Home რუბრიკები სამართალი გიორგი თევზაძე: პატიმრებს წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით სცემენ

გიორგი თევზაძე: პატიმრებს წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით სცემენ

772

რამდენიმე დღის წინ რუსთავის მეორე კოლონიაში პატიმარი ირაკლი მდინარაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. პატიმარს გულმკერდისა და კისრის არეში ძალადობის კვალი აღენიშნება. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე დასკვნა არ გაუკეთებია. ადამიანის უფლებების დამცველი გიორგი თევზაძე აცხადებს, რომ პატიმარი ირაკლი მდინარაძე, სავარაუდოდ, ნაწამებია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის და პირადად ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს. მისი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ციხეებში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა და აღიკვეთოს პატიმართა გარდაცვალების ფაქტები.

_ ბატონო გიორგი, თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ვითარებაში გარდაიცვალა პატიმარი ირაკლი მდინარაძე?

_ პატიმარ მდინარაძის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ექსპერტიზას ამის შესახებ რაიმე დასკვნა არ გაუკეთებია. მდინარაძე 260-ე მუხლის მეორე ნაწილით იხდიდა სასჯელს. მას 10 წელი ჰქონდა მისჯილი. აქედან 4 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა.

_ კონკრეტულად, რა დაზიანებები აღენიშნებოდა მსჯავრდებულს?

_ გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მდინარაძეს ყელის არეში აღენიშნებოდა დაზიანების კვალი. პატიმრის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ იგი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. ოჯახს პატიმრის გარდაცვალება ადმინისტრაციამ კი არ შეატყობინა, არამედ პატიმრებმა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პატიმართა მიმართ მიდგომა არაადეკვატურია, ადგილი აქვს პატიმრების ცემის, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. პატიმრებს წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლით სცემენ.

_ ამ ფაქტთან დაკავშირებით რას ამბობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი?

_ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჯერჯერობით დუმს და არავითარ კომენტარს არ აკეთებს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი პატიმარი იღუპება გაურკვეველ ვითარებაში. დიდი ხანია, უფლებადამცველი ორგანიზაციები ციხეებში შესვლისა და მონიტორინგის უფლებას ვითხოვთ, მაგრამ ამას დღემდე ვერ მივაღწიეთ, ვინაიდან ჩაკეტილი ციხის გახნა არ სურს ხელისუფლებას, არ უნდა, საზოგადოებამდე მივიდეს ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია.

_ როგორი იყო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის გარდაცვალებამდე?

_ გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ირაკლი მდინარაძე სრულიად ჯანმრთელი იყო. სამწუხაროდ, ბევრი ფაქტი გვაქვს ისეთი, რომელიც პატიმრების გაუგებარ მდგომარეობაში გარდაცვალებას უკავშირდება.

_ პატიმრების ცხედრებს ექსპერტიზა ხომ უტარდება, დასკვნა არ არის ობიექტური?

_ ძალიან ბევრ შემთხვევაში არაობიექტურია. არც ამჯერად ჩატარებულა ობიექტური სამედიცინო ექსპერტიზა. მან რატომღაც არ დააფიქსირა წამების კვალი. მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა. მაგალითისთვის ამ რამდენიმე ხნის წინ გარდაცვლილი ივანე მენაფირეს მაგალითიც კმარა. ის სიმსივნით იყო დაავადებული. მის ადვოკატს დროულად არ მისცეს საჭირო დოკუმენტაცია, რათა ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიისთვის წარედგინათ. დაავადებულ პატიმარს წაართვეს ეტლი, ხელჯოხი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ის ასეთ გაუსაძლის პირობებში ციხეში გარდაიცვალა, რაც, საერთაშორისო ნორმებიდან გამომდინარე, წამებად კვალიფიცირდება.

_ ბოლო დროს პარლამენტში ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა არ მიიღო, ვის შეიძლება შეეხოს დღეს ამნისტია?

_ პარლამენტში ჯონდი ბაღათურიას ფრაქციამ შეიმუშავა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, განხილვას მეც ვესწრებოდი, როგორც უფლებადამცველი. კანონპროექტი ითვალისწინებდა არაძალადობრივი მუხლების ამნისტიას. ამნისტია რომ განხორციელდეს, საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რაც მას ამ ეტაპზე არ გააჩნია. დღეს აუცილებლობას წარმოადგენს ამნისტიის კანონის მიღება, რადგან ციხეები გადატვირთულია. თუმცა არც ის დაგვვიწყებია, რომ ხელისუფლებას ადრე მიღებული აქვს ამნისტიის ისეთი აბსურდული მუხლები, რომლებიც ითვალისწინებდა გემის კაპიტნების განთავისუფლებასაც კი. ჯერ ერთი, გემები სად გვყავს და ან რომელი კაპიტნები შეიწყალეს?

_ «აქტიროვკა», როგორც დაავადებული პატიმრების დროზე ადრე გათავისუფლება, თუ მოქმედებს ციხეებში?

_ სამწუხარო ფაქტია, რომ «აქტიროვკა» მხოლოდ ქაღალდზე შემორჩა. დღეს მას პრაქტიკაში სასჯელასრულების სისტემა აღარ იყენებს. ამიტომაც საგანგაშოა გარდაცვლილ პატიმართა სიკვდილიანობის სტატისტიკა. ადვოკატი, მისი პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოში აყენებს შუამდგომლობას დარჩენილი სასჯელის გადავადების შესახებ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი კი მხარს არ უჭერს და ყველაფერი პატიმრის სიკვდილით მთავრდება.

_ რაც შეეხება პირობით სასჯელს, რეალურად თუ ხდება პირობითი სასჯელით გათავისუფლება?

_ პირობითი სასჯელით გათავისუფლება შედის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან შექმნილი ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის კომპეტენციაში, ანუ შესაბამისი საბჭოების უფლებამოსილებაში. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრობაციონერების არაერთი წერილობითი მიმართვა და კანონით გათვალისწინებული თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვეს. პრაქტიკულად, საბჭოები ფორმალურ სახეს იღებს. ამასთანავე, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაც ტრაფარეტულია, რადგან იქ შესული 50 განცხადებიდან შეიძლება მხოლოდ 5 გადაწყვიტონ დადებითად.                   

_ ბატონო გიორგი, მრავალი წელია, მოღვაწეობთ ადამიანის უფლებების სფეროში. თქვენი შეფასებით, განსხვავდება თუ არა დღევანდელ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მდგომარეობა .. ვარდების რევოლუციამდელ პატიმართა მდგომარეობისგან?

_ ჩემი შეფასებით, თუ დღევანდელ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას შევადარებთ რევოლუციამდელს, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ შედარება არ შეიძლება. ადრე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ მიდგომა იყო რადიკალურად განსხვავებული, დადებითი. 1987 წლიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, ეროვნული გმირის _ მერაბ კოსტავას დავალებით, ვხელმძღვანელობდი ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფს. მაშინაც კი ვახერხებდი სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრებთან შესვლას და დეპარტამენტთან საქმიან ურთიერთობას, ხოლო 1992 წლის იანვრიდან ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ამ კუთხით. რევოლუციამდე საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშეწყობით იუსტიციის სამინისტროში შექმნილი იყო პენიტენციალური სისტემის მონიტორინგის საბჭო, რომელშიც შეყვანილი იყო 15 უფლებადამცველი ორგანიზაცია. ამ საბჭოს წევრი მეც ვიყავი. ციხეებში ვატარებდით მონიტორინგს და ასეთი მძიმე ვითარება ნამდვილად არ ყოფილა. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ პენიტენციალურ სისტემაში მდგომარეობა დამძიმდა და არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის პენიტენციალური სისტემის კარი ჩაირაზა.

ესაუბრა ეთერ ბალაძე

 

1 COMMENT

  1. ცნობილი უფლებადამცველი გიორგი თევზაძე თავის ინტერვიუში ჭეშმარიტ ფაქტებზე მიუთითებს რაც ხდება საპატიმროებში,და სრულიად ვეთანხმებით იმაშიც, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი მორიტორინგის განხირციელება საპატიმროებში.
    ბატონი გიორგის უღრმეს მადლობას მოვახსენებთ სამართლიანი პოზიციის საჯაროთ დაფიქსირებისათვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here