუფლება მედიკამენტების მიწოდებასაც კი ამომრჩევლის მოსყიდვად ჩამითვლის. ამასთანავე, ხელისუფლებამ მე სრულიად უკანონოდ დამაკისრა ათეულობით მილიონი ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ასევე უკანონო გზებით ცდილობს სხვისი ქონების ხარჯზე ამ თანხების ამოღებას. შექმნილ ვითარებაში მე მივიღე გადაწყვეტილება და ამ ეტაპზე 10 მილიონ ლარს ვრიცხავ სასამართლოს მიერ მითითებულ საბიუჯეტო ანგარიშზე. სტიქიით მიყენებული ზარალის სრულად დათვლის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში ამავე მექანიზმის გამოყენებით გადავრიცხავ იმდენ თანხას, რამდენიც საჭირო გახდება. შედეგად, მთავრობას უჩნდება ბიუჯეტით დაუგეგმავი დამატებითი სახსრები, რომლითაც მას შეუძლია ყოველ ოჯახს სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი».

ჩვენ არ ვცხოვრობთ ნორმალურ ქვეყანაში, სადაც ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი მილიარდერს ეტყოდა: «პოლიტიკური კამათი დროებით გვერდზე გადავდოთ და ერთად დავგეგმოთ, თუ როგორ დავეხმაროთ დაზარალებულებს». არადა, ეს შექმნილი მდგომარეობიდან ყველაზე კონსტრუქციული და გონივრული გამოსავალია. მერაბიშვილს მსგავსი იდეა რომ გაეჟღერებია, სააკაშვილი ახალ პრემიერ-მინისტრს (გამორიცხული ნამდვილად არაა) საფერფლეს ან კიდევ, სპილოს იმ ფრიად მძიმე ქანდაკებას ესროდა, რომელიც კაბინეტში აქვს. ისე, ჯერ კიდევ ჰორაციუსმა თქვა: «დულცე ეტ დეცორუმ ესტ პრო პატრია მორი», ტკბილი და მშვენიერია მამულისთვის  სიკვდილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შუაგულში სპილო გაგსრისავს. თუმცა დროებით თავი დავანებოთ სპილოთი გასრესილი ვანო მერაბიშვილის წარმოდგენას, რათა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში საუბარი არა კეთილგონიერებაზე, არამედ ფსიქოლიოგიური კომლექსებით დამძიმებულ ცინიკურ წინასაარჩევნო გათვლებზე მოგვიწევს.

ხელისუფლების მხრიდან ამ ფულზე უარის თქმა კახელების უკიდურეს გაღიზიანებას გამოიწვევს. გამოვა რომ მთავრობა, რომელიც რეალურად ვერ ეხმარება ხალხს (კომპენსაციები ზარალთან შედარებით მართლაც რომ მიზერულია), ამის შესაძლებლობას სხვასაც არ აძლევს. ამასთანავე, ხელისუფლებას არ შეუძლია მელოდრამატული ჟესტით ფული ივანიშვილს დაუბრუნოს, რადგან, ფორმალური თვალსაზრისით, ეს გადარიცხვა ჯარიმას უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ ფულს აიღებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოახმარს, ჩატარებული სამუშაო არა მის, არამედ ივანიშვილის აქტივში ჩაიწერება. ამ შემთხვევაში, ხელისუფლება, უბრალოდ, შუამავლად, ერთგვარ კონტრაქტორ ფირმად მოგვევლინება. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის ნაბიჯმა კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი მონიტორინგის სამსახურად გადააქცია, რომელიც საუბარს მთავრობასთან მალე, მისალმების ნაცვლად, შემდეგი კითხვით დაიწყებს: «სადაა ჩვენი ფული?». სავარაუდოდ, ამ განწყობის გაღვივებას ემსახურებოდა ივანიშვილის მიერ კახეთში გაკეთებული განცხადებაც: «10 მილიონი ჩავრიცხე ბიუჯეტში, მარტო გაბედონ და არ გაგიკეთონ!»

ცხადია, ეს შექმნილი სიტუაციის სქემატური აღწერაა; არსებობს მთელი რიგი ნიუანსებისა, რომელიც დაკვირვებას საჭიროებს. ივანიშვილის განცხადების შემდეგ, სააკაშვილმა დაუყოვნებლივ თქვა, რომ ზარალი ას მილიონ ლარს აღემატება. არადა, ადრე ხელისუფლების წარმოადგენლები შედარებით მოკრძალებულ ციფრებს ასახელებდნენ. გამორიცხული არაა, რომ დიდი ფულის სუნმა სააკაშვილი ისე აღაგზნო, რომ, შესაძლოა, არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ ასეთმა რეაქციამ ოპონენტის განცხადებაზე «სახე დააკარგვინა».

საქმეში ჩახედული ექსპერტების შეფასებით, წინასაარჩევნოდ სააკაშვილის ჯგუფს სერიოზული ფინანსური პრობლემები ექმნება და ყბადაღებულ «შავ სალაროში» კონცენტრირებული ფული ულევი სულაც არ არის, რამდენიმე ათეულ მილიონსაც კი მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უცაბედად გაჩნდა თავისუფალი თანხა, რომელიც, იდეაში, შეიძლება გაიზარდოს, თუმცა მისი (უფრო სწორად, მისი ნაწილის) განკარგვა საკუთარი სურვილისამებრ ასე უბრალოდ არ გამოვა, ამისთვის მთელი რიგი მანიპულაციების ჩატარება გახდება საჭირო. ეს არც ისე მარტივია, როდესაც უამრავი ადამიანი დაჟინებით გაკვირდება და გამუდმებით კითხულობს: «სადაა ფული, რომელიც ბიძინამ ჩვენთვის გადმორიცხა?»

თქვენ გინდათ

ჩემი ფული?!

იყო ასეთი რეპლიკა «უძინართა მზეში» და მას საინტერესო თემატური გაგრძელება ჰქონდა. თუმცა ეს ისე, სხვათა შორის; ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლება იძულებულია, კახელებს გაცილებით უფრო მასშტაბური დახმარება აღმოუჩინოს, ვიდრე თავიდან აპირებდა. ეს კარგია, არა მხოლოდ იმის გამო, რომ დაზარალებულები თავს უკეთ იგრძნობენ, არამედ იმიტომ, რომ კახეთში დახარჯული ფული ზონდერბრიგადების ფორმირებასა და ათას სხვა საზიზღრობაზე არ დაიხარჯება. ყველაზე საინტერესო კი ამ სიტუაციაში საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ასპექტია; ერთობ პარადოქსულია, მაგრამ ხელისუფლებამ, რაც უნდა მოიმოქმედოს, ვერასოდეს მოახერხებს ბოლომდე დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, რომ საქმეს დამოუკიდებლად, ივანიშვილის დახმარების გარეშე აკეთებს, ან იმაში, რომ ამ დახმარების ნაწილს არ უმალავს, თუნდაც საქმიანობა კახეთში იდეალურად გამჭირვალე გახადოს. ამასთანავე, რაც უფრო მეტ ფულს ჩარიცხავს ივანიშვილი ბიუჯეტში, მით უფრო ბევრი ადამიანი იტყვის, რომ ამა თუ იმ პროექტს ხელისუფლება ივანიშვილის ფულით ახორციელებს; ეს არა მხოლოდ კახეთს, არამედ სხვა რეგიონებსაც ეხება. პლუს ამას, ნებისმიერი ორზაზროვანი ხარჯები მომენტალურად ეჭვის ქვეშ დადგება: ხომ არ გვაქვს საქმე დაზარალებულებისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვასთან ან მიტაცებასთან? და ბოლოს, ოპოზიციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ წინასაარჩევნოდ დაუნდობელი კონტროლიორის იმიჯი მოირგოს, რომელიც ხელისუფლებას თითოეულ კაპიკზე პასუხს მოსთხოვოს. ეს კი სტრატეგიული ხასიათის გარღვევაა.

ცხადია, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ რამდენიმე დღეში ხელისუფლების წინასაარჩევნო პოზიციები კახეთში აბსოლუტურად უიმედო გახდა, ბევრი რამის გადათამაშება მას ჯერ კიდევ შეუძლია, თუმცა მან ძალიან ძლიერი დარტყმა «გაატარა» და (კრივს თავი რომ დავანებოთ), იმ საკალათბურთო გუნდს დაემსგავსა, რომელსაც თამაშის დასაწყისშივე ათი უპასუხო სამქულიანი ჩაუგდეს. ალბათ, სწორედ აქედან მოდის მინისტრ ხაჩიძის ის ქაოტური რეაქცია ივანიშვილის გამოჩენაზე, რომლის დაკვირვებაში მსოფლიოს წამყვანმა ფსიქიატრებმა და ნევროპათოლოგებმა შეიძლება ფულიც კი გადაგვიხადონ. თუმცა ნუღარ შევეხებით ხაჩიძეს და მის კოლეგებს, მათ თავიანთი გასაჭირი ეყოფათ; პრობლემა, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, გაცილებით სერიოზულია და წინასაარჩევნო ვნებათაღელვის ფარგლებს სცილდება.

უკვე მერამდენედ, სტიქიამ მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო და უამრავი ოჯახი სრული გაღატაკების ზღვარზე დააყენა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კახეთში (და სხვა რეგიონებში) სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების განთავსებაზე (სხვათა შორის, ამ მიმართულებას დიდი ყურადღება მეზობელ სომხეთში ექცევა), აგრეთვე, დამცავი ბადეების გამოყენებაზე, იმაზე, რომ საჭიროა მოსავლისა და უძრავი ქონების დაზღვევა, თუმცა დიალოგი ამ თემებზე უკიდურესად გაჭირვებულ გლეხთან დღეს არ გამოგვივა. მას არ შეუძლია ამ დამცავი სისტემის შექმნაში სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ ჩაერთოს. 

ეს ისეთი სიტუაციაა, როდესაც პირველი ბიძგი მთავრობის მხრიდან უნდა წამოვიდეს. მან, ერთის მხრივ, უნდა შექმნას წინაპირობები იმისთვის, რომ სოფელი ფეხზე დადგეს, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს დამცავი სისტემის ფორმირებას, გამოიხატება ეს სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების შეძენაში ან სულაც მათი წარმოების ხელშეწყობაში (რატომაც არა?!), თუ მოსავლის დაზღვევისთვის შეღავათიანი პირობების შექმნაში. ძალიან ძნელია ამ თემებზე მსჯელობა იმ წლების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება ექცეოდა ქართველ გლეხებს, როგორც კლასობრივ მტრებს, მაგრამ ის ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევისთვის საზოგადოებას ადეკვატური თანამოსაუბრე და პარტნიორი სჭირდება _ ხელისუფლება, რომელსაც აღვიქვამთ, როგორც გონიერ მეურნეს და არა _ გზააბნეულ იდიოტს.

დიმიტრი მონიავა

 


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here