Home რუბრიკები პოლიტიკა ხაფანგი პრემიერ-მინისტრისთვის

ხაფანგი პრემიერ-მინისტრისთვის

1152

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახდა. ბოლო დღეებში ქართველი ექსპერტები გაფაციცებით მსჯელობდნენ და ენერგიულად მკითხაობდნენ იმის თაობაზე, თუ რა გათვლა იდგა ამ და სხვა საკადრო გადაადგილებების უკან, თუმცა, როდესაც «გათვლაზე» ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური პრაგმატიზმის ცივ ლოგიკას ამ შემთხვევაში ერწყმის მიხეილ სააკაშვილის სუბიექტური შეხედულებები, შიშები და უცნაური რწმენა-წარმოდგენები. იმ მოტივების მოძებნა, რომლებიც მისი გადაწყვეტილების უკან იდგა, პოლიტიკისა და ფსიქოლოგიის მიჯნაზე მოგვიწევს.

სააკაშვილის საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა (ნახევრად) ავტორიტარულ სახელმწიფოში, ხელისუფლების ჩრდილოვანი, ნაკლებად ხილული იერარქია ყოველთვის დომინირებდა ოფიციალურზე და სიტუაცია, როდესაც ამა თუ იმ მინისტრს (ან სხვა მაღალჩინოსანს) გაცილებით მეტი გავლენა და პოლიტიკური წონა ჰქონდა, ვიდრე პარლამენტის ან მთავრობის თავმჯდომარეს, სავსებად ბუნებრივად აღიქმებოდა.

ამგვარად, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა ერქმევა მერაბიშვილის თანამდებობას (შეუძლიათ საერთოდ გენერალ-ფელდცეიხმეისტერი დაარქვან) და რა უფლება-მოვალობები ექნება მას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არამედ ის, თუ როგორი იქნება მისი რეალური გავლენა და პასუხისმგებლობის სფერო, რამდენად გაძლიერდება (ან დასუსტდება) მისი პოზიციები გადაწყვეტილების მიმღებთა არაფორმალურ წრეში, რა რეაქციას გამოიწვევს მისი მოქმედება საზოგადოებაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველაფერი დანარჩენი, პრინციპში, ბელეტრისტიკაა.

ფორმალური თვალსაზრისით, მერაბიშვილი დააწინაურეს, თუმცა ზოგიერთმა კომენტატორმა ჩათვალა, რომ ეს, სინამდვილეში, ჩამოქვეითება იყო, რადგან მერაბიშვილი შსს-უშუალო ხელმძღვანელობას, ანუ თანამედროვე საქართველოში პროცესების კონტროლის ყველაზე ეფექტურ ბერკეტს დააშორეს და, როგორც აკვარიუმიდან ამოყვანილი თევზი, მისთვის მეტად კომფორტულ გარემოს მოსწყვიტეს (ჯერჯერობით დისტანცია მერაბიშვილსა და შსს-ში დარჩენილ მის კადრებს შორის მცირეა, თუმცა დროთა განმავლობაში ის გაიზრდება). შეიძლება პარადოქსულად გაიჟღეროს, მაგრამ ჭეშმარიტება, სავარაუდოდ, ამ ორ შეფასებას შორის უნდა მოვძებნოთ: ფიგურები დაფაზე ისე დაეწყო, რომ თავად მერაბიშვილის მოქმედებაზეა დამოკიდებული, ის ამ დანიშვნას დაწინაურებად გადააქცევს თუ ჩამოქვეითებად. 

რა აწუხებდა სააკაშვილს ბოლო დროს ყველაზე მეტად?

ა) ბიძინა ივანიშვილის პოზიციების აშკარა და თვალშისაცემი გამყარება, იმის საბოლოო გააზრება, რომ მეტ-ნაკლებად პატიოსან ბრძოლაში «ნაცმოძრაობას» არჩევნების მოგების შანსი არ აქვს;

ბ) ივანიშვილის წინააღმდეგ გატარებული ძალისმიერი ზომების არაეფექტურობა;

გ) ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის «ბუქსაობა», ორჭოფობა და გაზრდილი უკმაყოფილება საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და «ნაცმოძრაობის» ქვედა ეშელონებში;

დ) დასავლეთის უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლების პირველ პირად სააკაშვილის შემდგომი დარჩენის მიმართ, მითუმეტეს თუ ამას ღია დიქტატურის დამყარება დასჭირდება;

ე) თანაგუნდელთა, მათ შორის მერაბიშვილის (და მისი ხელქვეითების), მხრიდან ღალატის შიში.

ყველა ეს ფაქტორი ერთად, სააკაშვილის მიერ, სავარაუდოდ, აღიქმებოდა როგორც «დაუსრულებელი კოშმარი» და, როგორც სჩვევია, ყველა პრობლემის მოხსნა ხელის ერთი მოსმით გადაწყვიტა.

იმისთვის, რომ ხელისუფლება რეპრესიების გზით შეინარჩუნოს, სააკაშვილს სჭირდება, რომ შსს საბოლოოდ გახდეს ზსს, ანუ «ზონდერების საქმეთა სამინისტრო» და მას ისეთი ხელმძღვანელი აკონტროლებდეს, რომელსაც არანაირი პოლიტიკური მომავალი არ ექნება, ყველაფერზე მოაწერს ხელს და უკლებრივ ყველა, მათ შორის აშკარად მანიაკალურ, ბრძანებას შეასრულებს.

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მერაბიშვილს რაიმე ზნეობრივი წინაღობა ხელს უშლიდა, სააკაშვილის მითითებები შეესრულებინა ან ის «რეიტინგს უფრთხილდებოდა», მაგრამ, «ნაცმოძრაობის»  ბელადისგან განსხვავებით, ის ნათლად ხედავდა ამა თუ იმ რეპრესიული გადაწყვეტილების ფატალურ შედეგებს, ხშირ შემთხვევაში (დაუზუსტებელი ინფორმაციით) ცდილობდა, დაერწმუნებინა სააკაშვილი, მეტი კეთილგონიერება გამოეჩინა და გამორიცხული არაა, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ფარულ საბოტაჟსაც მიმართავდა. ახლა კი, როდესაც შს მინისტრად ბაჩო ახალია დაინიშნა, შეტევა ოპოზიციაზე შეიძლება ძალიან მასშტაბური გახდეს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახლო მომავალში სიტუაცია აირევა და მძიმე ინციდენტების სერია მოხდება, მათ შორის თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე, რომლის შესაძლებლობაზე სოზარ სუბარმა «ალიასთვის» მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

მერაბიშვილის წასვლა შსს-დან სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გავლენა იქ დასრულდა, როგორც კი კაბინეტის კარი მიიხურა, თუმცა სისტემიდან იმ კადრების გადინების პარალელურად, რომლებიც მერაბიშვილსა და რიგითი პოლიციელების მასას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებდნენ, მისი გავლენა თანდათან შესუსტდება. ახალ მინისტრს ადაპტაციისთვის, იმისთვის, რომ უწყება ახალი ამოცანების გადაწყვეტას მიუსადაგოს, გარკვეული დრო დასჭირდება. შსს-გარდამავალი პერიოდი ელის, რომელიც შეიძლება საკმაოდ მტკივნეული გამოდგეს. ამასთანავე, მერაბიშვილის თანდათანობითი ჩამოშორებით შსს-დან სააკაშვილი, სავარაუდოდ, ცდილობს, შეამციროს იმ სცენარის ალბათობა, რომლის ფარგლებში მერაბიშვილი, ერთგულ პოლიციელებზე დაყდნობით, კრიტიკულ მომენტში დაიწყებს თამაშს, რომელიც სააკაშვილის ინტერესებს არ ითვალისწინებს. ვერ ვიტყვით, რომ ამის ალბათობა ოდესმე განსაკუთრებით მაღალი იყო, თუმცა სააკაშვილის შიშს, როგორც ცნობილია, ძალიან დიდი თვალები აქვს.

ორიოდე ციტატა «საქართველო და მსოფლიოში» ორი თვის წინ გამოქვეყნებული წერილიდან: «ახლა ის მომენტია, როდესაც იდეა «ვანო გადაგვარჩენს!» სახელისუფლო პარტიაში შეიძლება მყისიერად დომინანტური და, რაც მთავარია, უალტერნატივო გახდეს», «როგორც პარლამენტში ისე შეხვედრაზე პედაგოგებთან, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, მერაბიშვილი ეკონომიკაზე ისეთი სერიოზულობით საუბრობდა, რომ პრემიერ-მინისტრის როლში სრული შეჭრისთვის ფრიდმანისა და ფონ ჰაიეკის ციტატების მასირებული ფრქვევაღა აკლდა».

მერაბიშვილმა ახალ თანამდებობაზე შეიძლება «ნაციონალებისა» და «ბიუჯეტნიკების» მანდატურის», «დაბნეული ფარის მწყემსის» როლი მოირგოს, რომლის ამოცანა მმართველი პარტიის წევრებისა და პოტენციური მხარდამჭერების რიგებში ერთსულოვნების უზრუნველყოფა იქნება. ამასთანავე, ის, სავარაუდოდ, «ნაცმოძრაობის» წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი (ჩრდილოვანი) მენეჯერი გახდება. ეს კი მეტად რთული და ძალზე უმადური სამუშაოა. პრემიერის სავარძელი, ამ კონტექსტში, მერაბიშვილისთვის ისეთივე არაკომფორტული გახდება, როგორც ელექტროსკამი. მას წარმოუდგენლად დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მერაბიშვილმა ენერგიულად დაიწყო ლოზუნგების აფრიალება, თითოეულ ოჯახს ათასლარიან ვაუჩერს დაჰპირდა, ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაში რამდენიმე ვირტუალური მილიარდი ჩადო… მოკლედ, აკეთებდა ყველაფერს, რამაც შეიძლება გაგვახსენოს ნიკიტა ხრუშჩოვის მონოლოგები კომუნიზმზე, და კახა ბენდუქიძეს ინფარქტი დამართოს. მალე მერაბიშვილმა შეიძლება შეუტიოს რამდენიმე (არასაკვანძო) მონოპოლიას, შეეცადოს, დააგდოს ფასი ამა თუ იმ პროდუქტზე და ა. შ. თუმცა, ამ პოზიტიური გზავნილების მიუხედავად, გამორიცხული არაა, ის «ნაციონალებისთვის» «ნეგატივის მაგნიტად» გადაიქცეს.

მერაბიშვილი ძალიან ცუდი ორატორია, არადა, ახლა მედიასა და მოსახლეობასთან ძალიან მჭიდრო კონტაქში მუშაობა მოუწევს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ეფექტს გამოიწვევს მერაბიშვილისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების გასაუბრება, მაგალითად, გახმაურებული მკვლელობების ან სადისტური დარბევების თემაზე. ბოლო წლებში ოპოზიცია მერაბიშვილს დიდად არ ერჩოდა (თუ რატომ, ცალკე საუბრის თემაა), თუმცა მისი იმიჯის მიწასთან გასწორება, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ პერიოდი, როდესაც გირგვლიანის საქმე განსაკუთრებით აქტუალური იყო და საზოგადოების დიდ ნაწილს ვანო მერაბიშვილის მიმართ უაღესად ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა; იმ განწყობის «გაღვიძება» ოპოზიციისთვის, პრინციპში, არც ისე რთული იქნება.

ამ დანიშვნას კიდევ ერთი ასპექტი აქვს: «ნაციონალების» მარცხის შემთხვევაში, მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ადეკვატური კანდიდატურაა (თუმცა არა უნაკლო), რომელსაც რეჟიმის უმტკივნეულო დემონტაჟის ხელშეწყობა, ივანიშვილთან გარანტიებზე მოლაპარაკების წარმოება შეუძლია. სხვა ტიპის დიალოგი ნაკლებად სავარაუდოა. გასულ კვირას «კავკასიის» ეთერში ივანიშვლიმა კატეგორიულად გამორიცხა ყოველგვარი ფარული შეთანხმება მანდატების განაწილებაზე; მას ასევე არ სჭირდება თანამშრომლობა «ნაციონალებთან» მთავრობის ფორმირების საკითხში, თუ არჩევნები «ფრედ» დასრულდება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისდამი ოპოზიციური ამომრჩევლის ნდობას გაანადგურებს. საერთოდ კი, «ფრე» არჩევნებში სხვა არაფერია, თუ არა «ნაციონალების» გადადებული მარცხი, უბრალოდ რეჟიმის დემონტაჟი უფრო ხავერდოვანი და დროში გაწელილი იქნება.

რაც შეეხება დასავლეთს, სააკაშვილმა თითქოსდა მიანიშნა, რომ აპირებს «ნაკლებად სკანდალურ სცენარს» მიემხროს, როგორც მას თომას დე ვაალი უწოდებდა, როდესაც (ასპარეზზე ივანიშვილის გამოჩენამდე, რაც მნიშვნელოვანია) წერდა: «სააკაშვილმა შეიძლება შეიცვალოს ამპლუა და გახდეს, მაგალითად, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ან აჭარის ხელმძღვანელი, ხოლო პრემიერ-მინისტრად, რომელიმე სანდო მოკავშირე გახადოს _ შესაძლოა, გავლენიანი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი».

ჩვენ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილებით თითქოს გააუმჯობესა ვითარება ყველა პრობლემურ მიმართულებაზე, მაგრამ ასეთი დასკვნის გამოტანა მართებული, ალბათ, იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ყოველივე ეს ვაკუუმში, პოლიტიკურ ლაბორატორიაში მოხდებოდა და არა დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილს ისეთი ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი. ხელისუფლების ბანაკში გარდაქმნის დაწყება მის ნაწილობრივ დესტაბილიზაციას ნიშნავს და ოპონენტი, სავარაუდოდ, შეეცდება, ის სრულ ქაოსად გადააქციოს. ამ მხრივ, სააკაშვილმა ძალზე სარისკო ნაბიჯი გადადგა. შეიძლება ითქვას, რომ ის ალყაში იყო, ახლა კი მისი გარღვევა სცადა. თავისთავად ეს ნაბიჯი წარმატებას არ ნიშნავს, მეტიც, მან შეიძლება მარცხი დააჩქაროს, თუმცა სააკაშვილმა, როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ «ალყაში» მას საერთოდ არანაირი შანსი არ აქვს. გამორიცხული არაა, რომ მას უბრალოდ ნერვებმა უმტყუნა, არჩევნებამდე ვერ მოითმინა და ესკალაციაზე წასვლა გადაწყვიტა.

ცვლილებები, რომლებმაც სააკაშვილის მომხრეთა წრეში ვულკანის ამოფრქვევის მსგავსი ეფექტი გამოიწვია, ოპოზიციური საზოგადოებისთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. მათთვის ეს შესაკრებთა გადანაცვლებაა, რომელიც არ ცვლის არც ჯამს, არც მათ გადაწყვეტილებას _ სააკაშვილის რეჟიმი დაასამარონ, მიუხედავად იმისა, ვანო მერაბიშვილი ჩაუდგება სათავეში მთავრობას, ნუგზარ წიკლაური თუ ტიჯანი ბაბანგიდა.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. ვანო და მისი უზნეო ცოლი სალაყაია, "მიშას" ნაგვის ფრაგმენტებია ისევე როგორც "ნაცმოძრაობა". ასეთი უტვინო ხალხი დაასვეს თავზე საქართველოს მოსახლეობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here