Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა ნაცვლიშვილი: საქართველოში პოლიციელს, ზონდერსა თუ გამგეობის თანამშრომელს შორის ზღვარი წაშლილია

ლაშა ნაცვლიშვილი: საქართველოში პოლიციელს, ზონდერსა თუ გამგეობის თანამშრომელს შორის ზღვარი წაშლილია

668

 «მთავრობა მოათავსეს რეანიმაციაში და შოკური თერაპიით ცდილობენ მის გადარჩენას, მაგრამ პაციენტი ვერ გადარჩება. შედეგი ადვილად პროგნოზირებადია: მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მთავრდება და ეს უკვე ოფიციალურად 2012 წლის ოქტომბერში გაფორმდება», _ აცხადებს ყოფილი უშიშროების მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში ბოლო დღეების მანძილზე საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აფასებს.

_ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მიერ ამ დღეებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, რა გავლენას მოადენს ეს ყველაფერი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე?

_ განხორციელებული საკადრო ცვლილებებით ხელისუფლებამ აღიარა, რომ უმძიმეს პოლიტიკურ კრისზისში იმყოფება. სააკაშვილმა დაითხოვა მთავრობა, ვინაიდან კარგად დაინახა, რომ მთავრობის ამ შემადგენლობით, არსებული პრემიერ-მინისტრითა და ძალთა ამ ბალანსით ის ვეღარ ასრულებდა თავის მოვალეობას, ვეღარ უმკლავდებოდა ძირითად პოლიტიკურ კონკურენტს _ ბიძინა ივანიშვილს.

ტაქტიკური თვალსაზრისით, აღნიშნული ცვლილებები, რა თქმა უნდა,  გავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მაგრამ ხელისუფლების დამარცხება გარდაუვალია. ამ ყველაფერს გარდაცვალებისთვის განწირული ხელისუფლებისთვის ჩატარებულ ექსტრემალურ შოკურ თერაპიას შევადარებდი, რადგან მიხეილ სააკაშვილის მთავრობა სასიკვდილოდ არის განწირული. მთავრობა მოათავსეს რეანიმაციაში და შოკური თერაპიით ცდილობენ მის გადარჩენას, მაგრამ პაციენტი ვერ გადარჩება. შედეგი ადვილად პროგნოზირებადია: მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მთავრდება და ეს უკვე ოფიციალურად 2012 წლის ოქტომბერში გაფორმდება.

_ ქართული საზოგადოება აქტიურად განიხილავს შს მინისტრის _ ვანო მერაბიშვილის პრემიერმონისტრის პოსტზე დანიშვნას: ეს გადაწყვეტილება მის დაწინაურებას ნიშნავს თუ პირიქით _ მისი პოზიციების შესუსტებასა და ძალაუფლებიდან ჩამოშორებას ემსახურება?

_ სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ექსპერტული ტიპის მარჩიელობა, რაც ჩვენთან ძალიან მოდაშია. არ ვიცი, ალბათ, არსებული ვითარება ყველაზე ზუსტად ვასიკო ოდიშვილმა შეაფასა, როცა მერაბიშვილს ჩამოწინაურებული უწოდა. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება…

_ თქვენ იყავით ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების უშიშროების მინისტრის მოადგილე, როგორ შეაფასებთ ვანო მერაბიშვილის მუშაობას? მიუხედავად მის მიმართ არსებული პრეტენზიებისა, მერაბიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებაში წლების განმავლობაში ერთადერთი შეუცვლელი მინისტრი იყო

_ ასეთი ტიპის რეჟიმები სიცრუესა და ძალადობაზე დგანან. სიცრუის ტირაჟირებას უზრუნველყოფს პროპაგანდისტული მანქანა. საქართველოს შემთხვევაში ეს არის ტელევიზიები _ «რუსთავი 1», «რუსთავი 2», «რუსთავი 3» და ა.შ. ძალადობას კი უზრუნველყოფს ძალადობის ორგანიზებული მანქანა. თუ თვალყურს მიადევნებთ, ასეთი ტიპის დიქტატორულ რეჟიმებში ყველგან არის, როგორც მინიმუმ, თითო საკვანძო ფიგურა, რომლებიც იქაური დიქტატორის მაღალი ნდობით აღჭურვილი პირები არიან. ვანო მერაბიშვილიც ასეთია.

«ენკავედედ» გადაქცეულ პოლიციურ სახელმწიფოში რა უნდა იყოს სტაბილური? მხოლოდ ძალადობის უზრუნველმყოფელი მანქანა. თუმცა ერთია, როგორც უნდა შეიცვალოს მთავრობის შემადგენლობა, ეს საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება.

_ საერთოდ, ძალოვანი სტრუქტურების როლი მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. როგორი იქნება ძალოვანი უწყების როლი არჩევნების პერიოდში? მითუფრო, რომ ოპოზიცია სამეგრელოში არსებულ შეიარაღებულ ფორმირებებსა თუ თბილისში არსებულ ზონდერდაჯგუფებებზე უკვე ღიად საუბრობს?

_ საქართველოში პოლიციელს, ზონდერსა თუ გამგეობის თანამშრომელს შორის ზღვარი წაშლილია. პოლიციურ სახელმწიფოში ყველაფერი პოლიციურია. შესაბამისად, ყველაფერს, რაც ადამიანების თავისუფალ ნებაზე ძალადობას უზრუნველყოფს, ხელისუფლება მაქსიმალურად გამოიყენებს. იქნება ეს პოლიცია, ზონდერები, თავდაცვა, გამგეობა თუ «ნაციონალური მოძრაობის» ახალგაზრდული ჯგუფები… ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია პროპაგანდა და ძალადობა. თუმცა როგორც კი გამოიყენებს ძალოვან სტრუქტურებს, სააკაშვილი თავის ხელისუფლებას დაამთავრებს.

_ შეძლებს ვანო მერაბიშვილი, რომელსაც კარგ მენეჯერად იცნობენ, სააკაშვილის იმედების გამართლებას და უმუშევრობის დაძლევას, ჯანდაცვისა თუ სოფლის მეურნეობის სფეროში წარმატებული რეფორმების განხორციელებას? თუ ეს ყველაფერი მხოლოდ მორიგ, წინასაარჩევნო დაპირებებად დარჩება?

_ მის წარმატებულ პროექტებს რაც შეეხება, ანაკლიის ხიდი და ქუთაისის პარლამენტი რამდენად წარმატებულია, ეს თქვენმა მკითხველმა განსაჯოს. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ დასაქმების სამინისტროს შექმნა ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა. დასაქმებას არ უზრუნველყოფს რაღაც ტიპის უწყება, ამას უზრუნველყოფს სამუშაო ადგილები, რომელთაც ქმნის ბიზნესი, ამისთვის კი შესაბამისი გარემოს შექმნა უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ. როგორი თავისუფალი ბიზნესგარემოა ქვეყანაში, ყველამ კარგად იცის და ეს ორუელისეული უწყებები _ სიყვარულის, ბედნიერებისა თუ დასაქმების სამინისტროები არაფრის მომცემია. დასაქმების სამინისტროს შექმნა ხალხის თავზე დასაქმების სამინისტროს ამოქმედებას ნიშნავს.

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ისეთივე ენთუზიაზმით შეებრძოლება უმუშევრობას, როგორც კრიმინალსა და კორუფციას ებრძოდა, ანუ ყველა უმუშევარი ციხეში წავა თუ როგორ უნდა გადავჭრათ უმუშევრობის პრობლემა?! ხალხი ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს. როგორც ამ ხელისუფლების იდეური წინაპრები, ბოლშევიკები ამბობდნენ, დავეხმაროთ წარმავალ კლასს, რათა მან დროზე გაიხუროს ისტორიის კარი. ალბათ, ესენიც ასე აპირებენ ხალხის მოშორებას. სამუშაო ადგილების შექმნა თუ შეეძლო ამ ხელისუფლებას, 8-9 წელი ჰქონდა და, რაც შექმნეს, კარგად ვნახეთ.

სააკაშვილის მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პროგრამის ძალიან უხეში პლაგიატი. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას იდეების გენერირებაც აღარ შეუძლია, პირდაპირ აკოპირებენ იდეებს, ოღონდ დიდ ციფრებზე ამრავლებენ

კი, ბატონო, არ გამოვრიცხავ, რომ წარმატებულმა მენეჯერმა ვანო მერაბიშვილმა გარდაცვლილი ხელისუფლების ესთეტიკური მუმიფიცირება ყველაზე კარგად მოახერხოს. ჩვენ ხომ ქართულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელშიც მიცვალებულსაც გაპატიოსნება სჭირდება.

_ ვანო მერაბიშვილს შს მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაია შეცვლის. იქნება თუ არა ის დამოკიდებული პრემიერზე?

_ არ ვფიქრობ, რომ მერაბიშვილზე იქნება დამოკიდებული. ზოგადად, როგორც წესი, ძალოვანი უწყების ბუნება ისეთია, რომ მხოლოდ პრეზიდენტის ექსკლუზიური დასაყრდენია.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნა?

_ მას აქვს ის უნარი, რომელიც სააკაშვილს მოსწონს. ქართული საზოგადოება ბაჩო ახალაიას უნარებს მანიაკალურთან ახლოს მდგომად აფასებს. ალბათ, მიხეილ სააკაშვილს სწორედ ეს მოსწონს.

_ უკვე საუბრობენ, რომ სააკაშვილს  პრემიერობა სურს, ასეთ შემთხვევაში, გამოდის, რომ მერაბიშვილმა მხოლოდ დროებით დაიკავა თანამდებობა

_ რა სურს სააკაშვილს, ეს სხვაა და რა იქნება სინამდვილეში _ სხვა. შესაძლოა, სააკაშვილმა თავის ფანტაზიებში იპოვა თავისი მედვედევი, ოღონდ ჩერნომირდინის არომატით, მაგრამ სააკაშვილის გეგმებს აღსრულება არ უწერია.

_ რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების დამარცხება გარდაუვალია? რა გაძლევთ ასეთი რწმენის საფუძველს?

_ ხელისუფლების დამარცხება რომ გარდაუვალია, ეს ძალიან კარგად ჩანს ბიძინა ივანიშვილის ტრიუმფალურ სვლაში, რომელსაც თბილისსა თუ რეგიონებში ვხედავთ. როდესაც ამ დაშინებებისა და ტერორის ფონზე, თბილისში, მილიონიან ქალაქში, ასი ათას კაცზე მეტი გამოვიდა ქუჩაში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, უკვე ბევრს ნიშნავს. ეს რომ დაინახა ხელისუფლებამ, სწორედ ამიტომ განახორციელა საკადრო ცვლილებები, თუმცა ესეც წარუმატებლობისთვისაა განწირული. ზოგჯერ გარდაცვალების პირას მყოფი სხეული უკანასკნელი გაბრძოლების დროს არაადეკვატურ ძალას ავლენს ხოლმე და შეიძლება ასეთი რამ ამ ხელისუფლების ქმედებებშიც იყოს, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს.

არ მინდა, ყალბ პათეტიკაში გადავვარდე, მაგრამ, სანამ დაპირებების შესრულება-არშესრულების შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ, სანამ არჩევანს გავაკეთებთ, მინდა ერთი გულწრფელი, ადამიანური რჩევა მივცე ყველას: პოლიციის შუშის შენობების, დავარცხნილი პატრულის პარალელურად, მეხსიერებაში ყველამ აღიდგინოს ერთი წუთით მაინც, სანდროს საფლავზე როგორ ურტყამდა თავს ირინა ენუქიძე, მისი თვალები გაიხსენოს. მერე გახედოს საკუთარ შვილს, რომელსაც ქუჩაში უშვებს, და ერთი წამით დაუშვას, რომ ის შემთხვევითობის წყალობით არ არის ირინა ენუქიძის ადგილზე და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს არჩევანი.

გერმანიაში უშიშროების სამსახურის უფროსი გადადგა, რადგან მისმა თანამშრომელმა რაღაც მასალები დამალა. ჩვენ კი გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ ეს ხელისუფლება მონაწილეობდა როგორც დანაშაულის დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში.

_ ბატონო ლაშა, «ქართულ ოცნებას» გულშემატკივრობთ და სიმპათიით საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე. მაგრამ ბოლო დროს ხაზს უსვამთ იმასაც, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ხართ. რატომ არ გაწევრიანდით «ქართულ ოცნებაში» _ არ შემოგთავაზეს თუ სურვილი არ გქონდათ?

_ იცით, არასდროს მიფიქრია საკუთარი სტატუსის ფორმალიზებაზე. რესპუბლიკურ პარტიაშიც ვიყავი, მაგრამ თავად ვთქვი უარი, კენჭი მეყარა პარტიის მმართველ ორგანოში. ვფიქრობ, რომ ასეთ თავისუფალ რეჟიმში გაცილებით ეფექტური შეიძლება ვიყო. ასე რომ, დღის წესრიგშიც არ დამდგარა არც ჩემი და არც კოალიციის მხრიდან ჩემი პარტიაში გაწევრიანება. მთავარია, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და არ არის აუცილებელი რაიმე ვერტიკალში მოქცევა. შემოთავაზება რომ არ მიმიღია, ესეც ბუნებრივად მიმაჩნია. ადრე ვხუმრობდი, თვითდასაქმებული საზოგადოებრივი აქტივისტი ვარ-მეთქი, თუმცა ეს ხელს არაფერში მიშლის… საქართველოს მოქალაქის სტატუსი ჩემთვის ყველაზე მაღალია.

_ რესპუბლიკური პარტიის კოალიციაში ყოფნა ხომ არ გიქმნით ბარიერს?

_ ჩემი და რესპუბლიკური პარტიის გაყრა ცივილიზებულად მოხდა. ჩვენ კონფლიქტი არ გვქონია. ეს არ არის შემაფერხებელი ფაქტორი.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here