Home რუბრიკები პოლიტიკა განხეთქილების თეფში, ვერცხლის კოვზი და ოქროს თევზი

განხეთქილების თეფში, ვერცხლის კოვზი და ოქროს თევზი

823

გასულ კვირას ხელისუფლება ერთობ დაემსგავსა სასოწარკვეთილ დიასახლისს, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა და თეფშების მსხვრევა დაიწყო. სატელიტური ანტენების დაყადაღების ისტორია ძალზე სახასიათოა. მასში, როგორც სარკეში, აირეკლა წინასაარჩევნო ბრძოლაში ჩაბმული ორივე მხარე და ტაქტიკა, რომელსაც ისინი იყენებენ. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის შეტყუება დანაღმულ ველზე, სადაც ამ უკანასკნელმა, რობერტ ბროუნის მიკროსკოპის ფოკუსში გზააბნეული ნაწილაკივით, ქაოტური მიმოქცევა დაიწყო. საინტერესოა, რა მოიგო (და წააგო) ორივე მხარემ ამ მომენტისთვის.

ხავსზე ჩაჭიდების ეროვნული თავისებურებები

თანამედროვე მსოფლიოში ბრძოლა სატელიტურ თეფშებთან და  ტელეკომპანიების შეზღუდვა ზოგადად ამა თუ იმ რეჟიმის ველურობის ინდიკატორს წარმოადგენს. სააკაშვილის ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, მშვენივრად იცოდა, რომ ბოლო ნაბიჯების შემდეგ მას გარანტირებულად შეადარებდნენ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მთავრობებს ან სულაც თალიბებს (იგულისხმება პერიოდი, როდესაც ისინი ავღანეთს მართავდნენ). იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ასეთი არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას, რაღაც ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს.

ჩვენ გვახსოვს, რა შედეგი გამოიღო გვიანდელ საბჭოთა კავშირში დასავლური რადიოსადგურების ჩახშობის და «სამიზდატის» განადგურების მცდელობამ _ თავი იჩინა «აკრძალული ხილის» ეფექტმა და მოსახლეობა ინფორმაციის ამ წყაროებს დაეწაფა; ხელისუფლებამ თავისი მოქმედებით მათი ფაქტობრივი რეკლამირება მოახდინა და პარადოქსულად აამაღლა მათი სტატუსი საინფორმაციო სივრცეში; ასეა დღესაც, სააკაშვილის ხელისუფლება თავისი მოქმედებით «მეცხრე არხს» უფასო «რასკრუტკას» უკეთებს და ძნელი დასაჯერებელია, ეს არ ესმოდეს.

რამდენად შეზღუდა «თეფშების დაპატიმრებამ» «მეცხრე არხის» ხელმისაწვდომობა? თბილისსა და დიდ ქალაქებში ინფორმაციის ბლოკირება პრაქტიკულად შეუძლებელია, დაინტერესებული მაყურებელი (სატელიტური ანტენის თუ ინტერნეტის გამოყენებით) მისთვის სასურველი არხის ყურებას ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღეს ქართულ ფორუმებსა და «ფეისბუკზე» შეუძლებელია 10-15 წუთის გატარება ისე, რომ «მეცხრე არხის» ან «ინფო-9»-ის ამა თუ იმ სიუჟეტის ბმულს არ წააწყდე, თუნდაც მათ მიზანმიმართულად არ ეძებდე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ ქალაქის მცხოვრებს, რომელიც ინტერნეტში არ შედის და მისი ტელევიზორი «მიშვიზიების» გარდა არაფერს იჭერს, მისი იზოლირება ჰორიზონტალური საინფორმაციო ნაკადებისგან, მარტივად რომ ვთქვათ, საუბრებისგან უფრო ინფორმირებულ მეზობლებთან და კოლეგებთან მაინც არ გამოვა. მოკლედ, დიდ ქალაქებში ინფორმაციის ბლოკირება გამორიცხულია, მეტიც, რაც უფრო მეტი წინაღობის აღმართვას შეეცდება ხელისუფლება მის გზაზე, ის უფრო რეზონანსული გახდება.

რჩება «თეთრი ლაქები» რეგიონებში, სადაც ინტერნეტი ნაკლებად გავრცელებულია და ხელისუფლებას შეუძლია «გლობალ ტივი»- თეფშების დაყენებას ძალისმიერი მეთოდებით შეებრძოლოს. ეს არ ნიშნავს, რომ ალტერნატიული ინფორმაცია იქ ვერ შეაღწევს, გაზეთები და საუბრები ადამიანებს შორის ჯერ არავის გაუუქმებია (გაზეთებსაც შეიტანენ და აგიტატორებსაც მოამზადებენ). აქ ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი მომენტი: ყბადაღებული «ვაკუუმი რეგიონებში» ოპოზიციის ადრინდელი უნიათობის შედეგი იყო და არა იმის, რომ ხელისუფლების მიერ აღმართული კედლის გარღვევა შეუძლებელი გახლდათ, ეს სხვა ქვეყნებში არაერთგზის, გაცილებით უფრო ჭკვიანი და სასტიკი რეჟიმების პირობებში მოხერხდა; შესაბამისი ტექნოლოგიები, დიდი ხანია, დამუშავებულია. თანაც იმ ტერიტორიებზე, რომელთა მოქცევა ფარდობით საინფორმაციო იზოლაციაში ჯერ კიდევ შეიძლება და სადაც შეუდარებლად მცირე რაოდენობის ამომრჩეველი ცხოვრობს. ეს აშკარად არასაკმარისი პრიზია იმ აღვირახსნილი ნაბიჯებისთვის, რომლებიც დანარჩენ მოსახლეობას და დასავლელ პარტნიორებს აღიზიანებს და სააკაშვილის ხელისუფლებას ირანული და ჩრდილოკორეული რეჟიმების გვერდით აყენებს.

რეაქციამ, რომელიც თეფშების დაყადაღების ეპიზოდს მოჰყვა, ხელისუფლებას დაუყოვნებლივი (თუმცა ნაწილობრივი) უკანდახევა აიძულა. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში მოხდება ყველა არხის ტრანსლირება საკაბელო ქსელების მეშვეობით, მეტიც, ის სავალდებულო გახდება (ე.წ. მასთ ქერი-ს პრინციპი, რომლის დაცვას დაჟინებით მოითხოვდა აშშ-ის ელჩი). როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ჩათვალეს, რომ ეს დათმობა შესაძლებლობას მისცემს, სატელიტურ თეფშებთან დაკავშირებული უსიამოვნო სიტუაცია გადააგორონ. ამ მომენტში რეჟიმი ერთობ მოაგონებდა ადამიანს, რომელიც საასენიზაციო ორმოში ჩავარდა და საერთო სურათის გაკეთილშობილებას ვარდების «ბუკეტის» ენერგიული ქნევით ცდილობს. 

ძალიან მალე ხელისუფლება მივა დასკვნამდე, რომ ინფორმაციის დაბლოკვა, როგორც ბრძოლის მეთოდი, არ მუშაობს და, ამასთან, მისი იმიჯის ნარჩენებს ანადგურებს. შემდეგ ის დილემის წინაშე აღმოჩნდება: ან წინაღობების მოხსნა და საკუთარი, სრულ მარაზმში ჩავარდნილი პროპაგანდისტული მანქანის სასწრაფო გადაწყობა ეფექტური მოქმედებისთვის მეტნაკლებად თანაბარი კონკურენციის პირობებში, ან არასახელისუფლო არხების (უპირველესად კი, «მეცხრე არხის») ძალისმიერი ლიკვიდაცია.

ლოგიკა თითქოსდა პირველი ვარიანტისკენ უნდა უბიძგებდეთ, თუმცა შიში, სავარაუდოდ, სხვა მიმართულებით წაიყვანს. ისევე, როგორც გენერლები სააზროვნო შაბლონებსა და სტრეოტიპებზე დაყრდნობით «გასული ომებისთვის ემზადებიან», ასევე პოლიტიკოსები ემზადებიან გასული რევოლუციებისთვის; სააკაშვილის ხელისუფლებას ცხრვირწინ უდევს «ვარდების რევოლუციის» სცენარი და როლი, რომელიც მაშინ «რუსთავი 2»-მა შეასრულა, იმ სიტუაციის პროეცირებას დღევანდელობაზე ახდენს და ცდილობს, იოლად ამოსაცნობ საფრთხეებს თავი აარიდოს. მას, შესაძლოა, ვერც კი წარმოუდგენია, რომ ახალი რევოლუცია (ამ სიტყვის გაფართოებული მნიშვნელობით) და მასმედიის ფაქტორი მასში შეიძლება განსხვავებული გამოდგეს.

სამამულო ექსპროპრიაციის მოკრძალებული ხიბლი

მან, ვინც თეფშებს აყადაღებს, შეიძლება ვერცხლის კოვზების მოპარვა დაიწყოს. ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშეა; დღეს, 27 ივნისს, ამოიწურა ვადა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს 75-მილიონიანი ჯარიმა უნდა გადაეხადა. მან, როგორც ცნობილია, ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა. აგრეთვე, გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ ფლობს წილებს ქართულ კომპანიებში, ბოლო მათგანი «ქართუ ბანკში» მან 2 მაისს თავის შვილს _ უტას გადასცა. «ქართული ოცნების» ლიდერის სახელზე გაფორმებულია უძრავი ქონება საჩხერესა და ბაკურიანში და მან არ გამორიცხა, რომ ხელისუფლებამ შეიძლება ის დააყადაღოს.

სააკაშვილი, ისევე, როგორც «თეფშების ეპიზოდში», აღმოჩნდა სიტუაციაში, საიდანაც გამოსვლა საიმიჯო დანაკარგების გარეშე არ გამოვა და კიდევ ერთხელ არჩევანის წინაშე დადგა: ზომიერების გამოვლენა თუ ბოლომდე შეტოპვა. როგორც კი ხელისუფლება ივანიშვილის ქონებას ხელს მოჰკიდებს, საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში, ძალიან დიდი ალბათობით, ბანალურ ბანდიტად წარმოჩინდება და მეტად მყიფე იურიდიული კაზუისტიკა, რომელსაც ის მოიშველიებს, ამ შთაბეჭდილებას, სავარაუდოდ, ვერ გაანეიტრალებს. საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მექანიზმები სააკაშვილის ბრძანებებით არ რეგულირდება, ამიტომ ნეგატიური ეფექტს ის ნებისმიერ შემთხვევაში მოიმკის. თუმცა საინტერესოა, დაკმაყოფილდება ხელისუფლება საჩხერებაკურიანის ქონებით თუ უფრო შორს წავა.

მთელ ამ სიტუაციას, პოლიტიკურის გარდა, ფინანსური ასპექტი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ჯგუფის პარტიული სალარო თავისი გაუმჭვირვალობით შავ ხვრელს მოაგონებს, საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედული ფინანსისტების შეფასებით, ამ მხრივ ხელისუფლების მდგომარეობა კრიტიკულია. რეკვიზირებული საჩხერე-ბაკურიანის ქონების რეალიზება ძალზე პრობლემური იქნება, ჭკუათმყოფელი ბიზნესმენი მას ხელს არ მოჰკიდებს. რეალურად, ერთადერთი რამ, რასაც სააკაშვილი ამ სიტუაციაში შეძლებს, «მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს» პრინციპით, ამ ქონების ბავშვთა სახლისთვის ან მსგავსი დაწესებულებისთვის გადაცემა გახდება, თუმცა ეს ერთ კაპიკსაც ვერ მოუტანს და, ამასთანავე, ექსპროპრიაციით გამოწვეულ გაღიზიანებას ვერ გადაფარავს. აქედან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა იერიში თბილისშიშუშის სახლი», ბანკი «ქართუ» და ..), რომლის გამართლებას ხელისუფლება იმით შეეცდება, რომ ივანიშვილის მიერ წილების (უძრავი ქონების) გასხვისებას თვალთმაქცური ხასიათი ჰქონდა. ეს, იდეაში, შესაძლებლობას მისცემს, გაანადგუროს «ქართუ» და ის კომპანიები, რომლებიც «ქართული ოცნების» დაკვეთებს ასრულებენ და ივანიშვილს ტექნიკური ხასიათის პრობლემები შეუქმნას. ამავე დროს, ხელთ იგდოს დიდძალი ქონება საწარმოებიდან და ოპონენტის თბილისური რეზიდენციიდან (სურათები, ავეჯი… მოკლედ ყველაფერი, რასაც პირობითად შეიძლება «ვერცხლის კოვზები» ვუწოდოთ). ასევე ამ ოპერაციის დროს, ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება, სიმბოლურად «დაამციროს» ივანიშვილი, ხელბორკილები დაადოს, იატაკზე დააწვინოს ან დააპატიმროს. ცხადია, ამ შემთხვევაში ის თავს ვერ აარიდებს გამოსვლას კანონის ჩარჩოებიდან, ხოლო რეაქცია ამაზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, წარმოუდგენლად უარყოფითი იქნება, თუმცა პანიკაში ჩავარდნილი ადამიანების მხრიდან, ალბათ, არც მსგავს სცენარებზე ფიქრი უნდა გამოვრიცხოთ.

ივანიშვილმა უკვე აჩვენა, რომ მოწინააღმდეგის ნაბიჯების წინასწარი განჭვრეტის უნარი აქვს და, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას შედგენილი აქვს გეგმა, რა უნდა მოიმოქმედოს კოალიციამ იმ შემთხვევაში, თუ მას დააპატიმრებენ. ძალზე საშიშია, თუ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენას ის «დაბნეული ბატები» შეძლებენ, რომლებიც «ოცნებაში» არც ისე ცოტაა. კრიტიკულ ვითარებაში აუცილებელია ერთმმართველობის პრინციპის შენარჩუნება და მართვის სადავეების საიმედო ადამიანისთვის ჩაბარება. თავის მხრივ, ხელისუფლება (წესით) უნდა აცნობიერებდეს, რომ ივანიშვილის დაპატიმრების მცდელობა შეიძლება მასობრივი არეულობისა და რევოლუციის ფასად დაუჯდეს.

ზურგს უკან, მიშა, ზურგს უკან!

რას და რა დოზით გაბედავს სააკაშვილი? _ ეს კითხვა საქართველოში ბოლო დროს ხშირად ისმის. არადა, ის თავისთავად ერთგვარ «სატყუარას» წარმოადგენს და მიუთითებს იმაზე, რომ «ნაცმოძრაობის» ბელადი საგანგებოდ მისთვის შექმნილ, ფიქტიურ ოპერატიულ კონტექსტში მოქმედებს და ცრუ დილემების წინაშე დგება. ივანიშვილი იტყუებს სააკაშვილს წამგებიან სიტუაციაში, სადაც ის იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ (მისივე ტერმინოლოგიას თუ ვიხმართ) «არ გაფარჩაკებულა». თუმცა ასეთი თამაშების დაფუძნება მხოლოდ ფსიქოლოგიის ცოდნაზე ძალზე სარისკოა, თუ თავად სააკაშვილი მორიგ სათაგურთან მიახლოებისას ჭარბ ინტელექტს ვერ გამოავლენს, გარემოცვამ და მრჩევლებმა შეიძლება შაბლონური რეაქციისგან თავი შეაკავებინონ. ამიტომ ასეთ სიტუაციაში სასურველია, მოწინააღმდეგის გარემოცვაში ფარული მოკავშირეები გყავდეს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მას საჭირო მიმართულებით უბიძგებენ, აგრეთვე, ინფორმატორები ავლაბრის რეზიდენციის «პულსის» მუდმივი კონტროლისთვის; იმან, რომ ივანიშვილი სააკაშვილს ჯერჯერობით სავსებით წარმატებულად «აბურთავებს», შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ შესაბამისი «ქსელი» სააკაშვილის გარემოცვაში მან, დიდი ხანია, გამართა. ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ისაა, რა როლს ასრულებენ ამ თამაშში ამერიკელი პარტნიორები. ერთის მხრივ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი განზე დარჩნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამ დროისთვის არ არსებობს ფაქტები ან თუნდაც «საფუძვლიანი ეჭვები», რომლებიც ამ თემაზე სერიოზული მსჯელობის შესაძლებლობას მოგვცემს. თუმცა არის ნიშნები, რომლებიც ირიბად მიუთითებენ იმაზე, რომ ამერიკელები ისე აქტიურად აღარ თანამშრომლობენ სააკაშვილთან, როგორც ეს ადრე იყო.

თუ ჩვენ დეტალურად განვიხილავთ კრიზისს, რომელსაც ადგილი 2007-08 წლების მიჯნაზე ჰქონდა, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ხელისუფლება მაშინ გაცილებით ჭკვიანი და მოქნილი იყო. საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კი იციან, რომ ეს 90%-ით ამერიკელების დამსახურებაა. მაშინ ამერიკელმა მრჩეველებმა და დიპლომატებმა ფაქტობრივად გადაარჩინეს სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც დაღუპვის პირას იდგა, მაგრამ დღეს არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი საქმეში აქტიურად ერევიან. ოქტომბრიდან მოყოლებული ხელისუფლება სულ უფრო ღრმად ეფლობა მარაზმში (ეს არ არის შეურაცხყოფა, არამედ პოლიტიკურ და საინფორმაციო ფრონტზე მისი პოზიციების მოკლე აღწერაა) და არ ჩანს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ის გამოჯანმრთელებისკენ მიდის. ამერიკელი პროფესიონალების ხელწერა ამ ქაოტური მოძრაობების უკან ნამდვილად არ იგძნობა. იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ ამერიკული «ოქროს თევზი» სააკაშვილის სურვილებს აღარ ასრულებს, მეტიც, სულ სხვა მიმართულებით მიცურავს. საერთოდ, იმის გასაგებად, ვინ უკრავს როიალზე _ პროფესიონალი თუ მუსიკალური სკოლიდან გაგდებული ოროსანი, არ არის აუცილებელი პიანისტის დანახვა, მუსიკის მოსმენაც საკმარისია და ეს სამათლიანია როგორც კამპანიის ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან, ისე ზოგადად პოლიტიკურ კონსალტინგთან მიმართებაში. შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ მაღალი კლასის (მათ შორის სახელმწიფო სამსახურში მყოფმა) ამერიკელმა მრჩველებმა და პარტნიორებმა ან მიატოვეს სააკაშვილი, ან კიდევ ატყუებენ და კატასტროფისკენ მიაქანებენ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here