Home რუბრიკები საზოგადოება ჰამლეტ ჭიპაშვილი: ხელისუფლება თავის გადასარჩენად არჩევნებს ტოტალურად გააყალბებს

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ხელისუფლება თავის გადასარჩენად არჩევნებს ტოტალურად გააყალბებს

660

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს და მომავალი საპარლამენტო არჩევნების ბედიც უკვე გადაწყვეტილია. საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება.

_ თბილისსა და ქუთაისში «ქართული ოცნების» მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე უამრავი ადამიანი გამოვიდა. მოახდენს თუ არა ეს ფაქტი ხელისუფლების წინასაარჩევნო პოლიტიკურ სტრატეგიაზე გავლენას?

_ გავლენას უდავოდ მოახდენს, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოსახლეობას გაუჩენს სურვილს, უფრო იმედიანად შეხვდეს არჩევნებს. ოპოზიციური პარტიების უგერგილო მოქმედებების შედეგად ასეთი განწყობა საზოგადოებაში, კარგა ხანია, დაიკარგა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ კი ჩასახა იმედი, რომ ამ ხელისუფლების დამარცხება შეიძლება. მაგრამ, ხელისუფლების მოქმედებიდან გამომდინარე, უკვე ცხადია, რომ მას ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, რაც ხელისუფლების  უფრო მეტ ორგანიზებულობას გამოიწვევს. ხელისუფლება თავის გადასარჩენად არჩევნებს ტოტალურად გააყალბებს.

 _ რა ან ვინ შეაჩერებს ხელისუფლებას და  შიშისგან გამოწვეულ მის ქმედებებს?

_ ხელისუფლებას ვერაფერი შეაჩერებს, ვერც ოპოზიცია. ეს ხელისუფლება არის ძალადობით მოსული და პოზიციებს ასე იოლად არ დათმობს. 1998 წელს ერთი თვე იყო საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი, როცა მიხეილ მაჭავარიანი ქალაქ ბათუმში ასლან აბაშიძესთან შესახვედრად ჩამოვიდა. მან აბაშიძეს შესთავაზა, «მოქალაქეთა კავშირს» პირველი ადგილი, «აღორძინებას» კი მეორე ადგილი რგებოდა, რაზეც აბაშიძე არ დათანხმდა და უპასუხა, რომ ორი მესამედით აპირებდა არჩევნებში გამარჯვებას.

სწორედ ასლან აბაშიძესთან შეხვედრის დროს, ჯერ კიდევ წლების წინ, ბრძანა მიხეილ მაჭავარიანმა, რომ «მოქალაქეთა კავშირი» და მისი ახალგაზრდული ფრთა, რომელიც შემდგომში «ნაციონალურ მოძრაობად» იქცა, ხელისუფლებაში მინიმუმ 30 წლით მოვიდა და, თუ ხელისშემშლელ პირობებს შეუქმნით ვინმე, ავტომატსაც დაიჭერენ ხელში.

ეს ხელისუფლება ძალაუფლებას ასე იოლად არ დათმობს. მითუმეტეს, ამ რვა წლის განმავლობაში მისმა წარმომადგენლებმა იმდენი რამ დააშავეს, რომ დარწმუნებულები არიან, დაუსჯელად მათი პოლიტიკური კარიერა არ დასრულდება. 

_ საქართველოს, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, აშშის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესტუმრა. რამდენად მოახდენს მისი ვიზიტი საქართველოში არჩევნების ბედზე ზეგავლენას?

_ ჰილარი კლინტონის ვიზიტი არჩევნებზე არავითარ გავლენას არ მოახდენს. ჩვენი ოპოზიცია, მათ შორის «მეოცნებენი», ერთობ არაპროფესიონალურ დასკვნებს აკეთებენ, თუმცა, ერთის მხრივ, ეს არც არის გასაკვირი, რამდენადაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ცდილობენ, ეს ვიზიტი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა.

გასათვალისწინებელია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში _ კასპიის ზღვის აუზში, ირანთან მიმართებაში, ახლო აღმოსავლეთსა თუ სირიაში დაძაბული ვითარებაა და სრულიად  შესაძლებელია, დასავლეთმა სირიის მიმართ ისეთივე ნაბიჯი გადადგას, როგორც ლიბიასთან დაკავშირებით. ამას ჯერჯერობით ხელს უშლის აშშ-ში მოსალოდნელი საპრეზიდენტო მარათონი, რომელიც ნოემბერში დასრულდება. ჯერჯერობით კი ამერიკის ადმინისტრაციას ხელს არ აძლევს ღიად ჩარევა სირიის საქმეებში. ამ ცეცხლოვან წერტილთან კავკასია და, მათ შორის, საქართველოც ახლოსაა და, კონფლიქტის შემთხვევაში, ამერიკას კავკასიის დახმარება დასჭირდება. ცნობილია, საქართველო მუდმივად დახმარების ხელს უწვდის ამერიკელებს  და რატომ გამოვრიცხავთ სირიაში კონფლიქტის შემთხვევაშიც არ დაეხმაროს? ამას გარდა, ამას წინათ, ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველო მხარს დაუჭერს სტრატეგიულ პარტნიორს _ აშშ-ს. როგორც კი ამერიკა სირიის პრობლემას მოაგვარებს, ირანს დაარტყამს.

ჰილარი კლინტონის ვიზიტიც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდებოდაამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ირანთან და სირიასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება იმას გააკეთებს, რასაც აშშ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ეტყვის. ამას გარდა, გასათვალისწინებელია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. პუტინი არ წავიდა კემპ-დევიდში «დიდი რვიანის» შეხვედრაზე და ამის საპასუხოდ ობამა არ აპირებს ჩასვლას ვლადივოსტოკში აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტზე. პუტინი აცხადებს, რომ ის კატეგორიული წინააღმდეგია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების, რადგან მიაჩნია, რომ ეს მათ შორის არსებულ სამხედრო ბალანსს დაარღვევს და რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, თუმცა ასე არ ფიქრობს აშშ. ის ამბობს, რომ აუცილებლად განალაგებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს ევროპაში. ახლახან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ, თუ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები რუსეთის საზღვრებთან განთავსდება, რუსეთი იტოვებს პრევენციული ომის უფლებას.

შევხედოთ ჩვენს ვითარებას: სააკაშვილი ეხვეწება ამერიკას, რომ ასეთი ანტისარაკეტო სისტემები განათავსოს საქართველოში, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. გარდა ამისა, პუტინი გაღიზიანებულია, რომ აშშ-მა საქართველო კვლავ წამოწია წინა პლანზე და მას მისცა ნატოში შესვლის ასპირანტობის ტიტული. თუმცა კლინტონმა სააკაშვილთან შეხვედრის დროს არც რუსეთი ახსენა და არც საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ჰილარი კლინტონმა შეგნებულად აარიდა თავი ამ საკითხებზე საუბარს, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ პრობლემებიანი და ტერიტორიულად დაქუცმაცებული საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება.

ამ ყველაფერს ემატება აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის _ მიტ რომნის განცხადებები. ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რუსეთთან არანაირი «გადატვირთვის პოლიტიკა» არ იქნება, აშშ აუცილებლად განახორციელებს სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, გააგდებს სირიიდან ასადს და რუსეთის წინააღმდეგ დამიზნებულ ანტისარაკეტო სისტემასაც განათავსებს. დღევანდელი რეიტინგებიდან გამომდინარე, რომნისა და ობამას თანაბარი რეიტინგი აქვთ. ასე რომ, საეჭვო არ არის, რომნი მართლაც მოვიდეს ხელისუფლებაში. სააკაშვილს, მართალია, დემოკრატებთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ უფრო კარგი ურთიერთობა აქვს რესპუბლიკელებთან. რომნის მთავარი მრჩეველი გახლავთ სააკაშვილის ამერიკელი «მამა» მაკკეინი. ეს ანტირუსულად განწყობილი გუნდია და სააკაშვილისნაირი ხმალამოღებული მებრძოლი რუსეთის წინააღმდეგ მათ ხელს აძლევს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ჩვენს ქვეყანას განადგურების პირას მიიყვანს, სააკაშვილს კი სამარადისო მმართველობას მოუტანს.

ასე რომ, არჩევნებზე ჰილარი კლინტონის ვიზიტი არანაირ გავლენას არ მოახდენს. ამერიკას თავისი პრობლემები აქვს და ჰილარი კლინტონი ნამდვილად არ ჩამოსულა სააკაშვილისთვის ობამას დანაბარების გადმოსაცემად _ არ გაბედოს პრემიერობა. ეს სასაცილოა. ამერიკა მხოლოდ ტრაფარეტულად აცხადებს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. ამას წინათ ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა განაცხადა: მთავარია, ჩატარდეს არჩევნები საქართველოში და ამ დემოკრატიული არჩევნების შემდეგ მოხდეს ოპოზიციის მიერ იმის აღიარება, რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებშიო. 1995 წლიდან ეუთოს დამკვირვებლების უამრავ დასკვნას ვკითხულობთ, რომლებშიც უამრავი დარღვევაა აღნიშნული, მაგრამ ბოლოში წერია, რომ ამ ყველაფერს თურმე ხელი მაინც არ შეუშლია არჩევნების ნირმალურად ჩატარებისთვის. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.

_ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უკვე წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს?

_ თუ ეს წინასწარ დაწერილი სცენარი არ არის, რას ემსახურებოდა აშშ-ის ოფიციალური ინსტიტუტების წარმომადგენლების _ NDI-სა და IRI- ს მიერ წინასწარ ჩატარებული გამოკითხვები? ნოემბრიდან მოძღვრავენ საზოგადოებას.

_ «ქართული ოცნების» სახით სერიოზული ოპოზიციური ძალა შეიქმნა. რატომ დასჯერდებიან მეორე ადგილს?

_ სწორედ მათი მისამართით ითქვა უკვე _ როცა წააგებთ არჩევნებს, მიულოცეთ «ნაციონალებს» გამარჯვებაო. გახსოვთ, ალბათ, 2 წლის წინ ადგილობრივ არჩევნებში როგორ მიულოცა ალასანიამ უგულავას გამარჯვება. ოპოზიციისგან ასეთ რაღაცებს შევეჩვიეთ. «ოცნებისტებმა» ხომ უკვე განაცხადეს, რომ ისინი ითანამშრომლებენ «ნაციონალებთან»?!

ნურავის ეგონება, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული და გამოზრდილი ხელისუფლების დამარცხება ასე ადვილი იქნება.

_ არ არის აშშ დაინტერესებული, ახალი ძალა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში? ოპოზიცია ხომ გამუდმებით საუბრობს, სააკაშვილს საერთაშორისო ასპარეზზე უკვე საკმაოდ შელახული იმიჯი აქვსო

_ ამერიკას ხელს აძლევს სააკაშვილის ხელისუფლება. «ნაციონალები» მოახერხებენ უმრავლესობით შესვლას პარლამენტში, გაიყვანენ ასევე «ქრისტიან-დემოკრატებს» და შექმნიან ორ მესამედს. ივანიშვილიც შევა პარლამენტში, მაგრამ 15-20%-ით. «ნაციონალები» აირჩევენ დროებით პრემიერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე და, თავისი პარტიის უმრავლესობისავე თხოვნით, სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერის სავარძელში გადაჯდება. ეს არის ძალიან მარტივი, პრიმიტიული სცენარი. რის გაკეთება შეუძლია ამ დროს საზოგადოებას? ის უნდა გამოვიდეს ოპოზიციის დაძახებაზე, მაგრამ აი, ამერიკელი პოლიტოლოგი წინასწარ ეუბნება ოპოზიციას, რომ დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნებიო და დაუმტკიცე, რომ არ ჩატარებულა. 

არ ვიცი, რა სიმკაცრე ამოიკითხა ჰილარი კლინტონის სახეზე ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ მისი სიცილკისკისი და განცხადებები, რომ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ საქართველოში თურმე ამდენი რამ გაკეთდა, ნიშნავს, რომ სააკაშვილს არსად წასასვლელად არ ამზადებენ. არც ერთხელ არ უკითხავს ქალბატონ კლინტონს, ეს პატარა ქვეყანა ამ საოცრებებს რომ აშენებთ, ვინ აფინანსებს და რისთვის აშენებთო. რატომ სიღრმისეულად არ უყურებენ საკითხებს? ან როგორ შეიძლება 120 ათასიანმა ბათუმმა 5 მილიონი ტურისტი მიიღოს?

სულ ახლახან ერთმა უცხოელმა დიპლომატმა მითხრა, ჩვენი ქვეყანა 75-მილიონიანია, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევთ, ვთქვათ, რომ 2 მილიონ ტურისტს მივიღებთ და თქვენ 120-ათასიანი ბათუმით როგორ აპირებთ 5 მილიონი ტურისტის მიღებასო?! ამერიკელებს არ აინტერესებთ საქართველო და ქართველი ხალხი, მათ ინტერესში მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here