Home რუბრიკები საზოგადოება ჰანს ქრისტიან დემოკრატები

ჰანს ქრისტიან დემოკრატები

1615

დროშაზე უწერია «ღმერთი, სამშობლო, ადამიანი». ამ ეტაპზე ეს ტრიადა ახლით ჩაანაცვლა: «თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა». სლოგანიც ახალი აქვს: «ერთიანი საქართველო _ ყველა თაობისათვის». გზავნილიც: «განათლება _ შვილებს, დასაქმება _ მშობლებს და დაფასება _ პენსიონერებს».

ერთის მხრივ, აცხადებს: «ჩვენ ვართ ევროპის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური ოჯახის წევრები». მეორე მხრივ, მოხუცებს, უმწეოებს, გლეხებს, დევნილებსა და სხვა დანარჩენ ამომრჩეველს უხვად აძლევს სოციალისტურ დაპირებებს.

მან სააკაშვილიც კი გამოიყვანა წყობიდან (რომელშიც ისედაც არასოდეს ყოფილა) და ამ წინასაარჩევნოდ ათქმევინა: «ბევრი პოპულისტია. «ქრისტიანდემოკრატები» ყოველდღე ხალხს ახალახალ რაღაცებს ჰპირდებიან. ბოლო კვირების განმავლობაში რომ დავითვალე, რამდენ რამეს დაჰპირდნენ, კინაღამ ავიღე ტელეფონი და დავურეკე გიორგი თარგამაძეს, დაახლოებით, 10 მილიარდის თამასუქები აქვთ გაცემული. ასე შორს ვერ წავალთ. ჩვენ, ვინც, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებს მოვიგებთ, მოსახლეობას მსგავსს არაფერს ვპირდებით. მხოლოდ ამოვდივართ იქიდან, რა გააჩნია საქართველოს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს», _ ცხელ გულზე ამოთქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ჰანს ქრისტიანიც გამოეპასუხა: «ჩვენ ხალხს ყოველთვის ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, რაც სახელმწიფოს რესურსების ფარგლებშია შესაძლებელი. ჩვენ ამაზე არა მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით, რაც მიხეილ სააკაშვილმა დაითვალა, არამედ ადრეც. ამას მილიარდების დაპირება კი არ სჭირდება, არამედ ელემენტარული სურვილი, რომ გატარდეს დემოკრატიული პოლიტიკა, ხალხს სჭირდება ყურადღება».

გამოეპასუხა და აფრიკაში, პარკაიების ოჯახშიც, მიიპატიჟა. მას რომ სდიოს კარდაკარ, სააკაშვილს საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია გვერდზე დარჩება. ასეც რომ არ იყოს, უმწეო ამომრჩევლის ცოდვით ტირილი მიშას მარტო უყვარს, თანამომტირლების გარეშე. ჰანს ქრისტიან დემოკრატი კი ტელეჟურნალ «დროებაში» დაწყებულ «ცრემლიანი სიუჟეტების» ციკლს ძველებურად განაგრძობს (ისე, რომ პროდიუსერი და შემოქმედებითი ჯგუფიც არ შეუცვლია) და ხან აფრიკაში, ხან სენაკში, ხანაც ჩუმლაყში აღვარღვარებს ცრემლებს ამომრჩევლის საცოდაობით.

«მე დღეს ვიმყოფებოდი 3-სულიან ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია. ეს არის დევნილების ოჯახი, 12 წელია, ცხოვრობს 4 კვადრატულ მეტრში, სადარაჯო ჯიხურში. ჩემთან ერთად წამოვიდეს სააკაშვილი და დათვალოს, სჭირდება თუ არა 10 მილიარდი პარკაიების ოჯახის პრობლემის მოგვარებას».

რაკი სააკაშვილი მიპატიჟებას არ გამოეპასუხა, 15 ივლისს ჰანს ქრისტიანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე მცირე ბაზარს ესტუმრა და ატმის რეალიზატორებს გაესაუბრა. გული ისე დაეწვა ატმის გამყიდველების საცოდაობით, რომ იქვე თქვა, ტელეკამერების წინ: ,,საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევ, რომ იფიქროს და იზრუნოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. დღეს კახელი გლეხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან მოყვანილი მოსავლის რეალიზებას ვერ ახდენს. მე ადგილზე გავეცანი მათ პრობლემებს და ვნახე, თუ როგორ დაბალ ფასად ყიდიან ისინი ატამს. ზოგი კი ამასაც ვერ ახერხებს და მოსავალი გადასაყრელი უხდებათ».

მერე მეგობარ სააკაშვილს ტოლი არ დაუდო და, რაკი რთველამდე კიდევ სამი თვეა დარჩენილი, აიღო და ჩუმლაყელი გლეხის _ ოთარ მირიანაშვილის ატმის ბაღი მოინახულა, მოსავლის კრეფაში თავადაც მიიღო მონაწილეობა და გაუსაღებელ ატამს ერთი-ორი ვედრო კიდევ დაამატა. «ევროპის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური ოჯახის წევრმა» ისიც გაასაჩივრა, რომ არც ერთი ხილის მიმღები და გადამამუშავებელი პუნქტი არ ფუნქციონირებს. არ არის

სამაცივრო-სასაწყობო ინფრასტრუქტურა, სადაც ხილს ჩააბარებენ, გლეხს გაისტუმრებენ, შემდეგ კი პროდუქტს სოლიდურ ფასად ექსპორტზე გაიტანენ.

«ის, რაც ჩვენ ადგილზე ვნახეთ, ძალიან მკაცრი შეფასებების საფუძველს იძლევა მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ. სანამ სააკაშვილი ყვარელში თავის ბაღში არ დაიწყებს ატმის მოყვანას, მანამდე არ გაახსენდება, რომ კახეთში გლეხებს ამ მიმართულებითაც სჭირდებათ დახმარება. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათლად გამოხატავს უსისტემობას, უპროგრამობას და ქართული სოფლის მიმართ უგულო დამოკიდებულებას», _ განაცხადა ჰანს ქრისტიანმა.

22 ივნისს ჰანს ქრისტიანი სენაკში, სამხედრო დასახლებაში, მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებზე ესაუბრა. როგორც ირკვევა, იგი იქ მესამედ ჩავიდა, დევნილებს კვლავაც იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც წინა წლებში აწუხებდათ. «თითოეულ ჩამოსვლაზე იგივე პრობლემები გვხვდება და კიდევ უფრო მეტი ემატება. მათ შორის, უპირველესად, ეს არის აქ არსებული გაზიფიცირების, წყალგაყვანილობისა და ანტისანიტარიის პრობლემები. თუმცა არის საკითხები, რომლებიც ამასთანავე ძალიან სწრაფად შეიძლება მოგვარდეს. ეს არის არსებული ბინების დაკანონება და საკუთრებაში გადაცემა დევნილებისთვის, რაც, დიდი ხანია, უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა», _ განაცხადა ჰანს ქრისტიანმა.

იგი კასპის რაიონში მცხოვრებ დემეტრაშვილების ოჯახსაც ესტუმრა.

როგორც საპარლამენტო «დროების» სიუჟეტიდან შევიტყვეთ, დემეტრაშვილები ქართულ თაფლს აწარმოებენ, თუმცა ოჯახი პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებს. ჰანს ქრისტიანი მოითხოვს, ხელისუფლებამ შექმნას ლაბორატორია, რომელიც თაფლის ხარისხის კონტროლს უზრუნველყოფს და პროდუქტს ხარისხის სერთიფიკატს მიანიჭებს. «აუცილებელია, ორი ლაბორატორია მაინც ფუნქციონირებდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რომლებიც შესაბამისი სახის სერთიფიკატს გასცემენ, რაც ქართული თაფლის საერთაშორისო ბაზარზე გატანას განაპირობებს. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ქართველი მეფუტკრე ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი პროფესიის მქონე იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით», _ დაგვპირდა ჰანს ქრისტიანი.

ლაბორატორიების გარდა, იგი მთავრობას ბიუჯეტის პროექტში თანადაფინანსებით სტუდენტების დაზღვევას, სახელმწიფოს ხარჯზე 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის დაზღვევას, ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერთა პენსიების გაზრდას, ომის ვეტერანებისთვის სადაზღვევო პაკეტის შემოღებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების გაზრდასაც სთავაზობდა.

მან არც ახალგაზრდები დაივიწყა და დაჰპირდა, რომ არ დარჩება არც ერთი სტუდენტი, რომელსაც არ ექნება დაფინანსება. «ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს იმ სურათის შეცვლას, რაც დღეს გვაქვს, როდესაც 10-დან მხოლოდ 3 სტუდენტს მიუწვდება ხელი სასწავლო სტუდენტურ გრანტზე, ჩვენი წინადადება ითვალისწინებს იმას, რომ ათივე სტუდენტი მიიღებს 50%-იან დაფინანსებას, ანუ 1125 ლარს 2250 ლარიდან, დარჩენილი 50% კი მიიღებს კიდევ უფრო მეტს თავიანთი შედეგების გათვალისწინებით, 75%-იან ან 100%-იან დაფინანსებას», _ განაცხადა ჰანს ქრისტიანმა.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ გააკეთა განაცხადი, ხოლო სააკაშვილმა იგივე იდეა თავისად გაასაღა, ჰანს ქრისტიანმა სააკაშვილის «პირველი ღამის უფლება» ხმალამოღებულმა დაიცვა: «ამასწინათ ერთი ძალიან საინტერესეო ადამიანის მხრიდან, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს (აჰ, კიკუ, კიკუ! _ თ. დ.), მოვისმინეთ, რომ მისი ოცნების ერთ-ერთი ნაწილი არის საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსება და მნიშვნელოვანი თანხებისა და რესურსების ჩადება იმისთვის, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ქვეყნისთვის აუცილებელი კადრები გამოიზარდოს. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობა, უკვე ერთი წელია, აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატების მილენიუმის დახმარების პროგრამასთან, რადგან საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას წარმოადგენს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება,» _ განაცხადა ჰანს ქრისტიანმა.

 მისი თქმით, საქართველოს «ორი სათაური», ანუ ორი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არ სჭირდება და ხელისუფლებამ ივანიშვილთან მოლაპარაკებით უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი: «ვუთხრათ «მილენიუმს», რომ არ არის საჭირო ხელმეორედ ამ თანხის ხარჯვა და მთელი ეს ფული, დაახლოებით 200 მილიონი ლარი, გამოიყოს სწორედ სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის». ერთი სიტყვით, ეგ 200 მილიონი აქეთ, ქართული ატმის, თაფლის და ჩემს სხვა პროექტებზე გამოუშვითო!

ჯერ კიდევ ტელეიმედიდან გამოყოლილი პროპაგანდისტული ხრიკები ჰანს ქრისტიანმა პოლიტიკურ მინდორზე გადმოიტანა და უნებურად ის წამოსცდა, რაზეც გულში ფიქრობს: «ხელისუფლების ნება რომ იყოს, მთელ მთავრობას გააუქმებდა და ერთ პროპაგანდის სამინისტროს შექმნიდა. სწორედ პროპაგანდაა, რაც «ნაციონალურ მოძრაობას» ყველაზე კარგად გამოსდის». არადა, ცოდვა გამხელილი სჯობს, ეს პროპაგანდა არც მას გამოსდის ცუდად.

თუ სააკაშვილი თვითმფრინავის შტურვალს უზის, ჰანს ქრისტიანი ავტობუსს მართავს, თუ მიშა ველოსიპედზე ჯდება, ჰანსი ფეხით და უჰალსტუხოდ (როგორც ერთმა დიდმა პოეტმა თქვა, «ხვლიკს რად უნდა ჰალსტუხი»?) დადის, თუ მიშას კოორდინატორები ჰყავს, ჰანსს ქრისტიან-ჟურნალისტები ახვევია გარს. ერთი სიტყვით, ის მუდამ ეკრანზეა: ხმლით, კალმით და წურბელებით კისერზე!

ის უყურებს ახალ მთავრობას და თავადაც ვერ ხვდება, რომ მთავარი საიდუმლო გათქვა: «ეს, ახალი მთავრობა კი არა, «ნაცმოძრაობის» საარჩევნო შტაბია»! შსს-ს ყოვლისშემძლე მინისტრი ახალ სავარძელში მაგიური ჩაქუჩივით ნუსხავს ჰანს ქრისტიანს:

«მიუხედავად კოსმეტიკური სამთავრობო ცვლილებებისა, არსი ერთიაროცა ერთადერთ იარაღად ჩაქუჩი დაგრჩენია, ყველა ლურსმნად გეჩვენება _ პოლიტიკური ოპოზიცია, ბიზნესი, მედია. ვანო მერაბიშვილი თავად არის ამ რეპრესიული მანქანის ერთდროულად თანაშემოქმედიც და ნაწილიც, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, მიუხედავად მისი თაყვანისმცემლების ოპტიმიზმისა, მათი ვანო, «ნაცმოძრაობის» უკვე საკმაოდ გაცვეთილი ძრავისთვის მაღალხარისხიანი ზეთის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ჩვენ ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია წესრიგი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული სოფლის აღორძინება, რომ ქართული სახელმწიფოს ხერხემალი, ვანო მერაბიშვილი კი არა, ძლიერი ქართული ოჯახი იყოს», _ განაცხადა ჰანს ქრისტიანმა.

ჩაქუჩები კი დუმან და ჩუმად ქირქილებენ; მათი ჩაკაკუნების გარეშე ჰანს ქრისტიანი და მისი მეგობრები ვერც ადრე შევიდოდნენ პარლამენტში და ვერც ოქტომბერში მოახერხებენ ამას. ლუის ნავაროს დედას გეფიცებით, ასე თუ არ იყოს!

და მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ოპოზიციონერობს, ერთ საკითხში იგი სააკაშვილთან სრულ საჯარო უნისონშია: «ძალიან ცოტა რამეში ვეთანხმებით ამ ხელისუფლებას, მაგრამ ერთერთი მთავარი, რაც გვაერთიანებს, საქართველოში სამხედრო განათლების მხარდაჭერაა. მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ქართული ძლიერი არმიის ჩამოყალიბების ხერხემალი სწორედ ახალი ქართული სამხედრო ელიტა უნდა იყოს, რომელიც სამხედრო აკადემიასა და კადეტთა კორპუსში იზრდება. ამის განვითარებას ხელს შევუწყობთ იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლებაში მოვალთ და რას იტყვიან რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით, ეს მეორეხარისხოვანია. საერთოდ, რუსეთის ოფიციალური პირები გარკვეული პერიოდულობით ყოველთვის აკეთებენ განცხადებებს საქართველოს აგრესიულ განწყობებთან დაკავშირებით, ეს იქნება ტერორისტული აქტების მზადებისთვის ხელშეწყობა თუ სხვა. ეს მათ იმისთვის სჭირდებთ, რომ რეგიონში მუდმივად არსებობდეს დაძაბულობის ფონი, რათა მათთვის საჭირო მომენტში იმოქმედონ ისე, როგორც 2008 წელს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ და, სხვათა შორის, აშშ არის ერთერთი გარანტორი იმისა, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს», _ განაცხადა ჰანს ქრისტიანმა.

აშშ იმის გარანტორიც არის, რომ ჰანს ქრისტიანი მომავალშიც საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსით სარგებლობდეს, მაგრამ აღდგომა და ხვალეო!

ისე, რას ვერჩით კეთილ მეზღაპრე ჰანს ქრისტიან ანდერსენს. სააკაშვილი და თარგამაძე ერთი ზღაპრის ორ შემოქმედს _ ძმებ გრიმებს უფრო გვანან, ოღონდ ნამდვილი გრიმები გერმანული ენის ლექსიკონს წერდნენ, ეს ძმები კი ტყუილებით გვჩხიბავენ და ტელემაყურებელს აცუცურაკებენ.

არა, ძმები გრიმები არა _ არნოლდ შვარცენეგერისა და დენი დე ვიტოს ტყუპები არიან, ოღონდ ეს კინო არ არის – ჩვენი ცხოვრებაა!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here