Home რუბრიკები პოლიტიკა ოლიგარქის «მარცხენა»

ოლიგარქის «მარცხენა»

552

კოალიცია «ქართული ოცნების» მიმართ კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პოლიტიკურმა დევნამ უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, ხოლო ჯარიმებმა ასტრონომიული თანხები შეადგინა. ერთგვარი ბედის ირონიაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგაც აფინანსებს ხელისუფლებას, რაც პოლიტიკაში მოსვლისა და მისი ოპონირების შესახებ განაცხადა. თანაც ეს დაფინანსება ხელისუფლებისთვის ახლა ბევრად უფრო კომფორტულია; თუ ადრე ივანიშვილი კონკრეტული საქმისთვის იხდიდა ფულს, ახლა ხელისუფლება ამ თანხას მისი კონტროლის გარეშე განკარგავს და, სავარაუდოა, რომ სწორედ არჩევნებში მის დასამარცხებლად გამოიყენებს.

ჯერ იყო და 2011 წლის ნოემბერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჩხერის საავადმყოფო 82 ათასი ლარით დააჯარიმა. საავადმყოფოს მედპერსონალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაჯარიმების შეტყობინების მიტანის შემდეგ განუცხადეს: «გაფინანსოთ ახლა ბიძინამ».

ეს ის საავადმყოფოა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა, მისივე დახმარებით მოხდა საავადმყოფოს რეაბილიტაცია და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

ეს 82 ათასი რომ ივანიშვილს ვერაფერს დააკლებდა, ცხადია, თუმცა მადა ჭამაში მოდის და, რაკი ხელისუფლებას ეს შარაგზის ყაჩაღობა გაუვიდა, მოთხოვნებიც გაეზარდა. ამ გაზრდილი მოთხოვნების მენეჯმენტს უფრო დახვეწილი მიდგომა სჭირდებოდა. თანხების «შეწერვას» ადგილობრივი ხელისუფლების იმედად ხომ ვერ დატოვებდნენ და მმართველმა პარტიამაც უმალ შექმნა ცენტრალიზებული სტრუქტურა კონტროლის პალატაში, სადაც პროკურატურის კურსგავლილი ნათია მოგელაძე მიავლინეს და მანქანაც ამუშავდა.

2012 წლის მარტში მოგელაძემ ფორმულით _ «თქვენ გელით (სიკვდილისგან ჯვარი სწერია) ჯარიმა» _ პირველი მსხვილი ჯარიმა ჩაახუტა ივანიშვილს – პირადად დააჯარიმა 2 მილიონ 726 ათასი ლარით. ეს იყო იმ თანხის ათმაგი ოდენობა, რომელიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია. კონტროლის პალატის ინფორმაციით, მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირის _ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი პირადი ანგარიშიდან «ქართულ ოცნების» პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე. დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენდა 406 ათას 525 ლარს.

«საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272 ათას 597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ «ქართული ოცნების» პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან», _ ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაჯარიმებამდე «ქართულ ოცნებაში» განმარტეს, რომ ეს თანხა ბიძინა ივანიშვილმა თავის პირად კონსულტანტებს გადაურიცხა კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე და რომ ამას არანაირი კავშირი არ ჰქონდა «ქართულ ოცნებასთან». თავად ბიძინა ივანიშვილმა კი 17 მარტს განაცხადა, რომ ხელისუფლება უკანონოდ კრებს კონტროლის პალატის მეშვეობით ფულს მისი კომპანიებიდან და ანგარიშებიდან. იმ მომენტისთვის 2 თვის განმავლობაში კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული სანქციების შედეგად ბიძინა ივანიშვილი და მისი კომპანიები ჯამში 7 მილიონამდე ლარით დაჯარიმდნენ.

მანამდე, 12 მარტს, მოგელაძემ «ქართუ ბანკი» 822 ათასი ლარით დააჯარიმა პარტიების შესახებ «კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე». ეს უკვე ფინანსური სანქციების გამოყენების მეორე შემთხვევა იყო, რაც ჯამში ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 მილიონ 422 ათასი ლარის გადახდას გულისხმობს. თებერვლის ბოლოს ივანიშვილთან დაკავშირებული პირები შემოწირულობის ათმაგი ოდენობით (600 ათასით) დაჯარიმდნენ. თუმცა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად შემოწირულობა არ განხორციელებულა.

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ «კორუფციული სქემის» მიხედვით, «ქართუ ბანკმა» თავის ორ თანამშრომელს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია _ 82 ათასი ლარი ამ თანხის საზოგადოებრივი მოძრაობა «ქართული ოცნებისთვის» შემდგომი გადარიცხვის მიზნით. შესაბამისი კომენტარები ბანკის ორივე თანამშრომელს ნაციონალური ტელევიზიებისთვის გააკეთებინეს, მათ აღნიშნეს, რომ არ აპირებდნენ თანხების «ქართული ოცნების» ანგარიშზე გადარიცხვას(!).

კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ «ქართუ ბანკის» თანამშრომელმა ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო 44 ათას 400 ლარი, ხოლო  ხუხუნეიშვილმა – 37 ათას 804 ლარი, თუმცა «შემდგომ მათ უარი განაცხადეს უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე».

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ კოალიციის აქტივისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით დღე-ღამის განმავლობაში კონტროლის პალატაში დასაკითხად იბარებდნენ, როგორც «ფინანსურ მაქინაციებში მონაწილე სამართალდამრღვევებს».

ერთი სიტყვით, მოგელაძემ ჯერ განხორციელებული შემოწირულობისთვის დააჯარიმა «მეოცნებეები», მერე კი _ განუხორციელებლისთვის. თუმცა რაკი მადა ჭამაში მოდის, მოგელაძემაც ფსონი თანდათან გაზარდა. დაჯარიმებას ერთხელ უკვე გადარჩენილი შპს «ელიტა ბურჯი» იმავე მარტში კონტროლის პალატამ მილიონ-ნახევარი დოლარით დააჯარიმა.

«ელიტა ბურჯი» ივანიშვილის «ბიზნესცენტრში» მოქმედი სამშენებლო საქმიანობით დაკავებული შპს-ა, რომელიც კონტროლის პალატამ «ივანიშვილთან თვალთმაქცურ გარიგებაში ამხილა». მაშინ კონტროლის პალატის განცხადებით, «ქართულმა ოცნებამ» შპს «ელიტა ბურჯთან» მოჩვენებითი გარიგება იმიტომ დადო, რომ პარტიების დაფინანსების კანონში დაწესებული შეზღუდვები თავიდან აეცილებია. საუბარია 2 მილიონ ლარზე, რომელიც «ქართულმა ოცნებამ» «ელიტა ბურჯს» ავეჯის დამზადებისთვის გადაურიცხა, მოგვიანებით კი ავეჯის დამზადება გადაიფიქრა და 100 ათასი ლარი შპს-ს უკან გადმოარიცხვინა. 3 დღეში ახალი ხელშეკრულების საფუძველზე შპს «ელიტა ბურჯმა» ქართულ ოცნებას კიდევ 1 მილიონი ლარი გადაურიცხა ანგარიშზე.

«ვთვლით (რას ერჩი, მივიჩნევთო, ხომ არ დაწერდნენ, ითვლიან და ესეც ჩათვალეს! – ნ.დ.), რომ სახეზეა მოჩვენებითი თვალთმაქცური გარიგების ნიშნები», _ განაცხადა მოგელაძემ და განმარტა, რომ «ელიტა ბურჯიც» ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და, შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსრულებელიც და შემსყიდველიც. ასე და ამდენად, 150 ათასად ღირებული «ქართული ოცნების» მაისურები «ელიტა ბურჯს» ათმაგი – მილიონ-ნახევარი დაუჯინეს.

მაისში ივანიშვილი კონტროლის პალატამ კიდევ 4 მილიონ 760 ათასი ლარით დააჯარიმა იმ მოტივით, რომ «მენეჯმენტ სერვისის», ოპოზიციური კოალიცია «ქართული ოცნების» ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან  ასოცირებული ერთერთი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება, მათ შორის ოფისების დაქირავება და მათი გარემონტება, «იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს». ამით ხელისუფლებამ ორი კურდღელი დაიჭირა: წინასაარჩევნოდ ქისაც შეივსო და «ქართული ოცნების» 60 ოფისის ფუნქციონირებას საფრთხეც შეუქმნა. «მენეჯმენტ სერვისის» შესაძლო გაკოტრება ამ ისტორიაში მხოლოდ ხურდაა.

ამ ჯარიმის ჩათვლით, 15 მაისისთვის მთლიანმა ფინანსურმა ჯარიმებმა, რომლებიც ივანიშვილსა და მასთან ასოცირებულ კომპანიებს თუ ინდივიდუალურ პირებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევის მოტივით დაეკისრათ, 11 მილიონ 380 ათასი ლარი შეადგინა.

 თუმცა ეს თანხა საცოდავად გამოიყურება იმასთან შედარებით, რაც 11 ივნისს «დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ» (მოსახლეობის 70% რომ «ენდობა») დააკისრა ივანიშვილს.

«ქართული ოცნების» ლიდერი კონტროლის პალატის კიდევ ერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე 22 მილიონ 430 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატამ პირადი ანგარიშიდან კომპანიების «ბურჯისა» და «ელიტა ბურჯის» რესურსების გამოყენებით «ქართული ოცნებისთვის» 239 ავტომობილის შეღავათებით მიქირავების ბრალდება წაუყენა.

იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი კიდევ 126 მილიონ 220 ათასი ლარით დაჯარიმდა. კონტროლის პალატის ინფორმაციით, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან «გლობალ კონსალტინგ გრუპის» რესურსის გამოყენებით, საარჩევნო მიზნებისთვის ათეულობით ათასი სატელიტური ანტენების მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ და მასობრივად დარიგების ფაქტებს, რომელიც მონიტორინგის სამსახურმა გამოავლინა. კონტროლის პალატის ინფორმაციით, ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა დაახლოებით 12 მილიონ 622 ათასი ლარის შემოწირულობა. ჯარიმამ ამ თანხის ათმაგი ოდენობა შეადგინა.

მთელ ამ ფინანსურ ბაკქანალიას, რომლის აღქმა რიგით ქართველ ამომრჩეველს საკუთარი სიღატაკის გამო უჭირს, ერთი დადებითი მხარე აქვს: ბიძინა ივანიშვილი რომ არ დააჯარიმონ, მაშინ ყველა ის ადამიანი უნდა დაჯარიმდეს, რომლებსაც «ქართულ ოცნებასთან» აქვს შეხება. აი, რას ამბობს პოლიტიკოსთა სექსუალური მომწიფებულობის აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადებით პოლიტიკაში შემოსული ადვოკატი არჩილ კბილაშვილი: «ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმეს იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის მეც, ხელფასის სახით გადაურიცხა თანხა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე  ვარ ადვოკატი. ვიცავ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ორი პროცესი: ერთი _ სასამართლო დავა, სადაც ვითხოვთ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენას, და მეორეადმინისტრაციული პროცესი, სადაც ვითხოვთ ბატონი ბიძინასთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებას. ორივე პროცესში მე მას ვუწევ სამართლებრივ მომსახურებას. უსასყიდლოდ უნდა გავუწიო ეს მომსახურება? არ უნდა გადამიხადოს მომსახურების საზღაური? რატომ უნდა გავუწიო ბატონ ბიძინას უფასო სამართლებრივი მომსახურება? გაჭირვებულთა ბაზაშია რეგისტრირებული თუ მორალური ვალდებულება მაკისრია რამე»?

ჟურნალისტის რეპლიკაზე _ «თუნდაც იმიტომ, რომ ის თქვენი პოლიტიკური ლიდერია», კბილაშვილი ბოლომდე ხსნის ფრჩხილებს: «არა, მე რომ ეს უსასყიდლოდ გავაკეთო, უკვე შემოტრიალდება სიტუაცია და გამოვა, რომ მე ვახორციელებ შემოწირულობას და ჩემს მომსახურებას მას უფასოდ ვაძლევ. მაშინ რა უნდა ვქნათ?» მაშინ რა უნდა ქნან და კბილაშვილს დააჯარიმებენ ივანიშვილის ნაცვლად, მაგრამ ეს, კბილაშვილის გარდა, არც ხელისუფლებას აძლევს ხელს _ აბა, სად კბილაშვილის ქისა და სად _ ივანიშვილისა?!

ბატონო ბიძინა! ხომ ხედავთ, თქვენ მიერ გაწეული ხარჯების გამო ხელისუფლებამ უკვე თითქმის 200 მილიონი ჩაიჯიბა. ნუღარ ხარჯავთ ფულს და ნუ აფინანსებთ იმ ხელისუფლებას, რომელსაც არჩევნებით უპირებთ გაშვებასისე მოგცემთ ხმას, უფასოდ!!! თქვენმა ადვოკატებმაც და თანამებრძოლებმაც მოითმინონ არჩევნებამდე და გაწეული სამსახურის საფასურს მერეც მიიღებენ. თუ მოიგებთ, ხომ _ თავისთავად, თუ არადა, დათა თუთაშხიასი არ იყოს, მოგჭამათ ჭირი იმ ფულებმა! სულ ცოტა, მეორე ადგილს ხომ აიღებთ და პარლამენტის მანდატები კი უნდა ღირდეს იმდენი, რომ დღეს თქვენივე გუნდმა ჯარიმებით არ ამდიდროს სააკაშვილი.

საბჭოთა დროს, როცა «ლევი» შემოსავალი მოდაში იყო, ერთი ასეთი ანეკდოტი დადიოდა: გუნდში მომღერალი დგას და პირს აღებს, ხმას კი არ გამოსცემს. – რას შვრებიო? _ ჰკითხა გვერდით მდგომმა. _ რა ვქნა, ჩემი «ლევი» ეგ არისო, _ უპასუხა კოლეგამ. თქვენც იეშმაკეთ ცოტა და თქვენი «ლევიც» ეგ იქნება, თორემ ასე, 200-200 მილიონით რამდენიმე მილიარდი ისე შემოეჭმევა სააკაშვილს, რომ არჩევნებში თქვენი გამარჯვების შემთხვევაშიც კი ვეღარც იმას გააკეთებთ, რასაც დღეს ამომრჩეველს ჰპირდებით.

ნანა დევდარიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here