Home რუბრიკები საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები…

ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები…

674

ცოტაც და წელიწადიც გავა «საქართველო და მსოფლიოს» რედაქციაში მათი პირველი სტუმრობიდან. რასა იქმთ, ბატონებო, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში? შეიცვალა კი საერთოდ? წელთა სიმძიმე ხომ არ იგრძნეს თქვენმა ბეჭებმა დაუდებელმა? «საქართველო და მსოფლიოს» სტუმრობენ სპორტის დამსახურებული ოსტატები, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები (და ასე შემდეგ) გურამ საღარაძე და ზარბეგ ბერიაშვილი. ფალავნები (ფალავანი _ მოჭიდავე, ვაჟკაცი, გმირი. იხ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, გვ. 441).

_ თქვენი გაზეთის მადლობელნი ვართ, _ იწყებს გურამ საღარაძე, _ ერთად რომ შეგვყარეთ 55 წლის მეგობრები, ჭაპანი ერთად გვიწევია ამდენი ხანი, თანატოლები ვართ _ მარტში დაბადებულები.

_ გიჟმარტელები, _ ეღიმება ზარბეგს.

_ ეს უფრო გიჟმარტელია, ეს მოწინააღმდეგეს  ახრჩობდა ხალიჩაზე. მე არ ვახრჩობდი.

_ მართალს ამბობს?

ბერიაშვილი მორიდებით თავს ხრის, საღარაძე კი ბეჭედს დაუსვამს:

_ ანაკონდას ვეძახდი. იყო ერთი, საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული მოჭიდავე სინიავსკი, რომელიც ამის წონაში გამოდიოდა და ჰქონდა მახრჩობელა ილეთი, რომელსაც ჩოქბჯენში წარმატებით იყენებდა და რომელსაც რატომღაც ბენდეროვსკის უწოდებდნენ.

_ უკრაინელი ნაციონალისტტერორისტის _ სიმონ ბანდერას დაუნდობლობის ანალოგიით ხომ არა?

_ შეიძლება… გადაიღო ზარბეგმა ეს ილეთი, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. ბოლო წუთებზე ახრჩობდა ხალხს და ისე ალაგებდა ხალიჩაზე.

_ სიბერეში, მოგეხსენებათ, ყველას თუ არა, უმეტესობას ჩემდება ცოტა გაზვიადებული მოგონებები საკუთარ თავზე. ასე ვართ ჩვენც, _ განმარტავს ზარბეგ ბერიაშვილი.

_ რატომ, შე დალოცვილო, შენი მრავალგზის ჩემპიონობა გაზვიადებულია? _ არ ეთანხმება გურამ საღარაძე და იწყება საუბარი ჭიდაობაზე, თანაგუნდელებზე, ჭიდაობის ხშირად გაუგებარ წესებზე (ოხერი წესებიო, _ ამბობს გურამი), რომელთა თანახმად, რომელიმე შეჯიბრში დაუმარცხებლად მოასპარეზე სპორტსმენს შეიძლება ისეთმა მოჭიდავემ აჯობოს და ოლიმპიური ჩემპიონიც კი გახდეს, რომელსაც ფინალურ ბრძოლამდე გამარჯვების სიხარული არც კი განუცდია.

მაგრამ ამაზე საღარაძესთან და ბერიაშვილთან ინტერვიუებში, რომლებიც ჩვენს გაზეთში გამოქვეყნდა, დაწვრილებითი უკვე ვისაუბრეთ.

_ ჩემპიონი არ უნდა გახდეს წაგებული სპორტსმენი, _ ასეთია ამათი ვერდიქტი, _ არც უზნეო. უდიდესი კორუფცია ტრიალებდა ჭიდაობის საერთაშორისო სარბიელზე და ახლაც ტრიალებს.

მოჰყავთ ამისი მაგალითები.

_ საქართველოში მოვსპეთ კორუფცია, ჭიდაობა გამოგვრჩენია

_ საქართველოში მოვსპეთ კორუფცია?! _ გაოცებით კითხულობს გურამ საღარაძე და ყველას გვეცინება.

ამ ხიდით გადმოვდივართ დღევანდელობაში:

_ ბატონებო, 27 მაისს იყავით «ქართული ოცნების» აქციაზე?

გურამ საღარაძე: _ ვიყავი, რა თქმა უნდა. მოჭიდავეების დიდ ოჯახთან ერთად. მე ხომ ამ ერის შვილი ვარ, ქვეყანა მიყვარს და ტრიადა «მამული, ენა, სარწმუნოება» ჩემი დევიზია, ჩემი ცხოვრების მიზანი. მე საქართველოისტი ვარ და გაუმარჯოს იმ კაცს, რომელიც საქართველოს უშველის და გადაარჩენს.

არ ვმალავ: საქართველო სავალალო მდგომარეობაშია, დაშლილია მორალურად, პოლიტიურად, ეკონომიკურად. 27 მაისმა დაგვანახა, რომ არის გზა ხსნისა. არავის არ ვლანძღავ, მაგრამ ყველას თავისი მიეზღვება: ეს ზეციური კანონია.

ღმერთმა ქნას, მოინანიონ ვიღაცებმა და დაადგნენ სწორ გზას.

_ მაგრამ ამას პირი არ უჩანს.

_ სამწუხაროდ.

_ ბატონო ზარბეგ, თქვენი სიტყვა!

_ ჯანმრთელობა არ მაძლევს აქციებში მონაწილეობის საშუალებას: ასი მეტრი თუ გავიარე, დიდა! მოციმციმე არითმია მჭირს _ მარცხენა წინაგული გათიშულია. წამლებზე ვარ. მაგრამ ამ ავადმყოფობისგან მსოფლიოში ჯერ კაცი არ მორჩენილა. მე კი დამატებით ინფარქტიც დამემართა.

(საღარაძის დაჟინებით, ბერიაშვილი ყვება დომენტი გაგნიძის, ხალხური მედიცინის ერთერთი წარმომადგენლის მიერ ბალახებზე დამზადებული პრეპარატის შესახებ, რომლის ინექციამ დადებითად იმოქმედა ზარბეგზე. განაგრძობს ნემსის კეთებას? არა. გაგნიძეს აუკრძალეს დამზადება. არადა, მესამე ნემსის შემდეგ შვება იგრძნო. ყაზბეგელი კაცი დათო მარსაგიშვილი (ჭიდაობის ერთი მასწავლებელი გვყავდაო, იხსენებს ბერიაშვილი) ფეხზე დააყენა

გრძელდება ამ თემაზე საუბარი: ორგანიზმის იმუნიტეტს აძლიერებსო. ზოგს უხდება, ზოგს _ არა, ამიტომაა საჭირო მეცნიერებთან თანამშრომლობა და არა სატელევიზიო ცხელი თუ უცხელესი თოქშოუს გადაცემით «სენსაციური ნახარშის» მომზადება, მით უფრო _ მაკონტროლებლების მიერ  შემოწმების ოპერატიულად ორგანიზება.

გურამ საღარაძე დარწმუნებულია, რომ კოლხი მედეას სამშობლოში ხალხური მედიცინის ხელაღებით უარყოფა ყოვლად დაუშვებელია.

რუსული ანდაზაა: Беда одна не ходит, ერთი ხანია, ზარბეგი ფილტვში წყლის ჩადგომამ შეაწუხა. უძლებს. უტეხია).

_ სულითა და გულით აქციაზე ვიყავი. სხვანაირად იქნება?! _ ეს ზარბეგია.

_ რას იტყვით ტენდენციაზე, როცა ახალგაზრდა მოჭიდავეები «ქართული ოცნების» მხარეს გადმოდიან?

ზარბეგ ბერიაშვილი: _ ასე უნდა მოიქცეს ყველა წესიერი ადამიანი, ვინც ობიექტურად შეაფასებს ბიძინა ივანიშვილის უშურველ ქველმოქმედებას. პირდაპირ ჩაწერეთ: ვინც არ არის დახვეწილი არამზადა, ბიძინას გვერდით უნდა იდგეს.

რა საკადრებელია, ადამიანს გულში ერთი ჰქონდეს და ვიღაცას რომ ასიამოვნოს, ან კონიუნქტურის გამო, სხვანაირად მოიქცეს! ასეთი გაორება კი უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდების ჩამოყალიბებაზე. ე. წ. უნარ-ჩვევების გამოცდებზე ნაკარნახევ პასუხზე _ ტრანსპორტში ადგილი არავის დაუთმო, რადგან ბილეთი გაქვს ნაყიდი _ ქართველ ახალგაზრდობას მაღალზნეობრივ ადამიანებად ვერ აღვზრდით!

ნუ გგონიათ, რომ დასავლეთის ქვეყნებში ამგვარ მაგალითებზე ზრდიან მომავალ თაობას. ჩვენ გვაბითურებენ. ჩემი თვალით მინახავს, როგორი პატივისცემით ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს ქუჩაში, თუნდაც მანქანის მძღოლები _ ქვეითად მოსიარულეებს…

გურამ საღარაძე: _ სიკეთისთვის გაჩენილი კაცია და მოქალაქეობას ამადლიან?! სად ვცხოვრობთ?! რა დემოკრატიასა და რის დემოკრატიაზეა ლაპარაკი, ჩემო კარგო?! რაჭველი კაცი ვარ, მაგრამ უცებ ვფიცხდები, როცა ასეთ უსამართლობას ვხედავ… ბატონ ბიძინას სიტყვებს გავიხსენებ, რომლებსაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოსაცემად მომზადებულ ჩემს მეოთხე წიგნს ეპიგრაფად წარვუმძღვარებ: «დადგა დრო, დავიბრუნოთ საქართველოს წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი, ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე».

ვინც დროზე მოეგება გონს და ამ სიტყვებს ირწმუნებს, ყველას გაუმარჯოს.

_ ქვეყანას სჭირდება გვერდით დადგომა ისე, როგორც ამას ივანიშვილი  აკეთებს, _ ასკვნის ბერიაშვილი.

_ და მაგრად დგომა. ამასწინათ საჩხერის რაიონის სოფელ ჩიხაში, ერთი შესანიშნავი ადამიანის ოჯახში ჭერის ახდის სუფრაზე ბიძინა ივანიშვილისა და უწმინდესის სადღეგრძელო წარმოვთქვი. 200-კაციანმა თავყრილობამ აიტაცა ეს სადღეგრძელო… საინტერესო რაა, იცით? რომ სუფრის დამთავრების შემდეგ ვიღაც ახალგაზრდა მოვიდა ჩემთან და მითხრა, თქვენ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთო ოჯახი.

_ გაგაფრთხილათ თუ გისაყვედურათ?

_ არ ვიცი, მაგრამ, სადაც მე გამიბედეს ასეთი რამ, წარმომიდგენია, როგორი წნეხის ქვეშ ჰყავთ მოსახლეობა, როცა ხელისუფლება მსტოვრებს წლისთავზე შეკრებილი ხალხის მისაყურადებლად და «კალოშიან აგიტატორებს» პროპაგანდისტული მუშაობის ჩასატარებლად აგზავნის. ეს კაცი, რომელიც ბორჯომის მკვიდრი აღმოჩნდა, ჩიხელებმა ისეთ დღეში ჩააგდეს (ჩიხაში შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს), რომ მტერსაც არ ვუსურვებ.

_ თქვენმა დეფინიციამ გამახსენა: ამასწინათ ბიძინა ივანიშვილის პასუხებს რომ ვუსმენდი «მაესტროს» კორესპონდენტის შორენა ხვიჩიას შეკითხვებზე, კატეგორიულად არ დავეთანხმე «ქართული ოცნების» ლიდერს.

_ კერძოდ რაში? _ შეწუხდა გურამ საღარაძე.

_ კერძოდ იმაში, როცა გიგა ბოკერია «ნაცმოძრაობის» იდეოლოგად მოიხსენია. იდეოლოგი კი არა, «კალოშებიანი აგიტატორია», იდეოლოგები სხვაგან უნდა ვეძებოთ. იქით, შორსხოლო დანარჩენები, ბოცო წიკლაურებისნაირნი, გაწვრთნილი თუთიყუშები არიან (ასე გამოვიყენე დღევანდელ ჟურნალისტიკაში მიღებული «ახალი მენეჯმენტის» პრინციპი და ივანიშვითლან არდათანხმების ელემენტი სათაურში გამოვიტანე. როგორია?)

_ შიშის დრო წავიდა. და ამას, დარწმუნებული ვარ, ქუთაისის აქციაც დაამტკიცებს, _ დარწმუნებულია ბატონი გურამი.

შევთანხმდით, რომ საღამოს, აქციის შემდეგ, დავუკავშირდებით ერთმანეთს.

იმ საღამოს, ანუ ბოლოთქმის მაგიერ

ის საღამოც დადგა, 10 ივნისის. 20 საათია. ვურეკავ:

_ ვუყურებდი, ვუსმენდი და თვალზე სიხარულის ცრემლი არ შემშრობია,  _ მიპასუხებს გურამ საღარაძე და ვრწმუნდები, რომ მისი ნათქვამი, რაჭველი კი ვარ, მაგრამ _ ემოციურიო, ცარიელი ფრაზა არ არის, _ ასეთი სიხარული, მახსოვს, მაშინ დამეუფლა, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი. პირველადაც და მეორედაც.

ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისი მეუღლის გამოსვლამ წინა დღით «მაესტროს» ეკრანზე. დიდი მოკრძალება, სიდარბაისლე და ინტელექტი იგრძნობოდა ამ ქალბატონის საუბარში _ ლაპარაკობდა ტრადიციული ქართული ოჯახის ახალგაზრდა დედა. აშკარად ჩანდა სამშობლოს გენეტიკური სიყვარული…

ქუთაისის აქციაზე ბატონი ბიძინა უფრო ლაღი და გახსნილი მეჩვენა. არც იუმორი აკლდა, არც ორატორული ნიჭი. სრულად დავინახე მისი ქართული ხასიათი _ უშუალო, ყველასთვის გასაგები, მისაღები და, ამავე დროს, ძლიერი პიროვნება.

ბიძინა ივანიშვილი სიტყვის პატრონია, ნაღდი კაცია, რომელსაც ზუსტად და ღრმადა აქვს გააზრებული ქვეყნის განვითარების პერსპექტივა, რაც გარანტიაა უმწეო მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანის და ხალხის გადარჩენის

* * *

იმერეთის ზეობის ტალღა 10 ივნისს აზვირთდა ქუთაისში. პირთამდე შეავსო დავით აღმაშენებლის მოედანი და მიმდებარე შარა-შუკებში გაიშალა.

გასცდა იმერეთის გულს და 17 ივნისს ოზურგეთში გურულების გულისთქმას შეუერთდება.

ოქტომბრამდე მთელ საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთო, _ ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

რა, ახლა არა ვართ?!

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here