Home რუბრიკები პოლიტიკა ბონი და კლაიდი «რულავენ»

ბონი და კლაიდი «რულავენ»

909

მდიდარია ქართული პოლიტიკური სპექტრი კინოგმირებით. აქ ძმებ კარამაზოვებსაც შეხვდები, ძმებ ბლუზებსაც, მამა-შვილ გაბაშვილსაც… თუმცა არის ერთი გამორჩეული წყვილი, რომლის მსგავსება გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკელ განგსტერებთან _ ბონი და კლაიდთან თვალსაჩინოა.

ისინი იურისტები არიან, ფული უყვართ და ყოველთვის იქ არიან, სადაც გრანტი გაფაჩუნდება. არავის დაუთვლია, ზუსტად რამდენი აქვს მიღებული ამ წყვილს ჯორჯ სოროსის ან პირდაპირ ამერიკის ბიუჯეტიდან. მათი ბიოგრაფიებიც კი თავად ღაღადებს იმაზე, თუ როგორ ილტვიან ისინი ფულისკენ. ორივენი სოროსის ფონდის – «ღია საზოგადოება საქართველოს» მმართველ საბჭოში იყვნენ მოკალათებულნი: ერთი თავმჯდომარე, მეორე კი წევრი იყო. ორივეს სტუდენტობიდანვე «გაეხსნა» საჯარო სამსახურის ხიბლი: ერთი სტუდენტობის პარალელურად პარლამენტის სპეციალისტად მუშაობს, მეორე – ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ერთსაც და მეორესაც უცხოურ ვოიაჟებს უცხოელები უფინანსებენ. ერთიც და მეორეც კორუფციას ებრძვიან, სულ ვიღაცის დაჭერას მოითხოვენ და ყველაზე მეტად ფულზე, ფულზე ლაპარაკობენ!

ბონიც და კლაიდიც მაგისტრები არიან, სააკაშვილივით, ოღონდ სხვადასხვა ორდენს განეკუთვნებიან. სააკაშვილივით, მათაც თითო წელიწადში რამდენიმე უნივერსიტეტის მოვლა მოუსწრიათ და «დაშვების» ბარათი მიუღიათ; თუკი რამ საერთაშორისო ორგანიზაცია ან ფონდი გაჭაჭანდა საქართველოში, ყველას ექსპერტი, კონსულტანტი და მრჩეველი ყოფილან. აი, მათი ბიოგრაფიების ფრაგმენტები:

«განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995);

საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი (ბუდაპეშტი, 1996);

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა (ბუდაპეშტი, 1996);

ვაშინგტონის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა (1996);

საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი (1996);

2005 წლიდან დღემდე – საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატი, გაეროს განვითარების პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია, წამების პრევენციის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ.);

2004-2005 – მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ფონდი «ღია საზოგადოება – საქართველო»;

2000-2004 – დირექტორი, კანონის უზენაესობის პროგრამა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

2004 – იელის უნივერსიტეტის მკვლევარი;

2002-2004 – წევრი, სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭო; 

1997-2000 – მასწავლებელი, ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ინსტიტუტი;

1997-1999 – დირექტორი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი; 

1996-1997 – იურისტ-ექსპერტი,საერთაშორისო სავალუტო ფონდი; 

1994-1995 – უფროსი სპეციალისტი საქართველოს პარლამენტი».

ბონის ინგლისურ ბიოგრაფიაში კიდევ ერთი ჩანაწერი დაუმატებია:

«1992–1993 Ministry of Foreign Affairs of Georgia

On probation

Consultancy».

ერთი სიტყვით, ბონი 19 წლის ასაკში უკვე იმდენად კვალიფიციური კადრი ყოფილა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტანტად მუშაობდა. კლაიდიც 22 წლის ასაკში იწყებს «სახელმწიფოებრივ» შრომას: «1990-1992 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა, 1992-1994 წლებში სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი იყო, 1993-1995 წლებში კი საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში მონაწილეობდა, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი».

მართალია, იმ კომისიაში კლაიდი არავის ახსოვს _ იქ ხომ მინდია უგრეხელიძე, ლევან ალექსიძე, გივი ინწკირველი და სხვა ამგვარი პერსონები იყვნენ, მაგრამ კომისიის შემადგენლობა არც ვიკიპედიაში დევს, არც სადმეა ხელმისაწვდომი და ისიც, ბონის მსგავსად, «ალამაზებს» საკუთარ ბიოგრაფიას.

1989 წელსაც და 1991-შიც, ქვეყანა რომ დაიქცა და მერე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ბონიმაც და კლაიდმაც შესაშური ალღო გამოიჩინეს: კლაიდი 9 აპრილის მეორე დღეს კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, ხოლო ბონიმ ზვიად გამსახურდიას მომხრე სტუდენტური მოძრაობიდან პირდაპირ შევარდნაძის ბანაკში ამოყო თავი. თვითმხილველები ბონიზე ამბობენ: «გამოირჩეოდა პერსპექტიულ და ენერგიულ სტუდენტებთან დაახლოებისა და დამეგობრების უნარით, ანუ ცდილობდა, სწორად შეერჩია სამეგობრო წრე».

წრე რომ მართლაც «სწორად» ჰქონდა შერჩეული, ამაზე ბონი საკუთარ აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომელიც ცხელ გულზე მორიგი დაჯარიმების შემდეგ მისცა ჟურნალისტებს: «როგორც ქალბატონი პროკურორი  ზეპირსიტყვიერად განმარტავს, «დაკავშირებული პირი» არის ყველა. მეც, ოპოზიციაში მყოფი და ხელისუფლებაში მყოფი კოტე კუბლაშვილიც, ორივენი «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» დამფუძნებლები ვართ. ისევე, როგორც საფრანგეთში გახიზნული ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი და ზურაბ ადეიშვილი. საია-წევრია, მაგალითად, ლალიაშვილიც, რამდენიმე ლეიბორისტიც. ავიღოთ სხვა ორგანიზაცია _ დათო ზურაბიშვილი და გიგა ბოკერია თავის დროზე «თავისუფლების ინსტიტუტის» დამაარსებლები, «დაკავშირებული პირები» არიან. აბა, ერთი გაბედონ და  მივიდნენ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ძალიან უშლით ნერვებს! მივიდნენ «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან», რომელიც დაკავშირებულია ჩემთანაც, მათთანაც და ბევრ სხვა პოლიტიკოსთან. მივიდნენ და დაუყადაღონ ანგარიშები საია-ს, რომლებზეც ევროკავშირის, USAID-ის და დემოკრატიული მსოფლიოს გრანტები აქვთ. ამ «ცუდ» საქმეებს ყველა ერთად ვაკეთებთ».

კი, ცუდ საქმეებს (ბრჭყალების გარეშე!) ისინი მუდამ ერთად აკეთებდნენ, ახლა ორ გუნდად გაიყვნენ და ჩვენ შორის გააკეთეთ არჩევანიო, ქართველებს გვიკიჟინებენ! ივანიშვილის გვერდით ბონისა და კლაიდის გამოჩენა სწორედ ამის სიგნალი იყო, მაგრამ ვინც ამას ვამბობდით, ბიძინამ ყური არ გვათხოვა.

ხომ გეუბნებოდით, გაფრინდებიან-თქო!

სულ ახლახან კი დავით ბერძენიშვილის ჩვეულმა წრეგადასულმა ტრაბახმა და ენაზე კბილის დაჭერის უუნარობამ ივანიშვილსაც აუვსო მოთმინების ფიალა – ბერძენიშვილი ოზურგეთის აქციის წინ გურიის კურატორობიდან ჩამოალაბორანტეს და იქ ალასანიას კადრი – ირაკლი ჩიქოვანი გაამწესეს.

ხომ გეუბნებოდით, გაფრინდებიან-თქო!

ფრენა აკი იციან და გამსახურდიასგან «დროულად» გამიჯნულებმა ჯერ შევარდნაძეს შეაფარეს თავი, მერე – სააკაშვილს, ახლა კი ივანიშვილის გუნდში ჩაწერა ვერავინ მოასწრო. დიდი ხანი არც იმისთვის დასჭირდებათ, რომ მასაც გაემიჯნონ (ამ შემთხვევაში ისინი, ტრადიციულად, დემოკრატიის ხარისხს იწუნებენ ხოლმე).

გაფრინდებიან-თქო!

ბერძენიშვილი რის კარამაზოვი იქნებოდა, რომ თბილისის ათი მაჟორიტარული ოლქიდან ექვსში რესპუბლიკელების პირველობა არ ემცნო საზოგადოებისთვის, მაგრამ აქ თვით მიმნდობი ივანიშვილიც კი გამოიყვანა მდგომარეობიდან:

სამ ოლქში პირველ ადგილზე სწორედ ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ბონი გამოაცხადა!

ივანიშვილს სოციოლოგიური კვლევის გადამოწმება უთხოვია და, სავარაუდოდ, «სამართლიანობისა» და «მიუკერძოებლობის» თაყვანისმცემელი რესპუბლიკელების კიდევ ბევრი უკუღმართობა გამოვა დღის სინათლეზე.

ბონისგან განსხვავებით, კლაიდი ცდილობს, სკანდალებში არ გაეხვეს და ისეთი განცხადებები არ აკეთოს, რომ ხალხის სიძულვილი კიდევ უფრო არ გაამძაფროს. ბონი უფრო ფიცხია (რის ბონი იქნებოდა, პიპინიას პერივით რომ არ იწვევდეს, «თუ საჭიროა, კბენდეს კიდეც!»), შეფასებებში – მკვახე, შეძახილებში – გულმოსული. რაკი ხალხის აზრი ისედაც ვიცით, ყური ცნობად სახეებს ვათხოვოთ:

ირაკლი ოქუაშვილი:  _ თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს არანაირი პრეტენზიების საფუძველი არ გააჩნიათ, მათ პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს პოსტებს სთავაზობდა. სასამართლო რეფორმა დაიწყეთ და მიიყვანეთ ბოლომდე, თქვენ საქმეში კაცი არ ჩაერევაო. პასუხისმგებლობის და რეალური საქმის კეთებას თავი აარიდეს და დაიწყეს ოპოზიციონერობა. რას ელოდებიან? ნეტავ, როგორი ხელისუფლება უნდა მოვიდეს ქვეყანაში, რომ მაგათ მინისტრის პორტფელი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტები შესთავაზონ? ასეთი ხელისუფლება საქართველოში არ იქნება და, თუ იქნება, მაშინ დაღუპულა ეს ქვეყანა.

შალვა ნათელაშვილი: _ თინა ხიდაშელი «გაერთიანებულ ოპოზიციაში» აღმოჩნდა ევა, «განხეთქილების» ვაშლი! ახლა, მთლად სამოთხე ისედაც არ ჰქონდათ ოპოზიციაში, მაგრამ თინა ხიდაშელმა, რაც იყო, ისიც აურ-დაურია. ვამბობ ხიდაშელს, ვგულისხმობ «რესპუბლიკელებს» და პირიქით, ლენინისა არ იყოს.

თემურ შაშიაშვილი: _ თინა ხიდაშელი არის კარგად გაწვრთნილი, ცოდნით შეიარაღებული და ამ ქვეყანაში შემოგზავნილი. ვინ შემოაგზავნა, ეს იმათ არკვიონ, ვისაც ევალებათ, მე გეტყვით, რატომ შემოგზავნეს: მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციისათვის, ეროვნული ღირებულებების გასაუფასურებლად, ქართველი სტუდენტობის, მოსწავლების, ახალგაზდობის გამოსათაყვანებლად და გადასაგვარებლად. ამას ხიდაშელი ლიბერალურ დემოკრატიას ეძახის.

ნესტან კირთაძე: _ თინიკო ხიდაშელს ურჩევნია, გაჩუმდეს და უნივერსიტეტს დაანებოს თავი. უნივერსიტეტის ხელში ჩაგდებით აპირებენ ეს ქალბატონი და მისი თანაგუნდელები ერის გადაჯიშების იმ პროგრამის ამუშავებას, სოროსმა რომ გამოატანა გრანტებთან ერთად.

ჯანსულ ჩარკვიანი: _ მალე დაგვინიშნავენ ამ თინა ხიდაშელს კომისრად. ადრე რომ იყო, სტალინის დროს და, ალბათ, მიგვითითებს _ ვინ რომელი სპექტაკლი დადგას და როგორ, ვინ როგორი რომანი და ლექსი დაწეროს, ვინ რა დახატოს. მოკლედ, ამ ქალის გარეშე, ვატყობ, მალე ამ ქვეყანაში არაფერი გადაწყდება.

რეზო ამაშუკელი: _ ამ თინა ხიდაშელზე რაღა უნდა ვთქვა, კაცო? ქალია და არ მინდა, შემომელანძღოს. ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, გავცემდი საკადრის პასუხსს, მაგრამ… ვისაც ბინდი ჯერაც არ გადაკვრია თვალზე, ვისაც სმენა სრულიად არ დახშობია, ის დაინახავს და გაიგებს _ ხიდაშელიც იმ ხროვის წარმომადგენელი, მეტიც, ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, საქართველოს წასაბილწად, დასაქცევად და ნაჭერ-ნაჭერ გასაყიდად რომ არიან გამოგზავნილნი.

ელიზბარ ჯაველიძე: _ უსუფაშვილი იმათ რიგებში იყო, ვინც ე. წ. ინტელექტუალური დასაყრდენი გახდა ზვიად გამსახურდიას ოპოზიციისა და სამხედრო გადატრიალებას მხარი დაუჭირეს. თინა ხიდაშელიც მაგათი ჯიშ-ჯილაგისაა. ეგ ქალი ყველაფერს ეროვნულს ებრძვის, მართლმადიდებლობას ებრძვის და მაგის კანტორა როა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სხვას არაფერს აკეთებს, გარდა იეღოველთა და სხვა სექტანტთა დაცვისა.

ირინა სარიშვილი: _ ეს ქალბატონი ძალიან საშიშია. მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მაღალი წარმოდგენისა არ ვარ, მაგრამ საიმისო ინტელექტი და იურიდიული ცოდნა გააჩნია, რომ ანტიქართული მისია, რაც დავალებული აქვს, წარმატებით შეასრულოს. მისთვის ადამიანური ღირებულებები, ის, რაც ქართველებსაც, ცხადია, გვახასიათებს, უცხოა, უპირველესად, ერთგულება. მთავარია, თავად იგრძნოს კომფორტულად თავი, თუ დასჭირდა, პირველი დაუპირისპირდება იმ ლიბერალურ იდეებს, ახლა რომ ქადაგებს. მოკლედ, თინა ხიდაშელს არც ადამიანური და არც პრინციპების ერთგულება არ გააჩნია და, ვისაც ეს ნიჭი არა აქვს, ის ძალიან სახიფათოა პოლიტიკაში, უბრალოდ, ასეთი ადამიანი არც უნდა აქო და არც აძაგო, უნდა მოერიდო. ამას დამწყებ პოლიტიკოსთა გასაგონად ვამბობ, თორემ გამოცდილი პოლიტიკოსი, მალე გაშიფრავს მას.

კახა კუკავა: _ თინა ხიდაშელი, სამწუხაროდ, მუდამ ბრალმდებლის როლში გამოდის. რა, პროკურორია? ვინ დანიშნა ოპოზიციის პროკურორად? შეიძლება ადამიანი ყველასთან ყოველთვის მართალი იყოს და ერთი შეცდომა არ ჰქონდეს დაშვებული და აღიარებული? ასეთი ადამიანი მსოფლიო პოლიტიკაში არ მეგულებოდა და აჰა, გამოჩნდა თინა ხიდაშელის სახით.

ნოდარ ნათაძე: _ თინა ხიდაშელმა და დავით უსუფაშვილმა დიდი ფული გადაუხადეს ლევან და დათო ბერძენიშვილებს, რომ უსუფაშვილი დაესვათ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ.

გიორგი შენგელაია: _ თინა ხიდაშელი და «ახალგაზრთა იურისტთა ასოციაცია» არიან საქართველოსა და ქართველი ერის მტრები. ღმერთმა ნუ ჰქნას და, ეგენი თუ მოუშვი ხელისუფლებაში, გარყვნიან და გააპარტახებენ ქვეყანას.

გოგი ქავთარაძე: _ თინა ხიდაშელის ჭკუის დასარიგებელი რომ გავხდით, მის ჭკუის საკითხავად რომ გაიხადა ზოგიერთმა თავი, აი, მაშინ წავიდა ჩვენი საქმე უკუღმა.

ქეთი დოლიძე: _ თინა ხიდაშელისა და ამ გუნდის პირველი მიზანი ქართული კულტურის განადგურებაა. გეგმის მეორე ნაწილი რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ პირველი ნაწილი რომ ესაა, უკვე საჩინო და ყველასთვის გასაგებია, უკვე დაწყებულია ეს პროცესი ქართული თეატრებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან, მეცნიერებათა აკადემიიდან, მწერლობიდან…

ფიქრია ჩიხრაძე: _ თინა ხიდაშელს ურჩევნია, საქმეს მიხედოს, იმ გრანტების დახარჯვის ანგარიში წარმოადგინოს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან რომ აქვს მიღებული, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისაგან. ამით იმასაც გავიგებთ, რამდენი ანტიეროვნული პროექტი აქვს დაფინანსებული».

ამ ადამიანებიდან ზოგიერთი დღეს იმავე ბანაკშია, რომელშიც ბონიმ და კლაიდმა მოიკალათეს. დღეს გრანტების ყველაზე ალალი და უსაყვედურო წყარო ბიძინა ივანიშვილია. ისარგებლებენ მანამ, ვიდრე ხეირი ექნებათ, მერე კი…

გაფრინდებიან-თქო!

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here