Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი ომი გარდაუვალია

ახალი ომი გარდაუვალია

682

დღევანდელი მსოფლიო ერთი საერთო თვისებით ხასიათდება _ არასტაბილურობით: არ მშვიდდება ახლო აღმოსავლეთი, ბობოქრობს ევროპა, აშშ და ისრაელი ირანს თავდასხმით ემუქრებიან, ჩინეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. რას უნდა ველოდოთ? «თავისუფალი პრესის» ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს რუსეთის ფედერაციაში იუგოსლავიის ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუგოსლავიის უკანასკნელი პრეზიდენტის _ სლობოდან მილოშევიჩის ძმა ბორისლავ მილოშევიჩი.

_ ევროპით დავიწყოთ.

_ ევროკავშირის შესაძლო დაშლის ნიშნები სახეზეა. კავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში კრიზისია. ეს არის საბერძნეთი, პორტუგალია, აგრეთვე, ესპანეთი, იტალია, პლიუს პრაქტიკულად მთელი «ახალი ევროპა», კერძოდ, ბულგარეთი, რუმინეთი, ბალტიისპირა ქვეყნები. თავის დროზე ეს «ახალი ევროპა» საჩქაროდ შეიყვანეს ევროკავშირში, რასაც საფუძვლად კონკრეტული მიზეზები ედო _ რაც შეიძლება მალე ხელთ ეგდოთ ის, რაც უწინ სსრ კავშირის გავლენის სფეროს მიეკუთვნებოდა. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი: ევროკავშირში შესვლისთანავე დაიწყო ამ ქვეყნების დეგრადაცია.

სავსებით შესაძლებელია, რომ ახლო მომავალში ზოგიერთმა ამ ქვეყანამ დატოვოს ევროპული გაერთიანება. ყოველ შემთხვევაში, ამ კავშირის «პირველი ვიოლინო» _ გერმანია სწორედ ამითაა დაინტერესებული. აი, ამერიკა _ არც თუ ძალიან.

_ შეძლებს აშშ უახლოეს წლებში შეინარჩუნოს გლობალური დომინირება?

_ საერთაშორისო ურთიერთობათა ორპოლუსიანი სისტემის კრახის შემდეგ ამ სახელმწიფომ დაიწყო «ახალი მსოფლიო წესრიგის» შექმნა იმპერიული პოლიტიკის განხორციელების გზით. «დემოკრატიის მთავარი იმპორტიორი» თავისი წესისა და რიგის დამყარებას ცდილობს, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში, რისთვისაც აქტიურად იყენებს თავის მოკავშირეებს, მაგალითად, საუდის არაბეთს, და სხვადასხვა რეგიონულ ფაქტორებს. აშკარა ხდება თურქეთის გააქტიურება ამ მიმართულებით _ ოტომანთა ყოფილ იმპერიაში თავისი გავლენის აღსადგენად. ეს აშკარად ჩანს ბალკანეთშიც, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში _  სადაც, როგორც ტერიტორიაზე,  თურქეთის გავლენაა გასაძლიერებელი, დაუფარავად ლაპარაკობენ თურქეთის მაღალი რანგის მოღვაწენი.

მიუხედავად ამისა, აშშ კრიზისშია. ბევრ საკითხში აშკარად გამოვლინდა მისი სისუსტე. მძიმე პრობლემები დაუგროვდა შიდა პოლიტიკაში. სიძნელეებია ფინანსებში _ გახსოვთ, როგორ გაურთულდათ სახელმწიფო ვალის თამასის აწევა? არადა, ეს უდიდესი ვალია: 14 ტრილიონი მარტო ფედერალური ვალია (თანაც იგი გამუდმებით მატულობს), რასაც ვერასოდეს გაისტუმრებენ. ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ «ამერიკა უკვე ის არ არის», ყოველ შემთხვევაში, მორალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მსოფლიო ურთულესი სიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზთაგანია.

თავისთავად ცხადია, რომ მსოფლიო ბატონობის მცდელობა, რომელსაც აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად განახორციელებს, ძალიან საშიშია. მართალია, იგი გადამწყვეტად ვერ იმოქმედებს რუსეთსა და ჩინეთზე, მაგრამ ეს «ახალი» იმპერიალიზმი ემუქრება საერთაშორისო სტაბილურობას და ამრავლებს პრობლემებს დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ხვალ შეიძლება დაიწყოს ახალი დაპყრობითი ომები, თანაც არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, არამედ ირანშიც, რომლის წინააღმდეგ დარტყმა ამერიკის მხრიდან პრაქტიკულად გარდაუვალია… ანუ ახალი ომები გარდაუვალი მეჩვენება.

სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის დაწყების კვირაძალს გვაგონებს, რომელსაც უაღრესად სერიოზულად და უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ეს ეხება რუსეთსაც. საჭიროა, წინ აღვუდგეთ მსოფლიო ბატონობის ამერიკულ პოლიტიკას. წინააღმდეგობა პოლიტიკური უნდა იყოს, მაგრამ _ უაღრესად ენერგიული, ყველა დამოუკიდებელი ქვეყნის მონაწილეობით, ვითარება თავისთავად არ განიმუხტება.

_ შეგიძლიათ გაავლოთ პარალელი 1999 წლის იუგოსლავიის მოვლენებსა და 2011 წლის ლიბიის მოვლენებს შორის?

_ ანგარიშის გასწორება ლიბიასთან ამერიკა-ნატოს ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელია. ქვეყანა განადგურებულია, მისი ლიდერი მხეცურადაა მოკლული, რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელობა კი ძალაუფლებას ნატოს ხიშტების წყალობით ინარჩუნებს. ამ ბინძურ ისტორიაში თავი ისახელეს ევროპაში ამერიკის ვასალებმა, ყველაზე მეტად _ საფრანგეთმა.

დამაფიქრებელია, რომ ამ არამზადობას მსოფლიო უსულგულოდ ადევნებდა თვალს, ისევე, როგორც ეს იუგოსლავიის შემთხვევაში იყო. სწორედ ესაა, ჩემი აზრით, ძირითადი მსგავსება, რაც დიდად სამწუხაროა.

ვინაა შემდეგი? ახლო აღმოსავლეთის «რევოლუციების» უხილავი ჩრდილი პოსტსაბჭოთა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს ეფინება, აგრეთვე, ამიერკავკასიას. ეს ქვეყნები ხვალ შეიძლება გახდეს ირანზე, მომავალში კი, ამას ვერ გამოვრიცხავთ, რუსეთზე თავდასხმის პლაცდარმი.

თითქმის 10 წლის წინათ, 2002 წელს, აშშ-ში შეიმუშავეს «დიდი ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციის» ე. წ. დოქტრინა. «დიდისა» იმიტომ, რომ აშშ-მა აქ ჩართო ავღანეთი და პაკისტანი. ამერიკელები ამბობენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორი მათ მიწაზე მოვიდა, და ამიტომ იგი გადატანილი უნდა იქნას იქ, სადაც იშვა. ეს «დოქტრინა» იმპერიული პოლიტიკის იდეოლოგიური დასაბუთებისა და გამართლების მცდელობაა.

ამ ამერიკულ «დოქტრინაში» ნახსენები არ არის უმთავრესი _ ენერგეტიკული რესურსები, ახლო აღმოსავლეთის ნავთობი, თხევადი ნახშირწყლების გადაზიდვის მაგისტრალები, მოკლედ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სივრცე, რომლის სრული გაკონტროლება სურთ ამერიკელებს. ეს სურვილი არის მათი პოლიტიკის ძრავა.

ბჟეზინსკის, ოლბრაიტს, მაკკეინს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთი ფლობს უთვალავ სიმდიდრეს, რომელიც სხვებმაც უნდა გაინაწილონ. მაკკეინმა ისიც კი თქვა, რომ ლიბიელი ამბოხებულების მაგალითმა უნდა აღაფრთოვანოს რუსეთი და ჩინეთი! ასე რომ, რუსეთის დანაწევრების, მის სიმდიდრეთა დაუფლების სურვილი სახეზეა. თუ რუსეთი არ გადაწყვეტს თავის დემოგრაფიულ პრობლემებს, თუ არ განავითარებს მეცნიერებას, მრეწველობას, თუ შეასუსტებს თავდაცვისუნარიანობას, დააკნინებს სამხედრო პოტენციალს (ასეთი ტენდენციები კი შეიმჩნევა), ვერ გამორიცხავს მისი უზარმაზარი ტერიტორიის გადანაწილებას.

ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს: 90-იან წლებში განცხადებული მსოფლიო ახალი წესრიგი არის მსოფლიო ბატონობის, მსოფლიო პროცესებისა და რესურსების, უწინარესად, ენერგეტიკული რესურსების მართვის კურსი. ასეთ პოლიტიკას წინ უნდა აღვუდგეთ!..

_ რუსეთს ტრადიციულად გამოარჩევდა თბილი დამოკიდებულება სერბებისადმი. როგორ აფასებთ რუსეთის დღევანდელ პოლიტიკას სერბეთის მიმართ?

_ მე ისეთ სიტყვებს გამოვიყენებდი, როგორიცაა «დახმარება» და «მოკავშირეობა»… მაგრამ ზოგჯერ ყალიბდება ისეთი სიტუაციები, როცა გინდა, რომ რუსები იყვნენ «უფრო მეტად სერბები», როცა სასურველია, რომ მათ აღიმაღლონ ხმა კოსოვოს ჩრდილოეთის სერბების დასაცავად. ამჟამად ამ პატარა რეგიონში გლობალური ინტერესები უპირისპირდება ერთმანეთს. საკითხებიც გლობალური დგება: საერთაშორისო სამართლიანობის დაცვა, იმ ხალხის ადამიანის უფლებათა დაცვა, რომელიც საკუთარ მიწაზე გადაშენების საშიშროების წინაშე დგას…

_ როგორ გესახებათ რუსეთის მომავალი?

_ ამჟამად რუსეთის წინაშე სერიოზული პრობლემები დგას. უპირველესად, სახელმწიფომ უნდა დაძლიოს ურთულესი დემოგრაფიული კრიზისი. თუ რუსეთი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, თუ არ აღკვეთს მეცნიერებისა და მრეწველობის დაცემას, თუ ვესტერნიზაციიდან მეურნეობის ნამდვილ ეროვნულ მოდერნიზაციაზე არ გადავა, თუ არ განამტკიცებს თავის ისტორიულ იდეალებს, არ შეინარჩუნებს თავის ცივილიზაციას და არ დაუშვებს მის ჩანაცვლებას სხვა ცივილიზაციით, იგი თავს ვერ დააღწევს თავისი უზარმაზარი ტერიტორიის გადანაწილებას. ამ სივრცეებს მისჩერებიან ისინი, ვინაც რუსი ხალხის სიმდიდრე «საყოველთაო საკუთრებად» გამოაცხადეს.

მე არ მჯერა «რუსეთის დაღუპვის» პროგნოზების, მაგრამ დიდი შრომა მოუწევთ როგორც უბრალო მოქალაქეებს, ასევე ხელისუფლებას, რათა მოიპოვონ სრულფასოვანი ცხოვრების უფლება _ როგორც პირადი, ისე სამოქალაქო, თანამედროვეობის ყველა სიძნელისა და საფრთხის მიუხედავად.

 

1 COMMENT

  1. რუსეთი დაიშლება და აუცილებლად,ეს მართლა ბოროტების და სიყალბის იმპერია,რასაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენათ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კობა777 Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here