Home რუბრიკები საზოგადოება სტალინის არალეგალურ სტამბა-მუზეუმს ლიბერასტები დაესიენ!

სტალინის არალეგალურ სტამბა-მუზეუმს ლიბერასტები დაესიენ!

1002

ნუთუ ორმოცდაორი წელი გავიდა?! არ მინდა დავიჯერო! მაგრამ, აი, ეს ვეებერთელა ჭადარი უკვე ძალზე შორეულ 1970 წელს ისეთი წვრილი იყო, რომ ჩემნაირი ცელქი, მოუსვენარი ათი წლის ბიჭი  ძალდატანების გარეშე მას გადატეხდა. აბა, ახლა, თუ ხარ მაგარი, ამ ჭადრის რომელიმე გრჯა «დაჩაგრე»! უპერსპექტივო საქმეა და უაზროც. აქ, კასპის ქუჩის 7 ნომერში, ავლაბრის არალეგალური სტამბამუზეუმის ეზოში, 1970 წლის მაისში პიონერიაში საზეიმოდ მიმიღეს და წითელი ყელსახვევითაც შემამკეს. მეც კიდევ, ცოცხლად შემორჩენილ ძველ ბოლშევიკებს პირობა მივეცი, რომ ვიქნებოდი ბეჯითი სწავლაში, მებრძოლი სიმართლისათვის, სამშობლოს დამცველი; მოკლედ, ფიცს ვდებდი, რომ ჩამოვყალიბდებოდი პატიოსან ადამიანად!

ეს წითელი აგურის შენობა _ ადმინისტრაციული კორპუსი, რა თქმა უნდა, მოგვიანებით აშენდა. კედელზე, შესასვლელ კართან, აბრა ჰკიდია; უთუოდ, ფერადი ლითონია, მაგრამ როგორღა გადაურჩა «სპილენძის» ქურდებს? შეუძლებელია! ვღუნავ საჩვენებელ თითს და ვაკაკუნებ აბრაზე.

_ დააგვიანე, გენაცვალა ბაბუმ, დაგასწრეს, _ მიღიმის უეცრად ჩემ გვერდით გაჩენილი მოხუცი მხიარული თვალებით. _ ფანერისგანაა დამზადებული, მაგრამ ისე ოსტატურადაა შეღებილი, მართლა ლითონისა გეგონება. კომუნისტების დროს სპილენძისა იყო, მაგრამ დიდი არეულობისას ვიღაცამ მოიპარა და, ალბათ, თურქეთში გროშებად გაასაღა… დადგება დრო და ქურდის შთამომავალს ის სპილენძი ტყვიის ზუზუნით დაუბრუნდება!

_ შესაძლოა, თავად ქურდსაც დაუბრუნდეს, _ ვვარაუდობ.

_ ყველაფერია შესაძლებელი, _ არ მედავება უცნობი.

_ თქვენ მუზეუმის თანამშრომელი ხართ თუ აქ ცხოვრობთ, ახლომახლო?

_ არა! ვცხოვრობ ქეთევან წამებულზე. ადრე, ცოლთან ერთად ამოვდიოდით, მაგრამ სამი თვეა, ნადეჟდამ  რაც მიმატოვა… წავიდა ამქვეყნიდან, დავრჩი მარტო. გულის გადასაყოლებლად მოვდივარ აქ. იცი, აი, ამ ხის სახლში სტალინი ცხოვრობდა! ვუყურებ ამ ქოხს და ვმშვიდდები, თითქოს იმედი მეძლევა და ცხოვრების აზრი მიჩნდება. ბოლო დროს რაღაც ცუდი ამბები მესმის. ეს მუზეუმი სტალინის მოძულეებს გადასცესო… თუმცა, თუ გაინტერესებს ეს ამბავი, შედი, დაელაპარაკე დირექტორს _ ჟიული სიყმაშვილს, ის უფრო ჩახედულია ამ საქმეში.

დღეს, როგორც ჟურნალისტს, ბედმა გამიღიმა, დირექტორის კაბინეტში, გარდა ბატონი ჟიულისა, დამხვდა «ი. სტალინის სახელობის ავლაბრის არალეგალური რესტავრირებული სტამბა-მუზეუმის» კავშირის გამგეობის რამდენიმე წევრი.

_ ჩვენი კავშირი  ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს მიერაა რეგისტრირებული 2001 წლის მარტში, _ მიყვება მისი ყოფილი თავმჯდომარე შალვა ჯალაღონია, _ ხელახალი რეგისტრაცია გავიარეთ 2003 წლის ნოემბერში, რაც დაადასტურა 2005 წლის აპრილში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტმა. კავშირის მიზანია სტამბა-მუზეუმის აღდგენა-რესტავრაცია, რადგან შენობა იყო გაძარცვული და დანგრევის პირას მიყვანილი. კავშირის გამგეობის წევრების ფულით, დამთვალიერებელთა შემოწირულობითა და ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით, მეტ-ნაკლებად ვახერხებდით შენობის მოვლა-პატრონობას და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სტამბა-მუზეუმი სახელმწიფოს საკუთრებაა. რამდენიმეჯერ დახმარების თხოვნით მივმართეთ თბილისის მერიას, მაგრამ ამაოდ!..

ამა წლის მაისის ბოლოს «ი. სტალინის სახელობის არალეგალური სტამბა-მუზეუმის» ადმინისტრაციული შენობის ზღურბლს ფეხი გადმოაბიჯეს სოროსის «ბახალებმა»: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და მისმა მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა. «თავისუფლების ინსტიტუტის» კურსგამოვლილებმა, მუზეუმის გაოგნებულ დირექტორს ჟიული სიყმაშვილს განუცხადეს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ეს შენობა ამიერიდან სარგებლობაში ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. სოროსის მოჯამაგირეები ამით არ დაკმაყოფილდნენ და დამხმარე პერსონალთან ერთად კლიტეების შეცვლას შეუდგნენ.

_ ვინაიდან ავლაბრის არალეგალური სტამბა მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმია, _ ამბობს ბატონი ჟიული, _ ახსნა-განმარტებისთვის მივმართეთ კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას. აღმოჩნდა, რომ მისთვის ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება საერთოდ უცნობია! ამიტომ თათბირის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეკონომიკის სამინისტროს ვუჩივლეთ სასამართლოში. კი, ბატონო, სახელმწიფო ქონების გასხვისების უფლება ეკონომიკის სამინისტროს აქვს, მაგრამ ასეთი ისტორიული ძეგლის გადაცემის უფლება, კულტურის სამინისტროს შეთანხმების გარეშე, მას არ ჰქონდა!

დავინტერესდი, რა შესთავაზა კავშირს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ.

_ როგორც კეკელიძემ გვითხრა, _ მიყვება კავშირის გამგეობის წევრი, რუსუდან ჩიკვილაძე, _ მისი მიზანია სტამბის შენარჩუნება-აღდგენა-განვითარება, ხოლო ამ ადმინისტრაციულ შენობაში გავხსნით ვახტანგ მეექვსეს მუზეუმსო.

_ რა შუაშია აქ ვახტანგ მეექვსე?!

_ მეტი არაა ჩემი მტერი, რომ ვახტანგ მეექვსეს მუზეუმი გახსნან. აქ სხვა რამეა. წინა წლებში ეს კეკელიძე თავის მოადგილესთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში დაძრწოდა; მოჰყავდათ მზომელები, ტერიტორია აზომეს, თითქოს ამ სამუშაოებს ატარებდა კულტურის სამინისტრო და, აჰა!..

_ ეს ხალხი თქვენ კონკრეტულად რას გთავაზობთ?

_ გრანტებს მივიღებთო, აქ ყველაფერს უმაღლეს დონეზე მოვაწყობთო და თქვენც აქ ხელშეკრულების საფუძველზე გამუშავებთო.

_ მაგას რა სჯობს!

_ ამ ადამიანებს ვერ დავუჯერებთ! ერთ ფაქტს მოგიყვანთ. როგორც კი კლიტეები შეცვალეს და თავისი დაცვა დააყენეს, ზუსტად მეორე დღეს კეკელიძემ  მოიყვანა ჰომოსექსუალიზმის ცნობილი მქადაგებელი _ ემზარ ჯგერენაია და «რუსთავი 2»-ის გადამღები ჯგუფი, ვიღაც თეონა ცხომელიძის მეთაურობით. ჩაეთრნენ სტამბაში და საბეჭდი დაზგის ფონზე ლამის უშვერი სიტყვებით ლანძღეს სტალინი, ხოლო ტუტუცმა დედაკაცმა _ ცხომელიძემ ამ ორი უვიცის ტვინის ნაჟური დააგვირგვინა: სტალინი მსოფლიოში ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორი იყოო!..

_ რაო, რა გვინდაო, რა დაგვიშავაო სტალინმა?

_ როგორ თუ რა?! 30-იანი წლების დასაწყისში კანონი გამოსცა, რომელიც მკაცრად სჯიდა ჰომოსექსუალისტ კაცებს და ქალებს. ვერ პატიობენ მას  «სახელოვანი» წინაპრების დევნას!

_ თქვენი ვარაუდით, რისთვის სჭირდებათ მათ ეს ტერიტორია?

_ მყუდრო, წყნარი, ლამაზი ადგილია, _ მეუბნება შალვა ჯალაღონია, _ სამუზეუმო კომპლექსს დაანგრევენ და მორიგ საროსკიპოს ააშენებენ!

_ რატომ მაინც და მაინც საროსკიპოს?

_ ტვინი აქვთ გადატრიალებული და სხვა რა უნდა მოიფიქრონ?! ამ საზიზღრობას ჩვენ მათ არ ჩავადენინებთ, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ!

გამარჯვებამდე ბრძოლა! _ არადა, ეს ზედმიწევნით კონსპირირებული ტიფოგრაფია იყო ბოლშევიკური იატაკქვეშეთის ტექნიკის ბრწყინვალე ნიმუში! ეს ხომ ჩვენი ისტორიაა! ამიტომ ვსარგებლობ შემთხვევით და ვთხოვ დირექტორს _ ჟიული სიყმაშვილს მუზეუმის დათვალიერებისას მეგზურობა გამიწიოს, რაზეც ის სიამოვნებით მთანხმდება.

ასე იწრთობოდა ჯუგა!

ამ სტამბის მშენებლობის ორგანიზაცია დაევალა რუსეთის სოც-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრს _ მიხო ბოჭორიძეს. სტამბის შენობისთვის მან ავლაბარში შეარჩია მიწის ნაკვეთი, რომელიც მის მეგობარ დავით როსტომაშვილს ჰქონდა აღებული.

1903 წლის 22 სექტემბერს ბოჭორიძემ შეიტანა თხოვნა თბილისის გამგეობაში სახლის აშენების ნებართვის თაობაზე. თხოვნას დართული ჰქონდა სახლის პროექტი. «ერთსართულიანი, სარდაფიანი ქვის სახლის მშენებლობა» თბილისის გამგეობამ დაამტკიცა.

მაგრამ სახლის მშენებლობა დაიწყეს არაოფიციალური პროექტის მიხედვით.

მშენებლობისთვის დაიქირავეს გარეშე მუშები, ხოლო კონსპირაციული სამუშაოებისთვის მოიწვიეს მუშა-რევოლუციონერები.

სტამბის მშენებლობა დაიწყო მიწის სამუშაოებით. დაქირავებულმა მიწის მთხრელებმა გაჭრეს სარდაფი სიღრმით _ 10, სიგრძნით 12.5 და სიგანით _ 6.5 არშინი (არშინი 71,12 სმ-ია). მიწისმთხრელი მუშები დაითხოვეს, შემდეგ, როდესაც მოწვეულმა კალატოზებმა ამოიყვანეს კედლები და დააგეს სარდაფის იატაკი, ისინიც დაითხოვეს. რევოლუციონერმა მუშებმა კი გააკეთეს სარდაფის თაღი და შუა ადგილზე დაუტოვეს საიდუმლო ხვრელი და მას ზემოდან ფიცრები დააფარეს. შემდეგ დაიქირავეს სხვა მუშები, რომლებიც ნახევარსარდაფის მშენებლობაზე დააყენეს. მათ ფიქრადაც არ მოსდიოდათ, რომ ამ ნახევარსარდაფის ქვეშ კიდევაა სარდაფი, რადგან მანამდე, როგორც კი მუშა-რევოლუციონერებმა მოათავეს თაღების ამოყვანა, იგი მაშინვე ზემოდან დაფარეს 1,5-მეტრიანი მიწის ფენით. ნახევარსარდაფიანი, ოროთახიანი სახლი სწრაფად აშენდა.

ზემოთ მოეწყო საცხოვრებელი ოთახები, ნახევარსარდაფში კი _ სამზარეულო. გადაწყვიტეს, სარდაფში (სტამბაში) საიდუმლო შესასვლელი გაეკეთებიათ. დაქირავებულ ჭის მთხრელს 13-მეტრიანი სიღრმის ჭა ამოათხრევინეს, რომელშიც წყალი არ ამოვიდა, იგი მშრალი ჭა იყო. მასში კიბე ჩაუშვეს, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ბოძები დაალაგეს და მიწით დაფარეს. შემდეგ სხვა ჭისმთხრელს ამოათხრევინეს მეორე,  15-მეტრიანი სიღრმის ჭა. ეს იყო ნამდვილი ჭა, რომელშიც წყალი ამოდიოდა. ამის მერე მუშა-რევოლუციონერებმა _ ძმებმა მაღრაძეებმა და ჩოდრიშვილებმა გაიყვანეს ფარული გვირაბები. ერთმა გვირაბმა შეაერთა ორი ჭა, ხოლო მეორემ _ მშრალი ჭა სარდაფთან. წყლიანი ჭის თავზე აღმართეს ფარდულის კედლებზე მიჭედილი ფიცრებისაგან შეკრული კადონი. ამ კადონზე, რომელიც ჭის ზედაპირიდან დაშორებული იყო, დაახლოებით, 1,5 მეტრით, მოათავსეს რვა გოჯი დიამეტრის მქონე ხის ჭოჭონაქი; ჭას თავზე დაახურეს ხის კვადრატული ჩარჩო, რომელზეც დამაგრებული იყო წვრილი ფოლადის ტროსი. ჭაში მსხვილი თოკით ჩაუშვეს ვედრო. კონსპირაციის მიზნით, ჭის ზემოთ ფარდული გამართეს, ვითომდა წყლის სისუფთავისთვის და სიგრილის დასაცავად. მოკლედ, საიდუმლო შესასვლელი მზად იყო. მუშები თოკის დახმარებით ჩადიოდნენ წყლიან ჭაში, წყლის ზედაპირიდან მეტრ-ნახევრის ზემოთ გაყვანილი გვირაბით გადიოდნენ დახურულ მშრალ ჭაში, რომელშიც ჩადგმული იყო კიბე, ამ კიბეზე ადიოდნენ და პატარა გვირაბით შედიოდნენ სარდაფში.

მშენებლობის დამთავრების შემდეგ მოიტანეს საბეჭდი მანქანა, შრიფტი, ქაღალდი, სტამბის სხვა მოწყობილობა და ნახევარსარდაფში არსებული ხვრელიდან ჩაუშვეს სარდაფში. როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ხერხაშვილების გვარით ახალ სახლში დასახლდნენ სტამბის მუშები. «დიასახლისი» იყო მიხო ბოჭორიძის ბიცოლა _ ბაბე ლაშაძე-ბოჭორიძე, რომელიც პირველ ოთახში ცხოვრობდა. მისი ოთახიდან სტამბაში გაყვანილი იყო ელექტროზარი. ზარის ღილაკი დამალული იყო შპალერის ქვეშ. ბაბე ფანჯარასთან ან აივანზე იჯდა და თვალყურს ადევნებდა, რომ ვინმე შეუმჩნევლად არ მოსულიყო შენობასთან, როგორც კი დაინახავდა უცხო პირს, ზარის საშუალებით აცნობებდა მუშებს. ერთი ზარი ნიშნავდა საშიშროებას, მუშები წყვეტდნენ მუშაობას და ელოდნენ ორ ზარს, რათა გაეგრძელებიათ საქმიანობა. სამი ზარით კი «დიასახლისი» მათ ზემოთ იწვევდა.

პირველად ავლაბრის სტამბა ჩუღურეთის ტიპოგრაფიიდან გადმოტანილი მოწყობილობით მუშაობდა, მაგრამ მალე ბაქოდან ჩამოიტანეს საბეჭდი მანქანა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე ლადო კეცხოველმა იყიდა.

ბაბე სტამბაში (სანამ იგი არსებობდა, მუშაობდა) შინაურულად მოეწყო: გაიჩინა ქათმები, დარგო რამდენიმე ხე, ანუ ყველაფერს აკეთებდა, რათა ამ სახლში ყოფა-ცხოვრებისთვის  ჩვეულებრივი ოჯახური იერი მიეცა, ვინმეს ეჭვი რომ არ აეღო.

კონსპირაციის წესების თანახმად, სტამბიდან ხშირად გამოსვლა აკრძალული იყო, ამიტომ სტამბის მუშაკები ზემოთ მხოლოდ სადილის, ვახშმისა ან დასაძინებლად ამოდიოდნენ ხოლმე.

1904 წელს, გადასახლებიდან გამოქცევის შემდეგ, 24 წლის სოსო ჯუღაშვილი ხშირად რჩებოდა აქ. ხანდახან ის მთელი ღამე მუშაობდა  _ წერდა სტატიებს გაზეთ «პროლეტარიატის ბრძოლისათვის» და, აგრეთვე, პროკლამაციებს. ავლაბრის არალეგალურ სტამბაში დაიბეჭდა სტალინის ბროშურები: «გაკვრით პარტიულ უთანხმოებაზე» და «ორი შეჯახება» ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. აქ გამოცემული მრავალი პროკლამაცია და ფურცელი პირადად სტალინის მიერაა დაწერილი.

განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდა სტამბა 1905 წლის რევოლუციის პერიოდში. 1905 წლის 8 იანვრიდან 20 ნოემბრამდე დაიბეჭდა 273 715 პროკლამაცია, გაზეთი და ბროშურა! აქედან ქართულ ენაზე _ 138 325 ეგზემპლარი, რუსულად _ 70 690 და სომხურად _ 64 700.

სტამბამ მუშაობა დაასრულა 1906 წლის 15 აპრილის განთიადზე. 150-მდე პოლიციელმა, ჟანდარმმა და ჯარისკაცმა ალყა შემოარტყა სახლს. დაიწყო ჩხრეკა, ოთახებსა და სამზარეულოში მათ ვერაფერი იპოვეს. შემდეგ გადაწყვიტეს ჭის შემოწმება. ჭაში ჩააგდეს ცეცხლმოკიდებული ქაღალდი, მისი კედლების გასაშუქებლად, ჰაერის წნევამ იგი  ფარულ გვირაბში შეიტანა, «ექსპერიმენტი»  გაიმეორეს. ისინი მიხვდნენ, რომ ჭაში რაღაც გასასვლელი იყო. მასში ჩაუშვეს მეხანძრე, რომელმაც აღმოაჩინა ფარული გვირაბი. მაგრამ მასში შესვლა შეეშინდათ. გადაწყვიტეს,  სამზარეულოში იატაკი აეყარათ. ასეც გააკეთეს. გათხარეს მიწა სამზარეულოში, სადაც აღმოაჩინეს საიდუმლო ხვრელი, რომლითაც ჩავიდნენ სტამბაში და ამოიტანეს: შრიფტი, საბეჭდი მანქანა, დაბეჭდილი ლიტერატურა და სხვ. შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო სარდაფი ააფეთქეს.

1937 წელს სტამბა აღდგენილ იქნა თავდაპირველი სახით.

პირველ რიგში «დიასახლისის» ოთახს ვათვალიერებ. ოთახის ფანჯრის ახლოს, მარჯვენა კედელთან დგას ქსოვილგადაკრული ხის ტახტი. ეს ადგილი აბრეშუმის ბაფთითაა შემოღობილი.

_ ამ ტახტზე ისვენებდა სტალინი, _ მიხსნის ბატონი ჟიული.

კედლის კუთხეში კიდია ბზით მორთული ღვთისმშობლის ხატი. მის ქვემოთ დგას თეთრქსოვილგადაფარებული კარადა, რომელზეც აწყვია ხის ჯამი, საშაქრე, სამარილე… როგორც მითხრეს, აქ სპილენძის სამოვარი და ჯამიც იდგა, რომლებიც გაიტაცეს არეულობის დროს აქ მოკალათებულმა შეიარაღებულმა ბანდებმა, «თეთრი გიორგის» და «მხედრიონის» თაოსნობით.

გაძარცვულია საცხოვრებელი ოთახების ქვეშ მდებარე ნახევარსარდაფიც, რომელშიც სამზარეულო იყო. აქედანაც მოპარულია სპილენძის ქვაბები, შამფურები, ქაფქირი, ჩამჩა. ნახშირის აქანდაზიც «ჩაუჯიბიათ» წვერებიან «ავტომატჩიკებს»…

სამზარეულოს დერეფნის მარცხენა კუთხეში რკინის დახვეული კიბეა, რომლითაც ჩავდივართ სარდაფში. ამ კიბეს ჟანგის სქელი ფენა დაედო და, რაც უფრო ძირს ვეშვებით, აკლდამის სინესტე და შმორის სუნი მით უფრო გაწუხებს!

_ რა ვქნათ, _ თითქოს თავს იმართლებს ბატონი ჟიული, _ ვერ უვლიან ამ თბილისის ზღვას და გამოჟონილი წყალი აქ გარშემო მყოფი სახლების სარდაფებში დგება. ტუმბოც ვიყიდეთ, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის. ჩინელები დაგვეხმარნენ, რაღაც გადათხარ-გადმოთხარეს, ჩაჭრეს-ჩამოჭრეს და უკვე ხუთი თვეა, წყლით აღარ იტბორება სარდაფი.

ასევე, ჟანგითაა დაფარული აუგსბურგის სისტემის საბეჭდი დაზგა, რომლის ფონზე სულ ახლახან სტალინის გინებით «რუსთავი 2»-ის მაყურებლებს თავს აწონებდა ორი უჯიშო კოსმოპოლიტი!

ისტორიას გაფრთხილება უნდა. ვინც ამ სტამბას აშენებდა და აქ მუშაობდა, იდეურები იყვნენ. შეგიძლია მოიწონო მათი იდეები, შეგიძლია _ არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ადამიანები სიმღერით მიდიოდნენ საპყრობილეებსა და კატორღებში, ადიოდნენ სახრჩობელებზე. რეპრესიების, ტერორის, ეკზეკუციების მიუხედავად, ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა მათ წინაშე, რადგან ამ ხალხს სწამდა, რომ გაიმარჯვებდა.

ცნობილია, წარსულის გარეშე არ არის მომავალი, ამიტომ ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმის გადარჩენა ქართველი საზოგადოების ერთ-ერთი აუცილებელი მოვალეობაა. არ მივცეთ უფლება ეროვნებადაკარგულ, ღვთისმგმობელ ნაძირლებს ჩვენი მეხსიერების წაშლისა. ამ საცოდავმა არსებებმა ადამიანობა დოლარებზე გაყიდეს, იმ დოლარებზე, რომლის ყველაზე პოპულარული ბანკნოტიდან მათ დამცინავი მზერით შესცქერის დიდი მოაზროვნე და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი _ ბენჟამინ ფრანკლინი!

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. პატვით მოვეპყროთ ჩვენს ისტორიას, ის ხომ ჩვენია? ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ მიღწევები და შეცდომები.

  2. სრულიად ვეთანხმები წერილის პათოსს, ისტორიას გაფრთხილება და ზრუნვა ესაჭიროება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here