Home რუბრიკები პოლიტიკა შალვა ნათელაშვილი: ოქტომბერში ბიძინას დაუწერენ 20 პროცენტს და ეტყვიან: შედი პარლამენტში და...

შალვა ნათელაშვილი: ოქტომბერში ბიძინას დაუწერენ 20 პროცენტს და ეტყვიან: შედი პარლამენტში და აღიარე არჩევნების შედეგები, თორემ…

656

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთი (და შეიძლება ითქვას, ერთადერთიც) პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მედიაში დრო, ფაქტობრივად, არ ეთმობა. თავის მხრივ, შრომის პარტიის ხელმძღვანელი ამ ფაქტს ხელისუფლებისა და მასთან გარიგებული ოპოზიციური სპექტრის შეთანხმებულ მოქმედებად აფასებს. მოახლოებული არჩევნების ბედი კი ამთავითვე გადაწყვეტილად მიაჩნია… ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» შალვა ნათელაშვილი თავად ესაუბრება.

_ ბატონო შალვა, ბოლო დროს არც ტელე და არც ბეჭდურ მედიაში, ფაქტობრივად, არ ჩანხართ. რა არის ამის მიზეზი? სათქმელი, ალბათ, ბევრი დაგიგროვდათ.

_ პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გითხრათ სწორი ანალიზისთვის და დაკვირვებისთვის. საქმე ისაა, რომ, ზოგიერთს რომც გაეცინოს, ლეიბორისტული პარტია დღეს სამი უძლიერესი პოლუსის წინააღმდეგ იბრძვის. ესენია: ამერიკის შეერთებული შტატები, სააკაშვილის რეჟიმი და ივანიშვილის მაფიოზური გაერთიანება. შესაბამისად, ე. წ. სახელისუფლო არხები ადრე დღისით მაინც გვითმობდნენ გარკვეულ დროს და, ასე თუ ისე, გვაშუქებდნენ, ახლა კი მთლიანად გვბლოკავენ. იმავე პოლიტიკას მიმართეს ოპოზიციურად წოდებულმა არხებმაც _ «მაესტრომ» და «კავკასიამ», რომლებმაც, არა მარტო   მილიონები აიღეს გარკვეული პოლიტიკური ძალებისგან, არამედ მიიღეს მითითება, რომ მათ ეთერში ლეიბორისტების ჭაჭანება არ იყოს. ეს მითითება განსაკუთრებით ზუსტად შეასრულა «კავკასიამ» და მისმა სულგაყიდულმა მფლობელმა აქუბარდიამ და დღეს, ფაქტობრივად, «კავკასია» ჩვენთვის არის იმაზე უარესი, რაც იყო «რუსთავი 2» «ვარდების რევოლუციის» დროს, ანუ დღესდღეობით ჩვენი ერასტი კიწმარიშვილი არის აქუბარდია. აქედან გამომდინარე, ცხადია, გვაქვს ეთერში გასვლის პრობლემა და მედია მაქსიმალურად გვეზღუდება, მაგრამ, ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ხალხს ვახსოვართ და ამ არდავიწყებას საზოგადოება გამოხატავს არჩევნებზე ისევ საკუთარი თავისთვის, რათა ქვეყანა როგორმე გამოვგლიჯოთ ამ მაფიოზურ ბანდებს, რომლებმაც იყიდეს ყველაფერი.

_ ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად რომ დაინიშნა, თქვენ განაცხადეთ, რომ ეს არის სააკაშვილისა და ივანიშვილის ალიანსის პირდაპირი შედეგი, რათა სხვა არავინ მოიყვანონ ხელისუფლებაში და ხელისუფლებასთან ახლოს. კონკრეტულად რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარიგებულია ხელისუფლებასთან?

_ ელემენტარული ანალიზი და ფაქტების ერთობლიობა. ეს ყველაფერი მოიცავს უდავო ჭეშმარიტებას, რომ ერთი პატრონის ხელქვეითები კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებლად დაიწყებენ კოორდინირებულ მუშაობას. ორივეს პატრონი, ამ შემთხვევაში, არის შეერთებული შტატები, ოღონდ შტატებს ერთი უნდა ხელისუფლებად და მეორე _ ოპოზიციად. ამაშია საქმე…

_ თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებად არ უნდა?

_ ცხადია, არა. ეს უკვე იმდენად ნათელია, ბრმა უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ დაინახო.

_ გინდათ, თქვათ, რომ «ქართულ ოცნებას» ამ არჩევნებში შანსი არ აქვს?

_ «ქართული ოცნების» გამარჯვების შანსი, ფაქტობრივად, ნულია. მაგას დაუწერენ მაქსიმუმ 20 პროცენტს და ეტყვიან, შედი ახლა პარლამენტში და აღიარე არჩევნების შედეგები, თორემ ყველა საბანკო ანგარიშს დაგიყადაღებთო! ეს იყო რეალურად ამ ადამიანის ფუნქციაც, რომ როგორმე სააკაშვილს მიეღწია არჩევნებამდე და მანამდე სახალხო გამოსვლები არ დაწყებულიყო, რაც, ცხადია, ამ რეჟიმისთვის იქნებოდა სერიოზული დარტყმა. აღნიშნული ფუნქცია ივანიშვილმა პირწმინდად შეასრულა სულგაყიდული ე.წ. ელიტის საშუალებით და მე ძალიან მაინტერესებს, ეს პოლიტიკოსები, რომლებიც გაიყიდნენ და უკანალს ულოკავენ დოლარების გამო თავიანთ მარჩენალს, იგივე ეს ექსპერტები, პოლიტიციელები, მწერლები, პოეტები და ა.შ., რა ნამუსით შემოგვხედავენ თვალებში, როცა წასვლის დრო დაუდგებათ, რა სინდისით გააგრძელებენ ჩვეულებრივ მოღვაწეობას…

_ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი მეგობარია და ადრე მას რჩევებსაც აძლევდა. ბევრმა ეს აღიქვა, როგორც მისი მხრიდან «ქართული ოცნების» მიმართ გარკვეული სიმპათიის გამოხატვა. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალში ვანო მერაბიშვილი კოალიციის აქტიურ თანამებრძოლად ვიხილოთ?

_ არა თუ მომავალში, რეალურად ისინი უკვე არიან თანამებრძოლები და მოკავშირეები მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ. ყოველწუთიერი სატელეფონო კავშირი აქვთ ივანიშვილსა და მერაბიშვილს, სააკაშვილსა და ივანიშვილს, ბოკერიასა და ალასანიას, ამერიკის ელჩს… აბსოლუტურად ყველასთან და ყველაფერზე მიდის შეთანხმება; მუდმივი კონსულტაციები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ახლა უნდა შეიკრიბოს ხალხი თბილისის ცენტრში და ერთ საათში ისევ უნდა დაიშალოს… არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგრძელდეს ეს აქცია ხანგრძლივად, არ უნდა დაიდგას კარვები, კოლონა არ უნდა დაიძრას პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, პარლამენტისკენ, კანცელარიისკენ და ა. შ. ეს ყველაფერი შეთანხმებული და წინასწარ გათვლილია. ასე რომ, რომელ სამომავლო თანამშრომლობაზეა საუბარი, ამთავითვე შეკრულები არიან და კუდით არიან ეს ადამიანები გადაბმულნი.

_ კარვების დადგმა და ხანგრძლივი აქციები რას მოიტანს? თქვენი აზრით, ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია?

_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სააკაშვილი ძალადობრივი გზით თუ არ შეცვალეს, არ წავა არასოდეს, მას თავი პრეზიდენტად კი არ წარმოუდგენია, რომელსაც ხალხი ირჩევს, ჰგონია, რომ ხელმწიფეა, იმპერატორი და უვადოდაა ტახტზე აღზევებული.

_ ძალადობრივი გზით შეცვლაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ქალაქის პარალიზება მოხდეს, დაიკეტოს შესასვლელ-გამოსასვლელი მთლიანად და მათ შორის სასახლესთან მისასვლელი გზებიც კარგა ხნით.

_ ამას სისხლისღვრა მოჰყვება.

_ აბა, როგორ გინდათ?! ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აგერ, სირიაში, 12 ათასი კაცია დაღუპული, როცა არ მიდის ხელისუფლება და ნებით არ თმობს მმართველობის სადავეებს, სამოქალაქო ომიც იწყება. ეს არის, უკიდურეს შემთხვევაში, ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა და, თუ სხვა გზა არ არის, ქვეყანა მიდის ამაზე. ამ ხალხს ეს არ ესმის. ამათ უნდათ ყველაფერი მზამზარეული და იოლად მიღწეული, მაგრამ ასე არ ხდება, მარტივად არავინ არაფერს დაგითმობს…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ გამოდის, რომ დღესდღეობით სააკაშვილს კონკურენტი არ ჰყავს.

_ სანამ პოლიტიკაში ოპოზიციის სახელით იქნებიან სულგაყიდული ადამიანები და საზოგადოებაც ვერ ისწავლის ავისა და კარგის, კეთილისა და ბოროტის გარჩევას, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურ ხროვას სერიოზული კონკურენტი არ ეყოლება, ხოლო, ვინც არის რეალურად მისი საპირწონე ძალა, მას არასოდეს მიეცემა შანსი, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები.

სხვათა შორის, თავის დროზე, 1995 წელს, როცა სააკაშვილი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაშინაც მე ვიყავი მისი კონკურენტი და მინდა გაგახსენოთ, როგორ მოხდა მისი არჩევა ჩემს ადგილას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ: პირველ ტურში ვერ გავიდა, იმიტომ, რომ 40-მა კაცმა მოქალაქეთა კავშირიდანაც» მე მომცა ხმა და იმართება მეორე ტური, ეს ჯერ არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, პირველად თქვენ გეუბნებით: ავიღე სამთავრობო ტელეფონი და ვურეკავ ასლან აბაშიძეს. გაისმა ხმა ბათუმიდან: _ გისმენთ. მე ვუთხარი, შალვა ნათელაშვილი ვარ, ბატონო ასლან, ჩამოვიდა საქართველოს დამაქცევარი ამერიკიდან და, თუ ის გახდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ბედი იქნება გამრუდებული, რასაც ვერ გამოასწორებს, ჩვენ კი არა, აღმაშენებლი, რომც გააცოცხლო-მეთქი. კენჭისყრა ნახევარ საათში უნდა გამართულიყო და ჩემი თხოვნა იყო, ჩემთვის მხარი დაეჭირათ. აბაშიძემ მიპასუხა: იცით რა, ამას მოლაპარაკებები სჭირდება, ასე უცბად ვერ გადავწყვეტთო… ჩვენი საუბარი ამით დამთავრდა და შემდეგ მოხდა ის, რომ 40 წუთში აჭარის ორმოცივე დეპუტაციამ მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილს.

_ დღესდღეობით ყველა თანხმდება იმაზე, რომ მომავალი არჩევნები არის გადამწყვეტი ბრძოლა და, ფაქტობრივად, უკანასკნელი შანსი ოპოზიციური სპექტრისთვის. თუ ეს ყველაფერი ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდება,  საზოგადოებაში საბოლოოდ ჩაკვდება ბრძოლის ჟინი და სააკაშვილს ერთი-ორად გაუხანგრძლივდება ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. თქვენი აზრით, ივანიშვილის კოალიციაში შემავალი სუბიექტები ვერ აცნობიერებენ, ამას მათთვის რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს?

_ ივანიშვილმა, სამწუხაროდ, უკვე გაუხანგრძლივა სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა და ეს ნათელია. გამოცხადდება არჩევნების შედეგები, პირველ ადგილზე იქნება «ნაციონალური მოძრაობა» 48-49%-ით, რომ დასავლეთმა არ თქვას, გაყალბდაო, სამაგიეროდ მაჟორიტარებს ყველას გაიყვანს სააკაშვილი და ექნება სრული უმრავლესობა. რაც შეეხება ქართული ოცნების კანდიდატებს, ივანიშვილის მიერ დასახელებული მაჟორიტარებიდან ვერც ერთი ვერ გავა. მან ისეთი ხალხი დაასახელა, რომ შანსი არ აქვთ.

_ კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

_ მაგალითად, გოგი ქავთარაძე ვერ გავა ზესტაფონში, ონოფრიშვილი ვერ გავა კასპში, გელაშვილი ვერ გავა ხაშურში და ა. შ. იმავეს ვიტყვი დავით უსუფაშვილზეც და თინა ხიდაშელზეც. მე უფრო შეიძლება ამირჩიონ შრილანკის პრეზიდენტად, ვიდრე ამ ქალბატონს საგარეჯოს მაჟორიტარად. აი, ეს სისულელე გააკეთა ივანიშვილმა, ანუ უმრავლესობა შეუქმნა სააკაშვილს ახლავე.

_ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ «ქართულ ოცნებაში» კანდიდატების კრიზისია.

_ კანდიდატების კი არა, ზნეობის კრიზისია. ივანიშვილს ჭკუა რომ ჰქონოდა და არ დაეწყო ჩვენთან კონფრონტაცია, სისულელეები არ ელაპარაკა, რომ მე ვარ შეკრული სააკაშვილთან, ხოლო ხიდაშელ-უსუფაშვილ-ბერძენიშვილები თურმე მონასტერში იყვნენ ბერებად და ებრძოდნენ ხელისუფლებას, ასე რომ არ გაეხეთქა ერთიანი ოპოზიციური მოძრაობა, ჩვენ დავამარცხებდით ამ რეჟიმს.

_ გინდათ თქვათ, რომ მზად იყავით ივანიშვილთან თანამშრომლობისთვის?

_ არა, ჩვენ არავისთან ვერთიანდებით და მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილს არ ვაღიარებდით ლიდერად. მან რომ ეს იცოდა, იმიტომ დაგვასწრო და დაგვარტყა.

_ ერთიანი ოპოზიციური მოძრაობა ახსენეთ და რას გულისხმობთ ამაში? რა სახით წარმოგედგინათ ივანიშვილის კოალიციასთან თანამშრომლობა, რომ არა მის მიერ ოპოზიციის ნაწილთან, მათ შორის თქვენთანაც, გავლებული წყალგამყოფი?

_ საუბარია იმაზე, რომ მაჟორიტარების დასახელების დროს კოორდინაცია ყოფილიყო, ანუ მე მერჩია მისთვის, ვინ დაესახელებია კანდიდატებად, თავის მხრივ, ჩემებს არ გაეწიათ კონკურენცია მისი მაჟორიტარებისთვის და ა. შ. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილს აქეთ რომ გამოეშვა ის მილიონები, რაც გაუშვა სააკაშვილთან შეკრულ, ე. წ. პროამერიკული პარტიებთან, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ახლა შუა რუსთაველზე გახურებული მიტინგი მექნებოდა. მე მუთაქაში კი არ ჩავდებდი იმ ფულებს და სახლში კი არ წავიღებდი, აგერ გამოვიდოდა, ქუჩაში, ტალღა, რომელიც წალეკავდა სააკაშვილს.

_ და რას მოიტანდა ეს ყველაფერი?

_ ერთადერთი, რის გამოც მე ვერ დავამხე სააკაშვილი, რა არის, თუ იცით? ფული აღარ გვქონდა! ეს ძალიან კარგად იცოდა ივანიშვილმა…

_ გეგმა გქონდათ?

_ გეგმა გვქონდა არაერთი და ჩვენ ამას ვახორციელებდით თანმიმდევრულად, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, როცა პროცესები უახლოვდებოდა ხოლმე კულმინაციას, ფინანსური რესურსი აღარ გვყოფნიდა. ეს იყო მთავარი პრობლემა, რის გამოც დაწყებული საქმე ვერ მიგვყავდა ბოლომდე და ეს სამჭკუაშვილი მილიარდერი კიდევ მაშინ თავს არ ზოგავდა «ნაცმოძრაობის» ფინანსური კეთილდღეობისთვის. ოთხი მილიონი გადაურიცხა რადიო «მუზას», რომელიც სანდრას ეკუთვნის; მოგეხსენებათ, გამოტენა მერაბიშვილისა და სააკაშვილის ოჯახები მილიონებით. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ: ამ ადამიანის სახით, სამწუხაროდ, საქართველოს მოევლინა უბოროტესი მტერი, ბევრად უარესი, ვიდრე სააკაშვილია, იმიტომ, რომ სააკაშვილს შეიძლება ბევრი რამე საერთოდ გაცნობიერებულიც არ აქვს, რას აკეთებს და ამან ყველაფერი ზუსტად იცის. ეს არის ტიპური სპეკულანტი, საბჭოთა პერიოდში ჯინსებს რომ ყიდდნენ, იმ ფსიქოლოგიის, ყველაფერს ხედავს, გათვლილი აქვს, სად რა მოგებაა, ვინ უნდა იყიდოს, ვინ უნდა გააჩუმოს, ვინ უნდა გააპიაროს და ა. შ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here