Home რუბრიკები საზოგადოება არქიმანდრიტი ანტონი: რუსმა იცის, რომ მას და ქართველს ერთი ღმერთი ჰყავს…

არქიმანდრიტი ანტონი: რუსმა იცის, რომ მას და ქართველს ერთი ღმერთი ჰყავს…

747

დასავლეთის ქვეყნებმა XXI საუკუნის დასაწყისში გამოაქვეყნეს პროგრამა «ათასწლეულის გამოწვევა». მსოფლიო ლიდერების თქმით, ახალ საუკუნეში კაცობრიობის წინაშე სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ამოცანები დადგებოდა. დადგა ეს საუკუნეც და აღნიშნულთან ერთად არანაკლებ სერიოზული პრობლემები წარმოიქმნა ადამიანების სულიერ ცხოვრებაში. ეს, უწინარეს ყოვლისა, მართლმადიდებლობაზეც ითქმის. რა პრობლემებია და როგორ უნდა გადავწყვიტოთ ისინი? ამ შეკითხვებს უპასუხებს თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი.

_ მართლმადიდებლობა ვერასოდეს დამშვიდდება, რადგან იბადებიან ბოროტი და კეთილი ადამიანები. მით უფრო დღეს, როცა იმძლავრა სექტანტურმა მოძრაობამ. ადამიანებს არ ესმით ან არ სურთ, გაიგონ, რომ მართლმადიდებლობა უკვდავია. დღეს ადამიანები კვლავ დაუბრუნდნენ ტაძრებს, აქტიურად ესწრებიან ღვთისმსახურებას, მაგრამ საკმარისი არ არის, იარო ეკლესიაში და ილოცო, უნდა შეასრულო უმთავრესი _ არ გაუკეთო ადამიანს ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ. ვიქცევით კი ასე? საკუთარ თავს მართლმადიდებელს ვუწოდებთ, მაგრამ ეს იქნება ფიქცია, თუ ისე არ მოვიქცევით, როგორც ვამბობთ… არც ერთი ჩვენგანი სრულყოფილი არ არის, მაგრამ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ.

_ გამოწვევები, რომლებიც მართლმადიდებლობის წინაშე დგას, განსხვავდება უწინდელისგან?

_ გამოწვევები არის და ეს ჩვენი სისუსტეა. დღეს ჩვენ ჩვენს წინაპრებზე სუსტები ვართ. უწინ ისინი მზად იყვნენ, რწმენისთვის თავი გაეწირათ, ჩვენ კი დღეს მართლმადიდებლობის ნიღაბს ვირგებთ და უკადრებელ საქმეებს ვიქმთ. ესაა ჩვენი უბედურება…

_ 20 წლის წინათ ამერიკელმა პოლიტიკოსმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა: «საბჭოთა კავშირის დამსხვრევის შემდეგ ჩვენ ერთი მტერი დაგვრჩა _ მართლმადიდებლობა»

_ ბჟეზინსკიმდე ეს თქვეს რევოლუციონერმა მასონებმა: «თვითმპყრობელობა დავამარცხეთ, დაგვრჩა მართლმადიდებლობა». მართლმადიდებლობის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა, სექტანტების მოძალება გრძელდება. მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ გვესმის უმთავრესი _ მართლმადიდებლობის ბირთვი. ქრისტემ თქვა, რომ, ვინც არ ჭამს ჩემს სხეულს და არ სვამს ჩემს სისხლს, ქრისტიანი არ არის. ის, ვინც დადის ეკლესიაში, მაგრამ არ ეზიარება, არ მონაწილეობს ევქარისტიაში, იგი თავის თავს მართლმადიდებელს ვერ უწოდებს…

ერთ ახალგაზრდა კაცს გულახდილად ველაპარაკე. მან მითხრა, რომ კომპიუტერს მიეძალა. დღეს ეს გავრცელებული გადამდები სენია. თავისთავად კომპიუტერი და ინტერნეტი ბოროტება არ არის. ღმერთმა ეს დაუშვა, არ ისურვებდა, არ დაუშვებდა, მაგრამ იგი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეშმაკს შენ უნდა წამოაჯდე და არა პირიქით… თუ კომპიუტერმა გაგიტაცა, ყველაფერი გავიწყდება _ ძილის წინ არ ლოცულობ, დილით კი, გაიღვიძებ თუ არა, მივარდები კომპიუტერს და შედეგად მისი მონა ხდები. ეშმაკმა შენიშნა შენი სწრაფვა და დაგიწყო მისით ვაჭრობა. შენ კომპიუტერის პატრონი უნდა იყო და არა პირიქით, რადგან შენ შეგქმნა ღმერთმა, ტექნიკა კი ადამიანის ხელითაა შექმნილი. რომელი უფრო მაღლა დგას?

_ მამაო ანტონ, დღეს მარტო ადამიანებს შორის კი არა, ეკლესიათა შორის არის გაუგებრობები. მხედველობაში მაქვს საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა, კერძოდ ის, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქები, ერთის მხრივ, აღიარებენ საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში აფხაზეთის ეპარქიის ყოფნას, მეორე მხრივ, მხარს უჭერენ ღვთისმსახურებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომლებიც საქართველოს დედაეკლესიას განუდგნენ.

_ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია. ღმერთმა ეს დაუშვა, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით ჩვენი ერთად ყოფნის აუცილებლობაში. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი, რომელიც შენთან ერთად პირჯვარს იწერს, შენთან ერთად დადის ეკლესიაში და შენთან ერთად ეზიარება?! ეს  ნაკლებად განათლებული პოლიტიკოსების ბრალია, რომლებიც შოვინიზმით არიან დაავადებულნი. მათ მე ქრისტიანებს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ამ სიტუაციამ ვერ იმოქმედა ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიათა ურთიერთობაზე. ბევრი მეგობარი მყავს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლეს ღვთისმსახურთა შორის და ვერ წარმომიდგენია, რომ მე მათ შევძულდები ან _ პირიქით. ჰკითხეთ ნებისმიერ რუსს და იგი სიამოვნებით დაგელაპარაკებათ ქართულ ეკლესიაზე… მე ვიცი ეკლესიები, სადაც დიდ პატივს მიაგებენ წმინდა ნინოს ხატებს. ერთ-ერთ ეკლესიას შევწირე წმინდა ნინოს ხატი და მრევლი მას დიდი პატივისცემით ეთაყვანება. რუსმა იცის, რომ მას და ქართველს ერთი ღმერთი ჰყავს… ყველანი ცოდვილნი ვართ, წავიფორხილებთ, ვვარდებით, მაგრამ რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ, ღმერთს შენდობა ვთხოვოთ და შევრიგდეთ.

არიან, ალბათ, ადამიანების ჯგუფები, რომლებსაც სძულთ ქართველები, ქართველებს _ რუსები, მაგრამ მათი რაოდენობა უმნიშვნელოა და არამასშტაბური. მიმაჩნია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დროებითია…

შეიძლება, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ორ ღმერთს მსახურებენ. ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში, ვინც ჩემზე ლოცულობენ, მე _ მათზე. ჩვენ ვერავინ დაგვაცილებს, რადგან ჩვენ ერთ ღმერთზე ვლოცულობთ.

ვანო ჩოკორაია

 

1 COMMENT

  1. Православие неделимое! Если два брата поссорятся то ни один, ни другой не имеют право обращаться к Богу! Он их не выслушает – пока не помирятся!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here