Home რუბრიკები პოლიტიკა ანზორ მაისურაძე: დღევანდელ პროცესებში სპეცსამსახურების ხელი ურევია

ანზორ მაისურაძე: დღევანდელ პროცესებში სპეცსამსახურების ხელი ურევია

821

«ამოქუხდი ნაკადულო!», ანუ ექსპოზიცია

ვაშა საქართველოში დამყარებულ რეჟიმს, რადგან მისი წყალობით თავზე უხვად გვებნევა ცის მანანა!

თუ _ წყლის არნახული დებიტი, რომელიც 28 ივნისს ცისკენ ავარდა თბილისში _ შუა წერეთლის პროსპექტზე.

რამდენიმე საათით მაინც ხომ «გადავუხურეთ» ჟენევას, სადაც, აგრეთვე, ჩქეფს შადრევანი, სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ქმნიან ასეთ ეფექტს _ სარკესავით მშვიდი ზედაპირიდან ამოფრქვეული წყლის მოულოდნელ სანახაობას.

ჩვენთან ბუნებრივად მოხდა: არავითარი სპეცტექნოლოგიები და ტვინის ჭყლეტა _ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი გასკდა და, აჰა, შედეგი _ უფასო და მუქთი _ ხუთსართულიანი სახლის სიმაღლეზე ატყორცნილი ჭავლი.

ხალხი ეძებდა მიშას და ჰკვირობდა, რომ ეს გიგანტური შადრევანი მის გარეშე გაიხსნა.

მიშა იყო ბრიუსელში, იქ, სადაც პომპეზური მოედნის _ გრანდ პლასის მახლობლად, ორი ქუჩის _ ღუე ’Eტუვეისა და ღუე დე ჩჰენის კუთხეში დგას «მანეკენ პისის», ანუ «პატარა ჟულიენის» _ პუტკუნა ბიჭუკელას 61 სანტიმეტრიანი ფიგურა, რომელიცდიახ, რომელიც «ფისის შვება»: მოწანწკარებს ციცქნა ნაკადული.

სამაგიეროდ თბილისში ისე იყო, თითქოს გარგანტუა ჩამობრძანდა, ცხადია, ტურისტად ან «ვიზიტორად» და თავზე გადააფსა თბილისს _ მაინც კარგავსო დედაქალაქის ფუნქციას.

მიშა იყო ბრიუსელში, სადაც ემიგრანტმა ქართველებმა მდუმარე აქცია მოუწყვეს სუშიბარში ქადაგად დავარდნილ სააკაშვილს.

თბილისში გრიალებდა უფასო შადრევანი, სამეგრელო წყალს მიჰქონდა და მისი აღმატებულება, რომელმაც «შეწყვიტა ვიზიტი აზერბაიჯანში», რეზინის ჩექმებით მუხლებამდე მღვრიე წყალში გავლის საოცარი სანახაობით გვაკვირვებდა: წყალზე _ ვერა, წყალში _ კი

აშშისა და რუსეთის ინტერესების სარბიელი

საქართველო მოსალოდნელი მღელვარების ტალღებზე ტივტივებს. ჩაიძირება თუ არა, ამაზე მარჩიელობს დღეს მთელი პოლიტოლოგიური ელიტა.

იმედის გვირილას თანმიმდევრობით წყდება კონკრეტიკის ფურცლები. ერთ-ერთი ნატოში შესვლის პერსპექტივაა.

_ ბატონო ანზორ, _ მივმართავ უშიშროების გენერალ-მაიორ ანზორ მაისურაძეს, _ გადაგვეწურა ნატოში შესვლის იმედი?

_ იყო კი ოდესმე რეალური?! შეგახსენებთ, როცა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის _ მედვედევის საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ რუსი ანალიტიკოსები, კერძოდ, ამ სფეროში მის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მიღწევაზე, პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-თან შეთანხმება იმაზე, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება. კულუარული საუბრების ჩარჩოებში კი არ ლაპარაკობენ, საჯაროდ, ტელევიზიით გამოდიან.

_ რაიმე დოკუმენტს იმოწმებენ?

_ (ეღიმება). ასეთ შეთანხმებებს დოკუმენტურად არასოდეს აფორმებენ, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებსაც კი ქვეტექსტები აქვს ყოველთვის.

_ მაგალითს დაასახელებთ?

_ აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ავღანეთში შეიარაღების გადასაზიდად ამერიკა რუსეთის ქალაქ ულიანოვსკს გამოიყენებდა, როგორც სატრანზიტო პუნქტს. ამ შეთანხმებიდან აშშ წელიწადში 130 მილიარდ დოლარს იგებს, თავისთავად ცხადია, რომ არც რუსეთი დარჩა წაგებული. მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ეს არ არის.

_ რაზე მიმანიშნებთ?

_ იმაზე, რომ ეს ორი ზესახელმწიფო ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებს, უწინარეს ყოვლისა.

ამას წინათ, პუტინმა და ობამამ დიდი ოციანის სამიტზე სამი საათის განმავლობაში პირისპირ რომ ილაპარაკეს, ეს არაფერს გეუბნებათ?

ახლა კი, ზემოთ მოხმობილი მაგალითი გავაანალიზოთ. ავღანეთში ამერიკის ინტერესი რომ დევს, ეს საკამათო საგანი არ არის; რუსეთის _ იმდენად, რამდენადაც.

სამხრეთ კავკასიაში _ რუსეთის ინტერესი დევს. ამ ინტერესის შემადგენელი ნაწილია საქართველო, კერძოდ, მისი სეპარატისტული რეგიონები; ამერიკის _ იმდენად, რამდენადაც.

თუ ერთგან რუსეთი აშშ-ს მხარში ამოუდგა ულიანოვსკის «სატრანზიტო დერეფნით», კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების პრობლემა ამერიკამ დეკლარირების დონეზე მხარდაჭერით ამოწურა: მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეშფოთებულია რუსული «ოკუპაციის» ფაქტით.

აბა, დააკვირდით: გვეუბნებიან, გვპირდებიან, მაპ-ზე უკეთესს იგონებენ, «ასპირანტი ქვეყნის» რანგში ავყავართ, მაგრამ ნატოში არ გვიღებენ.

აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რჩება.

_ თქვენში, ალბათ, დაზვერვის გამოცდილი თანამშრომელი ლაპარაკობს

_ დავაზუსტებ, რომელიც ამგვარი საგარეო პოლიტიკის რეალიზაციაში პრაქტიკულად იღებდა მონაწილეობას.

_ რახან თქვენს პროფესიას შევეხეთ, მოდით, ამ გადმოსახედიდან გაგვარკვიეთ: ამერიკა სულ უფრო აძლიერებს ირანზე ზემოქმედებას; მდგომარეობა იმდენად გამწვავებულია, რომ ომის გარდაუვალობაზეც კი ალაპარაკდნენ ექსპერტები. ამ დროს საქართველო ირანთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას იღებს. აღარ მივყვებით აშშ დრენდოუტის ფარვატერს?

_ თქვენ გგონიათ, რომ ამერიკის საპირწონედ დამყარდა უვიზო რეჟიმი?

_ მიმომხილველები ამბობენ.

_ რაც სწორი არ არის. ამერიკის ნებართვის გარეშე ჩვენი ხელისუფლება ირანთან ვერანაირ პოლიტიკას ვერ განახორციელებს, უახლოეს მომავალში მაინც. თუმცა ჩვენს საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგა სწორედ მაშინ, როცა აშშ-ისა და ირანის ურთიერთობა უაღრესად არის გამწვავებული.

_ და ამ ნაბიჯით რუსეთის მხარეს დავდექით?

_ ასე ჩანს, მაგრამ ასე არ არის.

_ მაშ, თავისი რა ინტერესი ჩადო ამერიკამ ჩვენი ამ უვიზო რეჟიმის შემოღებაში?

_ საქმე ისაა, რომ უვიზო რეჟიმი საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს, დაამყაროს ურთიერთობა მათთვის საინტერესო ირანის მოქალაქესთან, რომელიც საქართველოში უპრობლემოდ შემოვა.

_ რახან გულახდილად ლაპარაკობთ, ბარემ ისიც თქვით, ახლო აღმოსავლეთის რევოლუციები მართლა სოციალური ქსელებით იყო ორგანიზებული, თუ აქაც სპეცსამსახურები მუშაობდნენ?

_ სოციალური ქსელები, ინტერნეტი კავშირურთიერთობის ტექნიკური საშუალება იყო. მართალია, _ ეფექტიანი. ორგანიზება ღონისძიებათა ურთულესი კომპლექსია, რომელიც, მათ შორის, დაზვერვის მონაცემების დეტალურ და მეცნიერულ ანალიზზეა დაფუძნებული, რომელსაც სპეციალური კვლევითი ინსტიტუტები აწვდიან შესაბამის სტრუქტურებს.

ეს ზოგადად.

კონკრეტულად «აფრიკული გაზაფხულის» უკან დგას ერთი პატარა სახელმწიფოს დიდი ინტერესი. სახელმწიფოსი, რომელსაც ემუქრებოდნენ და დღესაც ემუქრებიან არაბები. ეს არის ისრაელი, რომლის მიმართ ყველაზე ძლიერი მუქარის ნაკადი მოდიოდა ერაყის, ლიბიისა და სირიის მხრიდან.

რა დაემართათ ამ ქვეყნებს? დღეს მათი მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყება ნულს ქვემოთაა.

დარჩა ირანი, მაგრამ ეს ცალკე თემაა…

მოკლედ, ახლო აღმოსავლეთის «სახალხო რევოლუციებში» ისრაელის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ხელი ურევია. მიზანი ამ ქვეყნების სათავეში მეტ-ნაკლებად პროდასავლური ხელისუფლების დაყენება იყო. ბოლომდე შესრულდა თუ არა ეს მიზანი, სხვა საქმეა.

ე.წ. თვითნაბადი აჯანყებები, რევოლუციები დღევანდელ მსოფლიოში გამორიცხულია. ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ: ყველა მიტინგი, რომლებიც საქართველოში იყო მოწყობილი, ყველა გამოსვლა, რომლებიც იყო და იქნება, შეუძლებელია განხორციელდეს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინების გარეშე…

_ ბატონო ანზორ, საოცრებას ამბობთ! გულისხმობთ იმ დროსაც, როდესაც ეროვნული მოძრაობა აღზევდა?!

_ იმ დროიდან მოყოლებული.

_ მაშინ ვისი ინტერესები იყო ჩადებული?

_ ამერიკის შეერთებული შტატების… და სხვა ქვეყნების, აბა, რა! პირდაპირ უხდიდნენ ფულს, ამის ინფორმაცია მქონდა…

_ მაშინდელ ლიდერებს?!

_ დიახ, დიახ! ეგრეა…

იქნება საქართველოში სამოქალაქო ომი?

_ «რევოლუციის ნაპერწკალზე» მინდა გკითხოთ, რომლიდანაც უნდა ავარდეს «რევოლუციის ალი», ოღონდ ამჯერად _ სამოქალაქო ომი. ხომ არ არის ახლახან სამეგრელოს სოფლებში _ ოდიშსა და ორულში, ორიოდ დღის წინათ ქართლის სოფელ მერეთში ჩასული ბიძინა ივანიშვილის მომხრეებსა და ხელისუფლების მიერ მოხმობილ ორიოდ «ქუდზე კაცს» შორის ამტყდარი დაპირისპირება და შეხლაშემოხლა ასეთი საშიშროების შემცველი?

_ არა მგონია. რატომ არა მგონია, იცით? სამოქალაქო ომი რომ დაიწყოს, ქვეყანაში უნდა იყოს შეიარაღებული ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის.

ამის კლასიკური მაგალითი იყო 1937 წლის ესპანეთის სამოქალაქო ომი რესპუბლიკელებსა და ფრანკისტებს შორის, რომელთაც ფაშისტურმა გერმანიამ დაუჭირა მხარი.

რაღა შორს წავიდეთ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების სამოქალაქო ომშიც ხომ ორი შეიარაღებული ძალა დაუპირისპირდა ერთმანეთს აქ, ჩვენთან, საქართველოში. მაშინ ოპოზიცია შეაიარაღა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობამ.

დღეს საქართველოში, გარდა ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურებისა, სხვა შეიარაღებული ძალა არ არსებობს.

_ «მოხალისე» რეზერვისტების ჯგუფები?

_ ისინიც სახელმწიფოს მიერაა შექმნილი _ ოფიციოზმა აღიარა… ოპოზიციას აიარაღებს სხვა სახელმწიფო, რომლის ინტერესის სფეროში შედის რევოლუციურად განწყობილი ქვეყანა.

სირიაში დღეს  ოპოზიციისა და ხელისუფლების შეიარაღებული დაპირისპირება ხომ არის?

_ არის, და პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამბობს, რომ მის ქვეყანაში სამოქალაქო ომია.

_ ვინ აიარაღებს სირიაში ოპოზიციას? დასავლეთი. ის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან არეულობით: იგივე საუდის არაბეთი, იგივე ყატარი, იგივე კუვეიტი, რომლებზეც ვრცელდება ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა.

ჩრდილოეთ აფრიკაში მოვლენების განვითარებას რომ სპეცსამსახურები აკონტროლებს, ფაქტია. მართვადია

_ მაგალითად ლენგლიდან? ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ?

_ თქვენი შეკითხვა უკვე არის პასუხი…

რაც შეეხება საქართველოს ოპოზიციას, სავსებით აშკარაა, რომ იგი  შეიარაღებისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენს. როგორც ვიცით, მისი მიზანი მშვიდობიანი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლაა, ამიტომ სამოქალაქო ომზე ლაპარაკი ზედმეტია.

ვერც ამბოხებას, ვერც დარბევას ვერავინ გამორიცხავს

_ მაგრამ ის დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაშია, ის რეპრესიები, რომლებიც სახელმწიფოში მიმდინარეობს და გაძლიერების ტენდენციით ხასიათდება, ვანო მერაბიშვილის _ პოლიციის შეფის _ მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნა, რაც, ალბათ, საქართველოს პოლიციალიზაციის გვირგვინია, ხომ არის ხალხში არსებული ნეგატიური მუხტის კიდევ უფრო გაძლიერების მიზეზთამიზეზი? გამორიცხავთ სახალხო ამბოხებას?

_ ამის გამორიცხვა არ შეიძლება. მერაბიშვილის გაპრემიერება, ჩემი აზრით, რეპრესიული მანქანის ახალი ძალით ამოქმედებას ნიშნავს. მოსახლეობის მასშტაბური დარბევის მიზეზი ნებისმიერი, მათ შორის, პროვოკაციულად მოწყობილი საპროტესტო გამოსვლა შეიძლება გახდეს. მერეთში და სხვა სოფლებში მოწყობილი დაპირისპირება, აშკარად ჩანს, სპეცსამსახურების უნიჭოდ ინსპირირებული აქციები იყო. ვეჭვობ, რომ სახალხო ამბოხს თანდათან ცეცხლს უნთებენ. თითქოს უმნიშვნელო ცემა-ტყეპა იყო, მაგრამ იმ კონფლიქტებში «პოლიციის კუდი» რომ გამოჩნდა, ხომ ფაქტია?

თქვენს ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ ასეთი შეხლა-შემოხლები, ვის მიერაც გინდა იყოს დაგეგმილი, ადგილობრივი ჩინოვნიკებისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ, რეჟიმისთვისაა მომაკვდინებელი. არ ვიცი, ვინ გეგმავს, მაგრამ დამგეგმავს წინ ძალიან ცუდად რომ დაუხვდება, უეჭველია.

თანაც სოფლის სპეციფიკა ისეთია, რომ ასეთი, თუნდაც ხელოვნურად დათესილი, დაპირისპირებით გამოწვეული შუღლი თაობიდან თაობაში გადადის. სოფლის მეხსიერება განსაკუთრებული ფენომენია. ის, რაც ქალაქში უცებ ნიველირდება, სოფელში ღრმად იდგამს ფესვს. ეს კი ადამიანების გახლეჩას, დაპირისპირებას იწვევს ხანგრძლივი პერსპექტივით, უარყოფითად მოქმედებს ხალხის მორალურ მდგომარეობაზე, ამიტომ არც სოფლის, არც ქვეყნის ინტერესებში არ შედის ასეთი დაპირისპირება.

_ გთხოვთ, თქვენი პროფესიული ალღო მოიხმოთ და თქვათ, თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის აქციების ფონზე რამდენად რეალურია ეჭვი, რომ სამეგრელოში, კახეთში, სხვაგანაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა არ ექნება? არსებობს ასეთი კუთხური დაყოფა?

_ არა, არ არსებობს. დაზვერვის სკოლაში გვასწავლეს: როგორც კი რომელიმე ძალა მოვა ხელისუფლებაში, იმავე წამს, როგორც დიდი წრის შიგნით წერტილი, გაჩნდება მისი ოპოზიცია. შემდეგ ეს წერტილი თანდათან დიდდება, ფართოვდება და გადაფარავს ამ წრეს _ ხელისუფლებას. ეს ბუნების კანონივით არის, ისეთი დიალექტიკაა, რომელსაც ვერაფერი _ ვერც კუთხური სპეციფიკა, ვერც რეპრსიები _ ვერ შეაჩერებს.

ივანიშვილი რომ მოვა ხელისუფლებაში, უნდა თუ არა, გვინდა თუ არა, წარმოიქმნება ის წერტილი _ ოპოზიცია და იგიც ისევე განვითარდება, როგორც მისი წინამორბედი.

_ ბატონო ანზორ, პირდაპირ გკითხავთ: ბიძინა ივანიშვილის «ქართულ ოცნებაში» სპეცსამსახურების ხელი ურევია?

_ ეჭვი მეპარება, რომ არ ერიოს. მაგრამ რომელი ქვეყნის და ვის მხარეზე, ძნელი სათქმელია. მე ვერ ვიტყვი ამას.

მაგრამ ის კი მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ ამ მოძრაობის ლიდერებსაც და საზოგადოებასაც მთლიანად.

ამას წინათ ტელევიზიით გამოვიდა ეკონომისტი და პოლიტოლოგი (მგონი, ასეა) გია მაისაშვილი და გაიხსენა ბუშისა და ალ გორის საპრეზიდენტო ორთაბრძოლის საფინალო ეტაპი, როცა გამარჯვებული მათ შორის დაადგინა ფედერალურმა სასამართლომ თავისი წევრების ხმების ერთკაციანი უმრავლესობით. ბატონმა მაისაშვილმა დაგვმოძღვრა, რომ ასეთია სანიმუშო დემოკრატია. რა არის ამის ქვეტექსტი? საქართველოშიც მსგავსი კოლიზია რომ გამეორდეს, ხალხი უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც, მისი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, უპირატესობას, რა თქმა უნდა, მმართველ ძალას მიანიჭებს…

ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა გვეღირსოს ნორმალური ცხოვრება დაძაბულობისა და დაპირისპირების გარეშე?! საქართველო არავის არც სამემკვიდრეო მამული, არც ვოტჩინა არ არის!

ჩვენი სამშობლოა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ბატონო გენერალო თქვენს პასუხისმგებლობაზერ რას იტყვით ამ დღესი რომ ჩაგვყარეთ. ესაა თქვენი პროფესიონალიზმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here