Home რუბრიკები პოლიტიკა გურამ ოდიშარია: «ნაციონალებისგან» განსხვავებით, ჩვენი ლიდერი არასდროს ამბობს იმას, რასაც არ გააკეთებს

გურამ ოდიშარია: «ნაციონალებისგან» განსხვავებით, ჩვენი ლიდერი არასდროს ამბობს იმას, რასაც არ გააკეთებს

567

დაარწმუნა თუ არა «ქართული ოცნების» ლიდერები 27 მაისს მათ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხის სიმრავლემ  გამარჯვებაში და როგორ აპირებენ მოქმედებას, რას ფიქრობს მიმდინარე მოვლენებსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მწერალი და «ქართული ოცნების» პოლიტსაბჭოს წევრი გურამ ოდიშარია, რომელიც წლების მანძილზე, სახალხო დიპლომატიის ეგიდით, აფხაზ და ოს მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ახლახან კი მისი ინიციატივით გამოსული ერთობლივი ლიტერატურულ-პუბლიცისტური ალმანახის «სამხრეთ კავკასია» მეორე ნომრის პრეზენტაციაც გაიმართა.

_ 27 მაისს უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი «ქართულ ოცნებას”აკრიტიკებდა კიდეც, რომ ხალხი დასათვლელად შეკრიბეთ…

_ არ არის ასე. ჩვენ გვინდოდა, ხალხის განწყობა დაგვენახა. როცა ხელისუფლება არავის უსმენს, როგორც წესი, ასეთ ქმედებებს მოჰყვება ხოლმე რადიკალიზმი, რევოლუციები. პოლიტიკურ არენაზე ნაჯახიანი ხალხი გამოდის, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ ხელისუფლება მოიშოროს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. 27 მაისის აქციაზე კი ბოროტად განწყობილი, გაბრაზებული ხალხი არ ყოფილა. ხელისუფლებამ რეალობის შეგრძნება მას შემდეგ დაკარგა, რაც საკუთარ ხალხთან დიალოგზე უარი თქვა. ქვეყანაში არის ერთი ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ, რაც უნდა, იმას გააკეთებს, ხოლო საზოგადოების აზრი უგულებელყოფილია.

_ მაგრამ მშვიდობიანი გზით როგორ მოახერხებთ, არჩევნებში დაამარცხოთ ხელისუფლება, რომელიც ამ ეტაპზე მეტ რესურსს ფლობს? მაგალთად, ჩვენთან საუბარში პარლამენტარმა გოკა გაბაშვილმაც განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან, ვინაიდან «ნაციონალურ მოძრაობას», ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით, რეალისტური და კარგი პროგრამა აქვს და ისინი ხალხის ამაში დარწმუნებასაც შეძლებენ. თქვენც ასევე ხართ დარწმუნებული გამარჯვებაში და რას შესთავაზებთ ამომრჩეველს მათგან განსხვავებულს?

_ არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას გეგმავს, ოთხი-ხუთი თვით ადრე არ დაიწყებს პოლიტიკური გზავნილების გახმოვანებას. მითუმეტეს, ჩვენი რამდენიმე ინიციატივა ხელისუფლებამ უკვე მიითვისა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეულიო, ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივა მიითვისა. საარსებო მინიმუმზეც იგივე მოხდა, მაგრამ «ნაციონალებისგან» განსხვავებით, ჩვენი ლიდერი არასდროს  ამბობს იმას, რასაც არ გააკეთებს, და ამას მისი ცხოვრებაც კარგად ადასტურებს. თუმცა პოლიტიკაში არის მეორე გზაც _ როცა ბევრს ლაპარაკობ, ხალხს ატყუებ და, რაც დრო გადის, გგონია, ხალხს დაავიწყდა, რასაც დაჰპირდი. სწორედ ეს გზა აქვს არჩეული «ნაციონალურ მოძრაობას».

რაც შეეხება გოკა გაბაშვილის განცხადებას, რომ თურმე ყველაზე კარგი და რეალისტური პროგრამა «ნაციონალებს» აქვთ, კარგად მახსოვს, «ვარდების რევოლუციის» წინაც ზუსტად ასე გამოდიოდნენ ედუარდ შევარდნაძე და მისი მომხრეები და მაშინდელ ოპოზიციაზე ამბობდნენ: ვინ არის ეს ხალხი, რას სთავაზობს საზოგადოებას და რისი გამკეთებელია, ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი პროგრამაო. მაშინ შევარდნაძის ხელისუფლებამაც ასევე დაკარგა რეალობის გრძნობა.

მალე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება აქციები და ამ ყველაფერს ერთი დიადი რამ უძღვის წინ: ადამიანები შიშისგან თავისუფლდებიან. დღეს ხელისუფლება ცდილობს, ისეთი შიში დანერგოს ხალხში, როგორიც კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც კი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ, რაც დღეს წარმოუდგენელია.

_ ალბათ, მაია მიმინოშვილის შემთხვევას გულისხმობთ. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ვინც წამოვა ან გამოუშვებენ «ნაციონალების» სამსახურიდან, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს უნდა ეპატიოს დაშვებული შეცდომები?

_ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზეც ამბობდა ბოლო დრომდე, რომ მასაც კი ჯერ კიდევ აქვს შანსი, თუ აღიარებს შეცდომებს და გადადგებაო. მართლაც, ყველას აქვს შანსი, თუმცა დანაშაულს გააჩნია. ჩვენ არ ვიცით, მაგალითად, რა მოხდა 7 ნოემბერს, 26 მაისს. როცა გაირკვევა, ვინ იყვნენ ამ სისასტიკის ინიციატორები და შემსრულებლები, ყველა დაისჯება. ოღონდ ეს ყველაფერი სამართლიანმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს.

_ და ბოლოს, ერთობლივი ალმანახის უკვე მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. მასში ქართველი, აფხაზი, ოსი, სომეხი და აზერბაიჯანელი მწერლების ნაწარმოებებია დაბეჭდილი. რამდენად მოახდენს ლიტერატურა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას?

_ ამ ალმანახის პრეზენტაცია, «ინტერნეიშენალ ალერტის» ორგანიზებით, ლონდონში შედგება და ჩვენს აფხაზ და ოს კოლეგებს შევხვდებით, ახალ გეგმებს დავსახავთ.

თუმცა, რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, ვითარება არ შეიცვლება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დიპლომატია მუშაობს, ვერა და ვერ მოხერხდა, გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებთან ერთად ჰარმონიულად გვემუშავა. უამრავი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ და ერთ-ერთი სერიოზული შეცდომა ერგნეთის ბაზრობის დაკეტვა იყო, სადაც ქართველები და ოსები ხვდებოდნენ ერთმანეთს, აქ ხშირად ნახავდით ორ ჯარისკაცს, რომლებიც ერთად სვამდნენ სადღეგრძელოებს, მეგობრულად საუბრობდნენ, არადა, იგივე ჯარისკაცები ომში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ავტობუსიც დადიოდა თბილისი-ცხინვალის მარშრუტით… მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას სულ სხვა კურსი ჰქონდა არჩეული და ურთიერთობაში სულ სხვა გამაღიზიანებელ პოლიტიკურ ფაქტორებს იყენებდა. ფაქტი სახეზეა: 2004 წლის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ანუ ამ ხელისუფლებამ  მოსვლისთანავე ძალიან უხეში, თითქმის დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვა. სულ რაღაც ათი კაცი თუ იქნება საქართველოში, ვინც პირდაპირ დიალოგს ვაწარმოებთ აფხაზებთან, მაგალითად: პაატა ზაქარეიშვილი, ალე გამახარია და სხვები… რამდენადაც ვიცი, პოლიტიკური კუთხით ამ პროცესში ალექსანდრე ჭაჭიაც მონაწილეობდა. მე, პირადად, მივესალმები ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც აფხაზეთს დაგვიბრუნებს, ვინაიდან თუ დღეს კიდევ არსებობს დიალოგი ჩვენ შორის, სწორედ ასეთი პროექტებისა და ხალხის წყალობითაა, მაგრამ ხელისუფლება ამ ხალხს არ იყენებს, არ ესაუბრება. ხელისუფლება ძალიან სწრაფ, დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამს, რაც ხშირად ჩვენთვის ფატალურად მთავრდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here