Home რუბრიკები საზოგადოება მურმან ნაჭყებია: გინდათ ჩვენი ხმები? _ დადეთ სამოქმედო გეგმა!

მურმან ნაჭყებია: გინდათ ჩვენი ხმები? _ დადეთ სამოქმედო გეგმა!

775

არასამთავრობო საზოგადოებრივი ორგანიზაცია «ზუგდიდელი» იმიტომ შეიქმნა და არსებობს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ზუგდიდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გვესაუბრება საზოგადოება «ზუგდიდელის» თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი მურმან ნაჭყებია.

_ ბატონო მურმან, საზოგადოება «ზუგდიდელი» არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ვიცი, თქვენ თავს არიდებთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და როგორ ფიქრობთ, ჩატარდება ის დემოკრატიულად?

_ მიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს არჩევნები  ჩატარდეს ნორმალურად, დემოკრატიულად. ქართველ ხალხს უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვროს, ვის მისცემს ხმას.

_ მალე რეგიონებში ჩამოვლენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, დაიწყება საარჩევნო კამპანია. რა ძირითადი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ მათ?

_ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებს უნდა გააცნონ თავიანთი რეალური სამოქმედო გეგმები. ეს გეგმები არ უნდა იყოს ზოგადი, არამედ დეტალური, ცალკეული რეგიონების მიხედვით: რომელ რეგიონში რას ენიჭება უპირატესობა, რა უნდა განვითარდეს… არჩევნებში ეს იქნება მათთვის წარმატების გარანტი. ასე რომ, მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: გინდათ ჩვენი ხმები? _ დადეთ სამოქმედო გეგმა! უნდა იყოს ურთიერთპასუხისმგებლობა ამომრჩეველსა და არჩეულს შორის ერისა და ქვეყნის წინაშე, რათა ჩვენს ცნობიერებაში ამოიძირკვოს ურთიერთგადაბრალების პოლიტიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და კადრებს უნდა გავუფრთხილდეთ. ქართული ინტელექტი _ ეს ჩვენი უდიდესი საგანძურია, ამიტომაც, თუ ადამიანს ხელისუფლებისგან განსხვავებული ხედვა გააჩნია და თუ ეს ხედვა არის ქვეყნისთვის სასარგებლო, არ შეიძლება მისი უგულებელყოფა და უნდა მიეცეს რეალიზაციის უფლება. ასეთი პიროვნებაა ალექსანდრე ჭაჭია. მე გულდასმით გავეცანი თქვენს გაზეთში მასთან ინტერვიუს და ძალიან ვწუხვარ, რომ პირადად არ ვიცნობ. თითქმის ყველა მის მოსაზრებას ვეთანხმები, ეს იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობა, რუსეთთან ურთიერთობა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თუ სხვა რამ. მისი, როგორც ქვეყნის პატრიოტის, რჩევები აუცილებლად გასათვალისწინებელი და მისაღებია.

ჩვენ რეალობას ვერსად გავექცევით, გვინდა თუ არა, აუცლებლად უნდა აღდგეს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, ხოლო ნატოსთან ურთიერთობისას კი აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული დამოკიდებულება საქართველოსა და რუსეთს შორის. ასევე არც ევრაზიული კავშირი არ უნდა განიხილებოდეს ნეგატიურ კონტექსტში.

_ სამეგრელოს, განსაკუთრებით ზუგდიდს, ქართულაფხაზური ურთიერთობის მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. რა კეთდება ამ მხრივ თქვენს საზოგადოებაში?

_ სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის იყო ისტორიულად ჩამოყალიბებული, მათთვის დამახასიათებელი ძიძიშვილობა, მორდუობა, ძმური, ნათესაური და უღალატო მეზობლური ურთიერთობის მტკიცე ხიდი. სამწუხაროდ, ორივეს მხრიდან მოუქნელმა, ხისტმა, მე ვიტყოდი, ახლომხედველურმა პოლიტიკამ ეს ხიდი ჩატეხა. ამიტომაც, უპირველესად, ორ მოძმე ხალხს შორის ურთიერთობის აღდგენაა საჭირო. უნდა მივაღწიოთ დიალოგის დაწყებას აფხაზებთან ყოველგვარი შუამავლობის გარეშე.

_ ბატონო მურმან, მოდით იმ სოციალურეკონომიკურ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია სამეგრელოსთვის

_ უპირველესად, უნდა განვითარდეს აგროსექტორი: ჩაის წარმოება, ხილის დამზადება-გადამუშავება _ ამის ადგილობრივი რესურსი ჩვენ გაგვაჩნია. სოფლებში უნდა მოხდეს  ფერმერული მეურნეობის, მემარცვლეობის, მეცხოველეობის კოოპერირება და აქედან გამომდინარე, _ რძისა და ხორცის წარმოება. ზუგდიდი მცირემიწიანი რაიონია, ამიტომ საჭიროა მიწის რაციონალურად გამოყენება. ერთ მაგალითს მოგახსენებთ: სოფელ ორსანტიაში ცხოვრობს ერთი ჩვეულებრივი გლეხი ვალერი მოხვაში. მას ერთ ჰექტარზე გაშენებული აქვს თხილის პლანტაცია, ცოლიკაურის ჯიშის ვენახი, მოჰყავს სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული; ჰყავს ძროხები, ღორები, ქათმები და იხვები და ამით ის ქმნის ოჯახის ბიუჯეტს. ასე უნდა მოიქცეს ყველა, თითოეული გლეხი უნდა ეცადოს, შექმნას თავისი ოჯახის ბიუჯეტი, მაგრამ რატომღაც გლეხობა ამ პრინციპს არ მისდევს.

დღევანდელ გლეხს აკლია მზრუნველობა სახელმწიფოსგან, არ აქვს ხელმისაწვდომი კრედიტები, მაგრამ მათ შრომისმოყვარეობასა და ინტელექტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ყველამ რატომღაც ორიენტაცია აიღო თხილზე. ყველგან თხილს რგავენ და დანარჩენი სასოფლო-სამეურნეო კულტურები დაივიწყეს. არადა, მარტო თხილით ოჯახის ბიუჯეტს ვერ შეავსებ. გლეხმა უარი უთხრა მემარცვლეობას, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული მეცხოველეობა-მეფრინველეობა, თხილი კი ხან არის მოსავლიანი, ხან არა და ეს თხილიც ბევრს კიდევ წინასწარ აქვს გაყიდული. ყოველივე ამის გამო ბაზარი გაძვირდა. აუცილებელია შიდა ბაზრის ადგილობრივი პროდუქტებით გაჯერება.

ესაუბრა ლადო ქირია,

ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here