Home რუბრიკები პოლიტიკა ქუთაისური მარში და ნაციონალური ინტელექტის გასაჭირი

ქუთაისური მარში და ნაციონალური ინტელექტის გასაჭირი

611

ბოლო წლებმა ერთი რამ ნამდვილად გვასწავლა: როდესაც სააკაშვილის პროპაგანდა, მისი მომხრეები, თანამეინახეები და თანამზრახველები ოპოზიციის მიტინგებზე მისული ადამიანების ნერვულ დათვლასა და ციფრებით მანიპულირებას იწყებენ, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება შეწუხებული და შეშინებულია. ცხადია, მათ შეუძლიათ თქვან, რომ ქუთაისში 10 ივნისს აქციაზე მხოლოდ 10 ადამიანი მივიდა, მაგრამ სრულიად საქართველომ, ერის, ბერის, მთავრობის, მხედრობის, ხალხის და ჯამაათის ჩათვლით, სავარაუდოდ, იცის, რომ ამ დღეს სააკაშვილმა დამამცირებელი მარცხი იწვნია.

ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს, რათა მასშტაბური აქციის ჩატარებისთვის ხელი შეეშალა. იყო ვადების გადატანა, საბავშვო ფესტივალის მეშვეობით მოედნის ერთთვიანი დაბლოკვის მცდელობა (ისე, ბავშვების ამოფარებას ზოგიერთი თავმოყვარე ტერორისტიც კი არ კადრულობს), დეზინფორმაციის გავრცელება, დაშინება, ისტერიკა და შანტაჟი. ამის მიუხედავად, ქუთაისში, ლამის ტროპიკული სიცხის პირობებში, გაიმართა აქცია, რომლის ანალოგს ეროვნული მოძრაობის პერიოდში თუ მოვძებნით (თუ არ ვცდები, განსაკუთრებით შთამბეჭდავი მიტინგი ქუთაისში მერაბ კოსტავამ ჩაატარა). საერთოდ კი, ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე «არასამიტინგო» ქალაქია, ხოლო იმერეთში ხელისუფლების კონტროლი საზოგადოებაზე გაცილებით დამთრგუნველია, ვიდრე თბილისში; თუმცა დაშინების ტაქტიკა ამჯერად არაეფექტური გამოდგა, რაც ძალზე სიმპტომატურია.

ბოლო დროს სააკაშვილი ამ რეგიონისთვის დაპირებებს ნამდვილად არ იშურებდა. ეს გასაგებიცაა: მას შემდეგ, რაც მასა და ოპოზიციურ თბილისს შორის «ცივი ომი» დაიწყო, «ნაცმოძრაობის» ბელადს დასჭირდა საყრდენი ქალაქი და რეგიონი, რომელსაც «მიშიზმის» ერთგვარ ბუდედ გადააქცევდა. იმერეთმა მის მრავალთვიან ძალისხმევას 10 ივნისის აქციაზე გასვლით უპასუხა და სააკაშვილის პიროვნული დამცირების ელემენტი ყოველივე ამაში ნამდვილად იყო, თითქოსდა ის, თავისი ტრიბუნით და ფერადი ბუშტებით, გვერდზე გაწიეს, ხელი ჰკრეს ან სულაც სილა გააწნეს. თქმული, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი იმერეთში ხმების 100%-ს აიღებს, თუმცა აშკარა გახდა, რომ იქ სააკაშვილის პოზიციები დამაჯერებელი ნამდვილად არ არის. თუ «ქართული ოცნება» ასეთ მასშტაბურ აქციებს სხვა ქალაქებშიც გამართავს (და «წარმატებისგან თავბრუსხვევა» არ დაეწყება), მითი რეგიონების მიერ სააკაშვილის მხარდაჭერის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრევა.

«ქართული ოცნების» რეგიონული მარშის ფსიქოლოგიურ შემადგენელზე საუბრისას, ყურადღებას, როგორც წესი, რეგიონებში შიშის დაძლევაზე ვამახვილებთ, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. პირველად სააკაშვილის მმართველობის წლებში ოპოზიციური თბილისი დარწმუნდა, რომ ის არ არის მარტო, როგორც გვარდია ვატერლოოს ბრძოლის დასკვნით ეტაპზე და ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ამ მეტაფორის ფარგლებში საუბარი დიდხანს შეიძლება: ოპოზიციური თბილისი, როგორც გვარდია, რომელსაც ალყა შემოარტყეს, რიგები გაუნახევრეს, სისხლისგან დაცალეს, მაგრამ მან ბრძოლის ველიდან ფეხი მაინც არ მოიცვალა და ჯიუტად იმეორებდა: «გვარდია არ ნებდება». თუ მისი წინააღმდეგობის გატეხვას შეძლებდა, სააკაშვილი გაიმარჯვებდა და მრავალწლიან მმართველობას გაინაღდებდა კიდეც, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. ის ადამიანები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობთ, სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ რაიმე განსაკუთრებულ სარგებელს (სახელისუფლო გაგებით), სავარაუდოდ, ვერ ნახავენ. ჯილდოებისა და პოლიტიკური «ნადავლის» უდიდესი ნაწილი ოპოზიციაში ბოლო მომენტში გადმოსკუპებულ, «ცხოვრების მოწყობაში» ფრიად გაწაფულ ყოფილ «მიშისტებს» და მათთან გათანაბრებულ «ნეიტრალებს» შეხვდება. ბევრისთვის ერთადერთ ჯილდოდ მხოლოდ იმის განცდა დარჩება, რომ «იყო იქ, სადაც ქვეყნის ბედი გადაწყდა» და იმ ერთობის ნაწილი გახლდათ, რომელსაც, პირობითად, «გვარდია» ვუწოდეთ, თუმცა ამაყი ადამიანები ასეთ ჯილდოებს არანაირ მატერიალურ სარგებელზე არ ცვლიან.

მოკლედ, ოპოზიციურმა თბილისმა დაინახა, რომ ბრძოლის ველზე დამხმარე ძალა გამოჩნდა, რასაც ნაპოლეონის გვარდია ვატერლოოსთან ვერ ეღირსა და ეს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის ეფექტი, რომელიც აქციამ საკუთრივ იმერეთში მოახდინა.

მმართველმა ძალამ ამ პერიოდში თითქოსდა დაივიწყა საკუთარი კამპანია, დაკარგა საკუთარი «მე» და მხოლოდ ივანიშვილის აქციის ტორპედირებით, მისი (ან მისი თანამოაზრეების) განცხადებების კომენტირებით და მათთვის პრობლემების შექმნით დაკავდა. ეს კი ინიციატივის დაკარგვაზე მიანიშნებს, როდესაც ერთ-ერთი მხარე ოპონენტზე პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება და მის ნაბიჯებზე  რეაგირების გარდა არაფერს აკეთებს. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა გაიჟღეროს, ხელისუფლება თითქოსდა «ივანიშვილის ოპოზიცია გახდა» (თანაც მეტად დესტრუქციული ოპოზიცია) და ამ როლის იქით ვეღარაფერს ხედავს.

სადაა პროაქტიური ნაბიჯები _ ოპონენტის ჩათრევა საკუთარ თამაშში? სიცოცხლისუნარიანი, პოზიტიური იდეები, რომელთაც კამპანია დაეფუძნება? კრეატივი და, ბოდიში უადგილო ხუმრობისთვის, ნაციონალური ინტელექტი მთელ მის შემზარავ ბრწყინვალებაში? არადა, ყველასთვის ცხადია, რომ სააკაშვილის უსასრულო ტელემონოლოგები (შექსპირი მაინც წაგვიკითხოს, ეს გაცილებით ორიგინალური და შინაარსიანი იქნება) და ხელისუფალთა დახურული შეხვედრები რესტორნებში სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებთან (ისე გულმოდგინედ იმალებიან, თითქოს საქმე რაღაც საიდუმლო სექტის, მაგალითად, «აუმ სინრიკეს» შეკრებებს ეხებოდეს) სიტუაციაში გარდატეხას ვერ შეიტანს.

როგორც ჩანს, ძია სემის გარეშე ეს ადამიანები საკუთარი თასმების შეკვრასაც ვერ ახერხებენ, ურთულესი საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე რომ არაფერი ვთქვათ. საეჭვოდ გაღიმებული ძია სემი კი ამჯერად განზე გადგა და მის ქცევას, ალბათ, გარკვეული ყურადღება უნდა დავუთმოთ.

საქართველოში ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ ქართველი კომენტატორების ნაწილმა, ტრადიციისამებრ, მოაწყო პატარა საბავშვო ბაღი და მორთო ქვითინი იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრმა სახლმა სააკაშვილს წინასწარ «გაუპრავა» არჩევნების გაყალბება, ხელისუფლებაში დარჩენაზე «მწვანე აუნთო», «წითელი ჩაუქრო» და ა. შ. სახელმწიფო მდივნის ზოგიერთი ფრაზის გარშემო ნამდვილი კონსპიროლოგიური შაბაში გაიმართა, რომელმაც სრულად დაჩრდილა ერთი მარტივი და სავსებით ლოგიკური აზრი იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მთავარია სააკაშვილის არჩევნებამდე მიყვანა, ისე, რომ მან არ დაიწყოს ოპოზიციის განადგურება, ან სულაც, ახალი ომი, არ ჩაიდინოს არაფერი ისეთი, რაც მასშტაბური დესტაბილიზაციით დასრულდება. დღეს ვაშინგტონისთვის მთავარი, სავარაუდოდ, სწორედ ესაა; აქედან გამომდინარე მისთვის, იდეაში, მისაღები უნდა იყოს ყველაფერი, რაც ამ მიზნის მიღწევას ემსახურება: ღიმილიც, კომპლიმენტიც, დაიმედებაც, რეიტინგების «დამრგვალებაც» და კარგად შეფუთული ტყუილიც კი. ხომ არ გეჩვენებათ, რომ სააკაშვილს ბანალურად აბაიბურებენ, რათა ქვეყანამ არჩევნებამდე მშვიდობიანად მიაღწიოს?

პირდაპირი პარალელების გავლება «ვარდების რევოლუციის» წინარე პერიოდთან გაგვიჭირდება, რადგან ედუარდ შევარდნაძე სრულად აცნობიერებდა, საით მიდიოდა პროცესები, თუმცა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაშინ თბილისში ჩამოსული ჯეიმს ბეიკერი (სახელმწიფო მდივანი აღარ იყო, მაგრამ არჩევნების წინ მნიშვნელოვანი მისია შეასრულა) საქართველოს პრეზიდენტს არა «საზიზღარ დიქტატორს», არამედ «დიდ დემოკრატს», «რეფორმატორს» და თავის «ძვირფას მეგობარს» უწოდებდა. რაღას ვერჩით ჰილარი კლინტონს?

საგულისხმოა, რომ მისი ვიზიტის დასრულებისთანავე სააკაშვილის აპოლოგეტებმა დაიწყეს ძალიან ცუდად შენიღბული საუბარი იმაზე, რომ ვაშინგტონმა მათ ბელადს ხელები გაუხსნა (ახალი რუსული გამონათქვამის არ იყოს, «ნურგალიევ რაზრეშილ!»), კვლავ გააქტიურდა კონტროლის პალატა და აფართხალდა მარაზმის უკანასკნელ სტადიამდე მისული პროპაგანდა. ყოველივე ამის მიზანი, სავარაუდოდ, ხელისუფლების მომხრეებში გამარჯვების რწმენის, ხოლო მოწინააღმდეგეებში უიმედობის გაღვივება იყო. თუმცა დაყრდნობა პოსტულატზე «რახან კლინტონმა თქვა (და რა თქვა ისეთი?), ესე იგი ასე იქნება», ერთის მხრივ, ღრმა ინტელექტუალურ კრიზისზე მიუთითებს, მეორე მხრივ კი, იმაზე, რომ ხელისუფლება ძალიან ცუდად იცნობს იმ ხალხის ფსიქოლოგიას, რომელსაც მართავს. შემდეგ ჩატარდა ქუთაისის აქცია, რომელმაც ეს საუბრები მეორე პლანზე ჩააჩოჩა. რაც შეეხება კონტროლის პალატის მორიგ ფრონტალურ შეტევას «ქართულ ოცნებაზე”«, თავს უფლებას მივცემ, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ის, მაქსიმუმ თვის ბოლომდე გაგრძელდება; უცხოელი დიპლომატებისა და არასამთავრობოების ჩარევა სიტუაციას მნიშვნელოვნად გამოასწორებს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა. 

ვინაიდან ინტელექტუალური კრიზისი უკვე მეორედ ვახსენეთ, ალბათ, მიზანშეწონილია ორიოდე წუთი «ნაცინტელექტზე» საუბარს დავუთმოთ. ნებისმიერი რევოლუციის (გადატრიალების) ისტორიის დაკვირვება, ძალზე საინტერესოა შემდეგი რაკურსით: როგორ (რამდენად, რა მიმართულებით) ვითარდებიან ადამიანები, რომლებიც ელიტაში «ქუჩიდან» მოხვდნენ? იზრდებიან თუ რა ისინი, იღრმავებენ თუ არა ცოდნას თუ ძალაუფლებით ტკბობის იქით ვეღარ მიდიან? საოცარ მაგალითებს, ამ მხრივ, ფრანგული რევოლუცია გვაძლევს, ხოლო გერმანელი ნაცისტების შემთხვევაში სიტუაცია შეუდარებლად მძიმეა.

ქართველი «ნაციონალები», როგორც ჩანს, საერთოდ ვერ განვითარდნენ; აშკარაა, რომ მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ პატივისცემას იმსახურებენ, როგორც მამაცი მეომრები ან დახვეწილი ინტელექტუალები და, შესაბამისად, ელიტაში მათი დატოვების აუცილებლობა ყოვლისმომცველი ეჭვის ქვეშ დადგა. სასათბურე პირობებმა, ჯანსაღი კონკურენციის ფაქტობრივი არარსებობით, რომელიც ძია სემმა მათ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ შეუქმნა, ამ მხრივ, ნეგატიური როლი შეასრულეს. ჩვენ, ალბათ, არერთგზის მოგვისმენია, ნაცნობი «ნაციონალი» პოლიტიკოსების შემდეგი დახასიათება «რაც იყო, იგივე დარჩა», რაც (8-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ) სხვა არაფერია, თუ არა საბოლოო განაჩენი. თუ ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ მათი უმრავლესობის 8 წლის წინანდელ გამოსვლებს, წერილებს (კინაღამ «სამეცნიერო ნაშრომებს» მივაყოლე), ალბათ, აღმოვაჩენთ, რომ ეს აბსოლუტურად იგივე დონეა, ხშირ შემთხვევაში, დეგრადაციის აშკარა ნიშნებით. შეიძლება ითქვას, რომ მათმა უმრავლესობამ, პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, დაკარგა, გაფლანგა ეს წლები ან, უბრალოდ, საკუთარი მოოქროვილი საღორის მოწყობას მოახმარა.  

რას გვეუბნებიან დღეს, როდესაც მათი მდგომარეობა გართულდა და, იდეაში, განსაკუთრებულ გონივრულობას უნდა ავლენდნენ: «კლინტონმა თქვა, რომ ხელისუფლებაში უნდა დავრჩეთ»? «ხელისუფლებაში თუ არ დაგვტოვებთ, ყველას დაგხოცავთ»? (არსებითად ეს არის, შეფუთვას მნიშვნელობა არ აქვს). ეს ძალზე სუსტი არგუმენტებია, თუმცა მეტს, როგორც ჩანს, «ვეღარ ქაჩავენ». სინამდვილეში კი, ყველაფერი მარტივია: თუ თავის დროზე არ ჩათვლიდნენ, რომ «თავი ქუდში აქვთ», ისწავლიდნენ და განვითარდებოდნენ, ასეთ დღეში არ ჩავარდებოდნენ, თუმცა ახლა ამ თემაზე საუბარს აზრი, ალბათ, უკვე აღარ აქვს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here