Home რუბრიკები პოლიტიკა ალასანიას შავი კატა რესპუბლიკელების ბნელ ოთახში

ალასანიას შავი კატა რესპუბლიკელების ბნელ ოთახში

708

ათასი უარყოფის მიუხედავად, საუბრები მწვავე დაპირისპირებაზე ირაკლი ალასანიას გუნდსა და რესპულიკელებს შორის მაინც გრძელდება. რა ასაზრდოებს მათ: სახელისუფლო პროპაგანდის ჰალუცინაციები თუ ობიექტური რეალობა, რომელიც კოალიციის კულუარებიდან გამოსული, ხშირ შემთხვევაში, რთიერთწინააღმდეგობრივი ინფორმაციის უკან დგას? «ეროვნული ფორუმის» ან «მრეწველების» კონფლიქტზე პარტნიორებთან არავინ საუბრობს; ოპოზიციური საზოგადოების ყურადღების ცენტრში, აგერ უკვე რამდენიმე თვეა, ალასანიარესპუბლიკელების ურთიერთობა რჩება.

საერთოდ, მრავალპარტიული გაერთიანება შიდა კონკურენციის გარეშე ბუნებაში არ არსებობს; პოლიტიკოსები გავლენის მუდმივ გაფართოებაზე ზრუნავენ. საგანგაშო ამაში არაფერია, პირიქით, ჯანსაღი კონკურენცია (სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელებისა და ალასანიას ურთიერთობა სწორედ ასე დაახასიათა) და აზრთა სხვადასხვაობა სასარგებლოა. მთავარია, ის ყოვლისმომცველ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, რაც საერთო საქმეს ავნებს, თუმცა ოპოზიციური საზოგადოება მაინც ნერვიულობს, თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენციასა და ტოტალურ კონფრონტაციას შორის ზღვარის გავლება უჭირს და არ უნდა კოალიციის ერთიანობას საფრთხე დაემუქროს.

მიუხედავად იმისა, რომ ალასანიასა და რესპუბლიკელთა ლიდერების (აქ და შემდგომ ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ უსუფაშვილი-ხიდაშელის წყვილზე და ძმებ ბერძენიშვილებზე, ანუ «დიდ ოთხეულზე», რომელსაც, ჩინელი კომუნისტების მსგავსად, «ოთხთა ბანდას» არ ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ცდუნება შეიძლება გაჩნდეს) პოზიციები მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ქვეყნის საგარეო ორიენტაციაზე, ერთმანეთს ემთხვევა, მათ შორის ბევრი განსხვავებაა, რომელთაგან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა გამოვყოთ. ალასანია ხელისუფლებისკენ ისწრაფვის და თავის ყოფნას ოპოზიციაში დროებით, ტრანზიტულ და არაბუნებრივ მდგომარეობად აღიქვამს, ხოლო რესპუბლიკელები პროფესიონალ ოპოზიციონერებად ჩამოყალიბდნენ და, სავარაუდოდ, მშვენივრად აცნობიერებენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მწვერვალზე მოხვედრა, სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ, მათთვის სერიოზულ დისკომფორტს დაუკავშირდება.

დღეს რესპუბლიკური «ოთხეულის» მდგომარეობა ასეთია: მატერიალური თვალსაზრისით, მათ, პრაქტიკულად, ყველა პრობლემა მოეხსნათ, ივანიშვილის ავტორიტეტი, იცავს მათ კრიტიკისგან ოპოზიციური საზოგადოების მხრიდან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი რესპუბლიკელების მიმართ უკიდურესად ნეგატიურადაა განწყობილი, კოალიციის მაღალი რეიტინგი საკუთრივ რესპუბლიკელების «გამხმარ» რეიტინგს კვებავს, დასავლეთში ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების სახელით და გაცილებით ანგარიშგასაწევ ფიგურებად აღიქმებია, ვიდრე ადრე და ..

და რა მოხდება მაშინ, როდესაც «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მოვა?  «ოთხეულს» დღევანდელ უნიკალურ სტატუსთან დამშვიდობება მოუწევს. მათ ოპონენტებში იმძლავრებს განწყობა «ახლა უკვე შეიძლება!» და ანტირესპუბლიკური კამპანია ნიაღვარს დაემსგავსება; «ივანიშვილის ხათრით» უკვე აღარავინ გაჩერდება, მითუმეტეს, რომ აღარ იარსებებს მოტივი, რომლის გამოც საჭირო იქნება მათი დაცვა კრიტიკისგან, ხელოვნური გამოკვება და გაძლიერება. ნაკლებად სავარაუდოა, მათ საკვანძო პოსტები დაუთმონ, ხოლო თუ რამდენიმე მინისტრის პორტფელს ხელს მოჰკიდებენ, სწორედ ამ მინისტრებს ამოიღებენ ოპონენტები არაკეთილგანწყობილი ყურადღების მიზანში და მათ ნებისმიერ მოძრაობას კოშმარულ ინტერპრეტაციას მისცემენ: კითხვას «რატომ არ დაიწყო იდეალური ცხოვრება?» ძალიან ხშირად გაეცემა პასუხი «რესპებისა და მათი მინისტრების გამო!». ერთადერთი შესაძლებელი ტაქტიკა, რომელიც ასეთ ვითარებაში პარტიის ერთიანობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ოპოზიციაში გადასვლა, იმის გამეორება გახდება, რაც რესპუბლიკელებმა 2004-08 წლებში გააკეთეს. ისინი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ(!) დაბალრეიტინგულ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდებიან და ახალი ხელისუფლების კრიტიკით დაკავდებიან, რაც, ქვეყნის ან თუნდაც ცალკეული დარგის მართვისგან განსხვავებით, ნამდვილად ეხერხებათ.

რაც უფრო დიდხანს გაიწელება დღევანდელი მდგომარეობა, მით უფრო მომძლავრდება რესპუბლიკური პარტია და «ოთხეული» თავს სულ უფრო კომფორტულად იგრძნობს. არჩევნებამდე ასიოდე დღე რჩება და ერთადერთი, რასაც ამ პერიოდის ხელოვნურად გახანგრძლივება შეუძლია, კოალიციის პარლამენტში უმცირესობით შესვლაა. ასეთ ვითარებაში რესპუბლიკელები კვლავ აქტუალურები და საჭირონი იქნებიან. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ «ოთხეული» ხელს უწყობს ამ სცენარის რეალიზებას, თუმცა ეჭვი იმის თაობაზე, რომ «რესპუბლიკელებს გამარჯვება არ აწყობთ» ზოგიერთ კონსპიროლოგიურად ორიენტირებულ თავში მართლაც შეიძლება გაჩნდეს.

საერთოდ, გონიერი პოლიტიკოსი არასოდეს ამტკიცებს, რომ ყველაფერი იდეალურად აქვს აწყობილი. ის ყოველთვის ტოვებს მცირე, სტრატეგიული თვალსაზრისით, უმნიშვნელო სივრცეს, რომელშიც, ძველად რომ იტყოდნენ, «ცალკეული სირთულეები» ექმნება და ცდილობს, რომ ოპონენტმა ყურადღების კონცენტრირება სწორედ ამ მიმართულებით მოახდინოს. სააკაშვილის ხელისუფლების კრახი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მან დაიწყო იმის მტკიცება, რომ უნაკლოა, ეს ძალზე უხეში, «ოროსნული» შეცდომა იყო. იდეალური ამქვეყნად არაფერია და ადამიანები ყოველთვის შეეცდებიან, მოძებნონ ინფორმაცია, რომელიც თავსმოხვეულ მითს აბათილებს. ივანიშვილმა ეს შეცდომა არ გაიმეორა და გამორიცხული არაა, მომცრო პრობლემური ზონა განგებ «დატოვა»; მის ცენტრში რესპუბლიკელები იმყოფებიან და მათი  ჰიპოთეტური კონფლიქტი ალასანიასთან იქ ვითარდება. კოალიციის ტრიუმფალური მარშის პარალელურად, ამ ზონაში მოხდა რესპუბლიკელების (ბოდიში მკვეთრი შეფასებისთვის) იდიოტური დაპირისპირება მურმან დუმბაძესთან, გაკეთდა დავით ბერძენიშვილის სკანდალური განცხადება მაჟორიტარების თაობაზე და ა. შ. მოკლედ, რესპუბლიკელები, სხვა ყველაფერთან ერთად, ნაკლებად საშიში, თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, აუცილებელი, «ცალკეული სირთულეების გენერატორის» როლს ითავსებენ, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სირთულეები წარმოსახვითია.

გასულ კვირას «ივერონმა» შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: «ირაკლი ალასანია, უკვე დიდი ხანია, სანდრო ბრეგაძის დახმარებით რესპუბლიკელთა მიმართ კომპრომატების მოპოვებით არის დაკავებული, შუამავლის როლს კი მათ შორის რომან კუსიანი ასრულებს». ერთი შეხედვით, სააგენტოს წყაროს ინფორმაცია ნაკლებად სარწმუნოდ გამოიყურება; არა იმიტომ, რომ მოხსენიებული მოღვაწეებიდან, ინტელექტუალური თვალსაზრისით, არც ერთია ბობი ფიშერი და არც მეორე ლევ პოლუგაევსკი, უბრალოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ორივე რესპუბლიკელებს ვერ იტანს. ალასანიამ კი, რომელიც უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, სავარაუდოდ, კარგად იცის, რომ ასეთი დავალების მიცემა ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ დამოკიდებულებას ვერ მალავს, არ შეიძლება. ასეთი მისია, სასურველია, ნეიტრალურ, ორგანიზებულ ადამიანს დააკისრო, რომლისთვისაც სულერთია რესპუბლიკელებზე შეაგროვებს კომპრომატს თუ ჭინკებზე, მას, ვინც არ დაიწყებს ფაქტების მიკერძოებულ მისადაგებას საკუთარი ვარაუდების მიმართ. მართალია, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ამ ორი ფიგურის წინა პლანზე წამოწევის მიზანი მესამის (კომპრომატის რეალური შემგროვებლის) ჩრდილში დატოვება იყო, თუმცა ასეთი ნაბიჯის მოტივი არ იკითხება, რადგან რესპუბლიკელებს არ აქვთ ორგანიზებული პარტიული კონტრდაზვერვა, რომელთანაც საჭიროა მსგავსი თამაშები აწარმოო.

კომპრომატს თითქმის ყველა პოლიტიკოსი აგროვებს, მაგრამ საგანგებო ძალისხმევის მიმართვა ერთი, თანაც მოკავშირე პარტიისკენ, დიდი ალბათობით, აღქმული იქნება როგორც ძირგამომთხრელი, კოალიციის დაშლაზე ორიენტირებული საქმიანობა, შესაბამისად, უნდა არსებობდეს ძალიან სერიოზული მიზეზი, რომელიც ალასანიას ამ მიმართულებით უბიძგებს.

ინფორმაცია რესპუბლიკელთა ლიდერების «პირად ცოდვებზე»» ან მათ საეჭვო მოპყრობაზე კოალიციის ფინანსებთან «დიდ პრიზს» არ წარმოადგენს. თუ ასეთი ინფორმაცია მართლაც არსებობს, ივანიშვილი მას, 99%-იანი ალბათობით, უკვე ფლობს და «თვითგამოცხადებული აუდიტორების» კვლევები, სავარაუდოდ, ნაკლებად აინტერესებს. არადა, დღეს ასეთი ინფორმაციის გამოყენების შესაძლო ვარიანტი, ივანიშვილამდე მიტანის გარდა, არც ისე ბევრია; მისი გასაჯაროება წინასაარჩევნოდ გამორიცხულია, რადგან ეს მთელ კოალიციას ავნებს. გაცილებით ღირებულია ინფორმაცია რესპუბლიკელების ხელისუფლებასთან ფარული თანამშრომლობის თაობაზე და, თუ ალასანია კომპრომატის მიზანმიმართული შეგროვებით დაკავდება, ეს, ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ მხრივ «საფუძვლიანი ეჭვი» გაუჩნდება.

ირაკლი ალასანია, როგორც უკვე ვთქვით, რეალურად ისწრაფვის ხელისუფლებისკენ, მან საკუთარი ბედი ივანიშვილთან პარტნიორობას დაუკავშირა. 2-3 ადგილი საარჩევნო სიაში არ არის მიზეზი, რომლის გამო მან შეიძლება რესპუბლიკელებთან ტოტალური ომი დაიწყოს და კოალიციის დაშლის საფრთხე შექმნას. ამას ის, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ დაინახავს, რომ რესპუბლიკელები ნამდვილად აპირებენ მისი ოცნების ხორცშესხმისთვის ხელის შეშლას.

ამას წინათ, არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელსაც ერთი კომპეტენტური ამერიკელი მეგობარი დაესწრო, სხვა ყველაფერთან ერთად გაიმართა ტრადიციული დისკუსია თემაზე «გააპრავებს თუ არა ვაშინგტონი არჩევნების გაყალბებას?». ამერიკელმა მეგობარმა საკმაო ხანს გვისმინა, შემდეგ კი თქვა: «ვფიქრობ, იქნება დუმილი… დაახლოებით ერთკვირიანი», რაც, ალბათ, ნიშნავდა იმას, რომ ვაშინგტონი თავს შეიკავებს ყოვლისმომცველი შეფასებებისგან, ვიდრე ქართველები ხელისუფლების ბედს არ გადაწყვეტენ. სხვათა შორის, იგივე ალგორითმი «არაბული გაზაფხულის» დროს გამოიყენებოდა; მსგავსი «პაუზები» საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ კონფლიქტის მხარედ არ წარმოჩინდე და «მთავარი არბიტრის» როლი მოირგო.

 ცხადია, ამერიკელი მეგობარი შეიძლება ცდებოდეს, თუმცა კრიზისული პერიოდი არჩევნების შემდეგ, ალბათ, მართლაც გველის, მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს თეთრი სახლი. იმ დღეებში ორივე მხარისთვის მთავარი გახდება მოქმედება და არა ლაპარაკი; და სწორედ ესაა ერთადერთი მომენტი, როდესაც ფარდობითად სუსტ რესპუბლიკელებს კოალიციისთვის საბედისწერო ზიანის მიყენება შეეძლებათ, თუ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან მათ რეალიზებაზე რეალურ გავლენას მოახდენენ (აქ საუბარია თეორიულ ვარიანტებზე; დღეს არც ერთი ფაქტი არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აპირებენ, საბოტაჟით დაკავდნენ). თუ ალასანია გრძნობს რესპუბლიკელებისგან მომავალ საფრთხეს, ის, სავარაუდოდ, ამ პერიოდს უკავშირდება, რადგან დროისა და სივრცის ნებისმიერ სხვა წერტილში ისინი განსაკუთრებულ პრობლემებს ვერ შექმნიან.

ამდენი კონსპიროლოგიის შემდეგ, ალბათ, დროა, ისევ პროცესების ტრადიციულ ინტერპრეტაციას დავუბრუნდეთ, რომლის ფარგლებში არანაირი დაპირისპირება ალასანიასა და რესპუბლიკელებს შორის არ არსებობს და ისინი ერთად მოაბიჯებენ რეჟიმთან ბრძოლის ავანგარდში; განსაკუთრებული არაფერი ხდება და სრულიად საქართველოს თავზე უღრუბლო ცაა.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here